Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » საქართველოს ღირსების მპყრობელები
8:09 PM
საქართველოს ღირსების მპყრობელები
დედოფლები მეფეთა და მთავართა მეუღლეები, თანამეცხედრეები იყვნენ. სახელმწიფო სამართლის მიხედვით, დედოფალი აუცილებლად მეფური წარმოშობისა უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მეფე ვერ შეძლებდა მის სადედოფლო ტახტზე დაბრძანებას. ამის ბრწყინვალე მაგალითია საქართველოს მეფე ლაშა-გიორგის (1213-1223 წწ.) რომანტიკული თავგადასავალი: ველისციხეში ყოფნისას მეფეს ერთი მშვენიერი გათხოვილი ქალი უნახავს. ჭაბუკი მეფე ისე მოხიბლულა ულამაზესი ქალით და ისე შეჰყვარებია, რომ ქმრისთვის ცოლი წაურთმევია და თავისთან წაუყვანია. ამ ველისციხელი ქალისგან მას ვაჟიშვილიც კი შეეძინა, რომელსაც სახელად დავითი უწოდა (შემდგომში მეფე დავით VII ულუ). ქვეშევრდომისთვის გვირგვინნაკურთხი ცოლის წართმევა სამეფო კარისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. შეწუხებული ვაზირები და ეკლესიის უმაღლესი წარმომადგენლები ლაშა-გიორგისთან მივიდნენ და სთხოვეს, წამოგვრილი ცოლი, მისი სატრფო, ისევ ქმრისთვის დაებრუნებინა. დიდი ელჩობა ახალგაზრდა მეფემ გადაჭრილი უარით გაისტუმრა. ველისციხელი ქალი მას თავის ცოლად მიაჩნდა და ეკლესიის მამათა დარიგებას არად აგდებდა. როცა ამ მუდარა-შეგონების გზით ვაზირები და ეკლესიის მესვეურნი ვერას გახდნენ, მაშინ მათ უკიდურეს გზას მიმართეს: სასახლეში მივიდნენ, ველისციხელი მანდილოსანი გამოიყვანეს, ისევ თავის ქმარს დაუბრუნეს და ჭაბუკი მეფე ამგვარად საყვარელ ქალს ჩამოაშორეს. 
საერო და საეკლესიო ხელისუფლების მმართველ წრეებს იმედი ჰქონდათ, რომ ლაშა-გიორგი სატრფოს მალე დაივიწყებდა და კანონიერ ცოლს შეირთავდა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა: რომანტიკოსმა მეფემ თავის სიყვარულს ბოლომდე უერთგულა და ველისციხელი ქალის მოწინააღმდეგეთა გულის გასახეთქად, სიკვდილამდე უცოლოდ დარჩა.

პოლიტიკური ქორწინების ბრწყინვალე მაგალითია ლაშა-გიორგის ვაჟის, მეფის დავით ულუსა (1247-1270 წწ.) და მონღოლი ყაენის ქალიშვილის, ჯიგდა-ხათუნის შეუღლება, მაგრამ აქაც, ისევე როგორც უმეტეს შემთხვევაში, ჯიგდა ქრისტიანულ აღმსარებლობაზე გადმოდის, რასაც ადასტურებს აბელის ეკლესიის საქტიტორო წარწერა, სადაც მონღოლი ჯიგდა უკვე თამარ-ხათუნად მოიხსენიება და მეუღლესთან ერთად ეკლესიის მაშენებლად გვევლინება.
უჩვეულოა, იმავე მეფე დავით ულუს მესამე ცოლის, გვანცა დედოფლის სიყვარულის ამბავი: რაჭის ერისთავის, კახაბერ კახაბერისძის ასული ავაგ ათაბაგის მეუღლე იყო. დავით ულუს გვანცა ავაგის დაკრძალვაზე უნახავს ბიჯნისში. ისტორიკოსი წერს, რომ მეფემ "იხილა ქმნულ კეთილი, ეტრფიალა და შემდგომად მცირედისა მოიყვანა იგი ცოლად და დედოფლად”. ამ ქორწინების შედეგად 1259 წელს დაიბადა შემდგომში თავდადებულად წოდებული დემეტრე II.
ჟამთააღმწერლის გადმოცემით, ერთ-ერთი დიდმოხელე, მესტუმრე ჯიქური, რომელიც დავით ულუს გარდაცვლილი მეუღლის, ჯიგდა-ხათუნის ერთგული იყო, ვერ შეეგუა გვანცას გვირგვინოსნობას და ინტრიგებს ხლართავდა. მეფეს იმდენად უყვარდა გვანცა დედოფალი, რომ მესტუმრე ჯიქურის ინტრიგების გამორკვევის შემდგომ, ბრძანება გასცა და იგი გაუსამართლებლად დაახრჩვეს მტკვარში.

1260-61 წლებში დავით ულუს მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყების დროს გვანცა დედოფალი მცირეწლოვან ვაჟთან ერთად თავს ბიჯნისს აფარებდა, თუმცა მონღოლებმა საქართველოს დედოფლისა და უფლისწულის დატყვევება შეძლეს. მეფემ ამ მძიმე ვითარებიდან გამოსვლა და ტყვეების დახსნა ყაენთან შერიგებით სცადა. გვანცა დედოფალსა და ყრმა დიმიტრის ერთხანს ყურადღებას არ აკლებდნენ. ოჯახი უშვილო მონღოლმა დიდგვარონმა ქალმა შეიფარა, მან ქართველთა სტუმრობა "კარგად გამოსცადა” და მალე დაფეხმძიმდა. მიუხედავად ამისა, გვანცა დედოფლისთვის მონღოლეთში ტყვეობა საბედისწერო აღმოჩნდა. იგი ყაენის ბრძანებით ზღვაში დაახრჩვეს. ჟამთააღმწერელი ამ ტრაგიკული მოვლენის მთავარ დამნაშავესაც ასახელებს. ეს დედოფლის ქალიშვილი ხუაშაგია, რომელიც გვანცას პირველი ქმრისგან, ავაგ ათაბაგისგან ჰყავდა. ხუაშაგი ამ დროს მონღოლთა კარზე დაწინაურებული დიდმოხელის მეუღლე იყო. ქალიშვილმა, როგორც ჩანს, დედაზე შური იძია, ვერ აპატია მეორედ გათხოვება, რადგან ამის გამო დაობლებული დედასაც მოაშორეს და მონღოლეთში გაგზავნეს. მეორე მხრივ კი მომხდარი ფაქტი პოლიტიკური ვითარებით იყო ნაკარნახები. მონღოლებს, როგორც ჩანს, საქართველოს სამეფო ტახტზე ქართველი დედოფალი ეზედმეტებოდათ. ამიტომ უცოლოდ დარჩენილ მეფეს მალევე შერთეს მონღოლი ქალი, სახელად ესუქნ.
ესუქნი მონღოლთა ერთ-ერთი უწარჩინებულესი ოჯახის, ჩინგიზ ყაენის საჭურველმტვირთველ ჭორმაღანისა და ალთანა-ხათუნის ქალიშვილი იყო. მალე ესუქნ დედოფლის გარშემო მითქმა-მოთქმა დაიწყო. ჭორის მიხედვით, ბასილი მწიგნობართუხუცესმა დედოფლის სარეცელი გაიზიარა. ამ ჭორმა მეფის ყურამდეც მიაღწია. გაბრაზებულმა ხელმწიფემ ბასილი შუა ქალაქში ძელზე ჩამოახრჩო. ღალატის ერთი მხარე სასტიკად დაისაჯა, თუმცა მეორეს, როგორც ჩანს, მეფის რისხვა არ შეხებია. სავარაუდოდ, დავითი დედოფალს მონღოლთა შიშით ვერ გაეყარა. არც ის არის გამორიცხული, გავრცელებული ხმა მეფეს უსაფუძვლო ჭორად მიეჩნია და იგი მხოლოდ ბასილი მწიგნობართუხუცესის წინააღმდეგ პოლიტიკური ანგარიშსწორების საბაბად გამოეყენებინა.
ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია, ესუქნ დედოფალი დავით ულუს სიკვდილამდე მეფის თანამეცხედრე იყო. მეტიც, ჟამთააღმწერელი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მოარული ხმებით, გვირგვინოსნის სიკვდილში დედოფლის ხელიც ერიაო. ბასილის მკვლელობით შეურაცხყოფილმა ესუქნმა ქართველთა მეფე შურისძიების მიზნით მოწამლაო.

საქართველოს პოლიტიკურად დაქსაქსვის შემდეგ ისეც ხდებოდა, რომ ქორწინებისას სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მეფე და მომავალი დედოფალი რჯულს არ იცვლიდა. მაგალითად, როსტომ ქართლის მეფემ (1632-1658 წწ.) ქეთევან აბაშაშვილზე "ქრისტიანულ-მაჰმადიანურად” იქორწინა.
დედოფალთა თანამეცხედრეობა პოლიტიკურ თანამმართველობაშიც გამოიხატებოდა, მაგრამ დედოფლის ძალაუფლება მეფის სიძლიერეზე იყო დამოკიდებული. მაგალითისათვის ნესტან-დარეჯანი, იმერეთის დედოფალი: "თვითონ მეფეც იყო და დედოფალიცა, ბაგრატს არაფერი ეკითხებოდა”. იგი ქართლ-კახეთის მეფის თეიმურაზ I-ის (1625-1633 წწ.) და დედოფალ ხორეშანის ასული იყო. მას სამი მეუღლე ჰყავდა: ზურაბ არაგვის ერისთავი, იმერეთის მეფე ალექსანდრე III და ვახტანგ ჭუჭუნაშვილი. იმერეთში დედოფლობის დროს ნესტან-დარეჯანმა არნახული სისასტიკე გამოიჩინა. მან თავისი გერი, ბაგრატ IV ტახტიდან ჩამოაგდო, თვალები დასთხარა და ცოლიც წაართვა. უაღრესად პატივმოყვარე და დიდი ნებისყოფის ქალმა ქმრად ვახტანგ ბაგრატიონი შეირთო, რომელსაც ჭუჭუნიასშვილის ზედწოდება ჰქონდა. სამეფოს რეალურად დედოფალი განაგებდა, მაგრამ ნესტან-დარეჯანის ძალაუფლებამ დიდხანს ვერ გასტანა, იგი მალე შეთქმულების მსხვერპლი გახდა. 1668 წელს გათავხედებული დედოფალი ნათლულმა შუბით მოკლა.

ისეც მომხდარა, რომ ერთი დედოფალი რამდენიმე მეფე-მთავრის ცოლი ყოფილა. ქართლის დედოფალი მარიამ დადიანი ჯერ სიმონ გურიელის ცოლი იყო, მოგვიანებით ქართლის მეფე როსტომზე დაქორწინდა, მისი სიკვდილის შემდგომ მარიამი, შაჰ-აბას II-ის ბრძანებით თბილისის ციხეში გამოკეტეს, 1658 წელს კი, ყაენის დაძალებით ცოლად შეირთო ვახტანგ შაჰნავაზმა, რომელსაც ორი ცოლი ესვა. მარიამი დიდი მოღვაწე იყო და მის ცოლად მოყვანას შაჰ-აბასიც ცდილობდა, თუმცა დედოფალმა თავის დასახსნელად ფანდი იხმარა, ჭაღარა თმა მოიკვეცა და გაუგზავნა, უკვე დავბერდიო.

არსებობს მარიამის მიერ დამოუკიდებლად გაცემული მრავალი დოკუმენტიც. ისინი მოწმობენ, რომ მარიამის რეალური უფლებები საგრძნობლად აღემატებოდა სხვა ქართველ დედოფალთა ტრადიციულ უფლებებს და ზოგჯერ მეფის იურისდიქციასაც კი უტოლდება. მარიამი როსტომ მეფისგან დამოუკიდებლად ათარხნებს (საგადასახადო იმუნიტეტს ანიჭებს) თბილელსა და მისი სამწყსოს ყმებს, ასევე უწესებს ალავერდელს საგადასახადო შეღავათებს, აახლებს ძველ სამეფო სიგელებს და სხვ. ეკლესიათა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით მრავალი შეწირულების სიგელი გაუცია მარიამს სადედოფლო შემოსავლების ხარჯზეც. დედოფალი მარიამი დაახლოებული იყო ქართლის უმაღლეს სამღვდელოებასთან, კარგად იცნობდა ეკლესიის საჭიროებებს და ქმედით დახმარებას არ აკლებდა მათ. მარიამის თაოსნობით აღადგინეს იმ დროისთვის ძლიერ დაზიანებული თბილისის სიონი, თემურ-ლენგის დროს შემუსვრილი კვირაცხოვლის ეკლესია, სვეტიცხოვლის გუმბათი, ბოლნისის ეკლესია, განუახლებიათ რუისისა და ურბნისის ეკლესიები, ალავერდის ტაძარი, მოუხატავთ წმინდა ესტატეს ეკლესია (ერთაწმინდაში). მარიამმა 1650 წელს თბილისში ჩამოსულ რუს მხატვარ ივანე დანილოვს მოახატვინა სიონი. სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარებიათ მცხეთაში, გრემში, ზაგემში, მარტყოფში, ზედაზენზე, სამებაში, ნინოწმინდაში და სხვ. მარიამ დედოფალი საუკეთესო წარმომადგენელია იმდროინდელი არისტოკრატი ქართველი ქალებისა, რომლებიც თავიანთ უპირველეს საქმედ მიიჩნევდნენ მწიგნობრობას, ქველმოქმედებასა და ეკლესიაზე ზრუნვას. ბერი ეგნატაშვილი იუწყება, რომ ასეთ საქმეებს მარიამ დედოფალი იმიტომ ახერხებდა, რომ "ედვა პატივი დიდი ყაენისაგან და ყოველსა საქართველოსა კაცთაგან და ქალთაგან, მთავართა და დიდებულთგან. იყო ყოვლითა შემკული კეთილით, რომლის მსგავსი თამარ მეფისა შემდგომად არღარავინ ყოფილა”.

მარიამ დედოფალი, უკვე ასაკოვანი და ფრიად პატივცემული, აღარ მონაწილეობდა აქტიურად სახელმწიფო საქმეებში. მარიამმა თავის მესამე მეუღლეზე მეტხანს იცოცხლა. იგი გარდაიცვალა 1682 წელს.

განსხვავებული ფიგურა იყო დედოფალი ნესტან-დარეჯან ჭილაძე. მას ქმარმა საარაკოდ უერთგულა. მეუღლე კი სამეგრელოს ძლიერი მთავარი ლევან II დადიანი (1611-1657 წწ.) იყო. მომავალი დედოფალი მთავარმა ბიძას, გიორგი ლიპარტიანს წაართვა. არქანჯელო ლამბერტის სიტყვით: "მაშინ, როდესაც მთავარი, გატაცებული ლიპარტიანის ცოლის სიყვარულითა, ცდილობდა თავისი სურვილის დაკმაყოფილებას, სხვა მის ცოლს, დედოფალს, ეტრფიალებოდა და უსირცხვილოდ დაუახლოვდა. ეს იყო მისი ვეზირი, სახელად პაპუნა, იგი, ვითარცა მეორე პირი მეფის შემდეგ, ყოველივეს განაგებდა სახელმწიფოში. ასეთი საქმე ხომ დიდხანს არ დაიმალება… მთავარი საშინლად გაბრაზდა, მაშინვე გააგდო ცოლი და ბერძნების სჯულისამებრ, შესარცხვენად ცხვირი მოსჭრა”. შემდეგ მთავარი მრავალრიცხოვანი ამალით ბიძამისს ეწვია და ცოლი წაართვა. "წამოიყვანა დარეჯან ყველა მისი ქალებით და მოიყვანა სასახლეში, სადაც დიდის ამბით დაიწერა ჯვარი და გახადა იგი დედოფალი”. ლევან დადიანს განსაკუთრებულად უყვარდა ნესტან-დარეჯანი. ჭილაძის ასული 1639 წელს გარდაიცვალა, ლევანი ღრმა გლოვასა და სევდას მოუცავს, მთავარი დიდხანს ჩაკეტილა განმარტოებით ბნელ სენაკში. არ დარჩენილა სამეგრელოში ეკლესია-მონასტერი, რომელსაც საბოძვარი არ მიეღოს ნესტან-დარეჯანის სულის საკურთხებლად და ცოდვათა მოსანანიებლად. ლევანის საოქრომჭედლო სახელოსნოში არაერთი ხატი მოიჭედა, რომელთა უმრავლესობას "ამ სოფლის მნათი” ნესტან-დარეჯანის სახელიც ამშვენებს. ლევან დადიანის დიდმა და ცოდვიანმა სიყვარულმა იერუსალიმსაც კი მიაღწია. ლევანმა ვალებიდან გამოიხსნა ჯვრის მონასტერი, მისი რესტავრაციისთვის სახსრებიც გაიღო და მეუღლესთან ერთად თავიც გამოახატვინა ფრესკაზე.
ნესტან-დარეჯან ჭილაძის მსგავსად ბევრი ისტორიული ძეგლის სახელი უკავშირდება ქართველ დედოფლებს. მაგალითად, ოლთისის ციხის შესახებ საინტერესო ცნობაა დაცული ფარსადან გორგიჯანიძის თხზულებაში. ამბავი თეიმურაზ I-ის მეუღლეს, დედოფალ ხორეშანს ეხება. ხორეშან დედოფლის სიზმრის ნახვა და იმავე დღეს ახდენა ერთი იყო. რომელ ციხეშიც დედოფალი ბრძანებულა, იმის ქვეშ ბაღი ყოფილა. ვარდის ყვავილობის დროს მხლებლებითურთ ბაღში ჩასულა. იმ ღამით კი ასეთი სიზმარი უნახავს: "თურმე ბაღი გველებით აივსო, ჩემკენ საკბენად მოიზიდებოდნენ, მე ციხისკენ წავედი და გველებიც უკან ამედევნენ, მაგრამ ციხეში შევასწარი. უცებ ჰაერიდან ორბნი მოფრინდნენ და გველები დაიტაცეს”. მერე კი დედოფალმა მხლებლებს უთხრა: "ადექით, აქ ნუღარ დგახართ, ციხეში ავიდეთ”.

შუაღამე გადასული იყო, როცა ციხესთან შეიარაღებული რაზმი გამოჩნდა. გათენებისას ქართველებმა შეიტყვეს, რომ ბაღს ყიზილბაშთა ლაშქარი დასხმოდა. მეციხოვნეებმა დედოფალი ოლთისის ციხეში შეიყვანეს და მტერს ზემოდან თოფი და ზარბაზანი დაუშინეს. კონსტანტინოპოლს მიმავალ მეფე თეიმურაზს ზარბაზნის ხმა გაუგონია. თანამგზავრებს უბრძანა, – ვისაც ცხენი გყავთ, დაიძარითო. ციხესთან ახლოს რომ მივიდნენ, ყიზილბაშებს შეუტიეს. თავგამეტებით იბრძოლეს, ყიზილბაშნი ამოწყდნენ და მეფე თეიმურაზმა გაიმარჯვა. დედოფლის სიზმარი ასე მალე ახდა…
ახდენა არ ეწერა ნინო ბაგრატიონ-დადიანის ოცნებებს, რომელიც საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი პირია. ცნობილი ისტორიკოსი თამარ პაპავა წერდა: კავკასიაში რუსული იმპერიალიზმის დამკვიდრების შემდეგ "ნინოს მხოლოდ სამეგრელო მიაჩნდა ქართული პოლიტიკური რაობის გახანგრძლივებულ დასაყრდენად და აშკარად სამეგრელოს გაფართოება-გაძლიერებისთვის იღვწოდა. მას ჰქონდა პირველი ცდა რუსეთის იარაღითა და დიპლომატიის დახმარებით აფხაზეთზე შეტევისა”.

დედოფალი აფხაზეთის მხარეში, რომელიც მაშინ გათურქების საშიშროების წინაშე იდგა, ყველანაირად ცდილობდა ქრისტიანული რწმენის გადარჩენას, ითხოვდა სამთავროზე სამეგრელოს ისტორიული უფლების აღდგენას. 1810 წლის 21 ივლისს დედოფალმა შავი ზღვის რუსული ფლოტის დახმარებით მოახერხა სოხუმის ციხის აღება და აფხაზეთის დაცლა თურქი ემისრებისგან. ძალიან მალე ნინომ გამდგარი ჯიქეთის დამოუკიდებელი თემებიც დაიმორჩილა. ბაგრატიონის ასული ძალიან ენერგიული მმართველი იყო. მაგალითად, იგი პირადად იბრძოდა შავი ზღვის სანაპიროს თურქთა მფლობელობისგან გასათავისუფლებლად

სიცოცხლის ბოლო წლები ნინო დადიანმა რუსეთში გაატარა, ფაქტობრივად, საპატიო ტყვეობაში. ის ერთხანს პეტერბურგის სასახლეებსა და კანცელარიებში ცდილობდა ძველი უფლების აღდგენასა და სამეგრელოში დაბრუნებას, თუმცა უშედეგოდ. დედოფალი რამდენიმე ხანში პეტერბურგიდან რიაზანში გადაასახლეს, მოგვიანებით ვორონეჟში, სიცოცხლის ბოლოს ის სრულ მარტოობასა და დიდ შევიწროებაში ჩავარდა. დაკრძალულია პეტერბურგში.

კატეგორია: ისტორია | ნანახია: 1093 | დაამატა: balu | ტეგები: საქართველოს ღირსების მპყრობელები | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.