6:20 PM სენეგალის თუთიყუში | |
სენეგალის თუთიყუშის სიგრძე 22-25 სმ-ია. იწონის დაახლოვებით 125-170 გრამს. შეფერილობა ძირითადად მწვანე აქვს. სხეულის ზედა ნაწილი, ფრთები და კუდი მუქი მწვანე აქვს, ხოლო მუცლის ქვედა ნაწილი ნარინჯისფერ-ყვითელი. მკერდზე აქვს მწვანე ფერის ნახატი. "შარვალი” მწვანე აქვს, ხოლო ფეხები ვარდისფერი. თავი მუქი ნაცრისფერი, მასიური ნისკარტი კი შავი ფერის. თვალი ყვითელი აქვს, ახალგაზრდა ფრინველებს კი ნაცრისფერი. თვალებით შეიძლება მივხვდეთ, თუ როგორ ხასიათზეა თუთიყუში. როცა სენეგალის თუთიყუში აღელვებულია მისი თვალის გუგები იწყებენ სწრაფად გადიდებასა და შემცირებას. მდედრის აღნაგობა უფრო სიმეტრიულია, მას შედარებით პატარა თავი და ნისკარტი აქვს.ბუდობენ ხის ფუღუროებში. მამრი ცეკვით იზიდავს მდედრს. ბუდეში საშუალოდ 3-დან 5 კვერცხამდეა. მდედრი კვერცხებზე 22-24 დღის განმავლობაში აზის, ხოლო მამრს მოაქვს მისთვის საკვები და იცავს ბუდეს. ბარტყები ბუდიდან გამოდიან 11 კვირის ასაკში. მათ ნაცრისფერი შეფერილობის თავი და ლოყები აქვთ. თვალი როგორც უკვე ზემოთ ითქვა ნაცრისფერი, ყვითელი ფერის მხოლოდ 12-14 თვის ასაკში უხდებათ. ბინადრობს აფრიკის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, გვინეიდან კამერუნამდე. ძირითადად გვხვდებიან ტყეებსა და სავანებში, ზღვის დონიდან დაახლოვებით 1000 მეტრის სიმაღლეზე. იკვებება მარცვლეული კულტურებით. ფერმერები სენეგალის თუთიყუშებს მავნებლებად მიიჩნევენ. სენეგალის თუთიყუშები ძალიან გონიერები და მოძრავები არიან. მალე ეჩვევიან ადამიანს. შეუძლიათ რამოდენიმე ათეული სიტყვისა და ფრაზის შესწავლა. იოლად სწავლობენ სხვადასხვა სახის ტრიუკებს. ბუნებით ისინი ძალიან დამოუკიდებლები არიან. ბუნებაში საშუალოდ 25-30 წელს ცოცხლობენ, ხოლო გალიაში 50 წლამდე. სენეგალის თუთიყუშის 3 ქვესახეობა არსებობს: ნომინალური ქვესახეობა ბინადრობს მავრიტანიაში, სენეგალში, გამბიასა და გვინეაში. რაიხენოვის სენეგალის თუთიყუში. რაიხენოვის სენეგალის სხეულის მწვანე შეფერილობა, ნაკლებად მკვეთრია, ნომინალურ ქვესახეობასთან შედარებით. მუცელი ნარინჯისფერი აქვს. ბინადრობს აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიაში, კამერუნსა და სამხრეთ-დასავლეთ ჩადში. ფინჩის სენეგალის თუთიყუშის მწვანე შეფერილობა ნომინალური ქვესახეობის მწვანე შეფერილობაზე მუქია. მუცელი ნარინჯისფერ-წითელი აქვს. ბინადრობს განის აღმოსავლეთით და ნიგერიის დასავლეთით. | |
|