Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 5 » რელიგია და ევროპა
8:20 PM
რელიგია და ევროპა
როგორც ვხედავთ ქრისტიანობა წარმოადგენს დომინანტურ რელიგიას. შესაბამისად თავდაპირველად ვისაუბრებ მის წარმოშობასა და გავრცელებაზე ევროპაში.


ქრისტიანობის წარმოშობა და წინააღმდეგობები დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროში

ქრისტიანობა წარმოიშვა იუდაიზმის წიაღში ახ.წ. 1-ელ საუკუნეში რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილში – პალესტინაში. ახალი მოძღვრება ბერძნული და ლათინური ენების წყალობით იოლად ვრცელდებოდა უზარმაზარ რომის იმპერიაში. გადმოცემის თანახმად, თომა ქადაგებდა ინდოეთში და სპარსეთში, ანდრია – კავკასიასა და ბალკანეთში, მარკოზი – ეგვიპტეში. ქრისტიანული გადმოცემის თანახმად პირველ ქრისტიანეთა ხვედრი მძიმე იყო, მათ დევნიდნენ, დასცინოდნენ, სხვადასხვა ბრალდებებს უყენებდნენ. პეტრე და პავლე 64 წელს აწამეს რომში, მოციქულთაგან უკანასკნელი გარდაიცვალა იოანე. მოციქულები შეცვალეს ეკლესიის მამებმა. ქრისტიანული გადმოცემების თანახმად მათაც დევნიდნენ, აწამებდნენ, კლავდნენ. ქრისტიანობას მალე გამოუჩნდნენ დამცველები თვით რომის იმპერიაში. ასე თანდათან იკვალავდა გზას ახალი ჰუმანური მოძღვრება. ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი – ბიბლია, განსაკუთრებით მისი მეორე ნაწილი – ახალი აღთქმა. ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე.წ. "აბრაამისეულ რელიგიებს”.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროს ურთიერთწინააღმდეგობრივი ორი პოლუსი ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა, ეს იყო ბიზანტია. ბიზანტიის ამბიციები, რომელსაც სურდა მეთაურობა მთელ ქრისტიანულ, როგორც ბერძნულ, ისე ლათინურ სამყაროზე, უარი რომის ეპისკოპოსის ხელისუფლების აღიარებაზე, სხვა ენა, რომელიც გამოიყენებოდა ლიტურგიისთვის (ბერძნული და არა ლათინური), ასევე თეოლოგიური უთანხმოება, ეს ყოველივე ერთმანეთისგან აშორებს ლათინელ და ბიზანტიელ ქრისტიანებს, ხოლო ეს გაყოფა გაძლიერდა მას შემდეგ, როცა ლათინურმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება ერთ მნიშვნელოვან საკითხზე. კონფლიქტი წმინდა გამოსახულებების მიმართ დამოკიდებულების საბაბით დაიწყო ბიზანტიურ სამყაროში ხატთმებრძოლეობის პირველივე აფეთქებიდან _ 730-სა და 787 წლებს შორის. ნიკეის II კრების შემდეგ (787) კარლოს დიდი აყალიბებს „Libri carolini”-ში დასავლური ლათინური ქრისტიანობის დამოკიდებულებას ხატებისადმი. გადაწყვეტილების სახით არჩეული იქნა ოქროს შუალედი. განიხილებოდა როგორც ხატთმებრძოლეობა, ესე იგი გამოსახულებების განადგურება და მათზე უარის თქმა, ასევე ხატთთაყვანისცემა, გამოსახულებების თაყვანისცემა. იუდაიზმი და ისლამი არ აღიარებდნენ წმინდა გამოსახულებებს, ბიზანტიაც შეძრა, შეარყია ხატთმებრძოლეობის აფეთქებებმა, ხოლო დასავლური ქრისტიანული სამყარო აღიარებდა და თაყვანს სცემდა ხატებს, როგორც ღვთისადმი, წმინდა ქალწულისადმი და წმინდანებისადმი თაყვანისცემის ხარკს, ისე, რომ არ გადაექციათ ისინი კულტის საგნებად, რამდენადაც ეს წმინდა გამოსახულებები კეთდებოდა ადამიანის მსგავსების მიხედვით. ღვთიური არსებების სახეები, სულიწმინდის გამოკლებით, გამოისახებოდა ადამიანური სახეებით. ეს იყო ევროპული ჰუმანისტური ტრადიციის ჩამოყალიბების ეტაპი. ევროპული ხელოვნების წინაშე იხსნებოდა სივრცე ნაყოფიერი განვითარებისთვის.

უფრო მეტად მწვავე აღმოჩნდა კონფლიქტი ისლამთან, რომელიც დაიწყო VII საუკუნეში. აღმოსავლეთი ევროპა ჩართული იყო ბიზანტიურ სამყაროში, ხოლო ისლამი და ლათინური ქრისტიანობა ერთვებოდნენ მასთან დაპირისპირებაში, რომელიც დროდადრო გადაიზრდებოდა კონფლიქტებში, ხშირად შეიარაღებულშიც კი. ჩრდილოეთ აფრიკის დაპყრობის შემდეგ ისლამი ბერბერების სახით, რომლებიც თავის რწმენაში არაბებმა მოაქციეს, დასავლეთ ევროპის იერიშზე გადავიდა. პირენეის ნახევარკუნძული სწრაფად იქნა დაპყრობილი 711-719 წლებში. ქრისტიანები რჩებოდნენ მხოლოდ მის ჩრდილოეთ ნაწილში და უმთავრესად ჩრდილოეთ-დასავლეთში, ასტურიაში. მუსულმანები მოიწევდნენ ესპანეთიდან ჩრდილოეთისკენ, პირენეების გავლით, და როგორც უკვე დავინახეთ, ძნელია განსაზღვრო, იყო თუ არა ეს უბრალოდ მძარცველობითი თავდასხმა თუ მუსულმანთა მისწრაფება გაეფართოებინათ თავიანთი ტერიტორია. ყოველ შემთხვევაში, მათი დაწინაურება შეჩერებული იქნა პუატიესთან ბრძოლის დროს (732). ეს იყო მუსულმანთა უკანასკნელი შემოსევა პირენეებიდან ჩრდილოეთის მხარეს, თუმცა მოგვიანებით, IX საუკუნეში გაგრძელდება ახალი მუსულმანური დაპყრობები ხმელთაშუაზღვისპირეთის კუნძულებზე, იტალიასა და პროვანსში.

პუატიესთან ბრძოლამ ევროპულ ისტორიოგრაფიას მისცა საბაბი სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციებისა. ზოგიერთი ისტორიკოსი მასში მხოლოდ უმნიშვნელო შეტაკებას ხედავს, გამომდინარე იქიდან, რომ მუსულმანი დამპყრობლები იმ დროისთვის უკვე დაუძლურებული და გასავათებული იყვნენ. სხვებისთვის პუატიესთან ბრძოლა წარმოადგენდა საკვანძო მოვლენას, ქრისტიანობის ისლამზე გამარჯვებას, როგორც რეალურ სფეროში, ისე მითოლოგიის სივრცეში. პუატიე ხდება ერთგვარი ნიშანი ძალიან აგრესიული ანტიმუსულმანური უმცირესობისთვის. ჭეშმარიტება, როგორც ჩანს, იმყოფება სადღაც ამ ორი უკიდურესობის შუაგულში. ამასთან პუატიეს ბრძოლა გადაფასებული იქნა ზოგიერთი ქრისტიანი მემატიანის მიერ, როგორც ევროპული მოვლენა. ვინმე უსახელო მემატიანე, ავტორი "Continuatio hispana”-სი (ისიდორე სევილიელის ქრონიკების გაგრძელება), პუატიეს ბრძოლას უწოდებს „ევროპელების გამარჯვებას", რომელთაც მოახერხეს მტერბის შევიწროება, რომელთაც დასავლეთში უწოდებდნენ სარკინოზებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დასავლეთის ქრისტიანულ სამყაროში არსებული წინააღმდეგობები დასრულდა საეკლესიო განხეთქილებით. დღეს ქრისტიანობას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი.

დასავლური ქრისტიანობა – თავდაპირველად კათოლიციზმი, შემდეგ კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი – წარმოადგენენ დასავლური ცივილიზაციის ისტორიულად უმნიშვნელოვანეს მახასიათებელს. თავისი არსებობის თითქმის მთელი ათასწლეულის მანძილზე ის, რაც დასავლური ცივილიზაციის სახელით არის ცნობილი, დასავლეთ საქრისტიანოდ იწოდებოდა; არსებობდა ერთობის კარგად განვითარებული გრძნობა დასავლეთის ქრისტიან ხალხებს შორის, რომლის მეშვეობით ისინი თავს განასხვავებდნენ თურქების, მავრების, ბიზანტიელებისა და სხვებისაგან; სწორედ ღვთისა და ოქროს გულისათვის გავიდნენ დასავლელები კონტინენტიდან მსოფლიოს დასაპყრობად XVI საუკუნეში. რეფორმაცია და კონტრრეფორმაცია, დასავლეთ საქრისტიანოს გაყოფა პროტესტანტულ ჩრდილოეთად და კათოლიკურ სამხრეთად დასავლეთის ისტორიის ასევე განსაკუთრებული შტრიხია, რომელიც სრულიად უცხო იყო აღმოსავლური ორთოდოქსიისათვის და საერთოდ არ არსებობდა ლათინური ამერიკის სინამდვილეში.

ევროპაში ქრისტიანობის მიმართულებათაგან ყველაზე მეტად კათოლიციზმია გავრცელებული ამიტომ თავდაპირველად სწორედ მას შევეხები.
რელიგია და ევროპა
კათოლიციზმი

იგი კათოლიკური ეკლესიის მოძღვრებას წარმოადგენს, რომელსაც ქრისტიანობაში ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს (1 მილიარდ 100 მილიონი კათოლიკე მსოფლიოს 235 ქვეყანაში, რაც მთელი ქრისტიანობის 52% შეადგენს). კათოლიციზმი დასავლეთ ევროპაში ცალკე მიმდინარეობად ჩამოყალიბდა და გაბატონებულ რელიგიად იქცა მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა 1054 წელს ოფიციალურად გაიყო 2 ძირითად მიმართულებად–კათოლიკობად და მართლმადიდებლობად. ქრისტიანობის გათიშვის პროცესი ჯერ კიდევ III-IV საუკუნეში დაიწყო. კათოლიციზმის ცალკე გამოყოფის პროცესი დაჩქარდა 395 წლიდან, როდესაც რომის იმპერია აღმ. და დას. ნაწილებად გაიყო. იმპერიის 2 ნაწილად გაყოფამ, ეკონომიკურმა, პოლიტიკურმა და კულტურულმა განვითარების განსხვავებულმა პირობებმა საბოლოოდ გასაზღვრა ამ 2 მიმართულების თავისებურებანი. სხვა ქრისტიანული მოძღვრებების მიმდევრებისაგან განსხვავებით კათოლიკეები რომის პაპებს პეტრე მოციქულის მემკვიდრეებად აღიარებენ და ამით მას ყველა სხვა ეპისკოპოსისგან გამორჩეულად და მთელი ეკლესიის უპირველეს წინამძღვრად მიიჩნევენ, ეყრდნობიან რა მათე 16, 17-19-ს, ლუკა 22, 31-32-სა და იოანე 21, 15-17-ს. 1870 წელს ვატიკანის საეკლესიო კრებაზე პაპი რწმენის საკითხებში "შეუცდომლად და უცოდველად” გამოაცხადეს.

პაპის აბსოლუტიზაციის უპირველესი სავალალო შედეგი ის იყო, რომ მოხდა პაპის აზრის უმაღლეს ინსტანციად და ჭეშმარიტების უმთავრეს კრიტერიუმად გამოცხადება, რაც 1870 წლის ვატიკანის კრების მიერ პაპის „შეუმცდაროის დოგმატის" მიღებით დაგვირგვინდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პაპი არ შეიძლება ცდებოდეს, როდესაც იგი სარწმუნოებრივ საკითხებზე ქადაგებს. აღნიშნული „დოგმატი" პრინციპულად ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ სწავლებას, რომლის მიხედვითაც შეუმცდარი მხოლოდ ეკლესიაა, ხოლო უმაღლესი ავტორიტეტი სარწმუნოებრივ-დოგმატურ საკითხთა გადაწყვეტისას არის საეკლესიო კრება, როდესაც სულიწმიდის ნება ცხადდება კრების მონაწილეთა პირით, ანუ მართლმადიდებლობაში უპირობო პრიორიტეტი კრებსით საეკლესიო ცნობიერებას ენიჭება და არა რომელიმე კერძო პიროვნებას, მიუხედავად მისი უდიდესი ღირსებებისა და დამსახურებისა. პაპის შეუზღუდავმა ავტორიტეტმა არნახული გაქანება მისცა ვოლუნტარიზმს, რამაც ახალი, მართლმდიდებლობისათვის მიუღებელ სწავლებათა შემოღება განაპირობა. ყოველივე ამას კი ჭეშმარიტი მოძღვრებისაგან კათოლიციზმის კიდევ უფრო მეტად დაშორება გამოიწვია.
რელიგია და ევროპა
მართლმადიდებლობა და პროტესტანტიზმი

გავრცელების მიხედვით, მეორე რელიგია მართლმადიდებლობაა. ევროპაში 10 მართლმადიდებლური სახელმწიფოა და მათ შორიასაა საქართველოც. 9 ქვეყანაში კი პროტესტანტიზმია გავრცელებული. როგორც ვხედავთ მას რაოდენობრივარ მართლმადიდებლობა ბევრად არ აღემატება. პროტესტანტიზმს საფუძველი გერმანელმა ბერმა, პროფესორმა და თეოლოგმა მარტინ ლუთერმა ჩაუყარა.

მართლმადიდებლობასა და პროტესტანტიზმს ყველაზე მეტად წმიდა გარდამოცემისადმი დამოკიდებულება განასხვავებს. პროტესტანტული სწავლებით, ქრისტემ ისტორიაში არაუმეტესი კვალი დატოვა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ნიჭიერმა რელიგიურმა მქადაგებელმა. მისი ძირითადი საქმიანობა, მათი აზრით, ზეცაში მოხდა და არა დედამიწაზე.

პროტესტანტული სწავლების თანახმად, ზეცაში იესომ, როგორც შუამდგომელმა და შუამავალმა, დაარწმუნა მამა, რისხვა წყალობით შეეცვალა. ღმერთი აღარ არის განრისხებული ჩვენი ცოდვების გამო და არც გვსჯის, რადგან, პროტესტანტების აზრით, იესო ქრისტეს გამომსყიდველმა მსხვერპლმა აიძულა იგი, მიიჩნიოს, რომ ღვთაებრივი სამართალი „დაკმაყოფილებულია" და ადამიანები შენდობილად გამოცხადდნენ. ანუ, პროტესტანტული ლოგიკით, ქრისტემ შეცვალა არა ადამიანები (ისინი, როგორი ცოდვილები და მოკვდავნიც იყვნენ, ასეთებადვე დარჩნენ), არამედ მამა ღმერთის ადამიანებისადმი დამოკიდებულება. მათი აზრით, აქ, დედამიწაზე არაფერი შეცვლილა. ადამიანები ქრისტეს სიკვდილმა, მის მიერ გაღებულმა მსხვერპლმა ისევე გააოგნა, როგორც ადრე ისინი სოკრატეს სიკვდილით იყვნენ გაკვირვებულნი. მათ შეიყვარეს ქრისტეს სწავლება თითქმის ისევე, როგორც უწინ, მაგალითად, მიიღეს ბუდას მოძღვრება და მადლიერნი არიან ქრისტესი ისევე, როგორც მილიონობით ადამიანი მადლიერია მოსესი…

მაგრამ ქრისტეს აღდგომა პროტესტანტების მიერ გააზრებული არ არის. ქრისტეს ჯვარცმამ გამოიღო ნაყოფი: მან დააკმაყოფილეა მამა. ხოლო აღდგომა მაცხოვრის ღვთაებრიობის მარტოოდენ მტკიცებად რჩება. პროტესტანტული სწავლებით, ქრისტეს აღდგომას, პედაგოგიურის გარდა, სხვა ეფექტი დედამიწის ისტორიაში არ ჰქონია და საყოველთაო აღდგომის ჟამამდე ქრისტესმიერ ძლევა სიკვდილზე – ნაყოფს არ გამოიღებს. მათი აზრით, მარტოოდენ ქრისტეს მსხვერპლი ნიშნავდა რაღაცას და ამით თითქოს რაღაც შეცვალა სამყაროში. პროტესანტული სამყაროსათვის უფრო მნიშვნელოვანია ჯვარცმა, ვიდრე აღდგომა; მას უფრო მეტად აქვს ქრისტეს სიკვდილის განცდა, ვიდრე მაცხოვრის აღდგომისა.

მართლმადიდებლობა მიიჩნევს, რომ ქრისტემ ადამიანებს მისი მსახურების ყველა ნაყოფი უბოძა: მოძღვრებაც, გამომსყიდველი მსხვერპლიცა და აღდგომაც. და ჩვენ შეგვიძლია ყოველივე ამის თანაზიარნი ვიყოთ, შეგვიძლია არა მხოლოდ ვუსმინოთ ქრისტეს, არამედ მასთან ერთად ვეცვათ ჯვარს და აღვდგეთ.
რელიგია და ევროპა
ისლამი

როგორც უკვე აღვნიშნე, ევროპაში გარდა ქრისტიანული რელიგიებისა გავრცელებულია ისლამი, რომელიც სიდიდით მეორეა მსოფლიო რელიგიებს შორის. ,,ისლამი”არაბულად ნიშნავს – ,,მორჩილებას”. ისლამი ჩაისახა ახ.წ. VII საუკ. არაბეთის ნახევარკუნძულზე. ტრადიციის მიხედვით ისლამის ფუძემდებელი იყო ღვთის მოციქული მუჰამედი, წარმოშობით არაბი, რომელიც ქ.მექაში ცხოვრობდა. მას რამდენჯერმე გამოეცხადა გაბრიელ მთავარანგელოზი, რომლისგანაც მიიღო წმინდა წიგნის – ყურანის სურები. ყურანი ითვლება მუსულმანთათვის წმინდა წიგნად. ის მუჰამედის ქადაგებით მისმა მოწაფეებმა ჩაიწერეს. მუსულმანთა რელიგიურ წიგნად ითვლება აგრეთვე სუნა, რომელშიც მოთხრობილია მუჰამედის ცხოვრება და მოღვაწეობა და ხადისების კრებული, რომელიც IX საუკუნეში, მუსულმან უმაღლეს სასულიერო პირთა მიერ არის შედგენილი. მუსულმანთა უმეტესობა სუნებს აღიარებს და იწოდებიან სუნიტებად.

ისლამის თანახმად ერთადერთი ღმერთი ალაჰია, რომელიც მართავს ბუნებას და ადამიანებს. ისლამი დამოუკიდებელი რელიგიაა, მაგრამ თავისი მითოლოგიით, დოგმატიკით, ეთიკით და წეს-ჩვეულებებით ახლოსაა ქრისტიანობასა და იუდაიზმთან.


ევროპელების დამოკიდებულება ისლამისადმი სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული იყო. მაგალითისთვის 1947 წლიდან ისლამური მეჩეთები ინგლისური ქალაქების იერ-სახეს ავსებენ. პატარა მეჩეთებს ავტოსადგომებზე ადგილები გამოეყო. ოფიციალურად იქნა აღიარებული ისლამური ქორწინება. 1980-იან წლებში დიდ ბრიტანეთში მულტიკულტურალიზმის გაფართოვებასთან და საზოგადოებრივ ასპარეზზე მეორე თაობის გამოსვლასთან ერთად საზოგადოებაში მყარად დაიწყო ფეხის მოკიდება ისლამმა. დიდ ბრიტანეთში მეორე თაობა გაცილებით მეტი ნდობით სარგებლობდა მუსულმანთა წრეში, ვიდრე მათი წინამორბედები. აქედან გამომდინარე, მათ შეეძლოთ მუსულმანური ინტერესთა ჯგუფები საზოგადოებრივი ცხოვრების შემადგენელ ნაწილად ექციათ. ეს ასეც მოხდა. მუსულმანები ჩართულნი იყვნენ პოლიტიკური ინსტიტუტების საქმიანობაში და მნიშვნელოვანი თანამდებობები ეჭირათ კომუნებში. ვითარება გართულდა 1979 წლის შემდეგ, როდესაც გავრცელება დაიწყო ისლამიზმმა. 1998 წელს დიდ ბრიტანეთში ვითარება ევროპული სტანდარტების შემოსვლამ შეცვალა. მუსულმანებმა მოიპოვეს საკუთარი სკოლების გახსნის უფლება. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ სცნო და დააფინანსა კიდეც მუსლიმთა დაწყებითი. 1999 წელს ინგლისის ხელისუფლებამ მუსულმან სასულიერო პირებს ციხეებისა და საავადმყოფოების კარიც გაუღო. ასე რომ, ისლამი კათოლიციზმსა და იუდაიზმს გაუთანაბრდა. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ვითარება გაუარესდა, ევროპაში ისლამოფობიამ იფეთქა და ყველა მუსულმანს ეჭვის თვალით უცქერდნენ, დაფიქსირდა მათზე ძალადობის ფაქტებიც, თუმცა დღეს მათი მაშტაბი საგრძნობლად შემცირდა.
რელიგია და ევროპა
დასკვნა

როგორც ვხედავთ ევროპაში გავრცელებულ რელიგიათაგან გავრცელების მაშტაბის მიხედვით შეიძლება ოთხი მათგანის, კათოლიციზმის, მართლმადიდებლობის, პროტესტანტიზმის და ისლამის გამოყოფა. საუკუნეების განმავლობაში ევროპელი ხალხი მტკივნეულად აღიქვამდა ერთი თუ მეორე რელიგიის პოზიციების შესუსტებას, ხშირი იყო სისხლისმღვრელი ომები და დიდი იყო მსხვერპლი.

გასული საუკუნეებისაგან განსხვავებით, დღეს ევროპის დემოკრატიულ სახელმწიფოებში რელიგიური ნიშნით ადამიანების განსხვავება ან დისკრიმინაცია ცუდ ტონად ითვლება. ცდილობენ რომ დაიცვან თანასწორობის პრინციპი და არც-ერთ რელიაგიას არ მიანიჭონ უპირატესობა. თუ არ ჩავთვლით 11 სექტემბრის შემდეგ არსებულ უნდობლობას მუსულმანებისადმი, რელიგიები მეტ-ნაკლებად ერთნაირი უფლებებით სარგებლობენ. ევროპული სახელმწიფოთა უმრავლესობა ცდილობს რელიგიისა და სახელმწიფო საქმეების ერთმანეთისაგან გამიჯვნას, თუმცა სხვა საკითხია ამას რამდენად ახერხებენ. გვინდა თუ არ გვინდა ჩვენ ფაქტია, რომ რელიგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ხშირ შემთხვევაში ხდება პოლიტიკური პროცესების მიზეზი.
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 1292 | დაამატა: balu | ტეგები: რელიგია და ევროპა | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.