Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » ყველაზე განსაცვიფრებელი ქრისტიანული სასწაულები
8:23 PM
ყველაზე განსაცვიფრებელი ქრისტიანული სასწაულები
წმინდა მარიამის გამოჩენა ზეითაუნში (1968-1970). გადმოცემით, 1968 წლის 2 აპრილიდან მოყოლებული, 2-3 წლის განმავლობაში ეგვიპტეში, კაიროს უბან ზეითაუნში უამრავ ადამიანს ეჩვენა ღვთისმშობელი, განურჩევლად რელიგიური მიმდინარეობისა. პირველი ადამიანი იყო ავტობუსის მექანიკოსი, მუსლიმი მამაკაცი სახელად ფარუკ მუჰამად ატვა. მან შენიშნა, რომ ადგილობრივი ეკლესიის სახურავზე ქალის გამოსახულება მოჩანდა და თავიდან იფიქრა, რომ ვიღაც თვითმკვლელობას აპირებდა. შემდეგ კიდევ ორმა გამვლელმა შენიშნა იგივე და პოლიციას გამოუძახეს. პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ ეს ქუჩის განათების ანარეკლი იყო და ხალხს სახლში წასვლა ურჩიეს. გამოსახულება 2 წუთის განმავლობაში ჩანდა, შემდეგ კი გაქრა. თვითმხილველთა თქმით, ეს წმინდა მარიამი იყო. ამის შემდეგ იგივე მოვლენა ხშირად მეორდებოდა – კვირაში 2-3-ჯერ და 1971 წელს დასრულდა. მოვლენა განიხილა და დაადასტურა ალექსანდრიის კოპტურმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, დეტალური ცნობები მიეწოდათ იეზუიტებს, პროტესტანტ ევანგელისტებსა და ვატიკანს. მოვლენის თვითმხილველი იყო ეგვიპტის პრეზიდენტი გამალ აბდელ ნასერი, გადაღებულ იქნა ფოტოგრაფების მიერ ეგვიპტური ჟურნალებისა და ტელევიზიისთვის.

უხრწნელი სხეულები. მართლმადიდებლურ და კათოლიკურ მიმდინარეობებში ზოგჯერ ხდება ისე, რომ გარდაცვლილი ქრისტიანის სხეული დიდი ხნის განმავლობაში არ იხრწნება ან ეს პროცესი უკიდურესად შენელებულია. მართლმადიდებლურ ეკლესიაში უხრწნელობა აუცილებელი ფაქტორია ვისიმე კანონიზაციის (წმინდანად შერაცხვის) დროს, კათოლიკურ ეკლესიაში კი წმინდანობის ნიშნად ითვლება, მაგრამ არა – აუცილებლობად. ითვალისწინებენ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა – სხეული არ უნდა იყოს ბალზამირებული, არ უნდა ეტყობოდეს რაიმე ხელოვნური პროცესის ზეგავლენის კვალი, არ უნდა იყოს დაცული რაიმე ტექნოლოგიით და ა.შ. უხრწნელი სხეულები სავსებით მოქნილია, თითქოს უბრალოდ სძინავთ. ასეთ სხეულებს აქვთ განსაკუთრებული მოტკბო სუნი, რასაც კათოლიკურ ეკლესიაში "სიწმინდის სურნელს” უწოდებენ და ყვავილისას მიაგავს. დღესდღეობით უამრავი სხეულია, რომლებიც საუკუნეებია, უხრწნელად ინახება. სურათზეა წმინდა ბერნადეტა სუბირუ, ის 1879 წელს გარდაიცვალა.




ტერეზა ნეიმანი (1896-1962). ტერეზა ნეიმანი იყო გერმანელი კათოლიკე მისტიკოსი და სტიგმატი. 1918 წლის 10 მარტს ბიძის ბეღელში გაჩენილი ხანძრის დროს ტრავმა მიიღო და ნაწილობრივ პარალიზებული დარჩა. ამის შემდგომ კიდევ რამდენიმე ტრავმა მიიღო, 1919 წელს კი მხედველობა თითქმის მთლიანად დაკარგა, თუმცა სრულად აღუდგა 1923 წლის 29 აპრილს – ეს ის დღე იყო, როცა რომში ტერეზა ლიზეელის წმინდანად შერაცხვა დაიწყო. 1926 წლის 5 მარტს, დიდი მარხვის პირველ პარასკევს, განაცხადა, რომ იესო იხილა სამ მოციქულთან ერთად ზეთისხილის მთაზე, აღდგომის კვირას კი – იესოს მკვდრეთით აღდგომა. ამის შემდეგ მომდევნო პარასკევ დღეებში ამბობდა, რომ იესოს ვნებანს საკუთარ თავზე განიცდიდა, გრძნობდა იმ ტკივილს, რაც მესიამ გადაიტანა. 1926 წლის 5 ნოემბერს თავზე, ზურგსა და მხრებზე 9 ჭრილობა გაუჩნდა. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ეს ჭრილობები არასდროს შეხორცებია, მაგრამ არც დაუავადებია და სიკვდილის დროსაც ისევე ჰქონდა. ამბობენ, რომ 1922-1962 წლებში ტერეზა ნეიმანი არანაირ საკვებს არ იღებდა, გარდა ზიარებისა, 1926 წლიდან კი წყალიც არ დაულევია. ამას ადასტურებენ ექიმი და 4 ფრანცისკანელი მონაზონი, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში მონაცვლეობით მუდმივად აკვირდებოდნენ. მათ დაადასტურეს, რომ ტერეზამ მხოლოდ წმინდა საკვები მიიღო და ამ პერიოდში არ დაავადებულა, არ დაუკლია წონაში, არც გამოფიტულა.




აკიტას ქანდაკება (1973-1975). 1973 წელს ახალგაზრდა იაპონელ მონაზონს, აგნეს კაცუკო სასაგავას, ხილვები დაეწყო, სადაც წმინდა მარიამი ეცხადებოდა. 28 ივნისს მას მარცხენა ხელზე გაუჩნდა ჯვრის ფორმის ჭრილობა, საიდანაც უხვად მოსდიოდა სისხლი და დიდ ტკივილს აყენებდა. 6 ივლისს აგნესი სამლოცველოში ლოცულობდა, როცა ღვთისმშობლის ქანდაკებისგან წამოსული ხმა გაიგონა. ქანდაკება კაცურას ჯიშის ხის მორზე იყო გამოკვეთილი, სიმაღლეში დაახლოებით 1 მეტრამდე. იმავე დღეს რამდენიმე მონაზონმა შენიშნა, რომ ქანდაკებას მარჯვენა ხელიდან სისხლის წვეთები სდიოდა. ასე გრძელდებოდა, სანამ 29 სექტემბერს სისხლისდენა არ შეწყდა. შემდეგ შენიშნეს, რომ ამჯერად ქანდაკებას ცვარის მსგავსი სითხე სდიოდა, განსაკუთრებით უხვად – შუბლსა და კისერზე. ორი წლის შემდეგ, 1975 წლის 4 იანვარს, ღვთისმშობლის ქანდაკებას ცრემლები წამოუვიდა. ცრემლდენა გარკვეული ინტერვალით მეორდებოდა 6 წლისა და 8 თვის განმავლობაში. საბოლოო ჯამში, 101 შემთხვევა დაფიქსირდა. აკიტას უნივერსიტეტის პროფესორმა მედიცინის დარგში, დოქტორმა საგისაკამ შეამოწმა ქანდაკებიდან აღებული ცრემლები და სისხლი და დაადასტურა, რომ ისინი ადამიანური წარმოშობის იყო. ამ მოვლენების დროს აგნესი აბსოლუტური სიყრუისგან განიკურნა.




წმინდა მარიამი ლურდესში (1858). 1858 წლის 11 თებერვლიდან დაიწყო ღვთისმშობლის გამოცხადებები საფრანგეთში, ლურდესის კომუნაში. 14 წლის გოგონამ, ბერნადეტა სუბირუმ, წმინდა მარიამი იხილა მასაბიელის გამოქვაბულში, ლურდესიდან 1 მილის მოშორებით , როცა მის დასთან და მეგობართან ერთად შეშას აგროვებდა. მოგვიანებით ეს ამბავი დედას მოუთხრო სახლში მისვლისას. იმ წელიწადს მსგავსი რამ 17-ჯერ განმეორდა. ერთ-ერთი გამოცხადების დროს ბერნადეტას წმინდა მარიამმა უბრძანა, კლდესთან ახლოს ამოეთხარა და იქიდან ამოსული წყაროს წყალი დაელია. მითითებულ ადგილას ტალახიანი გუბე იყო, მაგრამ როცა ბერნადეტამ თხრა დაიწყო, იქიდან სუფთა წყალმა ამოხეთქა – ეს იყო გამოქვაბულში არსებული წყლის მარაგი. მას შემდეგ ამ ადგილს ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს, ფიქსირდება წყაროთი განკურნების შემთხვევებიც. კათოლიკურმა ეკლესიამ გამოიკვლია მოვლენა და განაცხადა, რომ ეს ნამდვილად ზებუნებრივი და ღვთიური ფენომენი იყო.




იოსებ კუპერტინოელი (1603-1663). იოსებ კუპერტინოელი იტალიელი წმინდანია. გადმოცემით, ის არც ისე განათლებული და ჭკვიანი იყო, თუმცა სხვების თანდასწრებით ხშირად ყოფილა ლევიტაციის მდგომარეობაში, ჰქონდა ზებუნებრივი ხილვები. ის ითვლება საჰაერო მოგზაურთა, მფრინავთა, გონებრივად შეზღუდულთა მფარველად. 1630 წლის 4 ოქტომბერს ქალაქ კუპერტინოში წმინდა ფრანცისკ ასიზელის ხსენების დღეს აღნიშნავდნენ. იოსები სხვებს ეხმარებოდა პროცესიაში, როცა უეცრად ჰაერში აიწია და უამრავი ადამიანის წინაშე ასე დარჩა. როცა დაეშვა და გაიაზრა, რა მოხდა, შეცბუნდა, დაიბნა და სახლში გაიქცა დასამალად. ეს იყო პირველი შემთხვევა იმ მრავალი ფრენიდან, რომლის გამოც მას შეარქვეს "მფრინავი წმინდანი”. მათგან ყველაზე ცნობილი იყო რომის პაპ ურბან VIII-ს გამოსვლის დროს. როცა იოსებმა დაიჩოქა, რათა პაპს ტერფზე მთხვეოდა, მოულოდნელად მისი სხეული ჰაერში ალივლივდა. 1663 წელს, ბოლო მესის დროს, მას რამდენჯერმე ჰქონდა ხილვა და ლევიტაციის გამოვლინებები, რაც ათასობით ადამიანმა იხილა.




ხუან დიეგო (1474 -1548). ხუან დიეგო კუაუჰტლატოატცინი მექსიკის ადგილობრივი მკვიდრი გლეხი იყო, რომელმაც 1531 წელს ღვთისმშობელი იხილა. 12 დეკემბერს, როცა მომაკვდავი ბიძისთვის მღვდელს ეძებდა, ტეპეიაკის უდაბნოში გავლისას ხილვა ჰქონდა, რომლის დროსაც გაიგო, რომ ბიძამისს არაფერი ემუქრებოდა. ასევე მიიღო მითითება, რომ სადაც იმყოფებოდა, ტეპეიაკის გორაკზე, ეკლესია უნდა აეშენებინა. ხუან დიეგო ადგილობრივ ეპისკოპოსთან მივიდა და ნანახი უამბო, თუმცა მან მტკიცებულება მოსთხოვა. ხუან დიეგო დაუბრუნდა იმავე ადგილს და ისევ ხილვა ჰქონდა. ღვთისმშობელმა უთხრა: "წაიღე ვარდები, შენს უკან რომ ამოსულან.” ხუან დიეგომ ვარდები მოჭრა, ლაბადაში გაახვია და წაიღო. ეპისკოპოსს რომ მიუტანა და გახსნა, ვარდების მაგივრად ღვთისმშობლის ხატი იყო. დღეს ამ ხატს გვადალუპეს ღვთისმშობლის ხატს უწოდებენ. ეპისკოპოსი მუხლებზე დაეცა, აღიარა სასწაული და 2 კვირაში მშენებლობის დაწყება ბრძანა.



პადრე პიო (1887 -1968). ფრანჩესკო ფორჯონე, მოგვიანებით ცნობილი, როგორც პადრე პიო, იყო კაპუჩინების ორდენის მღვდელი რომაულ კათოლიკურ ეკლესიაში, მოგვიანებით კი შერაცხულ იქნა წმინდანად. "პიო” მაშინ დაერქვა, როცა უმცროსი კაპუჩინების საძმოში მიიღეს, სასულიერო პირად კურთხევის შემდეგ კი უბრალოდ პადრე პიო გახდა. ის ცნობილი გახდა სტიგმატებით. ჩანაწერებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მას სტიგმატური ჭრილობები მღვდლად გახდომიდან მალევე გაუჩნდა. პადრე პიოს ერჩივნა, ეს ამბავი არ გახმაურებულიყო და ტანჯვა მარტოს აეტანა, თუმცა 1919 წლიდან მისი ამბავი მსოფლიოს მოედო. ჭრილობები იხილა და შეამოწმა უამრავმა ადამიანმა, მათ შორის ექიმებმაც. I მსოფლიო ომში გადარჩენილი ადამიანები პადრე პიოს მხსნელად და იმედის სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. მასთან ახლოს მყოფი ადამიანები ადასტურებდნენ, რომ სტიგმატების გარდა, სხვა ზებუნებრივი რამეებიც ხდებოდა პადრე პიოს თავს: ჰქონდა განკურნების, ბილოკაციის (ერთდროულად ორ ადგილას ყოფნა), ლევიტაციის, წინასწარმეტყველების, სასწაულების მოხდენის, სხვისი ფიქრების წაკითხვის, წმინდა ენებზე საუბრის ნიჭები. ამასთან, ძალიან ცოტას ჭამდა და სვამდა, ძილსაც მცირე დროს უთმობდა. პადრე აგოსტინოს გადმოცემით, ერთხელ 20 დღის განმავლობაში, პადრე პიომ მხოლოდ ზიარების საკვები მიიღო.




ლანჩიანოს სასწაული (700). დაახლოებით 700 წელს იტალიის ქალაქ ლანჩიანოში ბაზილიანის ორდენის ბერს უნდა ჩაეტარებინა ევქარისტია (ზიარება) ლათინური წესით ერთ პატარა ეკლესიაში. მანამდე ბერი ზიარებას ბერძნული წესით ატარებდა ხოლმე, რისთვისაც აფუებულ პურს იყენებდა. მას მიაჩნდა, რომ უფუარი პური ამისთვის უვარგისი იყო. ამიტომაც შეცბუნდა, როცა შეიტყო, რომ მას მოუწევდა რიტუალისთვის უფუარი პურის გამოყენება – იფიქრა, რომ ამ ყველაფერს სასწაულებრივი ძალა არ ექნებოდა. მესის დროს ბერმა ყველაფერი ისე შეასრულა, როგორც საჭირო იყო და მისდა გასაოცრად, საკუთარი თვალებით იხილა ტრანსფორმაციის პროცესი – როგორ გადაიქცა პური და ღვინო ქრისტეს სისხლად და ხორცად. ღვინო შედედდა 5 განსხვავებული ზომის ბურთულად. სხვადასხვა დროს მრავალი გამოძიება ჩატარებულა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, ზიარების საკვები კი დღესაც ინახება ქალაქ ლანჩიანოში. 1970-71 წლებში სიენას უნივერსიტეტის პროფესორებმა მეცნიერული კვლევის ჩატარება განიზრახეს. მათი დასკვნით, სისხლი და ხორცი ნამდვილად ადამიანის იყო. ხორცი წარმოადგენდა გულს თავისი მთავარი სტრუქტურით. ხორცსაც და სისხლსაც ერთი ჯგუფი ჰქონდათ – AB, იგივე მეოთხე ჯგუფის სისხლი, რომელიც ესადაგება ტურინის სუდარაზე ნაპოვნი სისხლის ლაქების ჯგუფს, ასევე ემთხვევა მსგავსი ევქარისტიული სასწაულებისას გარდაქმნილი სისხლის ჯგუფს.




მზის სასწაული. სწორედ ასე ეწოდება იმ მოვლენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1917 წლის 13 ოქტომბერს პორტუგალიის ქალაქ ფატიმასთან ახლოს. 1917 წლის მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით, სამი მწყემსი ბიჭი ირწმუნებოდა, რომ წმინდა მარიამს ესაუბრებოდნენ. თვეების განმავლობაში პორტუგალიური გაზეთები ავრცელებდნენ მათ წინასწარმეტყველებას, რომ 13 ოქტომბერს სასწაული მოხდებოდა და წმინდა მარიამი გამოჩნდებოდა ხალხის წინაშე. 100 000-მდე ადამიანი შეიკრიბა გამოცხადების მოლოდინში. თვითმხილველთა მონაყოლის მიხედვით, თავსხმა წვიმის შემდეგ შავი ღრუბლები გაიხსნა და მზემ გამოანათა. ჩვეულებრივთან შედარებით გაცილებით სუსტად ანათებდა, შემდეგ კი ზიგზაგის ფორმით დედამიწის მიმართულებით დაიწყო დახრა. ამან ხალხი შეაშინა, რადგან იფიქრეს, რომ ეს აპოკალიფსს მოასწავებდა. ზოგიერთი დამსწრეს თქმით, მათი სველი და გალუმპული ტანისამოსი მოულოდნელად მთლიანად გაშრა. მოვლენა დაახლოებით 10 წუთი გაგრძელდა და მხილველთა რწმენით, იყო სწორედ ის მოვლენა, რაზეც ბავშვები საუბრობდნენ – მწყემსების განცხადებით, ამ დღეს ისეთი რამ უნდა მომხდარიყო, რის შემდეგაც უამრავი ადამიანი ირწმუნებდა ღმერთს. 1930 წლის 13 ოქტომბერს რომის კათოლიკე ეკლესიამ ეს მოვლენა სასწაულად შერაცხა.
კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1140 | დაამატა: balu | ტეგები: ყველაზე განსაცვიფრებელი ქრისტიანული | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.