9:43 PM სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი VI | |
ორი მოლა ორი მოლა იყო ერთსა ქალაქსა შიგან. ესრეთ მტერნი იყვნენ, ერთად ვერ მოთავსდიან, არცარა ერთად სვიან და სჭამიან. ამას ცდილობდენ, ერთი მეორესა წაეხდინა. დღესა ერთსა ერთი მოლა ნახეს სხვისა დიაცისა თანამწოლი. კაცთა მათ იგი მოლა და დიაცი ორნივ შეიპყრეს და ერთს ორმოსა შიგან ჩაყარეს. ენებათ მეორეს დღეს მოასხან ყადი და მოწამენი და ორნივე დახოცონ. სცნა მეორემან მოლამან, მტერმან მის მოლისამან. ირბინა, მის მოლის სახლში მივიდა, მისი ცოლი მოიყვანა, მას მოლას ღამე ჩაუსვა ორმოსა შიგან და ეგრე უთხრა: მაგ დიაცის სამოსელი მაგას შემოსეო და მაგისი მაგასო, და ეგ ამოუშვიო! ეგრე ჰყო ყოველივე, რომელი მტერმან უთხრა. განთიად მოვიდა ყადი და მოწამენი და იგი მტერი მოლაცა მივიდეს. ამოიყვანეს იგი მოლაცა და დიაციცა, ნახეს. მან მტერმან მოლამან თქვა: მე ხომ ყოველნი მიცნობთ, მაგისი მტერი ვარ, მაგრამ რას ემართლებით უბრალოს, თავისი ცოლი ყოფილაო?! გაუშვეს. მერმე მან მოლამ ასე უთხრა: შენც იცი, როგორი მტერი ვარ შენი, მაგრამ ეს ამისთვის გიყავ, მეც ავის მქმნელი არ ვეგონო ვისმე, რომე ჩემის სახის მსგავსება გაქვს, მისთვის მოგარჩინე, შენც მოლა ხარ და მეცაო! - ძმაო, რუქავ, შენ რად იტყვი, თუ ამის კაცის სახე არა გაქვს, პატრონისა შენისა უმჯობესსა და საწყენსა რად არ არჩევ? უთხრა რუქამ: - ვეზირო, პატრონისა ჩემისა უმჯობესი ვით არ მინდა, მაგრამ კაცი ეგე მას ჰგავს. თქვა რუქამ არაკი: მოძღვარი მელი ერთი მელი დაცანცარებდა. ძველთაგან თურე ნასოფლარი ყოფილიყო. სამღებროს ქვევრი, ლილით სავსე, პირღია დარჩომილიყო. სლვასა იქი-აქა შიგ თურე ჩავარდა, ამობორტყდა, ამოვიდა. მელი შავად შეღებული შეიქმნა. დაიწყო სიარული. ერთი მამალი შემოეყარა. ჰკითხა მელსა: რა დაგმართებიაო? მელმან უთხრა: ჩემნი დღენი ცოდვის ქმნით დავაღამე, ახლა ჭკუა მოვიხმარე, ეს სოფელი გავუშვი, ბერად შევდეგ, იერუსალიმს მინდა წავიდეო. მამალმან უთხრა: რადგან ცოდვისაგან ხელი აგიღია და ქველის საქმეს იმრავლებ, მეც წამიტანე, მადლი მოგხვდებაო! მელმან წაიტანა და წავიდნენ. შემოეყარა ძერა. უთხრა მამალსა: რას მოუცთუნებიხარ, ვის მისდევო? მან უთხრა: მელი ბერად შემდგარა, იერუსალიმს მივა და მივსდევო. მოეწონა ძერასა და იგიც გაჰყვა. შემოეყარა ოფოფი, იგიც გაჰყვა. შეიყარნენ ოთხნი ამხანაგნი. მელი სოროსაკენ გაუძღვა, თავისი ხერხიანი ენა ტკბილად აუბნა და ეგრე უთხრა: შვილებო, იერუსალიმს უმოძღვრო კაცს არ მიესვლება. ცოდვის აღსარება უნდა გამანდოთ და მონანული წავიდეთო. იგინი დამორჩილდენ. სოროში შეასხა, სამოძღვრო სახლიაო და თვით კარისაკენ დაუჯდა. უთხრა: ოროლის ცოდვის შენდობა შემიძლიაო და მესამისა კი ვეღარაო. მათ მადლი მოახსენეს: თუცა ორს ცოდვას შეგვინდობ, მესამის შენდობას ვინღა ითხოვსო? მათ თავნი უბრალონი ეგონათ და მელი მიზეზს ეძებდა. უბრძანა პირველსა მოწაფეს მამალსა: ღმერთმან ქათმის ყივილი გათენებისას ბრძანაო და შენ ვახშამთ უკან რად წაიცდენ ხოლმეო? მისი შენდობა მოითხოვა და აღარ-ქმნის აღთქმა დადვა. მანც შეუნდო. მერმე ეს უბრძანა: ყოველს კაცს თითო ცოლი ჰყავს და შენ ათს არ დასჯერდები. ვისაც იბრიყვებ შენს ამხანაგს, მასცა წაჰგვრიო. მისიც აღთქმა დადვა და მან შეუნდო. მესამე უთხრა: მხედარი არა ხარ და მშვილდოსანი, დეზები რად გაკრავს, შენ ხომ მის ჟამში ცხენს არ მჯდარხარო? მამალი მესამეს ცოდვაზედ რაღას იტყოდა? მოსწყვიტა თავი და წინ დაიდვა. უბრძანა ძერას: ის რომ ავი მგალობელი ხარ, არც სტვინვა გივარგა და არც ძახილი, მუდამ რად ყივიო? ძერამ აღთქმა დადვა, და მან შეუნდო. მეორე უთხრა: ღმერთმან შენ საზრდოდ ხვლიკი და თაგვი მოგცაო. ერთს ქვრივს სარჩოდ ერთი ქათამი ეგულების, დასვამს, ამაგსა იქმს და შენ მიხვალ და წიწილს რისთვის მოსტაცებო? ესეც შეუნდო. მესამე უთხრა: ექვს თვეს მამლობ და ექვს თვეს დედლობ, გიდი ამიტომ დაგირქვამსო? მოსწყვიტა თავი და დაიდვა წინა. სანამდისინ მელი ამ ორისაგან მოიცლიდა, მანამდინ ოფოფმან ასეთი ხერხები არჩივა, მელს ოსტატობით გარდაამეტა. ჰკითხა მელმან ოფოფსა: სამეფო თომარ-ჯიღა ვინ მოგცაო? ოფოფმან უთხრა: სოლომონ ბრძენმან თავისის ხელით დამხურაო. მელმან უთხრა: მოწამე ვინა გყავსო? ოფოფმან უთხრა: ერთი მსუქანი ბატი და ერთი მსუქანი იხვიო. მელს სიხარბით და მსუნაგობით ჭკუა და მცნება დაეფანტა; ასე თქვა გულში: ეს ოფოფი ერთს ლუკმად არ მეყოფის და ერთი ბატი და იხვი ერთს კვირასაც მეყოფაო. ბევრის ნდომა კაცს ასე წაახდენს. მამალიცა და ძერაც იქივ შეუჭმელი დარჩა და თან გაჰყვა. ოფოფმან მელი ერთს ხევში დააწვინა, მონადირე ვინმე დახვდა ქორითა და მწევრითა და ძაღლებითა. ოფოფი წინ დაუჯდა. სეფქა უნდა ესროლა. აფრინდა. მელს ახლო დაუჯდა. მიჰყვნვნ მონადირენი. მანამდინ ქმნა, იმ ხევში მიიყვანა. მეძებრებმა კვალი ნახეს, მელი გაიხტუნეს, მწევრებმან ასე გახადეს, ძვალი და რბილი გაუერთეს. ძლივ დაჩეჩქვილმან სული გარდაჰხვეწა. ოფოფმან დაუძახა: მელო, მოწამე ვერ გიშოვნეო! მელმან უთხრა: რასაც მოძღვარს აღსარება სამოწმოდ გაუხდია, უარესიმც დაემართებაო! ოფოფმან ჯავრი კი ამოიყარა, მაგრამ მამალსა და ძერას კი აღარა ეშველა რა. - ეგ კაცი ის მელი არის და ბევრგან ნავალი. ასეთს საქმესა იქმს, შენვე თავსა შემოიკრა და აღარა გეშველოს რა! ლეონ ნადირობდა და ლხინობდა, არას ზრუნევდა. დღესა ერთსა წავიდა ნადირობად. თვით თოხარიკსა ცხენსა შეჯდა. ჯუმბერს ხელთ ქორი შეუსვა, უცხენოდ წინ წაიმძღვანა, საღამომდინ არბენინა, ქორსა და ქორის ნაბულს ადევნა. მეორეს დღეს მწევრები მისცა ხელთა. მთათა და გორათა არბენინა. ფერხთსაცმელი გასცვივდა და ფეხები დაუსქდა, სისხლმან დენა დაუწყო. მესამეს დღეს წინ შიკრიკად გამოიმძღვანა. მეტად დაშვრა, მალ-მალ დაეცემოდის, და არ მოეშვა. მანამდინ არბენინა, სადგომს მიიყვანა. ესმა ესეცა რუქას და შეასმინა მეფესა. თქვა რუქამ არაკი: ოთხი ყრუ ერთი ყრუ კაცი იყო და ხარი დაკარგა. საძებნელად წავიდა ერთი კაცი შემოეყარა. კითხვა დაუწყო. თურე ის კაცი უფრო ყრუ იყო და ვირი თურე ეპოვნა. მან ხარისა ვერა შეიტყო. ასე უთხრა. ვირი თუ შენია, საპოვნელა მაინც მომეცო! ერთმანერთსა ვერა შეატყობინეს რა. ერთი ცხენოსანი კაცი მოვიდოდა და ქალი ვინმე გავას უჯდა. მივიდენ მასთან. ამან ამისი ხარისა უთხრა, მან მისი ვირისა. თურე ის უფრო ყრუ იყო; ეგონა: დიაცს მართმევენო. ფიცი თქვა: ცოლი მომიკვდა და ეს მისი მოახლე არისო, სხვისას ნუ ჰგონებთო! ვერც ერთმა ვერა გაიგეს რა. ყადთან წავიდნენ, ყველამ თავისი საჩივარი თქვეს. ყადი თურე სიბერით დაყრუებულიყო. რამაზანი იყო. ეს მოჩივარნი მთვარის გამოჩენის მოამბენი ეგონა. თქვა: რადგან მთვარე უნახავნ, ნაღარას კარითო! ვერც ერთმან ვერა გაიგეს რა. - აწე, ჩვენ, დიდნი და პატარანი, ყველანი დავყრუებულვართ, თვარემ რატომ არ გვესმის, ლამის იგი ყრმა მოკლასო?! უშლიდა ვაზირი, არათქმასა ეტყოდა. თქვა ვაზირმან არაკი: მთიული და კაკლის ხე კაცი ვინმე იყო, ზეგანთა ალაგთა მყოფი, რომელსა წალკოტი არა ენახა. ჩამოვიდა ბართა ადგილთა, წალკოტი ნახა. შევიდა შიგან. ყოველივე ნახა: ხეხილი, მწვანვილი. დია მოეწონა და ღმერთს მადლი მისცა: ყველა კარგად გაგირიგებია და ეს ავადო; ცოტას ბალახისათვის ნესვი მოგიბამს და დიდის ხისათვის ნიგოზიო! მიიარ-მოიარა და ნიგოზთა ძირსა დაეძინა. მოვიდა ყვავი, ზე შემოჯდა, კაკალი ჩამოაგდო. მას კაცსა შუბლს დაეცა და გაუტეხა. აღდგა კაცი იგი და თქვა: ღმერთო, შენ უკეთ გაგირიგებიაო. თუ იქ ამისგან უდიდესი ბმოდა, თავს გამიჭყლეტდაო! - ეგება, ის კაცი უკეთ იქმოდეს და ისრე სჯობდეს, და შენ მეფის წინ სრულ მის აუგს იტყვი. თქვა რუქამ არაკი: სოფლის მაშენებელნი ერთი ძაღლი და ერთი მამალი დაძმობილდენ: სოფელი ავაშენოთო! ძაღლმან უთხრა: როგორ ავაშენოთო? მამალმან უთხრა: შენ იყეფე, მე ვიყივლებ და აშენდებაო. წავიდენ ტყეში. ძაღლმან ყეფა დაიწყო და დაეძინა. მამალი ხეზე შეჯდა, ყივილი დაიწყო. მელს ხმა ესმა, მოვიდა, მამალს ჰკითხა: მანდ რასა იქმო? მამალმან უთხრა: სოფელს ვაშენებთო. მელმან უთხრა: ჩამოდი, სახლის ალაგი მომიზომეო! მამალმან უთხრა: მამასახლისი მანდა წევს, გააღვიძე, ეგ მოგიზომსო! მელი მამლის ნდომითა სცდა და ვეღარა გაიგო რა. ძაღლთან მივიდა, მამასახლისობით უხმო: ადე, სახლის ალაგი მინდაო. წამოდგა ძაღლი, მელს გამოუდგა, დაჩეჩქვა და კუდი მოსწყვიტა. დაკოდილი წავიდა. გაგლეჯილი, ნათრევი გორაზე წამოდგა და დაუძახა: მე ხომ ჩემი ჭკუისა დამემართაო და, თუ თქვენ მაგ საქმით სოფელი ააშენოთ, თქვენც შეიტყობთო! - შენ და მას პირი შეგიკრავსთ, მე წაუხდენელს, ვიცი, არ გამიშვებთ; თუ მეფის ძე კარგად გაზარდოთ, მე თურე არა ვიცი რაო. მეფეს ყური მიეგდო და იცინოდა. იცოდა, რომე სედრაქ და რუქა ერთს სიტყვაზე არ იდგნენ და ლეონს ვაზირის სიტყვა შეეწეოდა. დღესა ერთსა ლეონ გაწყრა ცუდად. შეიპყრა ჯუმბერ უბრალოდ და ერგასი ჯოხი ჰკრა და დიდად ჰგვემა. სცნა რუქამან, მოვიდა გარისხებული, არაკობა აღარ დაიწყო. მეფეს ეგრე უთხრა: - ღმერთს მრავლის ღონისძიებით ძე სთხოვე, მან წყალობა მოგივლინა. შენ მიეც ერთსა ღვთის წყრომით აღვსებულსა კაცსა. შეუპყრია, ასი არგანი უკრავს, რა ბრალი ჰქონდა? ეგრე ავად არის, ღამემდინ სულს ვერ მიატანს და ლეონ შენ ძედ ისვი და ჩვენად პატრონად. მრავალი ეგევითარი საუბარი წართქვა, ვითა მტერთა წესია: რა დროს დაიცემს, მაშინ ეცდება მტერობასა. მეფე ერთობ შეაჭირვა და დიდად განარისხა, რომე ცეცხლისა ალი მისის ჯავრის კვამლსა მიჰრიდებდა, მეტის გაშმაგებისაგან ძრწოდა. რუქა ცეცხლის გზებას უმატებდა და მრისხანემ მეფემ ვაზირი თვისი გააძო. ლეონს კაცი გაუძახა და თრევით მოიღეს. მოკვლას ლამოდა. ეგრე კადრა ლეონ: - ვერ მომკლავ, მეფეო, ვერა! აჰა საფიცარი შენი, ამ დღისათვინ გამოგართვი, ამას ველოდი და ვიცოდი. მე ეს წინ მედვა. ვერ მომკლავ უსამართლოდ! მოეხსენა მეფესა ფიცი და უთხრა რისხვით: - მოვედ და ვისამართლოთ! ლეონ მოახსენა: არა, ჯერეთ მოწყალებისა ქარითა მრისხანებისა ღველფი განაბნივე და სიტკბოსა წყლითა მისი ალი დაშრიტე, და მერმე მეტყოდე! სიტყვასა მასა ზედა მოვიდა მეფე ცნობასა, დაწყნარდა და დამშვიდდა. ლეონ მყოვარ-ჟამ დადუმებითა იდგა. მერმე აუბნა თავისი ბულბულის უტკბესი ენა. ყოველსა კაცსა ასე ეგონა, პირსა იადონი უბუდებსო, ან მერცხალი ჭიკჭიკებსო. თუ რამ იცოდა, რაღას დღისთვის დაეჭირებოდა? მოახსენა: - მეფეო, დიდად ვმადლობ გულისა შენისა სიმდოვრესა და შენსა ეგზომსა სულგრძელობასა. რაზომ აღგაშფოთა კაცობისა მარცხვენელმან და გაუკითხავად არ მამკალ! აწ ესე ბრძანოს მეფობამან თქვენმან: ძე შენი სამეფოდ გინდა, თუცა მწყემსად? მრავალნი მწყემსნი უმჯობეს არიან უგვანთა მეფეთა. მწყემსი ხამს ცხოვართათვის იჭირვოდეს, კეთილთა ბალახთა აძოოს, ამოდ ატაროს, დაკოდილი შეუხვიოს და მპარავს არიდოს. ესე თუცა ვერა ყოს, სამწყსო შეუმცირდეს. ეგრევე მეფე ესეთი ხამს: გლახაკთა, მონათა, გლეხთა, მსახურთა, აზნაურთა, თავადთა, დიდებულთა, მეფეთა და ხელმწიფეთა წესი, რიგი, შრომა, ჭირი, მუშაკობა, საქმე, ვაჭრობა, სმა-ჭამა და მიცემა იცოდეს. თუცა ეგოდენ ხანს ფეხზე არა მდგარიყო, რამცა იცოდა მონათა, მსახურთა და მწდეთა ჭირი, თუ ზედგომასა რა გარჯა აქვს? თვით მეფე ზის, უნებს აღდგება, უნებს დაჯდება. მათი სამსახური ვითა სცნას, რას მიიჭირვებენ მისთვის? დღე ყოველ ზე დგანან და დაითმენენ. თუცა შიმშილით არ მომყმარიყო, რამცა იცის, გლახაკთა და უღონოთა შიან, ანუ სხვათა ვისმე საჭმელი აკლს? იგი ყველას კეთილსა სჭამს და სვამს, არ მოიმშევს. არაკად თქმულა: მაძღარი კაცი მომყმარს პურს წვრილად უფშვნეტდა და ზედ დაჰყვედრიდა: რად ღორულად სჭამო! თუცა უცხენოდ სლვა და ფეხშიშვლობა არ გამოეცადა, ბაზიერთა, შიკრიკთა და ყოველთა მკვირცხლთა ჭირნი რითა სცნას, რომლითა სიბრალულითა შეიბრალებდა? იგი მერანთა ანუ თოხარიკთა ცხენთა ჯდეს, გინა ეტლითა ვიდოდეს. არგნისა სიმწარე არ ენახა, რა გამწყრალიყო მონათა ზედა, ებძანა ასისა და ორასისა არგნისა კვრა, სხვათათვის მეტი და სხვათათვის ნაკლები, თვით მცირე სატანჯველი ეგონებოდა. აწ ყოველთა გლახაკთა, უღონოთა და მდაბალთა ჭირნი მისწავებია და ამისა შემდგომად ნახეთ თქვენცა, რა არის სასწავლოდ მისსა? ნახა მეფემან და მოისმინა სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი. დიდად მოეწონა და შეინანა, რაცა ლეონისათვის ავი ექმნა, მოეხვია ყელსა: - რა ვყო, შვილო, მიმძიმს, ავთა კაცთა ენამან და შვილისა სიმწარემან აღმაშფოთა. | |
|