Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 26 » ყინულის კრემი ანუ ცოტა რამ ნაყინის შესახებ
6:23 PM
ყინულის კრემი ანუ ცოტა რამ ნაყინის შესახებ
ისევე, როგორც ყველაფერს, თავისი ისტორია ნაყინსაც აქვს. არავინ იცის, ვინ მოიგონა იგი, თუმცა ცნობილია, რომ ეს მრავალი საუკუნის წინათ მოხდა. ის, რაც ნაყინის წინამორბედად შეიძლება მივიჩნიოთ, შაქარყინული იყო, მეტწილად გაცივებული ღვინის ან ხილის წვენისგან დამზადებული. ამ ნუგბარის დიდი მოყვარული გახლდათ ალექსანდრე მაკედონელი. რომის იმპერატორის ნერონის ბრძანებით კი, მსახურები თოვლს მთებში აგროვებდნენ შაქარყინულის დასამზადებლად. სინამდვილეში ნაყინის ისტორია გაცილებით ძველია. როგორც ამბობენ, ნაყინი ჩინელებმა დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინათ გამოიგონეს, როდესაც თოვლში ბრინჯისა და რძის ნაზავის დამატება დაიწყეს.

ოდესღაც ერთ–ერთი მოგზაურობის დროს ჩინეთში მარკო პოლომ ნაყინი იგემა და მისი დამზადების ხელოვნებასაც დაეუფლა. 1295 წელს იტალიაში დაბრუნებულმა მოგზაურმა თან რამდენიმე ახალი რეცეპტი ჩამოიტანა. ამის შემდეგ იტალიელმა მზარეულებმა ორგვარი შაქარყინულის მომზადება დაიწყეს – რძითა და წყლით.

ტრადიციულად, ევროპაში ნაყინის შემომტანად სწორედ მარკო პოლო ითვლება. სხვა ვერსიით, როდესაც ეკატერინე მედიჩი საფრანგეთში გაემგზავრა, რათა იქ დიუკ ორლეანელზე, ორლეანის ჰერცოგზე ჯვარი დაეწერა, თან მზარეულიც იახლა, რომელიც ნაყინის დამზადების ხელოვნებას ფლობდა. შემდეგ ეს მზარეული ჩარლზ I–მა თავის პირად მენაყინედ გაიხადა და მას მუდმივი პენსია დაუნიშნა იმ პირობით, რომ საიდუმლოს არავის გაუმხელდა. ამგვარად, ნაყინი მხოლოდ სამეფო პრივილეგია გახდა. წიგნებში სხვა ვერსიასაც ამოიკითხავთ: ოდესღაც, დიდი ხნის წინ, ჩარლზ I–მა დაახლოებულ პირთათვის დიდებული ნადიმი გადაიხადა. სტუმრებს მრავალი კერძი და დესერტი მიართვეს. მაგრამ შეფმზარეულს რთული დავალება ჰქონდა. მას რაიმე ახალი და უჩვეულო უნდა დაემზადებინა, რათა ყველა განეცვიფრებინა. ვინ იცის, როგორ დაისჯებოდა, თუკი დავალებას თავს ვერ გაართმევდა?! დიდი ხნის ფიქრისა და მზადების შემდეგ ფრანგმა მზარეულმა ახალი ცივი კერძი შექმნა. ამბობენ, თოვლს ჰგავდაო, მაგრამ უფრო ტკბილი იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა დესერტი და რაღაცით კრემსაც მოგაგონებდათ. მეფეც და სტუმრებიც აღტაცებულნი იყვნენ. ჩარლზ I–მა მზარეული თავისთან იხმო და სთხოვა, ახალი კერძის რეცეპტი არავისთვის გაემხილა. მონარქს სურდა, ამ დელიკატესს მომავალში მხოლოდ სამეფო სუფრა დაემშვენებინა. სამაგიეროდ მზარეულს ყოველწლიურად გასამრჯელოდ 500 ფუნტი შესთვაზა. მოგვიანებით, საბრალო ხელმწიფეს შეთქმულება მოუწყვეს და 1649 წელს თავიც წააცალეს. ამ დროისათვის გაყინული კრემის რეცეპტი საიდუმლოს აღარ წარმოადგენდა. მზარეულმა, რომელსაც დე მარკო ერქვა, პირობა არ შეასრულა.

ამერიკაში ნაყინი 1774 წელს მოხვდა. ფილიპ ლენზიმ ნიუ-იორკის გაზეთებში განცხადება გამოაქვეყნა, რომ ეს-ესაა ლონდონიდან ჩამოვიდა და გასაყიდად სხვადასხვა ნუგბარს, მათ შორის ნაყინსაც, გამოიტანს. ამერიკელებმა ახალი ტკბილეული მოიწონეს. 1813 წელს დოლი მედისონი,ა შშ-ს პრეზიდენტის ჯეიმს მედისონის ცოლი, ქმრის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ მეჯლისზე მისულ სტუმრებს სწორედ ნაყინით გაუმასპინძლდა.

ნაყინი თანდათან პოპულარული გახდა. 1846 წელს ნენსი ჯონსონმა ნიუ-ჯერსიდან ხელის ფრიზერი გამოიგონა. ეს ნაყინის დამზადებას სერიოზულად აუმჯობესებდა და აადვილებდა. თუმცა თავად ნენსი ჯონსონი თავისი მიგნების ორიგინალობას ვერ მიხვდა და ვერც ის მოიაზრა, რომ გამოგონებაზე პატენტი აეღო. ამიტომაც ამავე ტიპის აგრეგატზე პატენტი მხოლოდ 1848 წლის 30 მაისს გაიცა ვინმე იონგის სახელზე ,რომელმაც ისინდისა და მას "ჯონსონის ფრიზერის პატენტი” უწოდა. ამგვარად მოაღწია ჩვენამდე ნენსი ჯონსონის სახელმა.

ნაყინის სერიული წარმოება იაკობ ფუსელმა 1851 წელს ბალტიმორში, ჩრდილო ამერიკაში დაიწყო. დღეს იგი ამერიკული ნაყინის ინდუსტრიის მამადაა აღიარებული. სხვათა შორის ice cream (ყინულის კრემი) ამ ტკბილეულს სწორედ ჩრდილო ამერიკის მაცხოვრებლებმა უწოდეს. დაახლოებით 1926 წლისთვის კლარენს ვოგტმა საბოლოოდ დახვეწა უწყვეტი მოქმედების პირველი ფრიზერი. ცოტა მოგვიანებით დანადგარის წარმოება დაიწყეს, რამაც საშუალება მისცა ნაყინის ინდუსტრიას ამ პროდუქტის მასობრივ წარმოებაზე გადასულიყო.

თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ნაყინი მანამდე არ იყიდებოდა. პირველი, ვინც ნაყინის გაყიდვა დაიწყო ტორონტოელი კონდიტერი თომას ვები იყო 1850 წელს. ვილიამ ნელსონმა 1893 წელს ნაყინის პირველი კომერციული პარტია გამოუშვა ისევ ტორონტოში, გლედსთოუნ ავენიუზე.

როგორც რუსები ამტკიცებენ, ნაყინის საკუთარი რეცეპტი ძველ რუსეთშიც ჰქონიათ. კიევის რუსეთში დესერტად გაყინული და წვრილად გახეხილი დაშაქრული რძე მოჰქონდათ. ევროპისთვის ნაყინის დამზადების ამგვარი წესი უცნობი იყო. შაქარყინულის რძისა და ნაღებისგან დამზადება ფრანგებმა გაცილებით გვიან მოისაზრეს. ნაღების ნაყინი მათ ნაპოლეონ მესამის დროს ქალაქ პლობიერ ლე ბემში შექმნეს. სწორედ ამ ქალაქის სახელი ეწოდა შემდგომში "პლომბირს”, ნაყინის ერთ-ერთ საუკეთესო სახეობას. ნაყინის სახეობები თანდათან გაიზარდა, გაუმჯობესდა და გამრავლფეროვანდა. თითოეულ ერს, ვინც ნაყინი იგემა და შეიყვარა, საკუთარი კორექტივები შეჰქონდა. ავსტრიელებმა ნაყინს შოკოლადი დაუმატეს, გონებამოსწრებულმა იტალიელებმა – ხილი, თხილი, ლიქიორი, ორცხობილა, ყვავიოლებიც კი და ორიგინალური ასორტი შექმნეს.

მაგალითად, იაპონიაში გამოფენაზე სულ რაღაც 300 იენად (2,2 დოლარად) ნაყინის მომცრო ჭიქას შეიძენთ, რომელსაც საქონლის ენის, ქათმის ფრთის, მწარე მდოგვის, კიბორჩხალის ან უბრალოდ მარილის გემო აქვს. გამოფენას მრავალი დამთვარიელებელი ჰყავს. ცნობისმოყვარეობა, – როგორც წესი, სძლევს სიფრთხილეს და სპეციალური მაცივრების წინ მსურველთა რიგიც დგება.

2003 წლიდან მოყოლებული კი დნეპროპეტროვსკში წარმატებით საღდება "პლომბირი ყაყაჩოთი და კანაფით”. ამ დასახელების ნაყინი პოპულარულია მთელს უკრაინაში. წარმოების მუშაკებს სულაც არ აცბუნებთ პროდუქტის სახელწოდება. შესაფუთ ქაღალდზე ლოგოტიპია – გადახაზული შპრიცი და წარწერა "Стор Наркотик”. უკრაინელთა თვალსაზრისით, ეს ერთგვარი წვლილია ნარკომანიასთან ბრძოლის საქმეში. იმასაც ირწმუნებიან, რომ სინამდვილეში ნაყინი არც ყაყაჩოს შეიცავს, არც კანაფს.

დღესდღეობით ყველაზე მეტ ნაყინს ამერიკელები ჭამენ. ამიტომაც აშშ გაცილებით მეტ ნაყინს აწარმოებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა, დაახლოებით 900 000 000 გალონს. ყველაზე პოპულარული ვანილის ნაყინია. 1984 წელს ამერიკის პრეზიდენტმა ივლისი ნაყინის ნაციონალურ თვედ გამოაცხადა.
კატეგორია: იცით თუ არა რომ… | ნანახია: 1090 | დაამატა: balu | ტეგები: ყინულის კრემი ანუ ცოტა რამ ნაყინის | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.