9:30 PM შინაური ძაღლი | |
შინაური ძაღლი რუხი მგლის ქვესახეობა, ძაღლისებრთა ოჯახის წევრი მტაცებელთა რიგის მოშინაურებული ძუძუმწოვარი ცხოველი. კატებთან ერთად წარმოადგენს კაცობრიობის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარული „თანამგზავრ" ცხოველს. ითვლება, რომ ძაღლი არის ყველაზე ადრეულად მოშინაურებული ცხოველი. ამჟამინდელი სახით იგი მოთვინიერებულია 15 000 წლის წინ. თუმცა, ნაპოვნია ნამარხი ნარჩენები ციმბირსა და ბელგიაში, რომლებიც დათარიღებულია ძველი წელთაღიცხვით 31 000 წლით. ვერცერთი მათგანი ვერ გადაურჩა უკანასკნელ გამყინვარების მაქსიმუმს. mDNA გვთავაზობს ძაღლების გამოყოფის ზღვრად მგლებისგან 100 000 წელს, თუმცაღა შინაური ძაღლის არსებობა 33 000 წლის წინ არ არის მორფოლოგიურად დადასტურებული. ძაღლი ადვილად მოსათვინიერებელი და საწვრთნელი ცხოველია, მისი გამოყენება ხდება სხვადასხვა მიზნებისთვის: ნადირობა, მაძებარი ფუნქციები, დაცვითი ფუნქციები, საჭაპანო ფუნქციები (მცირე ტვირთებისა და მარხილებში ჩაბმა). არსებობს ასევე დეკორატიული ჯიშები. ყველაზე ცნობილი და უძველესი ფუნქცია, რაც ძაღლებს აკისრიათ, ესაა შინაური ცხოველების დაცვა (მეცხვარე ძაღლი, იგივე ნაგაზი). გამოირჩევა განსაკუთრებულად განვითარებული ყნოსვით – ზოგიერთი მონაცემით, ძაღლებს შეუძლიათ 40 ათას სხვადასხვა სურნელის გარჩევა-დამახსოვრება. მათმა მრავალფუნქციურმა გამოყენებამ განაპირობა მათი ზედმეტსახელი: „ადამიანის საუკეთესო მეგობარი". ზოგიერთ კულტურაში ძაღლები წარმოადგენენ ხორცის წყაროს. 2001 წლის მონაცემებით, 400 მილიონზე მეტი ძაღლია მსოფლიოში. მსოფლიოში გავრცელებულია ასევე სასტიკი პრაქტიკა – საბრძოლო ძაღლის ჯიშების სპეციალურად გამოყვანა, ფსონების დადება ძაღლების სასიკვდილო ორთაბრძოლებზე. | |
|