10:55 PM პოსეიდონი | |
პოსეიდონი (ბერძნ. Ποσειδών), ზღვის ღმერთი, კრონოსის და რეას ვაჟი, ზევსის, ჰადესის, ჰერას, დემეტრას და ჰესტიას ძმა. ამფიტრიტეს ქმარი. პოსეიდონის შვილებად ითვლება ზღვის რამდენიმე ურჩხული და გმირი: ტრიტონი, ამიკოსი, ანტეოსი, სკირიონი, პოლიფემოსი და სხვა. მითების მიხედვით პოსეიდონი და ამფიტრიტე ზღვის ფსკერზე ცხოვრობდნენ. მათ ემორჩილებოდა ზღვის ყველა არსება. სამკბილას დარტყმით პოსეიდონი ხვრეტდა კლდეებს და წარმოშობდა ქარბუქებს. მითების მიხედვით აპოლონთან ერთად პოსეიდონმა ააშენა ტროას კედლები. ძუნწ ლაომედონტზე გაჯავრებულმა მის სამეფოს ურჩხული მიუგზავნა, რომელიც შემდგომში ჰერაკლემ მოკლა. პოსეიდონი ედავებოდა ათენასატიკის მმართველობაზე. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. პოსეიდონი გამუდმებით დევნიდა გმირ ოდისევსს თავისი შვილის – პოლიფემოსის დაბრმავების გამო. პოსეიდონი ითვლებოდა ცხენების მფარველ ღვთაებად, მის პატივსაცემად იმართებოდა ჯირითები. სიტყვა პოსეიდონი "მიწის მეუღლეს" ნიშნავს. პოსეიდონის ეფითეტები ენოსიგეი (მიწის მრყეველი) და გეოხი (მიწის მპყრობელი) გვაფიქრებს, რომ იგი თავდაპირველად იყო მიწის და არა ზღვის ღვთაება. პოსეიდონი განაგებდა მიწის ნაყოფიერებას და თავიდანვე მიწის ნესტის ღვთაებად ითვლებოდა. ოლიმპიური რელიგიის ჩამოყალიბების შემდეგ პოსეიდონს მხოლოდ ზღვებისა და საერთოდ წყლის სტიქიის მბრძანებლობა არგუნეს და ამის შემდეგ მან დაჩრდილა ზღვის სხვა ღვთაებები. მიუხედავად იმისა, რომ ზევსი პოსეიდონზე ძლევამოსილი ღთაებაა, პოსეიდონი მას ხშირ შემთხვევაში მაინც არ ემორჩილება. ერთხელ ჰერასა და ათენასთან ერთად იგი აჯანყდა კიდეც ზევსის წინააღმდეგ. პოსეიდონის კულტი ძირითადად გავრცელებული იყო მცირე აზიის იონურ მოსახლეობაში და კუნძულებზე. იქ იგი იონელთა ტომის საკუთარ ღმერთადაც ითვლებოდა. მატერიკულ საბერძნეთში პოსეიდონის ტაძრებს ძირითადად კონცხებზე აგებდნენ. ცხენის გარდა პოსეიდონის წმინდა ცხოველებად ითვლებოდნენ დელფინი და ხარი. ხეებიდან მას ნაძვი მიუძღვნეს. რომში პოსეიდონის კულტი ნეპტუნის კულტს შეერწყა. | |
|