6:01 PM რატომ უნდა მივირთვათ ხაჭო | |
ხაჭო ცილოვანი რძემჟავა პროდუქტია. ის მიიღება რძისაგან ფერმენტებითა და რძემჟავა ბაქტერიებით შედედების პროცესში. ტრადიციული მეთოდით მიღებული ხაჭოს კლასიფიცირება მასში ცხიმის შემცველობას ეფუძნება. ამის კვალობაზე, განასხვავებენ ცხიმიან (18%), ნახევრადცხიმიან (9%) და უცხიმო (არა უმეტეს 3%-ისა) ხაჭოს. ნახევრადცხიმიან სახეობას მიაკუთვნებენ აგრეთვე რბილ დიეტურ ხაჭოსაც. ხაჭო სრულყოფილ, დიეტურ, შედარებით რბილ პროდუქტად არის მიჩნეული. გარდა შესანიშნავი გემოსი, ის სამკურნალო თვისებებითაც გამოირჩევა. ხაჭო დიდი რაოდენობით შეიცავს კალციუმს, ფოსფორს, კალიუმს, ნატრიუმს, რკინას, მაგნიუმს, თუთიას, სპილენძს, ფთორსა და სხვა მინერალებს. მის შემადგენლობაში შედის აგრეთვე B2, B6, B12, PP, E ვიტამინები, A პროვიტამინი და ფოლიუმის მჟავა. მიკროელემენტების, ვიტამინებისა და ამინომჟავების განსაკუთრებული კომბინაციის წყალობით ხაჭო მეტად ღირებული კომპონენტია როგორც ჯანმრთელი ადამიანების რაციონისა, ასევე სამკურნალო დიეტებისაც. კალციუმისა და ამინომჟავების უხვი შემცველობის გამო ხაჭო ფასდაუდებელია ტუბერკულოზური დაავადების, რაქიტის, ძვლების მოტეხილობისა და სისხლის პათოლოგიების დროს. ის ხელს უწყობს შარდის გამოყოფას, ამიტომ რეკომენდებულია ჰიპერტონიული, გულ-სისხლძარღვთა და თირკმლის დაავადებების დროსაც. ხაჭოში შემავალი ცილები და ცხიმები ადვილად ასათვისებელია. ცილა ხაჭოში ბევრად მეტია, ვიდრე რძის სხვა პროდუქტებში. ხაჭოს ცილა სრულფასოვან ცილას წარმოადგენს, რადგან მასში შედის ყველა შეუცვლელი ამინომჟავა, მათ შორის – ყველაზე დეფიციტური ამინომჟავები – მეთიონინი და ტრიპტოფანი, რომლებსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნერვული სისტემისა და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციობისთვის. ადამიანის ორგანიზმი ხაჭოს ცილებს უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე ხორცში, თევზში, თუნდაც რძეში შემავალ ცილებს, ამიტომ ხაჭო რეკომენდებულია როგორც ბავშვებისთვის, ასევე ასაკოვანი ადამიანებისთვისაც. დიდი მნიშვნელობა აქვს საკვებ რაციონში მის ჩართვას ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში სწრაფი გამოჯანმრთელებისა და მოძლიერებისთვის. ხაჭოს შესწევს ღვიძლის გაცხიმოვნების პროფილაქტიკის, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი, სისხლწარმომქმნელი, ნერვული სისტემების ფუნქციის შენარჩუნების უნარი. სასარგებლოა პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის), ღვიძლის, სანაღვლე გზების დაავადებათა დროს, რთავენ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა რაციონში, კარგია მათთვის, ვინც ტრავმა ან დამწვრობა გადაიტანა. ხაჭო ამაგრებს ძვლებს, აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენა-განახლებას. გულის, ღვიძლის პათოლოგიებისა და ათეროსკლეროზული პროცესების დროს საკმარისია დღეში 100 გრამი ხაჭოს მიღება. ცხიმი ხაჭოში არცთუ ისე ბევრია, ამიტომ მისი დახმარებით შესაძლებელია წონის დაკლება და, რაც მთავარია, კუნთოვანი მასის გაზრდა. ცილა კაზეინი ხაჭოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ის ცხოველურ ცილებს ენაცვლება და დიდი კვებითი ღირებულება აქვს ადამიანისთვის. ხაჭოს მარგებლობაზე საუბრისას გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი. საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებების დროს ნებადართული პროდუქტების სია არცთუ ისე მრავალფეროვანია. ხაჭოს კი ამ სიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, რადგან არ აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და არ აძლიერებს მჟავიანობას. ოღონდ უმჯობესია გათხევადებული (და არა მარცვლოვანი) უცხიმო ხაჭოს მიღება – ის გაცილებით სწრაფად შეიწოვება. კიდევ უფრო სასარგებლოა შინ მომზადებული ხაჭო, რომელიც რძიდან შრატის გამოყოფით მიიღება. გახსოვდეთ: ხაჭო აუცილებლად უნდა შედიოდეს მოზრდილი ჯანმრთელი ადამიანის კვებით რაციონში, თუმცა ხაჭოს დიდი რაოდენობით მიღება, მეტადრე – ცხიმიანისა, სასურველი არ არის. ხაჭო ძლიერ კონცენტრირებული პროდუქტია და კვირაში 2-3-ჯერზე მეტად მისი მიღება არ არის სასურველი. ხაჭო ფრთხილად უნდა მიირთვათ ნაწლავთა პათოლოგიების დროს. ხაჭო საუკეთესო ნიადაგია ბაქტერიებისთვის. ამ პროდუქტით მოწამვლაც არის შესაძლებელი. ის მალფუჭებადი პროდუქტია, ამიტომ აუცილებლად მაცივარში უნდა შეინახოთ, რაც მთავარია, არა უმეტეს 2-3 დღისა. ხაჭო არ შეიცავს პურინებს, ამიტომ ის ძალზე სასარგებლოა პურინული ცვლის დარღვევების მქონე პირებისთვის – წესისამებრ, მოხუცებულებისთვის. ხაჭოს როგორც საკვები პროდუქტის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაშიც, რომ ის ამაგრებს ნერვულ სისტემას. ბევრმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ ადამიანის ორგანიზმის დღიურ მოთხოვნილებას ცილებსა და კალციუმზე სულ ცხრა სუფრის კოვზი ხაჭო აკმაყოფილებს. ხალხური მედიცინა ხაჭოთი ფილტვებსა და ბრონქებსაც მკურნალობს. ამისთვის მოწოდებულია მჟავე ხაჭოს კომპრესი – 200 გრამ ხაჭოს ურევენ ერთ სუფრის კოვზ თაფლს, მიღებულ მასას თხელ თანაბარ ფენად უსვამენ ტილოზე და ზემოდან ქსოვილის მეორე ფენას აფარებენ. კომპრესს ზურგზე (დაახლოებით ფილტვების საპროექციო არეში) ადებენ, ზემოდან კი სუფთა ქაღალდს და ბამბის ფენას აფარებენ. კომპრესის გაკეთება ღამით არის რეკომენდებული. | |
|