Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 31 » ფილმი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს
12:54 PM
ფილმი, რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს
ყველაფერი 2009 წლის იმ დღიდან უნდა დავიწყო, როცა ემირ კუსტურიცამ რუსებსა და ოსებს აგვისტოს მოვლენების ამსახველი ფილმის გადაღებაზე უარი უთხრა, თბილისში კი რეჟისორ რენი ჰარლინამდე აპარატურით დატვირთული თვითმფრინავი ჩამოვიდა და გადაღებებიც დაიწყო.



ფილმების გადაღებასა და ისტორიული მოვლენების ეკრანიზაციას განსაკუთრებულად რომ ვუდგებით ქართველები, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, აღმაშენებელზე მხატვრული ფილმის იდეასთან დაკავშირებული ციებცხელებაც მოწმობს: ჯერ სცენარი არ იყო დაწერილი, რომ რამდენიმე მსახიობი ნერვიულად სცემდა ბოლთას, ვაითუ, დავითის როლი სხვას მისცენო. სცენარის დაწერა გადაწყდა და, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწერლებს ქართული ინტელიგენციის (მიყვარს ეს სიტყვათშეთანხმება) ნაწილმა თითის ქნევა დაუწყო, – აქაოდა, კონსტანტინე გამსახურდია თავის უზარმაზარ ტომეულებს 25 წელი წერდა და თქვენ როგორ ბედავთ დავითის შესახებ სცენარის შექმნაზე ფიქრსო და ამ საჯარო პოლემიკის დროს, მათ უთუოდ გადაავიწყდათ, რომ კოწია გამსახურდია დიდი ხნის გარდაცვლილი იყო და მისი გაცოცხლება, მაშინაც და ახლაც, შეუძლებელი გახლდათ.

თუმცა, იდეის ავტორები მალევე მიხვდნენ, რომ მიუხედავად მეფე არტურთან აღმაშენებლის უპირატესობისა, რეალურად არსებული ქართველი პერსონაჟი, მსოფლიო კინოეკრანებზე ვერასოდეს მიაღწევდა ისეთ წარმატებას, როგორც ექსკალიბურის პატრონი და "ძლევაჲ საკჳირველით” მსოფლიოს გაკვირვებაც გაურკვეველი ვადით გადაიდო, თუმცა 2008 წელს დატრიალებულმა მოვლენებმა (უფრო ზუსტად კი, მავანთაგან ემირ კუსტურიცასადმი შეთავაზებულმა წინადადებამ) ფილმის გადაღების იდეაც დაბადა, რომელიც მალე სისრულეშიც მოიყვანეს.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ქართული პრემიერა ჯერ კიდევ 2010 წლის მაისში იგეგმებოდა, ქართულ საზოგადოებას აქამდე მხოლოდ ტრეილერი აქვს ნანახი. ამ ორი წლის მანძილზე ფილმი თითქმის ყველა პრესტიჟულ კინოფესტივალზე აჩვენეს – სხვადასხვა სათაურით. ფილმს ხან "Georgia” ერქვა (ალბათ, ამერიკის ჯორჯიასთან მსგავსების გამო დაიწუნეს), ხან "წითელი აგვისტო” (ეს უკანასკნელი ცოტა არ იყოს, უტრირებულად და თანაც კომუნისტურად ჟღერდა ). თუმცა საბოლოოდ "აგვისტოს ხუთი დღე” შეირჩა. როგორც ყველა ჰოლივუდური ფილმი, არც ამის გაკეთება დაჯდა იაფი (დაახლოებით, 20 მლნ დოლარი), მაგრამ ვინ გადაიხადა, არ კონკრეტდება.

არ ვიცი, მეტი რაღა უნდა თქვას ფილმმა 2008 წლის აგვისტოზე, რა ქულები შეიძლება დაგვეწეროს მსოფლიოს თვალში ან გახდება თუ არა პოპულარული, მაგრამ ჩვენ, კეთილი და, ამავდროულად, ჯიბრიანი ხალხი ვართ: მოვკვდებით, ყველაფერს გავაკეთებთ და სხვას არ ჩამოვრჩებით. ისე, ჯიბრი ზოგჯერ კარგი სულაც არ არის.

ქართველებს, ზოგადად, ანეკდოტების მოგონება გვიყვარს და ადრე, შორეულ 43-ში, ჰიტლერი რომ მოსკოვს მიადგა, საქართველოში ხმა გავრცელდა: ჰიტლერს ეროვნებით ქართველი, ორსული ცოლი ჰყავს და საქართველოში შემოსვლას რომ აპირებდა, იმ ქალმა მუცელზე ხელი დაიდო და, ამას რას ეუბნები მერე, ადოლფიო, – უთხრა ქმარს. ჰიტლერმაც, საქართველოში შემოსვლა გადაიფიქრაო, – ამტკიცებდნენ თურმე ქართველები. აგვისტოს ომის დროს, გორი რომ ოკუპირებული იყო, გენერალ ბორისოვზეც გავრცელდა ჭორი: მეექვსე სკოლა აქვს დამთავრებული (გორში რუსული სკოლა იყო ადრე), ბრძანება ჰქონდა, რომ გორი უნდა დაებომბა, მაგრამ საქართველოს სიყვარულმა შეუშალა ხელიო.

ეს ისე, უბრალოდ..

ყველაფრის დაწყება მართალია, უფრო შორიდან მინდოდა, მაგრამ მაინც 2009 წლიდან დავიწყე. ემირ კუსტურიცამ რომ რუსების დაკვეთილი ფილმის გადაღებაზე უარი თქვა, ქართველებს თვალები ცრემლით აევსოთ და სახელდახელოდ ახალი ანეკდოტი შექმნეს: სამხრეთ ოსეთში სტუმრობისას, ემირ კუსტურიცამ დაინახა ის სასტიკი რეალობა, რაც საქართველოში რუსებმა დაატრიალეს და სინდისმა აღარ მისცა ფილმის გადაღების საშუალებაო.

ნეტარ არიან მორწმუნენი…
კატეგორია: ყველაზე საინტერესო ფილმები | ნანახია: 1171 | დაამატა: balu | ტეგები: რომელიც ყველა ქართველმა უნდა ნახოს, ფილმი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.