8:00 PM როგორ მოვამზადოთ პიცა | |
იტალიური სამზარეულოს მთავარი მენიუ კარგი იტალიური პიცით, გემრიელი, ჰაეროვანი ნაყინითა და, რაც მთავარია, "პასტა ბოლონეზეთი” გამოირჩევა. თუმცა, ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რასაც მზარეულები ჩვეულებისამებრ ასახელებენ. როგორ კეთდება კარგი იტალური საჭმელი და რაში მდგომარეობს იტალური პიცისა და ნაყინის საიდუმლო, ამ საკითხთთან დაკავშირებით, თბილისში, ერთ–ერთ იტალიურ კაფეტერიას ვესტუმრეთ და სპეციალურად "გუმბათის” მკითხველებისთვის მზარეულ მანუჩარ შვანგირაძისგან რამოდენიმე რეცეპტი ჩავიწერეთ. – რომელი იტალური კერძია ყველაზე პოპულარული? – იტალური სამზარეულოს მთავარი ნუგბარი ნაყინია, ეს იტალიელების სიცოცხლის ყოველდღიური ელექსირია. მნიშვნელობა არა აქვს, წელიწადის რომელი დროა. მათთვის უმთავრესია იყოს გემრიელი და აუცილებლად ფერადი. რაც შეეხება კერძებს, აქ პიცას საპატიო ადგილი უჭირავს, დამიჯერეთ, იტალიელები განსაკუთრებულად მაგარ პიცას ამზადებენ. ეს უკანასკნელი მათი სავიზიტო ბარათია. პიცას განსაკუთრებულს ცომის საიდუმლო ხდის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მრავალი წელია პიცას ვაცხობ, დამიჯერეთ, მათი მომზადებული პიცა მეტად არომატული და გემრიელია. კერძებთან ერთად უნდა ვახსენოთ "პასტა ბოლონეზე” და, რაც მთავარია, არაჩვეულებრივი მაკარონის სპაგეტი. – რატომ ვერ ამზადებენ ქართველი მზარეულები პიცას ისე, როგორც იტალიელები? – აბსოლუტურად იგივე რეცეპტი, აბსოლუტურად იგივე შემადგენლობა, თუმცა, გემო მაინც განსხვავებულია და არ არის ისეთი ჰაეროვანი. მათი მომზადებული პიცის ცომი, როგორც ჰაეროვანი ასევე ხრაშუნაა, ამის მომზადება და გაკეთება კი მხოლოდ იტალიელებს შეუძლიათ. ძალიან კარგად გამოსდით ყველა ტიპის პიცა, რადგან ცომია კარგი. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს რეცეპტს, მათ ხელი აქვთ კარგი, ერთი და იმავე რეცეპტით სხვადასხვა სახეობის უნიკალურ პიცას ამზადებენ. ქართველ მზარეულებს კი, ამგვარი პიცა, სამწუხაროდ, არ გამოგვდის. ამჯერად, პიცის ცომს ჩაგაწერინებთ, იქნებ თქვენ გაგიმართლოთ და შეძლოთ მათ მსგავსად მომზადება. პიცის ცომი მოსამზადებლად დაგვჭირდება: ფქვილი – 700 გრამი; საფუარი – 4 ჩაის კოვზი; წყალი – 400 ან 500 მილილიტრი; ზეითუნის ზეთი – 5 სუფრის კოვზი; მარილი – 1/2 ჩაის კოვზი; შაქარი – 1 მწიკვი. მომზადების წესი კი შემდეგია: პიცაში შეიძლება ნებისმიერი პროდუქტის გამოყენება. აქ ყველაზე დიდი მნიშვნელობა ცომს ენიჭება, მითითებული ინგრედიენტებით გამოდის 4 საშუალო ან 2 დიდი პიცა. ძალიან დიდი ზომის ფქვილი გავცრათ და დავამატოთ საფუარი, მარილი და შაქარი. ჩავასხათ წყალი, დავამატოთ ზეითუნის ზეთი და კარგად მოვზილოთ. ჩავდოთ ცომი ჯამში, რომელსაც წავუსმევთ ზეითუნის ზეთს. ეს კი იმიტომ, რომ ცომი არ მიეკრას ჯამის კედლებს, გადავაფაროთ და დავტოვოთ თბილ ადგილას, დაახლოებით ერთი საათით, როცა ცომი ამოვა. კიდევ ერთხელ კარგად ამოვზილოთ 2–3 წუთის განმავლობაში. ნამდვილი პიცა კეთდება მაღალ ტემპერატურაზე. ამიტომ დავაყენოთ ღუმელი მაქსიმალურ ტემპერატურაზე და გამოვაცხეთ რამოდენიმე წუთის განმავლობაში. – რომელი იტალიური კერძი უყვართ ქართველებს? – პიცის გარდა, ქართველების საყვარელი კერძი "პასტა ბოლონეზეა”. ძალიან გემრიელია და სუფთა იტალიური კერძების სიაში შედის. აი, ამის მომზადება კი, ქართველ მზარეულებს არ უჭირთ, იგი სახლის პირობებშიც შეგვიძლია მოვამზადოთ და თქვენი ოჯახის წევრებს ძალიან გემრიელი საჭმელი შესთავაზოთ. – რამდენად რთული მოსამზადებელია ამგვარი საჭმელები? – ვერ ვიტყვი, რომ ადვილია, თუმცა, ყოველივე მონდომებასთან არის დაკავშირებული. აუცილებელია, კარგად გაირეცხოს თითოეული ინგრედიენტი, არ აქვს მნიშვნელობა რას ამზადებთ, მთავარია სამზარეულოში იყოს სისუფთავე და ყურადღებით მოამზადოთ ის კერძი, რისი მომზადებაც გაქვთ ჩაფიქრებული. ამჯერად, "პასტა ბოლონეზეს” რეცეპტი ჩაიწერეთ. "პასტა ბოლონეზე” მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ზეითუნის ზეთი – 30 მილილიტრი; ფარში – 450 გრამი; სასურველია, იყოს ღორისა და ძროხის ხორცის ნაზავი; მარილი ჩაის კოვზის წვერით, სპაგეტი – 300 გრამი; მთავარია იყოს იტალიური, ყველი – 100 გრამი; ხახვი – 1 თავი; ნიორი – 5 კბილი; წიწაკა – 1 მწიკვი; პამიდორი – 700 გრამი. დამიჯერეთ, ამის მომზადება ძალიან ადვილია, ხოლო მისი გაფუჭება – ძალიან რთული. თუ იტალიურ მაკარონს ვერ იშოვით, შეგიძლიათ ნებისმიერი გამოიყენოთ. ხახვი დავჭრათ წვრილად და ჩავშუშოთ ზეთში 3 წუთის განმავლობაში, კარგად ვურიოთ. შუშვის დროს დავუმატოთ ფარში და შევბრაწოთ, სანამ არ გაწითლდება. გაწითლების შემდეგ, დავუმატოთ ნიორი, სანამ ფარში იწვება, მოვხარშოთ მაკარონი ზეთიან წყალში, გავფცქვნათ პამიდორი და დავჭრათ საშუალო ნაჭრებად, დავამატოთ ფარშს. მანამდე, გემოვნების მიხედვით, დავჭრათ მწვანილები და ვადუღოთ 2 წუთის განმავლობაში. მომზადებული სოუსი მოვასხათ მაკარონს, ავურიოთ, ვხარშოთ რამდენიმე წუთი და იტალიური სპაგეტიც მზად იქნება. – დესერტიც ასევე ადვილად კეთდება? – იტალიური ნაყინი მსოფლიო ცნობარში შეტანილი ნაყინია. ყველამ იცის მისი არაჩვეულებრივი გემოს შესახებ და ფერადი ბურთებიც ძალიან აქტუალურია. იტალიური ნაყინი მოსამზადებლად დაგვჭირდება: ნაღები – 500 გრამი; შაქრის პუდრა – 180 გრამი; კვერცხი – 5 ცალი; შავი შოკოლადი – 50 ან 70 გრამი; კაკაო – გემოვნებით,ნაყინის მოსართავად. მომზადების წესი კი შემდეგია: კვერცხის გული კარგად ავთქვიფოთ შაქრის პუდრთან ერთად გათეთრებამდე, ცილა ავთქვიფოთ 1 მწიკვ მარილთან ერთად, სანამ ქაფი არ გამაგრდება. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები, ნელ–ნელა ავურიოთ ყველა ინგრედიენტთან ერთად და თანდათან დავამატოთ გახეხილი შოკოლადი. ჩავდოთ ნაყინი კონტეინერში და შევდგათ საყინულეში მინიმუმ 2 საათით. მირთმევის წინ, ნაყინი შეგვიძლია მოვრთოთ კაკაოთი. | |
|