Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 19 » სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი V
9:41 PM
სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი V
ჯოჯოხეთში დაუტევნელი
კაცი ვინმე იყო ყოვლისა ბოროტისა მოქმედი და დიდად მლოცავი. რა ბოროტისაგან მოიცალის, დაიწყის ლოცვა და ტირილი.
მოვიდა ანგელოზი და უთხრა კაცსა მას: ავნაქმართა შენთათვის სამოთხე არ მოგცა უფალმან და, რადგან ესრეთ მლოცავი ხარ, სამოთხისა კიდე, რაცა ითხოვო, მოგცესო.
მან კაცმან ესრე უთხრა:
- თუცა სამოთხე არ მომეცემის და სხვას სათხოვარს აღმისრულებს, ესრეთ დიდი შემქნას, ჩემგან მეტი ჯოჯოხეთში ვერვინ დაეტიოს!
ეს ვეღარ უყო ღმერთმან და ისრევ სამოთხე მისცა მას კაცსა.
ეგე ესეთის გრძნებისა მოქმედია, ესრეთს რასმეს გვითხრობს, მისი ქმნა არ ეგებოდეს და მეფობავე შენი მიიღოს.
გაიცინა ლეონ და თქვა არაკი:
ბერი და ყრმა
ერთი ბერი უკბილო კაცი და ერთი ცოტა ყრმა ერთად სხდეს და საჭმელსა სჭამდეს. ორთავე ტირილი იწყეს.
ჰკითხეს ბერსა: რად სტირიო?
თქვა ბერმან: მე კბილი არა მაქვს და ცოხნა არ ძალმიც. ამ ყრმამან სულ შეჭამა და მე მშიერი დავრჩიო .
ყრმას ჰკითხეს: შენ რაღას სტირიო!
მან ეგრე თქვა: მე ვირემ გამოვცოხნიდე, ეს მთლივ შენთქამს, და მე მშიერი დავრჩიო.
მათი რომელი უმართლე იყო ყველაყამ იცოდენ, მაგრამ ერთმანერთს აბრალებდენ.
- აწ მის მსგავსად ჩვენც ყველანი გვხედვენ, ვინ ავი ვართ და ვინ კარგი, და მეფეცა სცნობს ღვთითა.
უბრძანა მეფემან:
- რასათვის ძნიად გიჩნს ყოფა ჩემთანა?
მოახსენა ლეონ:
- მეფისა თანა მყოფი კაცი და ზამთარ დიდ ცეცხლთან მჯდომი სწორია. თუ ახლოს ზის, სიცხე დასწვავს და თუცა შორს წავა, ყინვა დაჰზრავს. მეფისა თანა მყოფსა კაცსა ხუთნი ძნელნი საქმენი უნდა სჭირდეს:
ერთი: რომე ორის თვალისაგან ერთი ასეთი მხედველი უნდა იყოს, რომე ასის თვალისაგან უმეტესს ხედვიდეს და მეორის თვალით ბრმისაგან უბრმესი იყოს.
მეორე: აგრევ ცალი ყური ასმინოს და ერთი დაიყრუვოს.
მესამე: გული ფუნდუკისაგან უდიდესი ჰქონდეს, რაც ყურიდამ შევიდეს, დაიგროვოს და შეინახოს.
მეოთხე: რომელიც არ ვარგიყოს, გაგონილი არა თქვას და რომელიც კარგი და ჭკუათ საფერი იყოს, იგი გამოიღოს და თქვას. მეხუთე: ასეთი ენა ჰქონდეს, თაფლი და სამსალა ორივ სდიოდეს.
თქვა ლეონ არაკი:
უტკბესი და უმწარესი
ერთმან მეფემან უბრძანა თვისსა ვაზირსა: წადი, ასეთი საჭმელი მომიტანეო, რომე ხმელზე მის უტკბესი არა იყოსო და არცა ზღვათა შინა იპოვებოდესო!
წავიდა ვაზირი, ენა უყიდა, მოუტანა, შეწვა, აჭამა და მოეწონა. უბრძანა კიდევ: წადი, ასეთი რამ მომიტანე, ქვეყანაზე მისი უმწარესი არ იპოვებოდესო!
წავიდა, კიდევ ენა უყიდა და მოუტანა.
უბრძანა მეფემან: მწარე ვითხოვე, ენა მომიტანე და ტკბილი ვითხოვე და ენა მომიტანეო!
მოახსენა ვაზირმან: თავმან შენმან, არცარა ენის უტკბოსი იქნების და არცარა ენის უმწარესი პირსა ყოვლისა ქვეყნისასაო.
- აწ მეფეო, ხელმწიფეთა წინა მდგომი კაცი სანთელია: თავსა თვისსა დასწვავს და სხვათ გაუნათლებს; მეფისა საყვარელსა კაცსა სხვანი სძულობენ და ხრიკითა მასცა შეაძულებენ.
თქვა ლეონ არაკი:
დუკა და აზნაური
კაცი ვინმე იყო აზნაური ქვეყანასა ბეჩისასა. ჰყვა ვაჟიშვილი ერთი, შემკული ყოვლითა სიკეთითა და დიდად შვენიერი იყო. უთხრა მამასა თვისსა:
- მნებავს მსახურ-ყოფა დუკასი, წარმიყვანე და შემავედრე!
უთხრა მამამან:
- ორსა მცნებასა გასწავლი, მეფუცე დაიმარხო და ნებასა აღგისრულებ!
ჰფიცა ძემან მისმან:
- ყოველი მცნება შენი ვყო.
ამცნო:
- პატრონისა შენისა სახლსა შინა ნუ ისიძავ და მეორე, თუცა რეკა გესმას, ტაძრად მივედ, დიდიცა საშური საქმე გედვას, ვირე ლოცვისა დასრულებადმდე ნუ წახვალ!
და იმცნო ესე. წარიყვანა და მიართვა დუკასა, პატრონსა ბეჩისასა. ესრე კეთილ-მსახურ ექმნა და შეაყვარა თავი, ძეთა თვისთა იგი ერჩივა და ყოველი საქმე მისი ხელთა მისთა მისცა. შეგზავნა შინა საქმესა რასმე ზედა. თვალაგნა ცოლმან მისმან და ევედრა მასთანა დაწოლას. მან არა ჰყო პატრონისა ორგულება და მამის მცნების გატეხა.
სხვა იყო შვილი აზნაურთა იგიცა, ორნივე ამხანაგად მსახურებდენ. იგი მეორე შეიხვია და მას ყრმასა ერისხებოდა. მეორედ შევიდა საქმესა რასამე ზედა, ნახა ორნივე იგინი ერთად. გამოვიდა და არა თქვა რა.
შევიდა დუკა ცოლთანა. დიდად გარისხებული დახვდა. უთხრა:
- თუცა კაცი იყო, მონა შენი მე არა ხელსა მყოფდა.
შეასმინა ყრმა იგი, რომელმან ნება მისი არა ჰყო. გამოვიდა დუკა გარისხებული. დილასა უბრძანა მეხრმლესა:
- დღეს პირველად რომელი გამოვგზავნო შენთანა და გითხრას: რა ჰქენი ბრძანებულიო? მას თავი მოკვეთე და მეორედ რომელი მოვიდეს, მას მიეც თავი მისი და გამომიგზავნე!
უბრძანა ყრმასა მას უბრალოსა:
- წადი, კაცსა მას უთხარ რა უყო ბრძანებული?
წავიდა ყრმა იგი და მიმავალსა ესმა რეკა, მოაგონდა მცნება მამისა, მიექცა, ლოცვის დასრულებადმდე დაეყოვნა. მერმე გაგზავნა ყრმა იგი შემცოდე. მივიდა პირველად იგი, უთხრა კაცსა მას: რა უყავ ბრძანებულიო? შეიპყრა და თავი მოჰკვეთა და დადვა მუნ. დასრულებასა ლოცვისასა წარვიდა ესეცა. მივიდა კაცსა მასთანა. მოსცა მან კაცმან თავი იგი და მოართვა დუკასა.
რა ნახა დუკამ, დიდად გაკვირდა და უთხრა: აქამომდე სად დაიყოვნეო?
მოახსენა მან ყრმამან მამას ვით ემცნო და ანუ ვით ფიცი მიეცა და ტაძრად დაყოვნება. მერმედ აფიცა დუკამან და ყოველივე ნახული ათქმევინა. რა უბრალობა შეიტყო, სწორ თავისა ჰყო.
- მეფეო, პატრონსა თუცა მონა უყვარს, ადრე არ უნდა შეიბეზღოს. მეფისა კართა მდგომნი კაცნი მრავალს ოცნებას იქმონენ და ხერხსა და ხრიკსა ცდილობენ, რათა შეაძაგონ იგი.
უბრძანა მეფემან:
- რა გინდ ბევრი იუბნა, ღმერთს თავი შენი ჩემთვის მოუცია. აჰა ნიშანი შენი, რომელი შენვე მომეც ძილსა შინა!
ნახა სახე თვისი, თაყვანი სცა მეფესა და დამორჩილდა, წამოყვა, წამოვიდნენ. მოვიდენ ქალაქსა მეფისასა, დაიდვეს ნადიმი, განისვენეს.
ოდეს გათენდა და შავთა უფსკრულთა ფარდაგი ცეცხლისა ალისა მსგავსისა მზის შუქითა დაიხივა, მისნი ელვარე მოციქულნი ხმელეთსა გამოუგზავნნა, წავიდა მეფესთან ლეონ.
მეფემან მოიყვანა ძე თვისი საყვარელი ჯუმბერ, მოსცა ხელთა და უთხრა: ეგე ორნივე ღვთისათვის და ეგ შენდა შემოგივედრებიაო!
მოახსენა ლეონ:
- დღეს ვნახე ნიშანი წახდენისა ჩემისა. მე მონა ვარ შენი და დაგემონო. ძისა შენისა გაწვრთნა არ ძალმიც. მე ვითაც ველოდი მტერთაგან ჩემსა წახდენასა და შესმენასა წინაშე მეფობისა თქვენისა, აწ ამით უდიდე შემცოდე ვიპოვები.
თქვა ლეონ არაკი:
მეფე და მხატვარი
მეფე ლავდიკიისა იყო ბრმა ცალის თვალითა. ჰყვა მხატვარი ხელოვანი და მიზეზსა ეძებდა მის მხატვრისასა. უბრძანა:
- მინდა მსგავსი ჩემი სახე დამიხატო!
თქვა გულსა შინა მხატვარმან: აჰა, მოვიდა დღე აღსასრულისა ჩემისაო, თუ ბრმა დავხატო, მომკლავს. ვით მკადრეო, და თუცა ორთვალი, მომკლავს: ოდეს არს მსგავსი ჩემიო?
მოიპოვა ესე ღონე: დახატა ირემი და მეფესა ხელთ თოფი მისცა, ბრმა თვალი დაუხუჭა და მიართვა მეფესა. ამ საქმეს მიზეზი ვერა ჰპოვა, და მორჩა მხატვარი იგი.
- აწ ვხედავ, მიზეზი ჩემი ეს არის, აწვე მომკლა, ვინ გიშლის, ანუ ვინ დაგგმობს?
უბრძანა მეფემან: არა ნდომითა ჩემითა არის, ბედისაგან მოცემული ხარო.
მოახსენა ლეონ: ხელითწერილი მომეც ფიცისა, ვირემ ჩემი სიტყვა არ მოისმინო, სხვათა ენით არ მომაკვდინო, და ეგრე ვიქმო.
მისცა მეფემან ხელითწერილი ფიცისა. წაიღო ლეონ საფიცარი იგი, მოჭედა ოქროთა და დაირჭო თავსა ზედა. აღაშენა სახლი სამეფო და ჯდა მუნ. დაუწყო ჯუმბერს წვრთნა და ასწავლიდა დღივ და ღამ. და მეფის წინაშე აღარ მიიყვანის ხშირად.
ნადიმად დაჯდა ლეონ. სამი დღე და ღამე წართვით სვა. ჯუმბერ მწდედ დაიყენა, არც დასვა და არც არა აჭამა. ფეხზე დგომითა და შიმშილითა ესრეთ უღონო იქმნა, ქვე დაეცა და შეწუხდა. მერმე უბრძანა დაჯდომა და ჭამა პურისა. რუქა დიდად მტერი იყო ლეონისა. მან სცნა ესე.
კატეგორია: იგავები | ნანახია: 1174 | დაამატა: balu | ტეგები: გვერდი V, სიბრძნე სიცრუისა, სულხან-საბა ორბელიანი - | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.