Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » როგორ ავიცილოთ თავიდან ოსტეოქონდროზი
5:59 PM
როგორ ავიცილოთ თავიდან ოსტეოქონდროზი
ადამიანებს ორ ფეხზე სიარულის შესაძლებლობა რომ მოგვეცა, ამის საფასურს ხერხემლის დაავადებებით ვიხდით. მათ შორის 80% ოსტეოქონდროზზე მოდის.

რა არის და რა იწვევს?

ჩვენი ხერხემალი უზარმაზარ დატვირთვას უძლებს – მთელ სხეულს აკავებს და იჭერს, ზურგის ტვინს იცავს, მოძრაობის, სიმძიმის აწევისა და წონასწორობის შენარჩუნების შესაძლებლობით უზრუნველგვყოფს. მთელი ეს დატვირთვა კი 24 მალაზე – პატარა ძვლებზე მოდის, რომელთაგან ხერხემალი შედგება. ისინი ერთმანეთთან შეერთებულია განსაკუთრებული ელასტიკური შუასადებით – ხრტილოვანი დისკებით. ასეთი აგებულების წყალობით, მალებს ურთიერთზემოქმედება შეუძლიათ, მაგრამ ერთმანეთს არ ეხებიან. შედეგად, აქტიურად ვმოძრაობთ და ტკივილს არ განვიცდით.

თუ ზურგში ტკივილი დაგვეწყო, ამის მიზეზი ოსტეოქონდროზი – მალებშუა დისკების ანთება ან სხვა სახის დაზიანებაა.

რა იწვევს ოსტეოქონდროზს:

1. ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და არასწორი კვება. თუ ორგანიზმი არასაკმარისი რაოდენობით იღებს კალციუმსა და ფოსფორს, ცილასა და ამინომჟავებს, მაშინ ძვლები და სახსრები ნაკლებად გამძლე და ნაკლებად მოძრავი ხდება. ყურადღება მიაქციეთ – ოსტეოქონდროზის განვითარების მიზეზი ხშირად ჭარბი წონა, კვების არასწორი რეჟიმი, ნივთიერებათა შენელებული ცვლა, ორგანიზმის ინტოქსიკაცია, ასევე ინფექციური დაავადებებია.

2. ცხოვრების წესი, ხერხემლის ტრავმები, ინტენსიური სპორტული ვარჯიშები, სამუშაო, რომელიც სიმძიმის აწევას ითხოვს, ასევე მონოტონური საქმე – ერთ პოზაში დიდხანს ყოფნა, ნერვული გადაძაბვები, სტრესები, მოწევა, მოუხერხებელი ფეხსაცმელი.

3. მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა. ოსტეოქონდროზი შეიძლება განვითარდეს, მაგალითად, სუსტი ფიზიკური განვითარების, სქოლიოზის, ბრტყელტერფიანობისა და ტერფების სხვა დაავადებების დროს.

დაავადების სახეობები

განსხვავებენ კისრის, მკერდისა და წელის ოსტეოქონდროზს.

კისრის ოსტეოქონდროზს ოფისის თანამშრომლების დაავადებას უწოდებენ. მჯდომარე ცხოვრების წესი ხერხემლის კისრის განყოფილების მუდმივ დაძაბვას იწვევს. დამახასიათებელი სიმპტომებია: თავბრუ, თავის ტკივილი (რომელსაც წამალი ვერ აყუჩებს), ტკივილი კისრიდან ხელის თითებამდე, ხელების დაბუჟება, ხელებში ჩხვლეტა, ყურებში ხმაური, ყლაპვის გაძნელება.

მკერდის ოსტეოქონდროზი იშვიათად გვხვდება, ვინაიდან ხერხემლის ეს ნაწილი ნაკლებმოძრავია. სიმპტომები: მკერდში ტკივილი (რომელიც გულის ტკივილისგან განსხვავებით, რამდენიმე დღე გრძელდება), დაბუჟება, მკერდის, კუჭის მიდამოში და სხვა ორგანოებში ტკივილი.

წელის ოსტეოქონდროზი ყველაზე მეტად გავრცელებულია, ვინაიდან სხეულის დახრის, გამართვისა და სიმძიმის გადატანისას წელი თავზე ძირითად დატვირთვას იღებს. სწორედ წელში ჩნდება ყველაზე ხშირად მალებშუა თიაქარი. სიმპტომები: მღრღნელი ტკივილი, რომელიც ზოგჯერ უხერხული მოძრაობის ან სიმძიმის აწევის დროს უეცრად ჩნდება, ფეხში გაკავება.

დახმარება ოსტეოქონდროზის შეტევის დროს

ოსტეოქონდროზი – ქრონიკული დაავადებაა, რომელიც პერიოდული გამწვავებებითა და რემისიებით (მიყუჩებით) მიმდინარეობს. დაავადების გამწვავების პროვოცირება შეუძლია ფიზიკურ დატვირთვას, კლიმატის შეცვლას და ა.შ.

მწვავე შეტევა მწოლიარემ უნდა გადაიტანოთ, ვინაიდან ასეთ პოზაში მალებშუა დისკები ნაკლებად დატვირთულია.

ანთების ზონაში წარმოქმნილი შეშუპების დასაცხრობად, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, 3–4 დღე შარდმდენი ბალახეული ჩაი (მაგალითად, თირკმელას ჩაი) მიიღეთ.

კისრის ოსტეოქონდროზის გამწვავების პერიოდში რეკომენდებულია – შემზღუდი საყელოს, ხოლო წელის ოსტეოქონდროზის დროს სპეციალური კორსეტის ტარება.

მკურნალობა

დიეტა ხერხემლისთვის.

მკურნალობაში დიდ როლს ასრულებს რაციონალური კვება. მაგიდაზე აუცილებლად უნდა იდოს პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ: კალციუმს (რძის პროდუქტები, ყველი, კვერცხი, თევზი, ყვავილოვანი კომბოსტო), ფოსფორს (ბარდა, ყვავილოვანი კომბოსტო, სოია, თევზი, ზღვის პროდუქტები), მაგნიუმს (მზესუმზირის თესლები, თხილეული, ავოკადო, წიწიბურა, ლობიო, კიტრი, ბადრიჯანი), ი ჯგუფის ვიტამინებს (კვერცხი, თევზი, სოკო, სიმინდი, ფორთოხალი, ბანანი), ცილებს (ხორცი, პარკოსნები, კვერცხი, რძე, სოკო). აუცილებლად შეზღუდეთ მარილის რაოდენობა, დღეში დანაწევრებულად და ხშირად (5–6–ჯერ) იკვებეთ.

კომპრესები და მალამოები

ოსტეოქონდროზის გარეგან სამკურნალო საშუალებად გამოიყენება სხვადასხვა მალამო და კომპრესი.

მდოგვისა და ქაფურის მალამო. 100 მლ სპირტში 50 გრამი ქაფური გახსენით და 5 გრამი მდოგვი დაუმატეთ. 3 კვერცხის ცილა ცალკე ათქვიფეთ. მიღებული შემადგენლობა შეურიეთ და თხევადი მალამო ძილის წინ მტკივნეულ ადგილზე შეიზილეთ.

არყის ხის კვირტების მალამო. 20 გრამი არყის გამხმარი კვირტები (აფთიაქში შეიძინეთ) 10 დღე 50 მლ სპირტში გააჩერეთ. ნაყენში ვაზელინი თანაფარდობით 1:4 შეურიეთ და მტკივნეულ ადგილას დღეში 2–ჯერ წაისვით.

ალოეს კომპრესი. ალოეს რამდენიმე ფოთოლი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. 50 მლ წვენს 100 გრამი თაფლი და 100 მლ არაყი დაუმატეთ. ნარევი ბნელ ადგილას შეინახეთ. კომპრესი ღამით გამოიყენეთ.

ბალახეული ნაყენები სასმელად

ხერხემლიდან მარილების გამოდენას ნიახური ეხმარება. ნაყენს მისი ფესვებიდან ამზადებენ. 1 სუფრის კოვზ ფესვებს 0,5 ლ ადუღებული წყალი დაასხით, 8 საათი დადგით და გაწურეთ. დღეში 3–ჯერ მიიღეთ.

წითელი მოცვის ფოთლების ნაყენი ტკივილს აყუჩებს და ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. 10 გრამ ფოთლებს 1 ჭიქა ადუღებული წყალი დაასხით, 2 საათი დადგით, გაწურეთ. დღეში 3–4–ჯერ, ჭამის წინ 2 სუფრის კოვზი მიიღეთ.

სთოუნთერაპია – ცხელი ქვებით მკურნალობა ერთ–ერთი ეფექტური საშუალებაა. გამოდგება ზღვის ან მდინარის ჩვეულებრივი ბრტყელი ქვა 7 სმ–მდე დიამეტრის. ქვები ცხელ წყალში გააცხელეთ, მუცელზე დაწექით და ოჯახის წევრს სთხოვეთ ქვები ორ რიგად ხერხემლის გასწვრივ დაალაგოს. ზემოდან თბილი საბანი დაიფარეთ. გაიკეთეთ ყოველდღიურად და ზურგში ტკივილი დაგავიწყდებათ.

პროფილაქტიკა

ხერხემალს ნუ გადატვირთავთ; მოერიდეთ დაცემას, ხტომას; ჯდომის დროს ზურგი სწორად დაიჭირეთ ან სკამის საზურგეს მიეყრდენით; დგომის დროს ფეხებს მონაცვლეობით დაეყრდენით; დატვირთვა თანაბრად გაანაწილეთ, ჩანთას ერთ ხელში ნუ დაიჭერთ; ჩაიცვით მოხერხებული ფეხსაცმელი; ქალებმა მაღალ ქუსლებზე ხშირად არ უნდა იარონ; მიიღეთ კონტრასტული შხაპი, ორგანიზმი გამოაწრთეთ; თავს ნუ გადაიციებთ, მოერიდეთ სტრესებს; სწორად იკვებეთ; ნუ მოსწევთ.

ძალიან სასარგებლოა ცურვა.

ავტორი: აზა გაგოშიძე
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 1186 | დაამატა: balu | ტეგები: როგორ ავიცილოთ თავიდან ოსტეოქონდროზ | რეიტინგი: 4.3/3
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.