8:59 PM ნიკოლა ტესლა – გენიოსი, რომელმაც გაანათა მსოფლიო | |
ნიკოლა ტესლა მრავალი ადამიანისთვის წარმოადგენს მეცნიერებისა და მშვიდობის გამაერთიანებელ ძალას. მეცნიერული განვითარების საკითხში მისი წარმოსახვა საკმაოდ მდიდარი იყო და მნიშვნელოვნად უსწრებდა თანამედროვეებს. ნიუ-იორკსა და სხვა მრავალ შტატში მისი დაბადების დღე – 10 ივლისი – გამოცხადდა ნიკოლა ტესლას დღედ. სერბ-ამერიკელმა გამომგონებელმა, მექანიკოს-ინჟინერმა და ელექტროინჟინერმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კომერციული ელექტროობის დაბადებაში, განსაკუთრებული პოპულარობა კი თანამედროვე ცვლადი დენის სისტემის შექმნამ მოუტანა. ტესლას პატენტები და თეორიული ნამუშევრები უსადენო კომუნიკაციისა და რადიოს საფუძველი გახდა. ტესლას დროის ხალხი მას თვლიდა ,,ადამიანად, რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა”. ადრეული წლები ნიკოლა ტესლა დაიბადა 1856 წლის 10 ივლისს ავსტრიის იმპერიის პატარა სოფელ სმილიანში, თანამედროვე ხორვატიის ტერიტორიაზე. მამა, მილუტინ ტესლა, სერბი მართლმადიდებელი მღვდელი იყო, დედა კი, დიუკა მანდიკი, საოჯახო ხელსაწყოებს იგონებდა, ასევე ზეპირად იცოდა მრავალი სერბული ლექსი, მაგრამ კითხვა არასდროს უსწავლია. ოჯახში ნიკოლა რიგით მეოთხე ბავშვი იყო ხუთიდან, ჰყავდა 1 ძმა (დანილო, რომელიც ცხენის ჭენებისას მომხდარი ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა. მაშინ ნიკოლა 5 წლის იყო) და 3 და (მილკა, ანგელინა და მარისა). 1862 წელს ოჯახი ქალაქ გოსპიკში გადავიდა. ტესლამ კარლოვაკის გიმნაზიაში დაიწყო სწავლა და 4 წლიანი კურსი 3 წელიწადში გაიარა. ნიკოლა ტესლას სახლი და ეკლესია მის გვერდზე, სადაც მამამისი მსახურობდა 1875 წელს ნიკოლა ტესლამ ელექტრული ინჟინერიის შესწავლა გადაწყვიტა ავსტრიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში, რომელიც ქალაქ გრაცში მდებარეობდა. იქ მან აითვისა ცვლადი დენის გამოყენება და ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მიიღო ბაკალავრის ხარისხი, თუმცა უნივერსიტეტის განცხადებით, მესამე კურსის პირველი სემესტრის შემდეგ მას აღარ უვლია ლექციებზე და შესაბამისად, არც სწავლა დაუმთავრებია. 1878 წელს ტესლამ დატოვა გრაცი და გაწყვიტა ოჯახთან ყველანაირი ურთიერთობა. გაეშურა ქალაქ მარბურგში (ამჟამინდელი მარიბორი სლოვენიაში), სადაც პირველად დასაქმდა თანაშემწე ინჟინრად 1 წლის ვადით. ამ პერიოდში მას ნერვული აშლილობა აწუხებდა. მოგვიანებით მამამ დაარწმუნა ნიკოლა, რომ ჩარლზ-ფერდინანდის უნივერსიტეტში (პრაღა) ესწავლა, რაც 1880 წლის ზაფხულის სემესტრით შემოიფარგლა. აქ მასზე გავლენა იქონია ფიზიკოსმა ერნსტ მახმა, თუმცა მამის გარდაცვალების შემდეგ ტესლამ სწავლას თავი გაანება და მისმა დასწრებამ მხოლოდ 1 სემეტრი შეადგინა. ტესლა ეცნობოდა მრავალ ნაშრომს, ფოტოგრაფიული მეხსიერების მეშვეობით იმახსოვრებდა მთლიან წიგნებს. ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მას აწუხებდა უცნაური სენი – ხშირად მის თვალწინ დამაბრმავებელი ნათება ჩნდებოდა, რასაც უმეტესწილად ერთგვარი ხილვები მოჰყვებოდა ხოლმე. ისინი იმ იდეებს უკავშირდებოდა, რომლებზეც იმ მომენტში მუშაობდა, ზოგჯერ კი ამ დროს მიეწოდებოდა იმ განსაკუთრებული პრობლემის გადაჭრის გზა, რომელიც დაბრკოლებად ხვდებოდა ხოლმე. მხოლოდ ობიექტის სახელის გაგონებით მას შეეძლო, საკმაოდ რეალისტურად, დეტალებში წარმოესახა ის გონებაში. მიიჩნევა, რომ ეს იყო სინესთეზიისსიმპტომი. გამოგონება წინასწარ ტესლას ტვინში ახდენდა ვიზუალიზაციას ყველანაირი წვრილმანის ჩათვლით, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებოდა მისი კონსტრუქცია. ეს იყო ტესლას მიდგომის მეთოდი, ის იშვიათად ხაზავდა ან ხატავდა რამეს. 1880 წელს ნიკოლა ტესლა ბუდაპეშტში გადავიდა და მუშაობა დაიწყო უნგრელ ინჟინერ-გამომგონებელ ტივადარ პუშკაშთან საკომუნიკაციო კომპანიაში. აქ შეხვდა ნებოიშა პეტროვიჩს, ახალგაზრდა სერბ გამომგონებელს, რომელიც ავსტრიაში ცხოვრობდა. მათი ურთიერთობა ხანმოკლე იყო, თუმცა ერთად მუშაობდნენ პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავდა ტყუპი ტურბინების შექმნას მუდმივი ენერგის წყაროს მისაღებად. 1881 წელს ბუდაპეშტის ცენტრალური სატელეფონო სადგურის გახსნაზე ტესლა დაინიშნა კომპანიის მთავარ ინჟინრად, შემდეგ კი ქვეყნის პირველი სატელეფონო სისტემის ინჟინერიც გახდა. მან შექმნა მოწყობილობა, რომელიც, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, იყო ტელეფონის გამაძლიერებელი, სხვა წყაროები კი მას პირველ რეპროდუქტორად ასახელებენ. საფრანგეთი და აშშ 1882 წელს ტესლა პარიზში გადავიდა და მუშაობა დაიწყო ინჟინრად ,,Continental Edison Company”-ში, სადაც ელექტრომოწყობილობებს აუმჯობესებდა. ავტობიოგრაფიის მიხედვით, იმავე წელს შექმნა პირველი პრაქტიკული ასინქრონული ძრავა და დაიწყო ბრუნვად მაგნიტურ ველზე მომუშავე მექანიზმების განვითარება, რისთვისაც 1888 წელს პატენტები მიიღო. თუმცა ასინქრონული ძრავის გამომგონებლის ვინაობა დღემდე დაუზუსტებელია, რადგან ტესლასგან დამოუკიდებლად, იტალიელმა ფიზიკოსმა გალილეო ფერარისმა შექმნა მსგავსი მოწყობილობა 1885 წელს. თუმცა ტესლას მტკიცებით, მან ბრუნვადი მაგნიტური ველის ცნება ჯერ კიდევ 1882 წელს განსაზღვრა, რისთვისაც 1888 წელს პატენტი გადაეცა. ნიკოლა ტესლას 1879 წელს გადაღებული ფოტო და პასპორტი 1883 წლიდან 1884 წლის 6 ივნისს ნიკოლა ტესლა პირველად ჩავიდა აშშ-ში, ქალაქ ნიუ-იორკში და დიდი არაფერი გააჩნდა, რაც დაეხმარებოდა. თუ არ ჩავთვლით 4 ცენტსა და ინგლისელი გამომგონებლის ჩარლზ ბეჩელორის სარეკომენდაციო წერილს, რომელიც ამერიკელი მეწარმისა და გამომგონებლის, ტომას ედისონის მიმართ იყო დაწერილი: – დღევანდელობაში მე ორ დიდ ადამიანს ვიცნობ. ერთი შენ ხარ და მეორე ეს ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც შენი ნახვა სურს. ედისონმა ტესლა დაიქირავა და ,,Edison Machine Works”-ში დაასაქმა. მისი მუშაობა დაიწყო მარტივი ელექტრული ინჟინერიით და ძალიან მალე კომპანიის ყველაზე რთული პრობლემების ამოხსნაზე გადავიდა. ტესლას შესთავაზეს, ედისონის კომპანიის მიერ დამზადებული მუდმივი დენის გენერატორების ახალი თაობა დაეპროექტებინა. 1885 წელს ტესლა ამ წინადადებას დათანხმდა, მან მიზნად დაისახა, არაეფექტური ძრავები და მოწყობილობები ვარგისად ექცია, შესაბამისად, ეკონომიისა და მომსახურების მხრივ დიდი წინსვლა გაეკეთებინა. ტესლას მიხედვით, ედისონი მას 50 000 დოლარს შეჰპირდა ამ საქმისთვის, თუკი ყველაფერი წარმატებით დასრულდებოდა. ეს ფაქტი უცნაურია იქიდან გამომდინარე, რომ ედისონი და მისი კომპანია წუწურაქობით გამოირჩეოდნენ. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ ტესლამ პროექტი დაასრულა და ედისონისგან ანაზღაურება მოითხოვა, რაზეც ამ უკანასკნელმა მიუგო, რომ ფულთან დაკავშირებით იხუმრა: ,,ტესლა, შენ არ გესმის ჩვენებური ამერიკული იუმორი”. ტესლას იმდროინდელი ანაზღაურება კვირაში 18 დოლარს შეადგენდა და ედისონმა 10 დოლარით გაზრდა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო და საბოლოოდ ტესლამ თანამდებობა დატოვა. მცირეოდენი თანხა მაინც რომ ეშოვნა, გარკვეული დროით ტესლა თხრილების გავლებით იყო დაკავებული ედისონის კომპანიაში. ამ პერიოდში ის ფოკუსირებას ახდენდა მის მიერ შემუშავებულ ცვლადი დენის მრავალფაზიან სისტემაზე. ორი მეცნიერის დაპირისპირების მიზეზი ისიც იყო, რომ ტესლას მტკიცებით, ატლანტის სანაპიროზე აშენებულ მუდმივი დენის სადგურებს დიდი სარგებელი არ მოჰქონდა და ცვლადი დენი უკეთესი იქნებოდა. ედისონის ლამპები, რომლებიც მუდმივ დენზე მუშაობდნენ, ძალიან სუსტი იყო. სისტემა არ ვარგოდა, რადგან შორ მანძილზე დენის სადენებით გადასაცემად მაღალი ძაბვა იყო საჭირო, რასაც გაყვანილობები ვერ უძლებდნენ. გამართულად რომ ემუშავათ, საჭირო იყო ყოველ 3 კმ-ში ელექტროსადგურები დაედგათ. ამისგან განსხვავებით, ტესლას შემოთავაზებული ცვლადი დენი წამში 50-60-ჯერ იცვლიდა მიმართულებას და მოწყობილობები თავისუფლად გაუძლებდნენ მაღალ ძაბვას. ენერგიის დანაკარგიც ძალიან უმნიშვნელო იყო მუდმივი დენისგან განსხვავებით. აშკარა გახდა, რომ მომავალი ცვლად დენს ეკუთვნოდა. შემდგომი წლები 1886 წელს ნიკოლა ტესლამ შექმნა საკუთარი კომპანია ,,Tesla Electric Light & Manufacturing”, სადაც დააპროექტა თაღოვანი ნათურის უფრო ეფექტური ვერსია და ელექტრომაგნიტზე მომუშავე ნახშირბადის ელექტროდები. თუმცა ფინანსური ინვესტორები არ დაეთანხმნენ მის გეგმას ცვლადი დენის ძრავებზე და კომპანიამ ფუნქციონირება შეწყვიტა. გარდა ამისა, კომპანიის მოგების უმეტესი წილი ინვესტორების ანგარიშში მიდიოდა. 1886-1887 წლებში ტესლა დაბალი კვალიფიკაციის მუშაკად დასაქმდა, რათა თავი ერჩინა და შემდეგი პროექტისთვის სახსრები ეშოვნა. 1887 წელს მან შექმნა ცვლადი დენის ასინქრონული ძრავა, რომელსაც არ ჰქონდა კოლექტორის მუსი. მისი პრეზენტაცია მოხდა 1888 წელს ამერიკული ელეტროინჟინერიის ინსტიტუტში. იმავე წელს მან განავითარა თავისივე ტრანსფორმატორი და ამერიკელ ინჟინერ ჯორჯ ვესტინგჰაუსთან დაიწყო მუშაობა კომპანია ,,Westinghouse Electric & Manufacturing Company’s”-ის პიტსბურგის ლაბორატორიებში. ვესტინგჰაუსმა მოისმინა მისი იდეები მრავალფაზიანი სისტემების შესახებ, რომელთა მეშვეობითაც ცვლადი დენი გაცილებით დიდ მანძილზე გადაიცემოდა. 1887 წლის აპრილში ტესლამ ვაკუუმის მილების გამოყენებით დაიწყო მუშაობა იმაზე, რაც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც ,,X სხივები”. მისი მოწყობილობა განსხვავდებოდა სხვა X სხივების მოწყობილობებისგან, რადგან არ ჰქონდა სამიზნე ელექტროდი. 1892 წელს ტესლამ აღმოაჩინა, რომ კანი დაუზიანდა, რაც მოგვიანებით გერმანელმა ფიზიკოსმა ვილჰელმ რენტგენმა განსაზღვრა, როგორც X სხივების ეფექტი. ადრეულ კვლევებში ტესლამ X სხივების შესაქმნელად რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა. მისი თქმით, მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტები აჩვენებდა, რომ ,,ინსტრუმენტს შეუძლია, გამოიმუშაოს გაცილებით მძლავრი რენტგენის სხივები, ვიდრე ეს შესაძლებელია ჩვეულებრივი მოწყობილობებით.” ის ასევე საუბრობდა სხივებთან დაკავშირებულ რისკებზე. თავიდან მიიჩნევდა, რომ კანს ზიანი არა აპარატმა, არამედ ოზონმა მიაყენა, შემდგომში კი აზოტოვანმჟავა (HNO2) დაადანაშაულა. ტესლა აგრძელებდა ამ სფეროში მუშაობას და ვილჰელმ რენტგენის აღმოჩენამდე რამდენიმე ექსპერიმენტი ჩაატარა. მან სურათი გადაუღო საკუთარი ხელის ძვლებს და რენტგენს გაუგზავნა, თუმცა ეს ინფორმაცია ფართო მასებამდე არ გასულა. მისი ნაშრომების უმეტესობა განადგურდა 1895 წლის მარტში, როცა ლაბორატორიას ცეცხლი წაეკიდა (ამბობენ, რომ ამაში ედისონის ხელი ერია). ტესლამ შექმნა ისეთი ვაკუუმის მილიც, რომელიც სინათლეს გამოჰყოფდა. ეს გამოგონება დიდად დაეხმარა ფოტოგრაფიის განვითარებას. 1891 წლის დასაწყისში ტესლამ მოახდინა ენერგიის უსადენო გადაცემის დემონსტრირება. ამ ტიპის ელექტრულ გამტარობას დღემდე უწოდებენ ,,ტესლას ეფექტს”. ძალისა და ენერგიის უსადენო გადაცემის დემონსტრაცია 1891 წელს ამერიკის მოქალაქეობა 1891 წლის 30 ივლისს ნიკოლა ტესლა შეერთებული შტატების მოქალაქე გახდა. იმავე წელს ნიუ-იორკში ლაბორატორია დააარსა, მოგვიანებით კი ახალი ლაბორატორია გახსნა ჰიუსტონის ქუჩაზე (მანჰეტენი). ორივეგან ელექტრონათურებს უსადენოდ ანთებდა და ამით ამტკიცებდა, რომ ენერგიის უსადენო გადაცემას დიდი პოტენციალი ჰქონდა. 1892 წელს ნიკოლას დედა გარდაეცვალა და ევროპაში დაბრუნდა მის დაკრძალვაზე დასასწრებად. ამის შემდეგ ავად გახდა და 3 კვირა მოანდომა ძალების აღდგენას. ამ პერიოდში ტესლა განიცდიდა ვედური ფილოსოფიის გავლენას, განსაკუთრებით აინტერესებდა სვამი ვივეკანანდას სწავლებები. ეს გავლენა ისეთი ძლიერი იყო, რომ მის მიერ შემუშავებულ ცნებებს, რომლებიც მატერიისა და ენერგიის ფუნდამენტს ეხებოდა, სანსკრიტული სახელები დაარქვა (აკაშა = მატერია, პრანა = ენერგია). 1892 წელს შეიქმნა ენერგიის გადაცემის პირველი მრავალფაზიანი სისტემა. ტესლა ამ დროს 36 წლის იყო. ის აგრძელებდა კვლევას ბრუნვადი მაგნიტური ველის პრინციპებზე. 1892-1894 წლებში ინჟინერ-ელექტრიკოსების ამერიკული ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი იყო. 1893-1895 წლებში იკვლევდა მაღალი სიხშირის ცვლადი დენის დინებას. კონუსური ტრანსფორმატორის მეშვეობით ახერხებდა მილიონამდე ვოლტი ძაბვის დენის მიღებას. გამოიგონა მოწყობილობა, რომელიც ადამიანს აძინებდა, ასევე უსადენო ლამპა, რომელიც ელექტრულ მუხტებს იონიზებული აირის მეშვეობით იღებდა. ახდენდა ელექტრომაგნიტური ენერგიის უმავთულოდ გადაცემას, ააგო პირველი რადიოგადამცემი. 1893 წელს მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში ტესლამ რადიოკომუნიკაციის დემონსტრირება მოახდინა, ასევე ახსნა მოქმედების პრინციპები. ეს ამბავი იმდროინდელმა მედიამ ფართოდ გააშუქა. ტესლა დაინტერესებული იყო იმ ენერგიის ათვისებით, რომელიც ,,მთელ კოსმოსში იყო გაბნეული”, ამჟამად კი ცნობილია, როგორც მიკროტალღოვანი ფონის რადიაცია. მას სწამდა, რომ მხოლოდ დროის საკითხი იყო, ვიდრე ადამიანები ბუნების ძალის გამოყენებას შეძლებდნენ: ,,ჩვენი მექანიზმები მალე იმუშავებენ იმ ენერგიაზე, რომლის მოპოვებაც სამყაროს ნებისმიერი წერტილიდანაა შესაძლებელი”. 1893 წელს ჩიკაგოში ჩატარდა საერთაშორისო გამოფენა, სახელად ,,მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიცია”, სადაც პირველად ადგილი დაეთმოთ ელექტროტექნიკის ნამუშევრებსაც. ნიკოლა ტესლამ და ჯორჯ ვესტინგჰაუსმა წარმოადგინეს ცვლადი დენის სისტემა და მისი მეშვეობით ექსპოზიცია გაანათეს. თავისი მნიშვნელობით ეს ისტორიული მოვლენა გახლდათ. ყველაზე შოკისმომგვრელი ის იყო, რომ ნათურების ასანთებად მაღალი სიხშირის ცვლადი დენი მეცნიერმა საკუთარ სხეულში გაატარა. სტუმრებს ასევე წარუდგინეს ფლუორესცენციური ნათურები. ტესლას კიდევ ერთი ნამუშევარი იყო ე.წ. ,,კოლუმბის კვერცხი”, რომლის მეშვეობითაც ყველას აჩვენა ბრუნვადი მაგნიტური ველისა და ასინქრონული ძრავის პრინციპები. 1895 წელს მეცნიერმა შექმნა გენერატორი, ასევე წინ წაიწია აირის გათხევადების საკითხში. ლორდ კელვინის აღმოჩენებიდან ტესლამ იცოდა, რომ თხევადი აირი ისრუტავს მეტ სიმხურვალეს, როცა ხელახლა ხდება მისი გაზიფიცირება. თუმცა ამ საკითხზე მუშაობის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ლაბორატორიაში ხანძარი გაჩნდა და მთლიანად გაანადგურა მისი აღჭურვილობა, მოდელები და გამოგონებები. ამ ამბიდან ძალიან მალე გერმანელმა ინჟინერმა კარლ ფონ ლინდემ წარმოადგინა ნაშრომი ანალოგიურ თემაზე, ასევე თხევადი აირების დანადგარების ნახაზები, რომელსაც «ოქსილიქვიტი» უწოდა. 1895 წელსვე ტესლამ განახორციელა ნიაგარას ჩანჩქერებთან პირველი ჰიდროელექტროსადგურის აგების პროექტი, რაც ცვლადი დენის საბოლოო გამარჯვებას ნიშნავდა. ამ ამბავმა მთელი მსოფლიოს პრესა მოიარა და ტესლა საყოველთაო გმირად შერაცხეს. მოგვიანებით ნიკოლა ტესლამ წარმოადგინა ელექტროენერგიის უსადენო გადაცემის მსოფლიო სისტემის მოდელი, რომელიც დამოკიდებული იყო დედამიწის ელექტროგამტარობაზე. ამ პრინციპების მიხედვით, მაღალი სიმძლავრის ულტრაიისფერი სხივი შეიძლებოდა, გამოყენებული ყოფილიყო მიმღებ-გადამცემი სადგურების თავზე ვერტიკალური იონიზებული არხის შესაქმნელად. იგივე პრინციპები გამოიყენება დღეს მეხამრიდებსა და ელეტროშოკურ იარაღებში, განიხილება ასევე ავტომობილის შესაჩერებელ მოწყობილობებში გამოსაყენებლად. ედისონი გვიან 1880-იანებში ტესლა და ედისონი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც ნაწილობრივ იმის გამო იყო, რომ ედისონი მხარს უჭერდა მუდმივი დენის გამოყენებას, რომელსაც თანდათან ანაცვლებდა ტესლასა და ვესტინგჰაუსის მიერ უპირატესად მიჩნეული და უფრო ეფექტური ცვლადი დენი. ასინქრონული ძრავის გამოგონებამდე ცვლადი დენის უპირატესობებს მაღალი ძაბვის შორ მანძილზე გადაცემასთან დაკავშირებით ჩრდილს აყენებდა ის ფაქტი, რომ ცვლადი დენით ძრავების ამუშავება ვერ ხერხდებოდა. ე.წ. ,,დინებების ომის” შედეგად ედისონი და ვესტინგჰაუსი ლამის გაკოტრებამდე მივიდნენ, ამიტომ 1897 წელს ტესლამ ვესტინგჰაუსთან კონტრაქტი გაწყვიტა. იმავე წელს მეცნიერმა დაიწყო სინქროტრონული გამოსხივების კვლევა, რამაც მალე მიიყვანა კოსმოსური სხივების ძირითად ფორმულირებამდე. 1897 წელს 41 წლის ტესლამ წარმოადგინა პირველი რადიოს პატენტი. 1 წლის შემდეგ მან ჯერ აშშ-ის ჯარს, შემდეგ კი ,,მედისონ სქვეარ გარდენის” გამოფენას წარუდგინა რადიოკონტროლირებადი ნავი, რადგან მიიჩნევდა, რომ სამხედრო ძალას მსგავსი პრინციპით მოქმედი ტორპედოები გამოადგებოდა. ტესლა ირწმუნებოდა, რომ თანდათან ავითარებდა ,,ტელავტომატიკას”, რობოტექნიკის ერთგვარ სახეობას, რომელიც ტექნოლოგიის შორიდან კონტროლირებას ეხებოდა. იმავე წელს ტესლამ გამოიგონა ელექტრული ცეცხლგამჩენი, იგივე აალების სანთელი, რომელიც ბენზინზე მომუშავე ძრავებში გამოიყენება შიდა წვისთვის. შემდეგი წლები ტესლამ რადიოტალღების კვლევას მიუძღვნა, რადიოკონტროლირებადი სისტემები კი დიდხანს დარჩა სიახლედ, სანამ I მსოფლიო ომში სხვადასხვა ქვეყნებმა არ დაიწყეს მისი გამოყენება სამხედრო დანიშნულებით. | |
|