6:15 PM როგორ მზადდება თექა | |
თექის დამზადების ტექნოლოგია დღემდე დიდ ინტერესს იწვევს. მატყლის დამუშავება და თექის მომზადება საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ საბოლოო შედეგით უკმაყოფილო არ დავრჩებით. თექისგან სამოსი, სურათები და სხვადასხვა აქსესუარები მზადდება. რა არის საჭირო, რომ თექაზე დავიწყოთ მუშაობა, როგორი მატყლი უნდა გვქონდეს და როგორ მუშავდება იგი, ამ კითხვებზე ცირა ოქრიაშვილი გვიპასუხებს. ქალბატონმა ცირამ თექაზე მუშაობა თავად ისწავლა. ცირა ოქრიაშვილი: – თექის მომზადებისთვის საჭიროა, სუფთად დამუშავებული, სასურველ ფერად შეღებილი მატყლი. როგორც ვიცით, მატყლი ბუნებრივად გვხვდება თეთრი ან შავი ფერის. – როგორ იღებება მატყლი? – მატყლი იღებება ბუნებრივი და ხელოვნური საღებავებით, მაგრამ სასურველია, ბუნებრივი საღებავით შეიღებოს. ბროწეულის ტოტების ნაყენში შეღებვის შედეგად მოშავო მატყლს მივიღებთ. კაკლის წენგოსგან შეღებვის შედეგად, მივიღებთ ჭაობისფერ–მომწვანო ფერის მატყლს. არაჩველებრივად იღებება ხახვის ფოჩით, გამოდის მუქი ჩალისფერი. თან ფერიც არ გადადის. შესანიშნავი საღებავია ენდრო, მიიღება მოწითალო, შინდისფერი მატყლი. ქიმიური შენაერთებით შეღებილი მატყლი ფერს დიდხანს ვერ ინარჩუნებს, ხუნდება. სხვადასხვა ფერის საღებავის შერევით მიიღება ერთი სასურველი ფერი, მაგალითად, ყვითელისა და ლურჯის შერევით, ვიღებთ ღია მწვანეს. ამ ხერხით გარდამავალი ფერები გამოგვყავს. – რაც შეეხება ტექნოლოგიას, როგორ ხდება მატყლის დამუშავება, რომ თექა მივიღოთ? – თექის მომზადება ორნაირად ხდება. პირდაპირ მატყლითა და ტულის გამოყენებით. როცა ტულის გარეშე კეთდება, მატყლი უნდა დავაწყოთ შესაფუთ პოლიეთილენის პარკზე (ასეთ პარკს ჰაერით სავსე ბუშტები აქვს, რაც ამორტიზაციას უწყობს ხელს და მატყლს კარგად თელავს) უნდა დავალაგოთ ერთმანეთზე რამდენიმე ფენად. მონაცვლეობით, ირიბი განლაგებით. თუ სადა ფერის გვინდა, მაშინ ხდება ერთი ფერის მატყლის გამოყენება. სხვადასხვა ფერის თუ გვინდა, მაშინ სასურველ ფერებს შევარჩევთ. თუ ორნამენტის გამოყვანა გვსურს, მატყლს სასურველ ფორმას მივცემთ. ტულის გამოყენების შემთხვევაში, ერთ ფენა მატყლს დავალაგებთ, მასზე დავაფენთ ტულს, ზემოდან კიდევ დავადებთ მატყლს გვერდზე შექცევით, რომ ერთი მეორეში კარგად ჩაჯდეს. შემდეგ ზემოდან დავაფარებთ შედარებით მსხვილ ტულს, დავასველებთ წყლით, ზემოდან წავუსვამთ სარეცხ საპონს (72%). ხელის წრიული მოძრაობით დავამუშავებთ თან მატყლს უნდა დავაწვეთ, რომ უფრო სწრაფად დამუშავდეს. შეიძლება დავამუშაოთ ე.წ. ცომის გასაბრტყელებლითაც, თუმცა, ხელით დამუშავებით უფრო კარგად იგრძნობა სად სჭირდება მატყლს უფრო მეტი დატკეპნა. შემდეგ, მატყლს დავახვევთ და დიდხანს ვთექავთ. ბოლოს, მაგრად გავწურავთ, გავრეცხავთ ჯერ ცხელ წყალში, შემდეგ ცივში გადავიტანთ. ეს რამდენჯერმე მეორდება. ბოლოს ვწურავთ და პირდაპირ სველს ვაუთოვებთ. ცივი და ცხელი წყლის მონაცვლეობის შედეგად, მატყლი ძალიან კარგად ითექება. დამუშავების დროს ბუნებრივად შეღებილი მატყლის ფერები ერთმანეთზე არ გადადის. ქიმიურად თუ შეიღება, იმ შემთხვევაში ფერი ოდნავ გადადის, მაგრამ ისე არა, რომ სხვა ფერი გააფუჭოს. აგრეთვე კეთდება ე.წ. ჩათექვა, ამ შემთხვევაში მატყლზე ნაჭრით გამოვიყვანთ სასურველ ფიგურას, შემდეგ დავამუშავებთ. ნაჭერი მატყლში ჩაითექება. თექა რომ უფრო ლამაზი გამოვიდეს, ვიყენებ აბრეშუმის ძაფებს. მატყლზე დავყრით დაჭრილ აბრეშუმის ძაფს და დავამუშავებთ. ამ შემთხვევაში თექა ერთ მხარეს იქნება აბრეშუმის ძაფებით აჭრელებული და მეორე მხარეს სადა. ჩათექვა ხდება აბრეშუმის ნაჭერზეც. თექის ხელთათმანებიც კეთდება. – თექისგან შექმნილი აქსესუარებიდან რომელია მეტად პოპულარული? – შარფები, ჩანთები. ჩანთა მყარი უნდა გამოვიდეს. აუცილებლად ტულზე უნდა გაკეთდეს და მატყლის უფრო სქელი ფენაა საჭირო. მშრალი მეთოდით კეთდება სათამაშოები, სუვენირები, მძივები. დამუშავება ხდება სპეციალური ნემსით. – ჩანთის სახელურებიც თექისგან კეთდება? – ჩანთის სახელურებიც თექისგან კეთდება. არ ფუჭდება. იყიდება გამზადებული ხის სახელურებიც, რაც თექის ჩანთაზე მაგრდება. მაგრამ უმჯობესია, სახელურიც თექის იყოს, უფრო ლამაზია. სახელურებიც იგივე მეთოდით მზადდება. კეთდება მეორენაირადაც, მატყლის სქელ ფენას დავაგორგოლავებთ, მივიღებთ მყარ მასას და შემდეგ სასურველი ზომის მიხედვით მოვჭრით. – ქუდი რა მეთოდით კეთდება? – ქუდის გაკეთებას დამუშავების თავისი წესი აქვს. მისი დამუშავება ორმაგად ხდება. დალაგებული მატყლით. უნდა დალაგდეს ჯვარედინად, რომ ერთმანეთში კარგად ჩაჯდეს. დავაფარებთ ტულს. მერე ისევ მატყლს დავადებთ ზემოდან. დავასველებთ, წავუსვამთ საპონს, მერე გამოვჭრით ფორმას, დასველებული ნაწილი გადმოიკეცება ისე, რომ ღრუ დარჩეს. გადმოკეცილ ადგილას, სადაც სიცარიელეა, ისევ მატყლით დავფარავთ, შემდეგ დავადებთ წულს, ზემოდან მატყლის ფენას, ვთექავთ და მერე გამზადებულს დავაუთოვებთ. – როგორ კეთდება თექის მძივი? – რაც შეეხება მძივებს, ორნაირად კეთდება. არის ბურთულა და გადაჭრილი მძივი. ბურთულა მძივს თუ ვაკეთებთ, ავიღებთ მატყლს, რა ფერის ბურთულაც გვინდა, რომ გამოვიდეს, თუ სადა გვინდა, ერთ ფერს ავიღებთ, თუ ჭრელი, სხვადასხვა ფერის მატყლს ავურევთ ერთმანეში. მატყლს ბურთის ფორმას მივცემთ, ნელ–ნელა ვასველებთ და ხეში ვამრგვალებთ. თუ ვატყობთ, რომ პატარა ბურთულა გამოვა, მატყლს დავამატებთ, დავასველებთ და ისევ დავსაპნავთ, სულ საპნის ქაფში კეთდება. ნელ–ნელა მიიღებს ბურთის ფორმას და თან გამაგრდება. მეორენაირი მძივი – ჭრილის გაკეთებისას ვდებთ, მაგალითად, ჯერ შავი ფერის მატყლს, მერე თეთრს, შემდეგ ისევ შავს, რულეტივით გადავახვევთ, დავთექავთ, იტკეპნება, გარეცხვისა და გაშრობის შემდეგ, ბასრი დანით ირიბად ჭრი. აისხმება ჩვეულებრივად ნემსით და სასურველი ფერისა და სისქის ძაფით. საყურეც იგივე მეთოდით კეთდება, ოღონდ ყუნწს მატყლში ჩავაყოლებთ და ისე ვიწყებთ დათექვას. მძივის მესამე ვარიანტს რაც შეეხება, მას ჩირს ვუწოდებ. მატყლის თხელ ფენებს შორის მოვათავსებ ტულს, დავთექავ, დამუშავებულ თექას დავჭრი პატარა კუბიკებად და ძაფზე ავასხამ. თმის სამაგრების შემთხვევაში, გამზადებული თექიდან იჭრება ყვავილის ფურცლები, შემდეგ ხდება შეკერვა, ფორმის მიცემის შემდეგ, მაგრდება ე.წ. წკაპზე, რეზინაზე ან თმის სალტეზე. გამოვა ორიგინალური ხელთნაკეთი თმის სამაგრი. იგივე მეთოდით კეთდება გულსაბნევი. – თექისგან შექმნილი სამოსის ან აქსესუარის მოვლა ძნელია? გარეცხვის შედეგად ფორმას კარგავს? – ადვილი მოსავლელია, ჩვეულებრივად, გრილ წყალში ხელით ირეცხება. მაქვს ერთი შარფი, რომელსაც 10 წელია ვატარებ და ფორმა და ფერი არ შეუცვლია | |
|