3:20 PM შუა საუკუნეების ქართული მინა | |
შუა საუკუნეების ქართული მინა და მინის ჭურჭელი მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად ან შემთხვევით გამოვლენილ ფეოდალური ხანის მინის მასალის ჭურჭელს, რომლებიც პირველიდან XVIII საუკუნემდე პერიოდს განეკუთვნება. ტერმინი მოიცავს არა მარტო საქართველოში ადგილობრივ ნაწარმს, არამედ ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან შემოტანილ მინის ჭურჭელსაც. ამ დარგში ადგილობრივი ხელოსნობის არსებობის შესახებ ქართული წერილობითი წყაროები თითქმის არაფერს იტყობინებიან. არაფერია ნათქვამი უცხოურ წყაროებშიც, თუმცა გათხრებმა და სხვა არაპირდაპირმა წყაროებმა საქართველოს ტერიტორიაზე მრავლად გამოავლინა არა მარტო მინის ჭურჭელი, არამედ მინის საწარმოებიც. არქეოლოგიური მასალა და გამოკვლევა მინის ჭურჭელი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია აღმოსავლეთსაქართველოს შემდეგ პუნქტებში: დმანისში (1936-1937 და 1960-1970 წლები),გუდარეხსა (1938-1939 წლები) და უჯარმაში (1950-1952 წლები). არქეოლოგიური მასალა მოიპოვება ასევე თბილისიდან — 1948-1949 წწ. „სამასი არაგველის ბაღთან" კერამიკული სახელოსნოს, 1956-1957 წწ. ერეკლე II-ის მოედანზე და 1966-1967, 1969,1971 წწ. დედაციხეზე არქეოლოგიური თხრითა და აგრეთვე შემთხვევით მოპოვებული მასალები; რუსთავიდან — 1949-1951 წლებში ნაქალაქარზა და სამაროვანზე, ხოლო1959-1962, 1965, 1972-1975 წლებში ნაციხვარზე ამონათხარი და შემთხვევით მოპოვებული მასალები; ბოლნისში — ლამაზ გორაზე 1959 წელს არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალები; იყალთოდან 1944 წელს გაწმენდითი სამუშაოებისას, ხოლო კახეთის ყარაღაჯიდან — 1965 წელს შემთხვევით მოპოვებული მასალები[2]. საგანგებოდ არაა შესწავლილი დმანისში აღმოჩენილი მინის ჭურჭელი. მისი პირველი გამთხრელი ლ მუსხელიშვილი დმანისის ნაქალაქარსა და მთელ არქეოლოგიურ მასალას X-XIV საუკუნეების დასაწყისით ათარიღებს; აქვე ვარაუდობს მინისწარმოებასაც და აღნიშნავს, რომ დმანისის მინის კოლექცია საინტერესოა და ღირსია სპეციალური შესწავლისა. დმანისის შემდგომმა გათხრებმა დაადასტურა ქალაქში მინის წარმოების არსებობა. ექსპედიციის ხელმძღვანელი, ვ. ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ დმანისური მინის ნაწარმი, სამკაულების გამოკლებით, ჯერ კიდევა არაა სათანადოდ შესწავლილი. ასევე საგანგებოდ არაა შესწავლილი არც XII-XIII საუკუნეების გუდარეხის სამონასტრო კომპლექსისა და უჯარმის ციხე-ქალაქის მინის ჭურჭელი. მათი აღმოჩენის ფაქტები შესაბამის ანგარიშებშია აღნიშნული. შედარებით უკეთაა გამოკვლეული რუსთავის ნაქალაქარზე აღმოჩენილი მინის ჭურჭელი. ამ თემას თავის ნაშრომებში ვრცლად ეხებიან გ. ლომთათიძე, ნ. უგრელიძე, ლ. ჭილაშვილი. მათ მიერ ნაქალაქარის მარჯვენა ნაპირის სამაროვნის მინის ჭურჭელი დათარიღებულია IV-V საუკუნეებით, ხოლო მარცენა სანაპიროს ნაქალაქარისა და სამაროვანისა ზოგადად — XI-XIII საუკუნეებით. ეს მკვლევარები აღნიშნავენ ასევე რუსთავის ნაქალაქარზე მინის ადგილობრივი წარმოების შესაძლებლობასაც.[11][12][13][14]იმავეს აღნიშნავს გ. ლომთათიძე ნაციხვარის შესახებაც და თავის ანგარიშებში მეტ–ნაკლებად ეხება მინის აქაურ ადგილობრივ ნაწარმს.[15][16] თბილისში „300 არაგველის ბაღთან" აღმოჩენილი კერამიკული სახელოსნოს 1948 წლის გათხრების შედეგად მოპოვებულ მინის ნაწარმს გ. ლომთათიძე სახელოსნოს თანადროულად მიიჩნევს — XII-XIII საუკუნეები[17]. ხოლო ნ. უგრელიძე 1948-1949 წლების მასალას XI-XIII საუკუნეებით ათარიღებს[18]. ამ მასალებიდან გამოყოფენ ორ ჯგუფს: ჭურჭელსა და სამაჯურებს. გ. ლომთათიძის დასკვნით, შეინიშნება დასპეციალება საპარფიუმერო ჭურჭლის სახით; ხოლო ნ. უგრელიძე გამოყოფს სასმისებს, ბოთლისებრ და სანელსაცხებლე-საწამლე ჭურჭელს; აღნიშნავს, რომ ეს ნაწარმი მაღალხარისხოვნად ვერ ჩაითვლება. თბილისში ერეკლე II–ის მოედანზე აღმოჩენილი მინის ნაწარმი განიხილეს ი. გძელიშვილმა და ო. ტყეშელაშვილმა[19]. ამ მასალაში ოთხი ქრონოლოგიური ჯგუფია გამოყოფილი: VII-VIII, IX-X, XI-XIII და XVII-XVIII საუკუნეები. მერი ჩხატარაშვილი თვლის, რომ აქ ხშირად ნივთის რაობა სწორად არაა გაგებული და დათარიღებაშიც უზუსტობებია[20]. ბოლნისში, ლამაზი გორის სამონასტრო კომპლექსის თხრისას მოპოვებული მინის მასალა ჯ. ამირანაშვილს ზოგადად აქვს დათარიღებული V-IX და X-XIII საუკუნეებით. ცალკეა გამოყოფილი VI-VIII საუკუნეების ფაცეტებიანი ჭურჭელი. ძალიან სუსტადაა შესწავლილი გვიანი ხანის მინის ჭურჭელი. ეს ნაწილობრივ არქეოლოგიური ხარვეზითაც აიხსნება. ამ ძირითადი არქეოლოგიური პუნქტების გარდა ქართული მინის ნაწარმი გამოვლენილია მცხეთაში, ურბნისში, სიონში, გრემში, ორბეთსა და ნატბეურში (მინის საწარმოებიდან); აგრეთვე, მცირე რაოდენობით, დასავლეთ საქართველოდან[22]. ამ ნიმუშებს ფართოდ განიხილავს მერი ჩხატარაშვილი. პუნქტები, სადაც გათხრების შედეგად აღმოჩენილია ქართული მინის ნაწარმი: 1. მიხელრიფში. 2. ბიჭვინთა. 3. ლიხნი. 4. წებელდა. 5. სოხუმი. 6. გუდავა. 7.ფიჭვნარი. 8. ბობოყვათი. 9. ურბნისი. 10. მცხეთა. 11. კარსანი. 12. ნატბეური. 13.თბილისი. 14. ორბეთი. 15. გუდარეხი. 16. ლამაზი გორა. 17 ბოლნისი. 18. დმანისი. 19. მარნეული. 20. რუსთავი. 21. ყაზბეგი. 22. ჟინვალი. 23. სიონი. 24. მატანი. 25.იყალთო. 26. გრემი. 27. ახალსოფელი. 28. უჯარმა. 29. ყარაღაჯი. 30. ძველი ანაგა. ისტორია მინა ძველ საქართველოში ძირითადად ჭურჭლის, ასევე სამკაულების დასამზადებლად გამოიყენებოდა. ქართულ მასალის მხრივ (თიხა, ლითონი, ხე, ქვა და სხვა) მრავალფეროვან ჭურჭელს შორის მინას ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უკავია. მინისაგან პირველ ხანებში, თითქმის ყველგან პატარა გამჭვირვალე და სქელკედლებიან ჭურჭელს ამზადებდნენ. შემდგომში, ახალ ტექნიკურ მიღწევებთან ერთად, იგი უფრო მასობრივი და მრავალფეროვანი გახდა. თანდათან გაიზარდა მინის ნაწარმზე მოთხოვნა და საქართველოშიც მინა დროთა განმავლობაში ფუფუნების საგნიდან ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ნივთად იქცა. ჩვ. წ. I საუკუნიდან მოყოლებული საქართველოს ტერიტორიაზე, ისევე როგორც მთელ გვიანანტიკურ სამყაროში, მინის ჭურჭელი ფართოდაა გავრცელებული. გვიანანტიკურ ხანასთან შედარებით, რომლისათვისაც მთელ სამყაროში სტანდარტული ფორმების არსებობაა დამახასიათებელი, შუა საუკუნეებში და განსაკუთრებით კი შუაფეოდალურ ხანაში, მიუხედავად ფორმათა მსგავსებისა, ზოგადად მინის ნაწარმი იჩენს ლოკალურ თავისებურებებს. არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი მასალიდან ადრეფეოდალური ხანის ნაწარმი ყველაზე უკეთ რუსთავსა და თბილისშია გამოვლენილი; ამავე ხანის დასაწყისი პერიოდის (IV–V საუკუნეები) მასალა კი — მხოლოდ რუსთავში. ყველაზე მძალავრად და კარგად, თითქმის ყველგან წარმოდგენილია შუაფეოდალური ხანა. გვიანფეოდალური ხანის მინა კი ძირითადად თბილისის დედაციხიდან და კახეთის ყარაღაჯიდანაა ცნობილი. ადრე, შუა და გვიანფეოდალური მინის ნაწარმი (ძირითადად ჭურჭელი) ერთმანეთისაგან განსხვავდება როგორც მინითა და მოყვანილობით, ისე შემკულობით. ადრეფეოდალური ნიმუშები ძირითადად გვიანანტიკური ხანის ნიმუშების მსგავსია. ადრე და შუა ფეოდალური ხანის მინის ნაწარმში ყველაზე უკეთ წარმოდგენილია სასუფრე ჭურჭელი, რომელშიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა სასმისები. ადრეფეოდალური ხანა ადრეფეოდალურ ხანაში ძირითადად გვხვდება თხელკედლიანი მომწვანო-მონაცრისფრო ან სქელკედლიანი მომწვანო მინისაგან ნაკეთები სხვადასხვაგვარად (ხალებით, ფაცეტებით, ხორკლებით, ძაფებით, ტალღურად) შემკული ღრმა ფიალისებრი სასმისები. ამ ხანის მთელ მანძილზე გვხვდება ე. წ. ფეხიანი სასმისები; ისინი, უკვე მცირე რაოდენობით არსებობას განაგრძობს IX-X საუკუნეებში და შემდეგ ქრება. ასევე IX-X საუკუნეებში ჩნდება ახალი ტიპები, შემკობის ახალი სახეები, რომელთაგან ზოგი მაშინვე კვდება, ზოგი კი შემდგომ განვითარებას განიცდის შუაფეოდალურ ხანაში. მერი ჩხატარაშვილი ადრეფეოდალურ მინის ნაწარმში დანიშნულების მიხედვით ოთხ ძირითად ჯგუფს გამოყოფს: სანელსაცხებლეები; სუფრის ჭურჭელი — სასმისები; ლამპარი; ალამბიკი. სანელსაცხებლეები ძირითადად რუსთავის IV-V საუკუნეებით დათარიღებული სამარხებიდანაა წარმოდგენილი (ნაქალაქარი, მტკვრის მარჯვენა ნაპირი), ზოგი კი შემთხვევითაა აღმოჩენილი. სანელსაცხებლეთა ჯგუფში მერი ჩხატარაშვილი გამოყოფს ორ ქვეჯგუფს — ყალიბში გამობერილსა და თავისუფლად გამობერილ სანელსაცხებლეებს. იგი ვრცლად განიხილავს ამ ქვეჯგუფებში შემავალ ცალკეულ ნიმუშებს და ათარიღებს თითოეულ მათგანს, ზოგადად კი ამ ნიმუშებს IV საუკუნიდან X საუკუნემდე პერიოდს მიაკუთვნებს. მინის ეს ნაწარმი დამზადებული უნდა იყოს ადგილობრივად, რუსთავში, თბილისსა და დმანისში; არის ასევე რამდენიმე უცხოეთიდან შემოტანილი ნიმუშიც, მათ შორის ირანიდან და ერაყიდან. ადრეფეოდალური ხანის დასასრულს კულტურული ფენებიდან მომდინარე მასალებს შორის უკვე ძირითადად საყოფაცხოვრებო დანიშნულების მინის ჭურჭელია წარმოდგენილი; მათ შორის სუფრის ჭურჭელი — სასმისები (II ჯგუფი). ამ ჯგუფში ტექნიკის მიხედვით გამოყოფილია სამი ჯგუფი — ყალიბში ჩამოსხმული, ყალიბში გამობერილი და თავისუფლად გამობერილი ჭურჭელი. ადრეფეოდალურ საქართველოში სუფრის ჭურჭელი (სასმისები) მრავალფეროვანია, მერი ჩხატარაშვილი ამ ჯგუფში ცხრა ტიპს ასახელებს. ეს მასალები ძირითადად VI-X საუკუნეებს მიეკუთვნება. შუა საუკუნეების საქართველოში, როგორც ჩანს, თიხისა და ლითონის ჭრაქებთან ერთად გავრცელებული იყო მინის ჭრაქი — ლამპარიც, რომელიც ლითონის ბუდეში იდგმებოდა. ისინი სხვადასხვა ტიპის, ზომისა და ფერისაა. მინის ლამპრებს რომაული ხანიდან იყენებდნენ.მისი ფართოდ გავრცელება დაკავშირებულია ბაზილიკების მშენებლობასთან, რაც თავის მხრივ ქრისტიანობის გავრცელებას უკავშირდება. საქართველოში მინის ლამპრები მთელი ადრეფეოდალური ხანის განმავლობაში გვხვდება. ის განსაკუთრებით მრავლადაა ბიჭვინთის ნაქალაქარზე, დამზადებულია გამობერვით. ფიქრობენ, რომ ადრებეოდალური ხანის სასმისთა უმრავლესობას ლამპრებადაც იყენებდნენ. ამ ხანაში გავრცელებული იყო ფეხიანი, ბუდეში ჩასადგმელი და ყურიანი, ჩამოსაკიდებელი ლამპრები. ხანის დასასრულს ჭარბობს ყურებიანი ლამპრები, რომლებიც არსებობას შემდეგ ხანებშიც განაგრძობს. მეოთხე ჯგუფს მიეკუთვნება სპეციალური დანიშნულების ალქიმიური ჭურჭელი —„ალამბიკი". ამგვარი ჭურჭლის ორი ნატეხია რუსთავის ნაციხვრიდან, ერთი კი —მცხეთიდან. ალამბიკები საქართველოში დღეს თითოოროლაა აღმოჩენილი, ხოლო სფერო-კონუსები, რომლის ადგილობრივ წარმოებას საქართველოშიც უშვებენ] და რომლებთანაც ალამბიკს პირდაპირი დამოკიდებულება აქვს, საქართველოში, მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, მცირეა. სადღეისოდ ცოტაა ცნობილი ასევე საქართველოშიალქიმიის განვითარების შესახებ, რისთვისაც საჭირო იყო ეს ჭურჭელი. ადრეფეოდალური ხანის მინის სანელსაცხებლე, რუსთავის ნაქალაქარი, I-IV საუკუნეები. შუაფეოდალური ხანა შუაფეოდალური ხანის უფერული, მომწვანო ან მწვანე მინის სასმისთა ფორმები უფრო მრავალგვარი, დახვეწილი და მოხდენილია. აქაც გვაქვს ფიალისებრი, თუმცა სადა, ან შედარებით მაღალი სასმისები. ძირითად ტიპს ძირ-ქუსლზე მდგარი სასმისები წარმოადგენს, ეომლწბიც შესაძლოა ადრეფეოდალური ხანისდასასრულამდე არსებული ფეხიანი სასმისების კონსტრუქციის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდეს. შემკულობის მხრივ ადრეფეოდალური ნაწარმი უფრო მრავალგვარია, შუაფეოდალურ ხანაში კი მინის ჭურჭელს ძირითადად ზედ დადნობილი ძაფებითა და ხვეული კოპებით ამკობდნენ, ხშირად ფერადით. ამგვარად შემკულ ჭურჭელს დეკორატიული იერი ჰქონდა. შემკობის ამგვარი ხერხი მახლობელ აღმოსავლეთსა და დასავლეთშიც იყო მიღებული. ამიერკავკასიაში ასე შემკული მინის ნაწარმი განსაკუთრებით მრავალია სომხეთსა დასაქართველოში, უფრო იშვიათია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე[40]. მერი ჩხატარაშვილი შუაფეოდალური ხანის მინის ნაწარმში დანიშნულების მხრივ გამოყოფს ხუთ ძირითად ჯგუფს, რომელთაგან თითოეული თავისუფალი ბერვითაა დამზადებული: სუფრის ჭურჭელი (სასმისები, სურები, ბოთლები, სამარილეები); პირის საფარეშო და სააფთიაქო ჭურჭელი; მათარა; ლამპარი; შიბაქი. შუაფეოდალური ხანის სუფრის ჭურჭელი ძალიან მრავალფეროვანია, ისინი ზოგადად XI–დან XIII საუკუნემდე პერიოდს მიეკუთვნება. ამ ჯგუფში შემავალ ტიპებს მერი ჩხატარაშვილი დეტალურად განიხილავს და ცალკეულ ნიმუშებს ათარიღებს. ამ ნიმუშებს შორის არის შემოტანილი მინის ჭურჭელიც; სხვადასხვა ზომისა და შემკულობის მსგავსი ნიმუშები გვხვდება ჩრდილოეთ კავკასიაში,დვინში, განჯაში და სხვა. თუმცა, დასტურდება საქართველოში ადგილობრივი წარმოებაც; ამას მოწმობს საქართველოსნაქალაქარებში აღმოჩენილი ძირზე სარტყლიანი სასმისების სიმრავლე და განსხვავება უცხოური ანალოგიური მასალისაგან. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ალანთა სამარხებში (ზმეისკის კატაკომბები) აღმოჩენილი ამგვარი სასმისები და მინის სხვა ჭურჭელიც საქართველოდან უნდა იყოს გატანილი. მინის სხვა ნაწარმთან ერთად შუაფეოდალურ ხანაში გვხვდება პირის საფარეშო და სააფთიაქო ჭურჭელიც (II ჯგუფი). სხვადასხვა მოყვანილობისა და ზომის ჭურჭელს ხმარობდნენ სურნელოვანი სითხეების, მალამოებისა და საღებავების შესანახად, წამლებისათვის და სხვა. ამგვარი დანიშნულებისათვის ქიმიური მდგრადობის გამო მინის ჭურჭელი ყველა სხვა ნივთიერებისაგან დამზადებულ ჭურჭელზე უკეთესი იყო. მესამე ჯგუფს ქმნის მინის დაბალი მათარები; ისინი შესქელებული პირითა და ვიწრო ყელით ხასიათდება. ტანი ოვალურადაა გაბრტყელებული და შემკულია ძალიან დამახასიათებელი ყურებით; დმანისიდანდა ბოლნისიდან ამგვარი ყურებია კედლებითურთ. ისინი სხვადასხვა ზომისაა. ორივეს მინა მომწვანო მოყვითალოა, სქელკედლიანი და ბუშტულებიანი; ზუსტად ანალოგიური ყურებიანი მათარები არის დვინში, დათარიღებულია შუაფეოდალური ხანით. ამ ხანის ლამპრები (IV ჯგუფი) ძირითადად მწვანეა, ადრეფეოდალური ლამპრებთან შედარებით ყურები უფრო დიდი და არცთუ ფაქიზი ნახელავი აქვს. ყურები ხშირად განსხვავებული ფერისაა. ასეთი ნიმუშებია თბილისიდან და დმანისიდან. მაგალითად, მომწვანო მინის ლამპრებს აქვს მუქი ყვითელი ან მუქი მწვანე ყურები. შუაფეოდალური მინის ლამპრები საქართველოში გვაქვს თბილისის სახელოსნოდან, ერეკლეს მოედნიდან, დმანისიდან,რუსთავის ნაქალაქარიდან და რუსთავის ნაციხვარიდან, ასევე ლამაზი გორიდან. ამ ხანაში გვხვდება ასევე მინისაგან დამზადებული სააკვნე მოწყობილობა — შიბაქი. იგი ნაკეთებია მწვანე, ბუშტულებიანი მინისაგან. საქართველოში აღმოჩენილი შიბაქები უცხოური ანალოგიური მასალის მიხედვით დათარიღებულია XI-XIV საუკუნეებით. შუაფეოდალური ხანის სასმისები რუსთავიდან მინის სასმისი, XIII საუკუნე, რუსთავის ნაქალაქარი გვიანფეოდალური ხანა გვიანფეოდალური მინის ნაწარმი საქართველოში სრულიად განსხვავებულია ადრე და შუაფეოდალურისაგან. იგივე შეიძლება ითქვას ამიერკავკასიის მასშტაბითაც (სომხეთი, აზერბაიჯანი). ამ პერიოდის მინის ნაწარმში დანიშნულების მიხედვით ხუთი ძირთადი ჯგუფია გამოყოფილი: სუფრის ჭურჭელი (სურა, ბოთლი) ქილა მათარა დეკორატიული ჭურჭელი ლამპარი სუფრის ჭურჭელში დამატებით რამდენიმე ტიპი გამოიყოფა. მათთვის დამახასიათებელია სადა ან სხვადასხვაგვარად შემკული მაღალი ყელი. ყველა გამობერვითაა მიღებული. გვიანფეოდალური ხანის ქილები (II ჯგუფი) აღმოჩენილია თბილისის დედაციხეზე — სულ 12 ცალი. ისინი ხასიათდებიან გადაშლილი პირით, გამოყვანილი ყელით, სწორი კედლებით, მაღალკონუსურად შედრეკილი ძირით. მერი ჩხატარაშვილი ქილებს მიაკუთვნებს ასევე თბილისის დედაციხეზე აღმოჩენილ კიდევ ორ ნატეხს, რომლებსაც სხვა ქილებისაგან განსხვავებით პირთან არათანაბარი სიგანის სარტყელი აქვს დადნობილი. დედაციხეზეა ასევე აღმოჩენილი მათარის ცხრა ძირი (III ჯგუფი). მათი მსგავსი მათარა დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში (შემახის ოლქიდან ჩამოტანილი) და ერმიტაჟში. ეს ორი უკანასკნელი ერთმანეთს უფრო ჰგავს, ვიდრე თბილისის ნიმუშებს. ცალკე ჯგუფს ქმნის ე. წ. დეკორატიული ჭურჭელი, რომელიც ფერადი მინით დამზადებულ მეტად მდიდრულად შემკულ ნაწარმს წარმოადგენს. ჭურჭელს აქვს ლურჯი, ზოგჯერ ღვინისფერ ტეხილი და ტალღოვანი ზედ დადნობილი ზაფები ან დაკენჭილი სარტყლები; ზოგჯერ — თავისივე ფერის ძაფები ან მოზრდილი თვლები. თვლებიანი კედლის პატარა სამი ნატეხი მოპოვებულიათბილისის დედაციხიდან, ერეკლეს მოედნიდან, ყარაღაჯიდან. ასეთივე ნატეხები არის ლორეში. გვიან ხანაში ამგვარი თვლებით სულ სხვადასხვაგვარ ჭურჭელს ამკობდნენ. ამიტომ, ზუსტად დადგენა იმისა, თუ რომელ ჭურჭელს ეკუთვნის საქართველოშიაღმოჩენილი ნატეხები, ჭირს. მცხეთაში, სვეტიცხოველთან, სასახლის თხრისას აღმოჩენილია ასევე ლამპრები. აქაური მასალები უმთავრესად უკავშირდება მარიამისა და როსტომ მეფის მიერ სასახლის აღდგენა–განახლებისა (XVII საუკუნის I ნახევარი) და შემდგომ ამ ადგიალს გლეხთა დარბაზული ტიპის სახლების არსებობის (XVIII საუკუნე) პერიოდს. სვეტიცხოველთან ლამპრის ნატეხები სასახლის ან ტაძრის კუთვნილი უნდა იყოს და ზოგადად XVII-XVIII საუკუნეებით თარიღდება სამი მინის სურა თბილისის დედაციხიდან, XVI-XVIII სს. წარმოება საწარმოები ადრეფეოდალურ ხანაში ადრეფეოდალური ხანის დასაწყისის, IV-V საუკუნეების ჭურჭელი რუსთავის სამარხულ ინვენტარშია კარგად წარმოდგენილი, ხოლო შემდგომ, ამ ხანის დასასრულისათვის, მცხეთისაგან განსხვავებით, აქ მინის ჭურჭელი მხოლოდ კულტურულ ფენებშია. მცხეთის IV-VIII საუკუნეების მინის ჭურჭელი ამ ქალაქის თავისებურებადაა მიჩნეული და სავარაუდოდ აქვეა წარმოებული. არაბთა ბატონობის დასრულების შემდეგ, ისევე როგორც მთელი აღმოსავლეთის ქვეყნები, საქართველოც ეკონომიკურ აღმავლობას განიცდის. ამ პერიოდში საქართველოში ვითარდება მინის წარმოებაც. ამ დროის მაღალხარისხიანი მინის საწარმოთაგან აღსანიშნავია ორბეთი. ამავე ხანაში მინის წარმოების აღმავლობას აღნიშნავენ სომხეთში, აზერბაიჯანში, ბიზანტიასა და შუა აზიაში. აღმოსავლეთ საქართველოში ადრეფეოდალური ხანის ჭურჭელი კარგადაა წარმოდგენილი. გვხვდება როგორც აღმოსავლეთისათვის საერთო ტიპები, ასევე განსხვავებულიც. თვითონ საქართველოს ნაქალაქართა კულტურული ფენებიდან მოპოვებული მასალისა და ორბეთის მინის საწარმოს ნიმუშების შედარება ცხადყოფს, რომ ისინი სხვადასხვა საწარმოებს განეკუთვნებიან. ბოლნისში, ლამაზი გორის სამონასტრო კომპლექსიდან ჩანს წარმოების ნაშთები — მინის წიდა, ნადუღი, წუნი ნაწარმი. ცნობილია, რომ ქართული მონასტრები ხელოსნობის მნიშვნელოვანი კერებიც იყო. ეს ყველაფერი მონასტერში მინის საწარმოს არსებობაზე მიუთითებს. საწარმოები შუაფეოდალურ ხანაში ქართული მინის ნაწარმი განსაკუთრებით მრავალფეროვანია შუაფეოდალურ ხანაში. მინის ადგილობრივ წარმოებას არაერთი მკვლევარი ვარაუდობდა დმანისში,თბილისსა და რუსთავში. შუაფეოდალური ნაქალაქარების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ყველა მათგანს საკუთარი მინის წარმოება ჰქონდა. მართალია უშუალოდ საწარმოები დღეისათვის აღმოჩენილი არაა, მაგრამ წარმოების ნაშთების არსებობა (ნაწარმის წუნი, განსხვავებული მინა და ტიპები). მინის საწარმოს არსებობას ვარაუდობენ ასევე უჯარმაში, თუმცა მასალის მცირერიცხოვნობის გამო ეს დღეისათვის საკამათოა. თბილისში მინის წარმოების შესახებ საინტერესო ცნობებს შეიცავს სპარსული თხზულება „სამყაროს საკვირველებანი". აქ ავტორი XII საუკუნის დასასრულისა და XIII საუკუნის დასაწყისის თბილისის ხიდის მახლობლად მოწყობილ საბაზრო ადგილზე გასაყიდ საქონელს შორის მინის ნაწარმსაც ასახელებს[87][88]. განსხვავებით რუსეთისა და შუა აზიისაგან, სადაც მინის წარმოება მხოლოდ დიდი ქალაქურ ხელოვნებად ითვლებოდა, შუა საუკუნეების საქართველოში მინის წარმოება მცირე ქალაქებშიცაა დადასტურებული, ასევე განცალკევებულ ადგილებში, მონასტრებთან. მინის წარმოებას ვარაუდობენ ივრის სიონში და ძველ ანაგაში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ინკუსტირებულ მინის სამაჯურებს აწარმოებდნენ კახეთსა და შესაძლოა, თუშეთში. მინის წარმოების აშკარა ნაშთებია ივრისპირა„ქვაბებზე". საწარმოები გვიანფეოდალურ ხანაში საქართველოში მონღლთა შემოსევების შედეგად ქვეყნის საერთო ეკონომიკურ-კულტურული დონის დაცემასთან ერთად დაეცა ხელოსნობის დარგებიც, მაშ შორის მინის წარმოებაც. განადგურდა მრავალი საწარმო, თუმცა მცირე რაოდენობით მინის წარმოება მაინც გრძელდებოდა. ამას ადასტურებს XIII საუკუნის II ნახევრისა და XIV საუკუნისდასაწყისის ნატბეურის მინის საწარმო. აღსანიშნავია ასევე ჟინვალში ე. წ. ზორგიანი კოშკის მასალები, რომლებიც ასევე XIII–XIV საუკუნეებით თარიღდება. გვიანფეოდალური ხანის ადგილობრივ წარმოებაში აღორძინება შეინიშნება XVI საუკუნიდან გვიანი ხანის, XVI-XVIII საუკუნეების მასალა საქართველოში ყველგან ერთნაირია, აღმოსავლურია, თუმცა ისინი ადგილობრივაა დამზადებული, რაც ნაწარმს ეროვნულ ელფერს ანიჭებს. სადღეისოდ გამოვლენილ წერილობით წყაროებში XVIII საუკუნის თბილისში არაა დასახელებული მინის წარმოება, თუმცა მისი არსებობა დადასტურებულიაარქეოლოგიური მონაცემების საფუძველზე. XVIII საუკუნის 10–80–იან წლებში კი თბილისში ასახელებენ მინის ქარხანასაც. არქეოლოგიურად მინის წარმოება დადასტურებულია ყარაღაჯსა და გრემშიც. საინტერესოა ვახტანგ VI-ის ქიმიის წიგნში (XVIII საუკუნე) მოცემული ერთი პარაგრაფი „ფერად–ფერადი ჭიქების გაკეთება", რომელშიც მინის მოდუღების რეცეპტებია მოცემულიგადმოცემის თანახმად XVIII საუკუნეში ქსნის ერისთავებს მინის ქარხანა ჰქონდათ სოლელ ღვარებში.დმანისიდან ხუთი კმ-ის დაშორებით ყოფილა აგრეთვე მინის ქარხანა, რომელიც XIX საუკუნის შუა ხანებში განუახლებიათ. ტექნიკა და ტექნოლოგია მინის ნაწარმის მიღება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებითაა შესაძლებელი. საქართველოში აღმოჩენილი მინის ნაწარმი ძირითადად დამზადებულია ჩამოსხმით, თავისუფალი ბერვით, ორნამენტიან ან გლუვ ყალიბში ჩაბერვით. შემკობისათვის გამოყენებულია როგორც ცხელი, ასევე ცივად დამუშავების ხერხი. ადრეფეოდალური ხანის დასაწყისის სანელსაცხებლეებს შორის გვაქვს როგორც ყალიბში, ასევე თავისუფლად გამობერილები. ერთ ბურცობებიან სანელსაცხებლეზე ორივე მხარეზე კარგად შეინიშნება ვერტიკალური ნაკერი, რაც მოწმობს იმას, რომ იგი ორი ნაწილისაგან შემდგარ ორნამენტიან ყალიბშია დამზადებული. ყალიბში ჩაბერვიტაა ე. წ. ტალღურზედაპირიანი (სხვადასხვაგვარი ფაცეტები, ვერტიკალური ან ირიბული ხაზები) ჭურჭლები. ჭურჭლის ნაწილები ზოგჯერ სხვადასხვა მეთოდითაა დამზადებული, მაგალითად ერთ–ერთი თავისუფალი ბერვით მიღებული ადრეფეოდალური ნიმუშის ფეხი ნაკეთებია მთლიანი მინის ღეროსაგან, რომელიც გარედან ხელსაწყოების დახმარებითაა დამუხლული. ასეთ ფეხს გამლღვარი მინის წვეთის დახმარებით მერე მიალღვობდნენ ხოლმე ჭურჭლის ტანზე. ე. წ. „ცივი ხერხითაა" შემკული ადრეფეოდალური ხანის სასმისთა ერთი ტიპი. ჭურჭლის ამგვარი ხერხით შემკობა ერთ–ერთი უძველესია. ჭურჭელი თავდაპირველად ისხმებოდა ყალიბში, რომელშიც საგანგებოდ დანიშნულ ადგილებს შემდეგ ხეხავდნენ და აპრიალებდნენ ჩარხის დახმარებით[108][109]. თავისუფლად გამობერილი ჭურჭლის შესამკობად შესამკობად უმეტესად ცხლად დამუშავების წესია გამოყენებული: ხელმეორედ გაცხელებულ ჭურჭელზე ხდება თავისივე ან ფერადი მინის ძაფების, სადა ან დაკეჭნილი სარტყლების, სხვადასხვაგვარი ხორკლების დალღობა. ჭურჭელს ძაფებით ამკობდნენ როგორც გვიანანტიკურ ხანაში, ისე მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში. ხორკლები გვხვდება როგორც ადრე–, ისე შუაფეოდალურ ხანაში, თუმცა განსხვავებაა მათი მიღების ტექნიკაში; მაგალითად, IV საუკუნის სანელსაცხებლეებზე ხორკლები, ერთნაირი დაბალი ბურცობები მიღებულია ყალიბში ჩაბერვით; ადრეფეოდალურ ხანაშივე ხორკლების მიღების ამგვარი წესიც არსებობდა: ცხელი ზედაპირიდან ლითონის მაშებით ამოსწევდნენ ხოლმე მინის მასას. ამგვარი ხორკლები ამ ხანის დასაწყისში სხვადასხვა სიმაღლის ეკლებს წააგავს, მის დასასრულს კი მათ ერთმანეთზე მიდებული ფრჩხილისებრი მოყვანილობა აქვთ. შუაფეოდალურ ხანაში ხორკლები ხვეულ კოპებს წარმოადგენს, რაც ცხელ ზედაპირზე მინის ძაფების ხვეულად დალღობითაა გაკეთებული. ქიმიური შემადგენლობა საქართველოში აღმოჩენილი მინის ნაწარმის გამოკვლევისას, ქიმიურ-რაოდენობრივი და ნახევრად რაოდენობრივი — სპექტრული ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ ძირითადად ყველა მათგანი წარმოადგენს ნატრიუმ-კალციუმ-სილიკატური სისტემის მინას — Na2O — CaO — SiO2. ამ ძირითადი ელემენტების გარდა ისინი მეტ-ნაკლებად შეიცავს ასევე Al2O3, MgO, K2O სა სხვა. ამასთან, ზოგჯერ გვხვდება ისეთი ნიმუშებიც, რომლებშიც Al2O3 და MgO–ს ოდენობა დაახლოებით 6–დან 12%–მდე და 4–დან 6,6%–მდე მერყეობს. ისინი, ფაქტობრივად შესაძლოა მიეკუთვნოს Na2O — CaO — MgO — Al2O3 — SiO2 სისტემის მინას. ქართული მინის ქიმიური შემადგენლობა დაწვრილებით განხილული აქვთ ს. პაპუაშვილს, ა. გეგენავასა და მ. ჩხატარაშვილს. ვაჭრობა ქართული მინით ვაჭრობა, როგორც ჩანს ადრეფეოდალურ ხანაშივე ხდებოდა. ამის დამადასტურებელია ჩრდილოეთ კავკასიაში, ალანთა სამარხებსა და სამხრეთ რუსეთისტერიტორიაზე აღმოჩენილი ადრეფეოდალური ხანის დასასრულის მინის ნაწარმი, რომელიც მიჩნეულია საქართველოდან გატანილად. შუაფეოდალურ ხანაში, XII-XIII საუკუნის სპარსულ თხზულება „სამყაროს საკვირველებანში" დაცულია ცნობები თბილისის ბაზრობაზე მინის ადგილობრივი ნაწარმით ვაჭრობის შესახებ. ამ თხზულებაში ჩამოთვლილია თბილისური საბაზრო პროდუქცია, რომელიც სხვა ქვეყნებშიც გაჰქონდათ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ვაჭრებს. ანონიმურ ავტორს თბილისში დამზადებულ საექსპორტო საგნებს შორის ერთ–ერთ საუკეთესოდ მინის ნაწარმი მიაჩნია. ამ პერიოდს მიეკუთვნება ასევე დვინში აღმოჩენილი, საქართველოდან გატანილი მინის სასმისიც. XII-XIII საუკუნეებში საქართველოში ვაჭართა ორგანიზაციების არსებობის შესახებ უტყუარ ცნობებს შეიცავს ქართული წერილობითი წყაროები. როგორც აღნიშნავენ, XI-XII საუკუნეების თბილისში ეჭვს არ უნდა იწვევდეს ასევე ხელოსნური გაერთიანებების არსებობაც. მათ შორის მერი ჩხატარაშვილი მინის ხელოსნებსა და ვაჭრებსაც გულისხმობს. ნ. ბერძენიშვილი შუაფეოდალურ ხანაში საქართველოს სახელმწიფო წლიური შემოსავლის შემადგენელ ნაწილად მინის წარმოებასაც ასახელებს. შუაფეოდალურ ხანაში მინის საწარმოების განსაკუთრებული სიმრავლის გამო, საქართველოში იმპორტირებული მინა ბევრი არ გვხვდება, თუმცა მცირე რაოდენობით მაინც მოიპოვება, მეზობელი და შორეული ქვეყნებიდან. გვიანფეოდალური ხანიდან, ისევე როგორც ყველა სფერო, ვაჭრობაც შესუსტებულია. ვაჭრობის მეორედ გამოცოცხლება იწყება XVI საუკუნიდან. XVII საუკუნისსაქართველოს ქალაქებიდან მხოლოდ თბილისი იყო უშუალოდ დაკავშირებული აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სავაჭრო გზასთან, ხოლო მისი საშუალებით მახლობელ და შუააზიის ქალაქებთან. ამ პერიოდში საქართველოში შემოტანილ ირანულ საქონელს შორის არის „შირაზული მინაც". გვხვდება ისეთი ნიმუშებიც, რომლებიც მხოლოდსაქართველოშია აღმოჩენილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ადგილობრივი ნაწარმია და მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვისაა შექმნილი. | |
|