Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 31 » საქართველოს კონსტიტუცია
12:52 PM
საქართველოს კონსტიტუცია
საქართველოს კონსტიტუცია — საქართველოს სახელმწიფოს ძირითადი კანონი, მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს. იგი ძალაში შევიდა 1995 წლის საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილსამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით — საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლება იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად. ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.

საქართველოს კონსტიტუცია განამტკიცებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. სახელმწიფო ხელისუფლება ცნობს და აღიარებს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

საქართველოს კონსტიტუცია აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებას და, ამასთან ერთად, აღიარებსსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლსა და მის დამოუკიდებლობას.


საქართველოს კონსტიტუცია


საქართველოს კონსტიტუცია
შექმნის თარიღი 1995 წლის 2 ივლისი
რატიფიცირებულ იქნა 1995 წლის 24 აგვისტო
შენახვის ადგილი საქართველოს პარლამენტი
ავტორი საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
ხელისმომწერნი საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრები

საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია

საქართველოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია იწყება XX საუკუნეში, როდესაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და დაიწყო კონსტიტუციის შემუშავება. კონსტიტუციაში გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ქართველი ხალხის ისტორიულად ჩამოყალიბების ფსიქიკა, ყოფა, ზნე-ჩვეულება, საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა და საპარლამენტო პრაქტიკა. კონსტიტუციის შემუშავება სამ წელიწადს გაგრძელდა და მიღებულ იქნა 1921 წლის 21 თებერვალს, რომელმაც, ფაქტობრივად, თავისი ფუნქცია ვერ შეასრულა და მხოლოდ ოთხი დღე იმოქმედა. ამის შემდეგ საქართველოში მიიღეს ოთხი საბჭოთა კონსტიტუცია 1922, 1927, 1937 და 1978 წლებში, რომლებიც წარმოადგენდნენ ტიპიურ საბჭოთა კონსტიტუციებს და არაფრით განსხვავდებოდნენ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციებისგან.

1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა უზენაესი საბჭოს პირველი მრავალპარტიული არჩევნები. არჩევნებიდან სულ რაღაც 16 დღეში უზენაესმა საბჭომ უამრავი ცვლილება შეიტანა 1978 წლის ჯერ კიდევ მოქმედ საბჭოურ კონსტიტუციაში. ქვეყნის სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვები „საბჭოთა სოციალისტური" და სახელმწიფოს ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა", შეიცვალა სახელწმიფო სიმბოლიკა, გაუქმდა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი როლი და დასაბამი მიეცა პოლიტიკურ პლურალიზმს, გაუქმდა ისეთი ცნებები, როგორიცაა „სოციალისტური საკუთრება", „სოციალისტური კანონიერება", „სოციალისტური დემოკრატია".

1991 წლის ბოლოს არაკონსტიტუციური გზით ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება საქართველოს უზენაეს საბჭოს, რესპუბლიკის პრეზიდენტსა და მთავრობას. 1992 წლის6 იანვარს შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო (ტრიუმვირატი) და დროებითი მთავრობა. სამხედრო საბჭომ ძალადაკარგულად გამოაცხადა გარდამავალი პერიოდის კონსტიტუცია და კანონმდებლობა და 1992 წლის 21 თებერვალს მიიღო დეკლარაცია 1921 წლის 21 თებერბვლის კონსტიტუციის აღდგენის თაობაზე. იმავე წელს დაიშალა სამხედრო საბჭო და შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო. 1921 წლის აღდგენილ კონსტიტუციას კი ისეთივე ბედი ეწია, როგორიც მიღების დროს — მას არც ერთი დღე რეალურად არ უმოქმედია, რადგან დროსთან შეუსაბამო იყო.
მცირე კონსტიტუცია

1992 წლის 6 ნოემბერს მიიღო კანონი „სახელმწიფო ხელისუფლების შესახებ", რომელიც „მცირე კონსტიტუციის" სახელწოდებითა არის ცნობილი. იმ დროისთვის ეს კანონი აღმოჩნდა ერთადერთ აქტად, რომელსაც კონსტიტუციის გარეშე დარჩენილ ქვეყანაში შეეძლო გაეწია ძირითადი კანონის მაგივრობა.
კონსტიტუციის შემუშავება

1993 წლის 16 თებერვალს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა-პარლამენტის თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ, პარლამენტს წარუდგინა წინადადებასაქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ, რომელსაც უნდა შეემუშავებინა არა ახალი კონსტიტუცია, არამედ 1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი.



ედუარდ შევარდნაძე



1993 წლის 25 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე. ამ დებულების საფუძველზე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს საქართველოს სახელმწიფო მეთაური-პარლამენტის თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძე, მოადგილეებად — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, სამართლის თეორიისა და სახელმწიფო სამართლის კათედრის გამგე, პროფესორი გივი ინწკირველი და ვახტანგ ხმალაძე, მდივნად — თსუ-ის პროფესორიავთანდილ დემეტრაშვილი. საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ პარლამენტარები, იურისტები, ეკონომისტები,ისტორიკოსები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და აკადემიკოსები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, სულ, 118 წევრი.

საკითხთა უკეთ მოსამზადებლად შეიქმნა სპეციალიზირებული სამუშაო ჯგუფები:ჯგუფი ხელმძღვანელი
1921 წლის კონსტიტუციის ანალიზის ლევან თოიძე
მომდინარე საკანონმდებლო საქმიანობის ანალიზის კონსტანტინე კემულარია
საკანონმდებლო ხელისუფლების საკითხთა დავით მელიქიშვილი
საკონსტიტუციო ზედამხედველობის საკითხთა ჯონი ხეცურიანი
სასამართლო ხელისუფლების საკითხთა მინდია უგრეხელიძე
სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობების საკითხთა ვლადიმერ პაპავა
უშიშროებისა და თავდაცვის საკითხთა ნოდარ ნათაძე
საგარეო ურთიერთობების საკითხთა თედო პატარაშვილი
ეროვნულ უმცირესობათა საკითხთა ზურაბ ჟვანია
საერთაშორისო სამართლისა და საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობის ლევან ალექსიძე
პრეამბულის საკითხთა მიხეილ ნანეიშვილი
ადამიანის უფლებათა საკითხთა ქართლოს ღარიბაშვილი
აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხთა თედო ნინიძე
პოლიტიკურ და საარჩევნო უფლებების საკითხთა დავით კუპრეიშვილი
ტერიტორიული მოწყობის საკითხთა ირაკლი შენგელაია


პარლამენტის ერთ-ერთი დადგენილებით, სამუშაო ჯგუფების მიერ შემუშავებული პროექტები უნდა გაეერთიანებინა სარედაქციო ჯგუფს; კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტი უნდა მიეღო ჯერ სახელმწიფო საკონსტიტუციო საბჭოს, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტს. ამ წესით მიღებული პროქტი უნდა გასულიყო საყოველთაო-სახალხო კენჭისყრაზე — კონსტიტუცია ხალხს უნდა მიეღო. თუმცა ამ გეგმაში არსებითი ცვლილებები შევიდა. ნაცვლად 1921 წლის კონსტიტუციის მიღებისა, გადაწყდა სრულიად ახალი კონსტიტუციის მიღება. პრობლემათა ღრმად შესასწავლისა და სახელმწიფოთა გამოცდილების გათვალისწინების მიზნით, კომისიის სამდივნოს მიერ 1993-1995 წლებში ორგანიზებული იყო სხვადასხვა კონფერენცია და სემინარი. სამდივნოს აქტიურ დახმარებას უწევდა ვენეციის კომისია.
კონსტიტუციის მიღება

1995 წლის 2 ივლისს 64 ხმით 4-ის წინააღმდეგ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ მიიღო კონსტიტუციის პროექტი. კომისიამ პროექტი გადასცა პარლამენტს და ამით დაასრულა თავისი მისია.

საკონსტიტუციო კომისიის მიერ სახელმწიფო მოწყობის დადგენილი ფორმები მიუღებელი აღმოჩნდა პარლამენტისთვის — კონსტიტუციის პროექტიდან ჯერ მოწყობის ფედერალური საწყისები ამოიღეს, ხოლო შემდეგ ნახევრადსაპრეზიდენტო მმართველობის ფორმა შეცვალეს საპრეზიდენტო რესპუბლიკის მიმსგავსებული ვარიანტით.

1995 წლის 24 აგვისტოს, 17 საათსა და 50 წუთზე, საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტმა ე.წ. „იმელის" შენობაში 159 ხმით 8-ის წინააღმდეგ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. 1995 წლის 17 სექტემბერს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და საქართველოს პარლამენტის წევრებმა ხელი მოაწერეს კონსტიტუციის ოფიციალურ ტექსტს მთავრობის იმ სასახლეში, სადაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.
ცვლილებები და დამატებები

კონსტიტუციის პირველი რევიზია განხორციელდა 1999 წლის 20 ივლისს მიღებული ორი კონსტიტუციური კანონით. ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის 50-ე და 70-ე მუხლების ზოგიერთ დებულებას. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი 7%-იანი საარჩევნო ბარიერის დადგენა იყო.

2000 წლის 20 აპრილსა და 2002 წლის 10 ოქტომბერს კონსტიტუციური კანონით კონსტიტუციის შესაბამის ნაწილებში აჭარისა და აფხაზეთის სტატუსი განისაზღვრა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა" და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის" სახით.

2001 წლის 30 მარტის კონსტიტუციური კანონით გადაისინჯა კონსტიტუციის მე-9, 66-ე, 73-ე და 89-ე მუხლები. ამ კონსტიტუციური კანონის საფუძველზე დაიშვაკონსტიტუციური შეთანხმების დადების შესაძლებლობა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიასშორის.

2003 წლის 23 ივლისის კონსტიტუციური კანონით გადაისინჯა კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტი და დაწყებით განათლებასთან ერთად სავალდებულოდ გამოცხადდა აგრეთვე საბაზისო განათლება.

მასშტაბური კონსტიტუციური რეფორმა განხორციელდა 2004 წელს. ცვლილება შეეხო 30-მდე მუხლს, კონსტიტუციის ტექსტს ჩაემატა ახალი, მეოთხე1 თავი, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობას, ამოღებულ იქნა 91-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც პროკურატურა სასამართლო ხელისუფლების დაწესებულება იყო. 2004 წლის 6 თებერვლის კონსტიტუციური კანონი არსებითად შეეხო კონსტიტუციის იმ ნაწილს, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ფორმას ადგენდა — საპრეზიდენტო რესპუბლიკის ნაცვლად შემოღებულ იქნა მმართველობის ფორმა, რომლის კონსცეფციურ საფუძვლად სახელდება ე.წ. ფრანგული მოდელი.

2004 წლის 23 აპრილის კონსტიტუციური კანონით შეიცვალა საქართველოს პარლამენტის წევრის იმუნიტეტის შინაარსი.

2004 წლის 1 ივლისს კონსტიტუციური კანონით, რომელიც კონსტიტუციის ტექსტში არ შედის, განისაზღვრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განსაკუთრებულ გამგებლობას მიკუთვნებული საკითხები, ორგანოთა სისტემა, მათი კომპეტენცია. ამავე კანონით გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაში.

2005 წლის 23 თებერვლის კონსტიტუციური კანონის საფუძველზე, 235-დან 150-მდე შემცირდა საქართველოს პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობა, 10-ის ნაცვლად დადგინდა 7 წევრის მოთხოვნა საპარლამენტო ფრაქციის შექმნისთვის.

2005 წლის 23 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი შეეხო კონსტიტუციის 25-ე მუხლის 1-ლ და 26-ე მუხლის მე-5 პუნქტებს — ამოღებულ იქნა სიტყვები „უშიშროების სამსახური", ცვლილება შეეხო 73-ე მუხლს, რომლითაც პრეზიდენტს მიეცა უფლება გადააყენოს მთავრობა, თანამდებობიდან დაითხოვოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.

2005 წლის 27 დეკემბრის კონსტიტუციური კანონი შეეხო სასამართლო ხელისუფლების რეგულაციას — დადგინდა საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ასაკობრივი ცენზები; შეეხო მოსამართლის სტატუსს, საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვის ერთ-ერთ სუბიექტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, როგორც უმაღლეს საკასაციო სასამართლოს სტატუსს.

2006 წლის 27 დეკემბერს მიიღეს ოთხი კონსტიტუციური კანონი. ერთ-ერთი მათგანით აიკრძალა სიკვდილით დასჯა, ხოლო მე-17 მულხს დაემატა მე-3 პუნქტი, რომლიც მიხედვითაც იკრძალება დაკავებული პირის ფიზიკური და ფსიქიკური იძულება. შემდეგი კონსტიტუციური კანონები ეხება პრეზიდენტის, როგორც საქართველოს სამხედრო ძალების მთავარსარდლის უფლებამოსილებებს; საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევნების რეგულაციას, პრეზიდენტის უფლებამოსილებას საგარეო ურთიერთობაში; მართლმსაჯულებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკითხებს.

2008 წლის 11 მარტის კონსტიტუციური კანონი შეეხო პრეზიდენტის უფლებამონაცვლეობას, მთავრობის შემადგენლობას, სახელმწიფო რწმუნებულის — გუბერნატორის ინსტიტუტს.

2008 წლის 12 მარტის კონსტიტუციური კანონის მიხედვით, პარლამენტში უნდა იყოს პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეული 75 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 75 წევრი; საარჩევნო ბარიერი 5%-ით განისაზღვრა.

2008 წლის 10 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონი შეეხო იმპიჩმენტის საფუძველს, პრეზიდენტის უფლებას თანამდებობიდან გადააყენოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა დაიუსტიციის მინისტრები; პროკურატურის ორგანოები შევიდა იუსტიციის სამინისტროს სისტემაში.

2009 წლის 24 სექტემბრის კონსტიტუციური კანონით განისაზღვრა საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი — თბილისსა და ქუთაისში (ქუთაისში უნდა გაიმართოს პლენარული სხდომები).
2010 წლის 15 ოქტომბრის საკონსტიტუციო რეფორმა

არსებითი ცვლილებები შევიდა კონსტიტუციაში 2010 წლის 15 ოქტომბრის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

2009 წლის 8 ივნისის საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომელიც ითვალიწინებდა საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისის შექნას. ამ განკარგულების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ავთანდილ დემეტრაშვილი. კომისიის შემადგენლობაში მოწვეულ იქნენ აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები:
ლევან ალექსიძე აკადემიკოსი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის სრული პროფესორი
გიორგი კახიანი თსუ-ის ასისტენტ-პროფესორი
გიორგი კვერენჩხილაძე იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი
მალხაზ მაცაბერიძე პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის სრული პროფესორი
კახი ყურაშვილი იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი
ნანა ჭიღლაძე იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ის სრული პროფესორი
ზურაბ ჯიბღაშვილი თსუ-ის დოქტორანტი
მზია ლეკვეიშვილი იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ის სრული პროფესორი
ზურაბ დავითაშვილი პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის სრული პროფესორი
მარინა გარიშვილი იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი
ვასილ გონაშვილი იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
დავით აფრასიძე ფილოსოფიის დოქტორი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი
გია ნოდია ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი
გია გეწაძე იურისტი
ზაზა ბიბილაშვილი იურისტი
ზაზა რუხაძე იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი
იაკობ ფუტკარაძე იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი
ქეთევან ქოქრაშვილი იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
სოსო ცინცაძე ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს დიპლომატიური აკადემიის რექტორი
თორნიკე გორდაძე პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი


საკითხთა უკეთ მოსამზადებლად შეიქმნა სპეციალიზირებული სამუშაო ჯგუფები:ჯგუფი ხელმძღვანელი
საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციური კანონმდებლობის ანალიზის ვასილ გონაშვილი
საკანონმდებლო ხელისუფლების საკითხთა ნანა ჭიღლაძე
აღმასრულებელი ხელისუფლების საკითხთა გიორგი კვერენჩხილაძე
ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა კახი ყურაშვილი
პოლიტიკის ანალიზისა და პროგნოზირების საკითხთა სოსო ცინცაძე
პრეზიდენტის ინსტიტუტის საკითხთა ზაზა რუხაძე
სასამართლო ხელისუფლებისა და ძირითადი უფლებების იაკობ ფუტკარაძე
საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვისა და საქართველოს კონსტიტუციური მემკვიდრეობის საკითხთა მალხაზ მაცაბერიძე
კონსტიტუციის საერთაშორისო-სამართლებრივ საკითხთა ლევან ალექსიძე

ცვლილებები

ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის თითქმის ყველა ნაწილს, მათ შორის, პრეამბულასაც. პრეამბულის თხრობის სტილი შეიცვალა მესამე პირში, კონსტიტუცია ემყარება არა 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს, არამედ მის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას.

ცვლილებები შევიდა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, ხელისუფლების ორგანოთა ნორმებში. კონსტიტუციას ჩაემატა მეშვიდე1 თავი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საკითხებს არეგულირებს.

2010 წლის 15 ოქტომბრის რეფორმით გათვალისწინებულ იქნა ისეთი ცვლილებები, რომლებიც ძალაში შევა 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. ამ ცვლილებებით იცვლება სახელმწიფო მმართველობის ფორმა — საქართველო ხდება ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა. შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. იგი აღარ არის მთავრობის მეთაური და მთავრობის ფორმირებაში ფორმალურად იღებს მონაწილეობას. გაეზარდა უფლებამოსილებები პრემიერ-მინისტრს. იგი გახდა მთავრობის მეთაური. შემოღებულ იქნა კონტრასიგნაციის ინსტიტუტი — პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს კონსტიტუციის 731 მუხლში გათვალისწინებული პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები. სრულიად შეიცვალა მთავრობის ფორმირების წესი — მას აყალიბებს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტი. მთავრობის უფლებამოსილება მოხსნილად ითვლება ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე. პრეზიდენტი მხოლოდ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე მქონე საარჩევნო სუბიექტის მიერ მისთვის წარდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს, ხოლო მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებიდან ორი დღის ვადაში ნიშნავს პრემიერ-მინისტრს. თუ ორი დღის ვადაში იგი არ გამოსცემს სამართლებრივ აქტს პრემიერ-მინისტრის დანიშვნის თაობაზე, პრემიერ-მინისტრი მაინც დანიშნულად ითვლება.
კრიტიკა

2010 წლის 15 ოქტომბრის საკონსტიტუციო რეფორმამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მისი ერთი ნაწილი თვლის, რომ ამ რეფორმას დადებითი შედეგი მოყვა, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამას არანაირი ცვლილება არ მოყოლია, არამედ, პირიქით, გაუარესდა მდგომარეობა. დადებით მხარედ ყველა ასახელებს იმას, რომ შეიზღუდა პრეზიდენტის ძალაუფლება და მისი უფლებამოსილებები გადანაწილდა ხელისუფლების სხვა შტოებზე, განსაკუთრებით კი, პრემიერ-მინისტრზე — მას საგრძნობლად გაეზარდა უფლებამოსილებები. მაგრამ სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი საზოგადოებაში გამოწვეული დავისა. კონსტიტუციური რეფორმის მოწინააღმდეგეთა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის აზრით, განხორციელებული კონსტიტუციური რეფორმა ემსახურებოდა არა მდგომარეობის გაუმჯობესებას, არამედმიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენას.
შინაარსი

პირვანდელი რედაქციით, საქართველოს კონსტიტუცია შედგებოდა პრეამბულისგან, ძირითადი ნაწილისა და გარდამავალი დებულებებისგან, სულ, 9 თავი და 109 მუხლი. ამჟამად, კონსტიტუცია შედგება პრეამბულისგან, ძირითადი ნაწილისა და გარდამავალი დებულებებისგან, სულ, 11 თავი და 121 მუხლი. კონსტიტუციას ჩაემატა მეოთხე1 და მეშვიდე1 თავები, 341, 481, 511, 811, 812, 813, 861, 1011, 1012, 1013, 1041, 1043 მუხლები, ამოღებულ იქნა 761 და 91-ე მუხლები.
პრეამბულა „საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა, ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას."


პრეამბულაში გამოთქმულია საქართველოს მოქალაქეთა ნება, რომ დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველყონ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განამტკიცონ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა. პრეამბულას იურიდიული ძალა არ გააჩნია.
ძირითადი ნაწილი

ძირითადი ნაწილი მოიცავს 10 თავს, რომელთაგან პირველი ეხება ზოგად დებულებებს, მეორე — საქართველოს მოქალაქეობასა და ადამიანთა უფლებებს, მესამე — საქართვეთველოს პარლამენტს, მეოთხე — საქართველოს პრეზიდენტს, მეოთხე1 — საქართველოს მთავრობას, მეხუთე — სასამართლო ხელისუფლებას, მეექვსე — სახელმწიფო ფინანსებსა და კონტროლს, მეშვიდე — სახელმწიფო თავდაცვას, მეშვიდე1 — ადგილობრივ თვითმმართველობას, მერვე — კონსტიტუციის გადასინჯვას.
ზოგადი დებულებები

კონსტიტუციის პირველ თავში ჩამოყალიბებულია კონსტიტუციური წყობილების საფუძვლები. პირველი თავი აცხადებს, რომ საქართველოს არის დემოკრატიულირესპუბლიკა; ქვეყნის ტერიტორია განსაზღვრულია 1992 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით; სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი; სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით; საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, აგრეთვე, აფხაზური. ხაზგასმულია სქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლი და აქვე აღიარებულია რწმენის სრული თავისუფლება. საქართველოს დედაქალაქად გამოცხადებულია თბილისი.
საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი

მეორე თავში განმტკიცებულია ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლებები და მათი განხორციელების გარანტიები. მეორე თავი აცხადებს, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა; სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და სიკვდილით დასჯა აკრძალულია; ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება; ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია; ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია; ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.; საკუთრების უფლება აღიარებული და ხელშეუვალია ადამიანის პირადი ცხოვრება დაცულია; საკუთრების უფლება აღიარებული და ხელშეუვალია; ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია; მასმედია თავისუფალია და ცენზურა დაუშვებელია; შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას; ყველას აქვს საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების შექმნისა და მათში გაერთიანების უფლება; უზრუნველყოფილია ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლინება, სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლება, შრომის თავისუფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია , სასამართლოსადმი მიმართვის უფლება.

მეორე თავი აგრეთვე ადგენს, რომ კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანის იმ უფლებებს, რომლებიც ტექსტში პირდაპირ არაა მოხსენიებული, მაგრამ გამომდინარეობენ მისი პრინციპებიდან. განსაზღვრულია ძირითადი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობები საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. მეორე თავის თანახმად, შექმნილია საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას.
საქართველოს პარლამენტი

მესამე თავი არეგულირებს საქართველოს პარლამენტის ჩამოყალიბების წესს, მის უფლებამოსილებებსა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესს, დეპუტატთა სამართლებრივ სტატუსსა და გარანტიებს, დეპუტატის იმუნიტეტს, ინდემნიტეტს. საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, აკონტროლებს მთავრობისსაქმიანობას და სხვ..
საქართველოს პრეზიდენტი

მეოთხე თავში მოცემულია საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, უფლებამოსილებები, მისი არჩევის, უფლებამონაცვლეობისა და იმპიჩმენტის წესი. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, იგი წარმართავს და ახორციელებს სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, უზრუნველყოფს ქვეყნის ერთიანობას და მთლიანობას, სახელმწიფო ორგანოთა საქმიანობას კონსტიტუციის შესაბამისად. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უმაღლესი წარმომადგენელია საგარეო ურთიერთობებში.
საქართველოს მთავრობა

მეოთხე1 თავი არეგულებს საკითხებს საქართველოს მთავრობის შესახებ. მთავრობა უზრუნველყოფს აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას. მთავრობა პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე. ამ თავში მოცემულია მთავრობის ფორმირების წესი, მისი შემადგენლობა, უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობის წესი.
სასამართლო ხელისუფლება

მეხუთე თავში მოცემულია საკითხები საქართველოს სასამართლო ხელისუფლების შესახებ. საკონსტიტუციო კონტროლის ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო. მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები. ამ თავში ასევე მოცემულია საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს ფორმირების წესი, მათი უფლებამოსილებები, შემადგენლობა, მოსამართლეთა სამართლებრივი სტატუსი და გარანტიები. დაუშვებელია საგანგებო და სპეციალური სასამართლოების შექმნა.
სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი

მეექვსე თავში მოცემულია სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების წესი; დადგენილია მოქალაქეთა ვალდებულება, გადაიხადონ გადასახადები და მოსაკრებლები;საქართველოს ეროვნული ბანკის სტატუსი, ეროვნული ბანკის საბჭოს ფორმირების წესი, შემადგენლობა და უფლებამოსილებები; საქართველოს კონტროლის პალატისსაქმიანობა, სტატუსი და უფლებამოსილებები.
სახელმწიფო თავდაცვა

მეშვიდე თავი აცხადებს, რომ თავდაცვითი ომი საქართველოს სუვერენული უფლებაა; ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად საქართველოს ჰყავს სამხედრო ძალები; საქართველოს დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის მოვალეობაა, სამხედრო ვალდებულების მოხდა საამისო უნარის მქონე ყველა მოქალაქის ვალია; ამ თავში მოცემულია ნორმები ეროვნული უშიშროების საბჭოსა და სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ.
ადგილობრივი თვითმმართველობა

მეშვიდე1 თავი აწესრიგებს ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს, მის უფლებამოსილებებს, სტატუსს, თვითმმართველი ერთეულის დამოუკიდებლობის გარანტიებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს — საკრებულოს არჩევის წესს.
კონსტიტუციის გადასინჯვა

მერვე თავი ითვალისწინებს კონსტიტუციის გადასინჯვის ორ სახეს, ზოგადსა და ნაწილობრივს. ზოგადი გადასინჯვა გულისხმობს ახალი კონსტიტუციის მიღებას, ხოლო ნაწილობრივი — არსებულ ტექსტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას. კონსტიტუციის კანონპროექტის შეტანის უფლება აქვთ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს და არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი წარედგინება საქართველოს პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იწყება მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ორი მესამედი. კონსტიტუციის 68-ე მუხლით გათვალისწინებული წესით კონსტიტუციის გადასინჯვის კანონს ხელს აწერს და აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტი.
გარდამავალი დებულებები

მეცხრე თავში რეგლამენტირებულია კონსტიტუციის ძალაში შესვლის პირობები და წესები, მისი ამოქმედების შედეგები კანონმდებლობისათვის, სახელმწიფო ვალდებულება კონსტიტუციის ძალაში შესვლამდე ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეგისტრაციის, კონსტიტუციასთან და კანონებთან შესაბამისობის მოყვანის შესახებ; საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის მიღების ვადა.
კატეგორია: საქართველო | ნანახია: 1132 | დაამატა: balu | ტეგები: საქართველოს კონსტიტუცია | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.