Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » რატომ წითლდება და ოფლიანდება ადამიანი?
6:26 PM
რატომ წითლდება და ოფლიანდება ადამიანი?
როცა ვღელავთ, გვეშინია ან გვრცხვენია, ვწითლდებით და ოფლი გვასხამს. როცა ასეთი რამ იშვიათად ხდება, ასატანია, მაგრამ თუ ადამიანი მეტისმეტად მგრძნობიარეა, ხშირმა მღელვარებამ, რომელსაც სიწითლე და ჭარბი ოფლიანობა სდევს თან, შესაძლოა ნევროზამდეც კი მიიყვანოს. გვესაუბრება დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ექიმი, დერმატოლოგი ლია ჭითანავა.


- ქალბატონო ლია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც უმნიშვნელო მღელვარების დროსაც კი წამოწითლდებიან ხოლმე. რისი ბრალია ეს?

- მედიცინაში ამ მდგომარეობას ერითროფობია ეწოდება, რაც სიტყვასიტყვით სიწითლის შიშს ნიშნავს. დასავლეთში მას ბლაშინგ-სინდრომსაც უწოდებენ (Blush ინგლისური სიტყვაა და გაწითლებას ნიშნავს). სახის ამგვარი წამოწითლება დაკავშირებულია ნერვული სისტემის არასწორ მუშაობასთან. კერძოდ, ვეგეტაციური ნერვული სისტემა არასწორად რეაგირებს გარეგან გამღიზიანებლებზე. შედეგად ადამიანი მცირედი მღელვარების დროსაც კი წითლდება. ეს საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რადგან არა მარტო ფიზიოლოგიური, არამედ სოციალური ხასიათიც აქვს და შესაძლოა, ადამიანი ნევროზამდე და დაპრესიამდეც კი მიიყვანოს. ერითროფობიის მქონე ადამიანები ვერ იკეთებენ კარიერას, რადგან ეშინიათ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისა, ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლისა, – სხვაგვარად რომ ვთქვათ, სოციოფობია ახასიათებთ, – და არცთუ იშვიათად პირადი ცხოვრებაც მოუწყობელი აქვთ. განასხვავებენ სამი სახის გაწითლებას:

1) ძლიერად გამოხატულ სიმორცხვეს;
2) კონფლიქტურ ფორმას (ერითროფობიის პრობლემა);
3) ფორმას, როცა სიწითლეს ოფლიანობაც სდევს თან.
- გამოდის, რომ ბლაშინგ-სინდრომი დაავადებაა…
- არა, ბლაშინგ-სინდრომი დაავადება არ არის, იგი სოციოფობიის გამოვლინებაა, თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომელიმე დაავადების შედეგი იყოს. მაგალითად, ბლაშინგ-სინდრომი ხშირად იჩენს თავს:
მენოპაუზის პერიოდში. სახისა და ყელის მოულოდნელი გაწითლება, ალები, ოფლიანობა მენოპაუზის დასაწყისისთვის არის დამახასიათებელი. აუცილებელია იმის ცოდნა, რომ ალები ქალს შეიძლება დაეწყოს ჯერ კიდევ საკვერცხეების ნორმალური ფუნქციობის პერიოდში. ამ დროს ქალმა უნდა იმკურნალოს გინეკოლოგის მეთვალყურეობით. ალები და ხშირი წამოწითლება ქრება ჰორმონული გადაწყობის დასრულებასთან ერთად;
ცხარე საკვების ან ალკოჰოლის მიღებისას;
ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად, ქლორპროპამიდების (დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები), ნიტრატების (გულის იშემიური დაავადების სამკურნალო პრეპარატები), ტამოქსიფენის (ძუძუს კიბოს სამკურნალო პრეპარატი), წინამდებარე ჯირკვლის კიბოს სამკურნალო პრეპარატების, რალოქსიფენის (ოსტეოპოროზის სამკურნალო პრეპარატი), კალციტონინის (ძვლოვანი პათოლოგიის სამკურნალო პრეპარატი), კალციუმის არხის ბლოკატორების (გულის იშემიური დაავადებისა და ჰიპერტენზიის დროს გამოსაყენებელდი პრეპარატები) მიღებისას.

- მენოპაუზის, ალკოჰოლისა და წამლების შემთხვევაში გასაგებია, მაგრამ რატომ ვითარდება ბლაშინგ-სინდრომი აღელვების დროს?
- ეს დღემდე უცნობია. ვიცით, რომ ამ დროს ხდება სისხლძარღვების ანომალიური გაფართოება, რის გამოც სისხლი ძლიერ აწვება სახეს, თვით სისხლძარღვთა გაფართოების გამომწვევი მექანიზმი კი შესწავლის სტადიაშია. ერითროფობია თითქმის ყოველთვის ერწყმის სოციოფობიას ანუ საზოგადოებრივი აქტიურობის შიშს და ზოგჯერ სულ უბრალო, ყოფით საქმიანობას, მაგალითად, უცნობ გამყიდველთან რამის ყიდვას, გამოცდის ჩაბარებასაც კი შეუძლებელს ხდის. ქება თუ შენიშვნა ადამიანს აწითლებს, ზოგჯერ მეტყველების უნარსაც კი აკარგვინებს.
- რას გულისხმობს ერითროფობიის მკურნალობა?
- ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის კონსულტაციას, სედაციური საშუალებების გამოყენებას. გარდა ამისა, ბლაშინგ-სინდრომის დროს ინიშნება ბ3 და ბ5 ვიტამინები, რადგან ისინი ამაგრებენ სისხლძარღვთა კედლებს. ბლაშინგ-სინდრომის დროს ძალზე ეფექტურია ოპერაციული მკურნალობა – იგი პაციენტთა 95%-ს შველის. ქირურგიული მკურნალობის მეთოდია ენდოსკოპიური სიმპათექტომია. ამ დროს სპობენ ნერვულ იმპულსთა გამტარ სიმპათიკურ ნერვულ ღეროებს. ავადმყოფი ოპერაციის მეორე დღესვე მიდის შინ. ბლაშინგ-სინდრომი ქრება.
- იქნებ არანაკლებ პრობლემურ საკითხზე – ჭარბ ოფლიანობაზეც ვისაუბროთ…
- ჭარბი ოფლიანობა, ჰიპერჰიდროზი, არის საოფლე ჯირკვლების გამომყოფი ფუნქციის დარღვევა, კერძოდ, პათოლოგიური გაძლიერება. მედიცინაში ამას ჰიპერსეკრეციას უწოდებენ. ის ლოკალურიც შეიძლება იყოს და გენერალიზებულიც. ამ პათოლოგიური მდგომარეობის ჭეშმარიტი მიზეზი უცნობია. ალბათ, მოლეკულური ბიოლოგიის, გენური ინჟინერიის განვითარებასთან ერთად მეცნიერები შეძლებენ ნერვული სისტემის უჯრედების არასწორი მუშაობის მიზეზის დადგენას. რაც შეეხება ჰიპერჰიდროზის განვითარების მექანიზმს, ის კარგად არის შესწავლილი – დადგენილია, რომ ბრალი მიუძღვის სიმპათიკური ნერვული სისტემის არანორმალურ ფუნქციობას. ადამიანის ნერვული სისტემა სქემატურად შეიძლება ორ ნაწილად: სომატურ და ვეგეტაციურ ნერვულ სისტემებად – გავყოთ. პირველი უზრუნველყოფს იმ ფუნქციებს, რომელთა კონტროლირებაც შეგვიძლია, მაგალითად, კიდურების მოხრა-გაშლას, სიარულს, მეტყველებას. ნერვული სისტემის მეორე, ვეგეტაციური ნაწილი ახორციელებს იმ ფუნქციებს, რომელთა კონტროლირებასაც ვერ ვახერხებთ, მაგალითად, გულისცემას, გუგების შევიწროება-გაფართოებას, სისხლძარღვების ტონუსის მომატება-მოკლებას და სხვა. ვეგეტაციური ნერვული სისტემა, თავის მხრივ, სიმპათიკურ და პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემებად იყოფა. ორგანიზმის ფუნქციობაზე ამ ორი სისტემის ზემოქმედება ურთიერთსაპირისპიროა: სიმპათიკური ნერვული სისტემა ახშირებს გულისცემას, პარასიმპათიკური კი ანელებს; სიმპათიკური ნერვული სისტემა ნაწლავების პერისტალტიკას ბლოკავს, პარასიმპათიკური კი აძლიერებს და ასე შემდეგ. ოფლის გამოყოფას სიმპათიკური ნერვული სისტემა არეგულირებს. უნდა ითქვას ისიც, რომ ოფლის გამოყოფა თერმომარეგულირებელ როლს ასრულებს. მაგალითად, თუ მოიმატა გარემოს ტემპერატურამ, ოფლი გამოიყოფა, შემდეგ ორთქლდება და აგრილებს სხეულს. ეს მექანიზმი ზუსტად არის გათვლილი და არავითარი ზედმეტი მოქმედება არ ხდება. ჰიპერჰიდროზის დროს კი ეს საათივით აწყობილი სისტემა, შეიძლება ითქვას, მწყობრიდან გამოდის. ნერვული ცენტრებიდან იმპულსები აღმოცენდება ისეთ გაღიზიანებაზე, რომელსაც ტემპერატურასთან საერთოდ არ აქვს კავშირი, – მაგალითად, შიშის ან მღელვარების დროს. თუ ზემოთქმულს გავაანალიზებთ, დავინახავთ, რომ ჰიპერჰიდროზი ფიზიოლოგიურიც შეიძლება იყოს და პათოლოგიურიც. ფიზიოლოგიური ჰიპერჰიდროზი ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა და მიმართულია სითბოს გამოყოფისკენ, მაგალითად ფიზიკური დატვირთვის, გარემოს ტემპერატურის მატების დროს, ზოგჯერ – ყნოსვისა და გემოვნების ანალიზატორების გაღიზიანებისას, მაგალითად, ცხარე საკვების (წიწაკის, მდოგვის) მიღების შემთხვევაში. შიშის, მღელვარების, სირცხვილის დროსაც იჩენს ხოლმე თავს. პათოლოგიური ჰიპერჰიდროზი კი განპირობებულია ნეიროენდოკრინული დარღვევებით, რომელთაგანაც წამყვანია ცენტრალური და ვეგეტაციური ნერვული სისტემის ფუნქციური ან ორგანული ცვლილებები.
- რა იწვევს გენერალიზებულ ჰიპერჰიდროზს?
- გენერალიზებულ ჰიპერჰიდროზს ანუ მთელი სხეულის მომატებულ ოფლიანობას უამრავი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის – ენდოკრინული დარღვევა (თირეოტოქსიკოზი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოგლიკემია, კლიმაქსური პერიოდი, ფეოქრომოციტომა, ნერვული სისტემის სიმსივნე, კარცინოიდული სინდრომი, აკრომეგალია), ინფექციური დაავადება (სეპტიცემია, ტუბერკულოზი, მალარია და სხვა), სიმსივნური დაავადება (ლიმფოგრანულომატოზი, ლიმფომა, სიმსივნის მეტასტაზები), ნევროლოგიური დაავადება (პარკინსონიზმი, ნეიროსიფილისი, დიენცეფალური სინდრომი, მუკოვისციდოზი). ბრალი მიუძღვის ასევე ფსიქოგენურ ფაქტორებს, წამლებს (ასპირინს, ინსულინს, ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებს, მორფინისა და პრომედოლის ჯგუფის ანალგეტიკებს და სხვა), მოწამვლას (ფოსფორორგანული ნივთიერებებით, სოკოთი). ეგრეთ წოდებული "ღამის ოფლის” სიმპტომი ახასიათებს ტუბერკულოზს, რევმატიზმს, ქრონიკულ ტონზილიტს.

- რას გვეტყვით ლოკალურ ჰიპერჰიდროზზე?
- ლოკალური ჰიპერჰიდროზი რამდენიმე სახისაა:
ხელისგულების ჰიპერჰიდროზი. ის საკმაოდ გავრცელებული ფორმაა. მის გამო ადამიანი თავს არიდებს ხელის ჩამორთმევის, შეხებას, უჭირს გლუვი საგნების დაჭერა, ბილიარდის, ბოულინგის თამაში, კლავიატურასთან (კომპიუტერზე, მუსიკალურ ინსტრუმენტზე, ელექტრონულ აპარატურაზე) მუშაობა, წერა (ოფლის წვეთი მელანს თხაპნის, ქაღალდზე რჩება ოფლის კვალი), ვერ მისდევს ნიჩბოსნობას, ვერ ვარჯიშობს ჰანტელებით. თავს იჩენს სქესობრივი და პროფესიული პრობლემებიც.

ხშირად ხელისგულების ჰიპერჰიდროზი რეინოს დაავადებისმაგვარ სიმპტომატიკას ერწყმის: ავადმყოფები უჩივიან ხელისგულების სიცივეს, ვერ იტანენ ცივ წყალს, ზოგჯერ სიცივეში ხელები ულურჯდებათ, – თუმცა არ შეიმჩნევა რეინოს დაავადების სხვა, უფრო სერიოზული სიმპტომები: ტკივილი, ტროფიკული დარღვევები. ამ მდგომარეობის გენეზი უცნობია.
სახის ჰიპერჰიდროზი (ფასციური ჰიპერჰიდროზი, სახის, თავის ოფლიანობა). სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტიურება სახის ჭარბ ოფლიანობას იწვევს. მცირედი მღელვარების, განსაკუთრებით – სოციალური სტრესის დროს სახე (ზოგჯერ – თავის თმიანი ნაწილი და ყელიც) ძლიერ ოფლიანდება. როგორც უკვე ვთქვით, ჭარბი ოფლდენის გამშვები მექანიზმი შეიძლება იყოს მღელვარება, განსაკუთრებით – ხალხის თავშეყრის ადგილას. ძლიერ გამოხატული ჰიპერჰიდროზის ამ ფორმის დროს ბევრი ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა. ხშირად სახის ჰიპერჰიდროზთან შერწყმულია ხელისგულების ჰიპერჰიდროზი, ასევე – სიმპათიკური ნერვული სისტემის ჰიპერაქტიურობის სხვა ფორმები, მაგალითად, სახის პათოლოგიური სიწითლე – ერითროფობია. იღლიების ჰიპერჰიდროზი. ეს ლოკალური ჰიპერჰიდროზის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. უმეტესად შერწყმულია ხელისგულების ოფლიანობასთან, იშვიათად დამოუკიდებლად გვხვდება. ჩივილები მხოლოდ სოციალური ხასიათისაა:
იღლიების ოფლიანობა და უსიამოვნო სუნი. რაკი სუნი ვახსენე, აქვე ვიტყვი, რომ განასხვავებენ ოფლს ნეიტრალური სუნით (ნომიდროზი), მძაფრი სუნით (ოსმიდროზი), ცუდი სუნით (ბრომჰიდროზი), სისხლიან ოფლს (ჰემატიდროზი), შეფერილ ოფლს (ქრომჰიდროზი) და ოფლში შარდოვანას გაძლიერებულ გამოყოფას (ურიდროზი);
ტანსაცმელზე, იღლიებთან, სველი ლაქების გაჩენა და ფერის შეცვლა.

იღლიების ოფლიანობის სპეციფიკური გართულებაა ერითრაზმა: კანზე ჩნდება მოყვითალო-მოვარდისფრო ან მოყავისფრო-მოწითალო მკვეთრი მოხაზულობის ლაქა. ისევე, როგორც ჰიპერჰიდროზის სხვა ფორმები, იღლიების მომეტებული ოფლიანობაც იწვევს ემოციურ და ფსიქიკურ სტრესს, ამცირებს ცხოვრების ხარისხს.
ტერფების ჰიპერჰიდროზი. ხშირად ეს ფორმა შერწყმულია ხელისგულების ოფლიანობასთან სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტიურების გამო. ტერფების ჰიპერჰიდროზი ხშირად აქვთ ბრტყელტერფიანებს. ტერფების ჰიპერჰიდროზი იზოლირებულად ასიდან მხოლოდ ხუთ შემთხვევაში გვხვდება. ამ დროს ყველაზე ხშირი ჩივილებია: ტერფების არასასიამოვნო სუნი; ინფექცია (სოკო);
საზარდულის მიდამოს ჰიპერჰიდროზი იშვიათია, მაგრამ ძლიერ დისკომფორტს იწვევს. მამაკაცებს პარალელურად შესაძლოა სათესლე ჯირკვლების ოფლიანობაც დაეწყოთ. საზარდულის მიდამოში დიდი რაოდენობით არის ისეთი საოფლე ჯირკვლები, რომლებსაც შეუძლია კანის საპროფიტული მიკროორგანიზმების კოლონიზაცია და სუნის პროდუცირება. სუნი განსაკუთრებით უსიამოვნოა, როდესაც საზარდულის ოფლიანობას ანუსისაც ერთვის. საზარდულის ოფლიანობის ყველაზე ხშირი გართულებაა ერითრაზმა.

- როგორ მკურნალობენ ჰიპერჰიდროზს?
- არსებობს ჰიპერჰიდროზის მკურნალობის კონსერვატიული და ქირურგიული მეთოდები. თავდაპირველად მიმართავენ მკურნალობის კონსერვატიულ მეთოდს და მხოლოდ მისი უეფექტობის შემთხვევაში დგება საკითხი ქირურგიული ჩარევის შესახებ. ქირურგიული მკურნალობის მეთოდია ენდოსკოპიური ტრანსთორაკალური ოპერაცია, რომელიც ზოგადი ნარკოზით ტარდება, მაგრამ ხშირად მოსდევს გართულება (პნევმოთოპრაქსი). მკურნალობის დროს აუცილებელია ეტიოპათოგენეზური ფაქტორების გათვალისწინება. ზოგადი ჰიპერჰიდროზი ადგილობრივზე სერიოზული პრობლემაა. ამ დროს ადამიანმა უნდა მიმართოს ექიმს, გაიკეთოს სისხლის საერთო ანალიზი და სისხლის ანალიზი შაქარზე, გამოიკვლიოს ფარისებრი ჯირკვალი, ფილტვები და სხვა. ლოკალური ჰიპერჰიდროზის მკურნალობის მეთოდებია:
მედიკამენტური თერაპია – ტრანკვილიზატორები და სედაციური საშუალებები;
ადგილობრივი თერაპია – ბორი, სალიცილი, ძმარმჟავა, ფორმალინი, ტალკი, ალუმინის ქლორიდი, შაბი, ასევე – თეიმუროვის პასტა. ძალზე ეფექტურია ვოლკოვ-პროხოდკოს მალამო, რომელშიც შედის ალუმინი, უროტროპინი, ფორმალინი, სპირტი. უნდა წაისვათ დაბანილ ტერფებზე და 2-3 საათის შემდეგ ჩაიცვათ სუფთა წინდები. ასე უნდა გაკეთდეს დღეში ერთხელ 15-20 დღე.

ტერფებთან ერთად ხელების ძლიერი ოფლიანობისას წყალში ამატებენ ნიშადურის სპირტს თანაფარდობით 1:1 და იკეთებენ აბაზანებს. ტერფების იზოლირებული ოფლიანობის დროს აუცილებლად უნდა გამოირიცხოს გარეგანი ზემოქმედება: უხარისხო ფეხსაცმელი, სინთეტიკური წინდები, მაღალი ტემპერატურა, შენობაში მომატებული ტენიანობა, – უნდა მოხდეს ბრტყელტერფიანობის კორექცია და ჩატარდეს სოკოვანი დაავადების მკურნალობა. დიდი მნიშვნელობა აქვს ჰიგიენასა და ანტიპერსპირანტების გამოყენებას – ისინი შეიცავენ 15-40%-იან ალუმინ-ქლორიდ-ჰექსაჰიდრატს, რომელიც ახშობს საოფლე ჯირკვლების სადინარს, მათში შემავალი ნივთიერება ტრიკლოზანი კი ანეიტრალებს ოფლის სუნს. მაგრამ ხშირი გამოყენება არ არის რეკომენდებული – შესაძლოა, საოფლე სადინარების დახშობა და ჯირკვლების ტკივილი გამოიწვიოს.
ფიზიოთერაპია – ირიბი დიათერმია კისრის სიმპათიკური კვანძების უბანში. რეკომენდებულია ერთი კვირის განმავლობაში სალბისა და ჭინჭრის ნაყენის მიღება (15 გ მშრალი ფოთოლი 0,5 ლ წყალზე, 1/2 ჭიქა დღეში 2-ჯერ), ზღვის მარილის აბაზანები.
ეფექტურია ბოტოქსის ინექციებით მკურნალობაც. ამ დროს ადგილობრივი ანესთეზიით კანქვეშ შეჰყავთ ბოტულოტოქსინი. ოფლი პროცედურიდან ორ დღეში ქრება. ეფექტი 6-12 თვე ძლებს. გვერდითი მოქმედება არ ახლავს. ეს ადგილობრივი ჰიპერჰიდროზის მკურნალობის ძალზე ეფექტური მეთოდია.
იონტოფორეზი – ელექტროდენი, წყალი და იონები. პაციენტი კიდურებს ნახევარი საათით ყოფს წყალში, რომელშიც სუსტი დენი გადის. კურსი ათდღიანი და საკმაოდ შედეგიანია.
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 1171 | დაამატა: balu | ტეგები: რატომ წითლდება და ოფლიანდება ადამია | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.