8:19 PM რამდენ ტკივილს გაუძლებთ განსაზღვრულია თქვენს გენებში | |
კვლევებმა დაადასტურეს, რომ კონკრეტული გენები ჩართულნი არიან ქრონიკულ ტკივილებში, რომელსაც ადამიანი განიცდის. კვლევა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ იგი მეცნიერებს საშუალებას აძლევს ტკივილის სამკურნალოდ უფრო ეფექტური წამლები შექმნან. ამ მეცნიერული დასკვნებისათვის, რომელიც ჟურნალ PloS One-ში გამოქვეყნდა, მკვლევარებმა გამოიყენეს სრულიად ახალი მეთოდი დნმ-ის შესასწავლად და შესადარებლად. მეთოდს „ეგზომური თანმიმდევრობა" ეწოდება და სწავლობს გენეტიკურ ვარიაციებს კონკრეტულად ტკივილის მგძნობელობასთან მიმართებაში. „ქრონიკული ტკივილი არის მნიშვნელოვანი პერსონალური და სოციო-ეკონომიკური უღელი, რომელსაც საშუალოდ ყოველი მეხუთე ადამიანი განიცდის თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე" – ამბობს კვლევის ავტორი ფრანსის უილიამსი. „არსებული ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებები შეზღუდული ეფექტურობით ან გვერდითი ეფექტებით გამოირჩევიან, აქედან გამომდინარე, ახალი მეცნიერული მიდგომა შთამბეჭდავი განვითარებაა." ცნობილია, რომ ადამიანს, რომელიც შედარებით უფრო მეტად მგრძნობელურია ტკივილის მიმართ, მეტი შანსი აქვს ქრონიკული ტკივილები განუვითარდეს. მგრძნობელობის დონეების განსასაზღვრად, მკვლევარებმა გამოსცადეს 2,500 მოხალისე მკალვზე სითბური ზონდის გამოყენებით. მოხალისეებს თხოვეს ღილაკზე თითი დაეჭირათ მაშინ, როდესაც ზონდი ისე გაცხელდებოდა, რომ ტკივილის ატანას ვეღარ შეძლებდნენ. ეს ექსპერიმენტი მეცნიერებს ინდივიდუალური ტკივილის ზღვარის განსაზღვრაში დაეხმარათ. ამის შემდეგ „ეგზომური თანამიმდევრობის" საშუალებით მოხდა 200 ყველაზე მეტად ტკივილზე მგრძნობელობითი და 200 ყველაზე ნაკლებად მგრძნობელობითი ადამიანის დნმ-ის ანალიზი. შედეგებმა თითოეულ ჯგუფში განსხვავებული გენეტიკური ვარიანტების ნიმუშები აჩვენეს – მათ, ვინც უფრო მეტად მგრძნობიარენი იყვნენ, ნაკლები ვარიაციები აღენიშნებოდათ დნმ-ში. სერენა სქოლენი, გენეტიკოსი და ამ კვლევის თანაავტორი, ამბობს „კიდევ უფრო მეტი დაკვირვებაა საჭირო იმისათვის, რათა მთლიანად შევისწავლოთ გენეტიკა, რომელიც ტკივილის მგრძნობელობას საფუძვლად უდევს, თუმცა თავდაპირველმა კვლევებმა საკმაოდ იმედის მომცემი შედეგები მოგვცეს." გენეტიკური ვარიაციებით შედგენილი გენების ქსელების ანალიზმა გამოყო ანგიოტენზინ II-ის გენეტიკური არხები. ანგიოტენზინ II-ის პროტეინი უკვე გაშიფრული იყო როგორც ცხოველების, ასევე ადამიანების ტკივილის შესწავლისას, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ არხს ასეთი მნიშვნელობა მიენიჭა. მიღებული მონაცემები ამტკიცებს, რომ ამ გენეტიკურ არხს ძალუძს სრულიად ახალი ობიექტი გამოავლინოს ტკივილის სამკურნალოდ. „ეს კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან იგი განავრცობს ადამიანის გენეტიკური თანმიმდევრობის პოტენციურ გამოყენებას და ავადმყოფობის ახალ მექანიზმს აღმოაჩენს" ამბობს კვლევის თანაავტორი სტივ მაკმაჰონი. „მეტიც, მეცნიერული ექსპერიმენტის შედეგები მიგვითითებენ, რომ ანიოტეზინ II-ის რეცეფტორები შესაძლოა ტკივილის მნიშვნელოვანი რეგულატორები გახდნენ. " | |
|