Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 19 » სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი VII
9:44 PM
სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიცრუისა გვერდი VII
ენით დაკოდილი
ერთი კაცი და ერთი დათვი დაძმობილდენ. აწვია კაცმან მან დათვი იგი, ლხინი აჩვენა. დათვი დაეთხოვა, გამოესალმა, მან კაცმან აკოცა და ცოლსაც აკოცნინა დათვისათვის.
მას დიაცსა რა დათვის სიმყრალე ეცა, განერწყვა და თქვა: პირმყრალს სტუმარს ვერ ვეწყობიო!
წავიდა დათვი. და მერმე ეს კაცი ეწვია და თან ცული წაიღო: მოის შეშას დავკოდ და წამოვიღებო!
მოვიდა დათვი და, რაც მათ ეფერებოდა, იმგვარად იალერსეს. მერმე დათვმან დაუჟინა: თავზე ერთი ცული დამკარ და დამკოდეო!
მან კაცმან უარი თქვა. დათვი არ მოეშვა. დაჰკრა ცული და თავი გაუტეხა. დათვი ტყეში წავიდა და კაცი შინ წამოვიდა.
მეორეს თვეს შეიყარნენ. დათვს თავი გამთელებოდა. დათვმან უთხრა: ძმაო, შენის ცულით დაკოდილი თავი გამიმთელდა და შენის ცოლის ენით დაკოდილი გული არაო.
- ეჰა, მეფეო, ენით მოკვდება კაცი, სხვით არა. უდღეოდ ენით მკვდარი ენამ ვეღარ აღადგინოს და აღარც ენით წყლულს ელხინოს. არაკად თქმულა: შენს იქით კაცის ისარის კვრა ბუხუას ცემას დაადარეო! ჩემი ვის რა სტკივა, თუ რა იყო?
უბრძანა მეფემან: შეცდენით ერთი საქმე იქმნა, ნუღარ გახსოვსო!
თქვა მეფემ არაკი:
მეფე და ავსიტყვა კაცი
მეფე ვინმე იყო და ჰყვა კაცი ერთი ავსიტყვა, რომე მისის პირით კარგი სიტყვა არ აღმოვიდის.
მეფე ხუთის წლის სავალს ლაშქრად მივიდოდა და ავსიტყვას უთხრა: ერთი კარგი სიტყვა სთქვი და მუნით მოვალ, კაბას მოგცემო!
ავსიტყვამ უთხრა: რომ ვეღარ მოხვიდე, ვინღა მომცემს და კარგი სიტყვაც დავკარგოო?
წავიდა მეფე. ორი წელი გამოხდა. ავსიტყვამ მეფის უნახაობა ვეღარ გასძლო და წავიდა მათად ნახვად.
რა მივიდა, მეფემ უწინარეს ნახა და ვაზირს უბრძანა: აჰა, ყიამყრალი მოვა და ნურას ამბავს ჰკითხავთ, ავს იტყვის. შენ ჩემი გოშიის ამბავი ჰკითხეო!
მოვიდა და მეფის წინ მიწას აკოცა.
ვაზირმან ჰკითხა: კაცთმაწყინარო, მეფის გოშია რასა იქმსო?
მან უთხრა: მოკვდაო.
ვაზირმან ჰკითხა: რა სჭირდაო?
მან უთხრა: მეფის თეთრი აქლემი მოკვდა, მისი მძორი ჭამა და მით მოკვდაო.
- აქლემი რამ მოკლაო?
მან უთხრა: მეფის დედა ამ სოფლით გარდაიცვალა და იგი ავკიდეთ საფლავამდის და მან მოკლაო.
მეფეს გულთა ცეცხლი მოედვა და ჰკითხა: იგი რამ მოკლაო, რა დაესენაო?
მან მოახსენა ტირილით: პირმზე დედოფალმან საწუთრო დასცალაო და მისმა ნაღველმან მოკლაო.
მეფემ წვერგლეჯით ჰკითხა: მას რა დაესენაო?
მან მოახსენა:
- თქვენი ძენი და ასულნი ყვავილმან გაწყვიტნა და სიმწარეს ვეღარ გაუძლო.
მეფემ ჰკითხა თავში ცემით: მაშ, შენობა აღარა დარჩებოდა რაო?
მოახსენა: მე რა იქ ვიყავ, თქვენს სასახლეში ბზესა ჰყრიდენო და აწ აღარა ვიციო.
თურე მისი სიტყვა ყველა ტყუვილი იყო და კაცთა საწყენად მოიგონის.
- აწე, ჩემო ლეონ, ამ გვარის კაცის სიტყვა ვერას იქმს, თუცა ბედმან არ უყოს კაცსა. არაკად თქმულა: ბედი მომეც და ნეხვთა დამფალო.
თქვა ლეონ არაკი:
ხალიფა და არაბი
ბაღდადის ხალიფამ ინადირა და ცხენის ჭენებაში დიდებულთა მოსცილდა. ერთი ოდენ ვაზირი იახლა. დია მოშივდა.
ნახა უდაბნოში ერთი შავი კარავი. მივიდეს, ნახეს. არაბი იყო. სამი თხა ჰყვანდა, სხვა არა ებადა რა. მუნ გარდახდენ და საჭმელი მოინდომეს. არაბმან ერთი თხა დაკლა, მოხარშა და მოიტანა, მოართვა. ხალიფამ ტვინის მეტი არა სჭამა რა.
არაბმან ვაზირს ჰკითხა: ხალიფამ რად არა სჭამა რაო?
ვაზირმან უთხრა: ჩვეულება აქვს, თუ არ ტვინსა, სხვას არასა ჭამსო.
აღდგა არაბი იგი, ორი თხაც დაკლა, ტვინი შემზადა და ხალიფას მოართვა.
მოახსენა ვაზირმან: ხედავს მაღალი ტახტი თქვენი მდაბალსა და უპოვარსა ამას არაბსა, რა ქმნა? მდიდარმან და უხვმან ვერ შეიძლოს ესრეთი ქმნა. თავმან შენმან, მდიდარი რასაც დახარჯავს, ათასი სხვა დარჩეს, ამას მის მეტი არარა ჰყვანდა და ყოველივე დახოცა და შენ გიმზადაო.
ხალიფამ თავისი ხელთსაჭერი არგანი მისცა და უბრძანა: მოდი, შენ კარსა ვერავინ დაგიხშავს, მე მრავალს წყალობას გიზამო!
მას დღესა ხალიფა წავიდა. და მეორეს დღეს არაბმან კვერთხი აიღო და მივიდა. კარი შევლო, შევიდა, ხალიფა ლოცვად იდგა, ზურგი კარისაკენ ჰქონდა, არაბი ვერა ნახა.
იკითხა არაბმან: ხალიფა რასა იქმსო: ხან მიწას დაემხობა და ხან ზე ადგებაო?
მსახურთ უთხრეს: ილოცავსო.
მას არაბს თურე არც ღვთის სახელი ასმოდა, არამც თუ ლოცვა სცოდნოდა. ჰკითხა: რას ილოცავსო?
უთხრეს: ღმერთს საქონელსა სთხოვსო?
არაბმან ეგრე უთხრა: ეგ სხვასა სთხოვს, მე მაგას რაღა ვსთხოვოო? და წავიდა: ვისაც ეგ სთხოვს, მეც მასა ვსთხოვ, მომცემსო.
ხალიფამ მისი ვერც მოსვლა სცნა და ვერც წასვლა.
მივიდა არაბი თავის კარავში და მანცა ეგრე ქმნა იწყო, ვითა ხალიფასი ენახა. ამას იტყოდა: ვისაც ხალიფა საქონელსა სთხოვს მეც მომეც, გლახაკი ვარო!
გამოხდა მცირე დღენი. კარავი იგი აიღო და სხვაგან აღმართა. რა კერის ადგილი გასჭრა, დიდი ორმო გამოჩნდა, ოქროთა და ვერცხლითა სავსე. ეგრევე თავს დაჰბურა. წავიდა არაბი, ჯოხი ხელთ ჰქონდა. შევიდა ხალიფასთან და თაყვანი სცა.
უბრძანა ხალიფამ: აქამდის რად არ მოხვედო?
მან ყოველივე ყოფილი მოახსენა: ვისცა შენ სთხოვდი, მეც იმას ვსთხოვეო და ერთი ორმო სავსე ოქრო და ვეცხლი მომცაო. აწ მწერალი მიბოძე, თქვენთვის წამოაღებინეო.
ბრძანა ხალიფამ წასვლა მწერლისა და აღწერა. შეჰხედა ვაზირმან და მოახსენა: ერთს გლახაკს არაბს სამიოდენ თხა ჰყვანდა და შენ დაგიკლა, ბოძება უბრძანე და არა გთხოვა. ღმერთს მაგისთვის მიუცია და მასაც შენ ართმევო?
- ჰე მეფეო, ეს არაკი ამისთვის მოგახსენე, ბედი ყოველსა კაცსა აქვს, თუცა პატრონი არა რისხავს; თუცა მოგეკალ, ჩემი სვე-ბედი ცუდად იყო.
უბრძანა მეფემან:
- ნაღველი შემომეჭიდა და მან მიყო. ნეტამც უნაღვლო ვიყო, ღმერთს ვევედრები.
თქვა ლეონ არაკი:
უნაღვლოთა მძებნელი
მეფე ვინმე იყო დიდებული, მოლხინე, უხვი და ყოველთა ურჩთა მისთა შემაძრწუნებელი. და ჰყვა ვაზირი ბრძენი და საუბარ-კეთილი ჰკითხა ვაზირსა:
- ურვანი შემაჭირვებენ დიდნი. მინებს ესრეთი კაცი, რითაც ღონისძიებით იყოს, მარგოს.
მან ვაზირმან მოახსენა:
- უნაღვლო და უზრუნველი კაცი არა არს პირსა ყოვლისა ქვეყანისასაო. შენ მეფე ხარ, ყოველნი სალხინონი ხელთა შენთა არიან, რაცა გინდეს უკუიყარეო!
ეწყინა მეფესა ესე საუბარი, უბრძანა: ვით არ არის შეუჭირვებელი კაციო?
მან მოახსენა: არა, მეფობამან შენმანო.
მეფემან აღარ ისმინა. დაუტევა მეფობა, შეიმოსა სხვა, შეჯდა ცხენსა ერთსა, მცირედი ოქრო წარიღო და წავიდა: არც მონა და არც შიკრიკი, არც დიდებული, არავინ წაიყვანა.
მოვლო პირი ყოვლისა ქვეყანისა. მივიდა წალკოტსა ერთსა, დიდად შვენიერსა. მრავალი კარგი ინახებოდა, ზღუდე თეთრის მარმარილოსი ედგა. შევიდა, ნახა კორდი ზურმუხტისა მსგავსი, ზედან ყვავილნი სურნელნი, ბულბულთა ყეფა, იადონთა სტვენა, შაშვთა მღერა, მერცხალთა ჭიკჭიკი. ყურთა უამესი არა ისმოდა რა, არცა თვალთაგან სახილველი ინახებოდა. შუა თალარი შემკობილი იდგა. წყალნი და წყარონი ამონი დიოდეს.
ათნი კაცნი სხდეს, ზოგნი ჭაბუკნი, ზოგნი მხცოვანნი. წინა ტაბლა შემკობილი. დიდად იხარებდენ. ყვავილთა ფშვანი, ხილთა ფხვრანი, მფრინველთა ხმანი, ღვინოთა სმანი შეიწყობოდეს. მათში შეჭირვებისა ნიშანი არა იპოებოდა.
რა მივიდა მეფე, მოეგებნეს, დასვეს. სამი დღე ესეთი ლხინი აჩვენეს, უკეთესი არ ეგებოდა.
უთხრა მათ მეფემან: უნაღვლოთა კაცთა ვეძებდი და აჰა თქვენ გპოვეო.
მათ მოახსენეს: ჩვენ უნაღვლონი არა ვართ, ყოველთა მწუხარეთა უსაწყლესი გიპოვნივართო, ამად ღონე ამის მეტი არა გვაქვსო. ცუდად დაგიშვრია მაგ საქმეზედ თავი შენიო.
უამბეს მათ კაცთა მათი შეჭირვების ამბავი.
თქვა ერთმან:
მეფე არაბეთისა
მე მეფე ვიყავ არაბეთისა, დიდისა დიდებისა პატრონი. გავილაშქრე და მზარეულთუხუცესმან მითხრა: ცხრაასი აქლემი მყავს, სამზარეულოს ვერ კმა ეყოფის საზიდრად, სხვაც გვიბოძეო. სხვას გარდა ეს დიდება მჭირდა.
მეორეს დღეს შევიბენით. მტერმა მძლო, ამიკლო, სპანი ჩემნი ამოსწყვიტნა და მე შემიპყრეს, მეფედ ვერ მიცნეს და საჯინიბოში დამაბეს. მოვიდა მეჯინიბე, მცირეს ქვაბში ხორცი მოხარშა და კარი გავლო. შემოიჭრა ერთი ძაღლი, ქვაბში ჭამა დაიწყო და მე შევსძახე გაგდებად. ქვაბისა ლამბი ყელს გარდაეცვა. ძაღლმან ქვაბი აიტაცა და წაიღო. მე დიდად გამეცინა. შემოვიდა მეჯინიბე და მკითხა მიზეზი სიცილისა. მე ეგრევ ვუთხარი: გუშინ ცხრაასმან აქლემმან ვერა ზიდა ჩემი სამზარეულო და დღეს ერთს ძაღლსა ესუბუქა და მისთვის ვიცინი-მეთქი.
რა ჩემი მეფობა სცნეს, გამიშვეს, შინ სირცხვილით ვეღარ მიველ, აქ ეს ბაღი ვპოვე. აწ თუ უნაღვლო ვიყო, შენ გასინჯე!
თქვა მეორემან:
ქობულეთის მეფის ძე
მე ქობულეთის მეფის ძე ვიყავ, ყოველის კეთილის მქონებელი.
მტერი მყვა უძლიერესი ჩემსა. ჭაბუკად მე ვჯობდი და დიდებითა იგი.
ცოლი მყვა ერთი. მისთანა მთიები ცას ვერ გაანათებდა; ყორნის ფრთე მისის წარბისაგან გრემა ქმნილიყო. მისის ღაწვის მეშურნეობითა მაისის ვარდი აღარ იშლებოდა. მისის პირის ფერის ბაძითა, ვეცხლსა ახალი ჩალხი მოევლო. მისის ტანადობის უსულობასა კვიპაროზი გაეკვირვებინა. მყვა და მიხაროდა.
მე ნადირობას ვიყავ. მოსულიყო იგი მტერი ჩემი, ძე მეფისა, წაეყვანა. ჩემმან ჭაბუკობამ ვეღარა მიშველა რა. აწ დავკარგე სამეფო ჩემი, სირცხვილისაგან აღარა ვნახე და აქ მოველ. აწ თუ უნაღვლო ვიყო, შენ გასინჯე!
თქვა მესამემან:
რომაელი კაცი
მე ვიყავ კაცი რომაელი, დიდებული ფრიად, მამულისა და ქალაქებისა პატრონი. არას დღეს არა მენაღვლებოდა რა ნადირობისა და ნადიმობისა, სმისა და ჭამისა, შემოსისა და გაცემისა კიდე.
ოდეს ქორწილს ვაპირობდი, შეველ აბანოსა. განწმენდასა ჩემსა თანა, შემიცთა ხელი, საპარსვლითა ასონი წარვიკვეთენ. სირცხვილისაგან შინ აღარ მივიქეც, მოველ აქა. აწ თუ უნაღვლო ვიყო, შენ გასინჯე!
თქვა მეოთხემან:
გრანდუკას შვილი
მე თუ დამიჯერებ, შინ შეიქეც, შენი საქმე იურვე, თვარე ჩვენ უარესნი ჭირნი გვჭირან, რომე კაცთაგან არ ითქმის და ვერც ჩვენი ენა იტყვისო.
აფიცა მეფემან და მასცა ათქმევინა.
და თქვა: მე შვილი ვიყავ დიდებულისა გრანდუკისა. ესრეთ ვუყვარდი მამასა ჩემსა, სულსა თვისსა ჭირსა ჩემსა ანაცვალებდა. და მომგვარა ცოლი, ქალი დიდებულისა კაცისა, შვენიერი, რომელსა გაბადრული მთვარე ვერ ესწორებოდა. დიდად მიყვარდა.
დღესა ერთსა მათდა უცნაურად შეველ. ვნახე, მონა ჩემი, მასთან მჯდომი, ემღეროდა. რა მნახეს, ივლტოდენ ჩემგან. ვუხმე მონასა მას, ქალი იგი ხელთა მივეც და ქალს ეგრე ვუთხარ: არა ღირს იყავ დიდებასა და ნუმცა გაქვს-მეთქი. მე სირცხვილეულმან მამა ვითღა ვნახე. მოველ აქა და აწ თუ უნაღვლო ვიყო. შენ გასინჯე!
თქვა მეხუთემან:
კეისრის სპასპეტი
მე სპასპეტი კეისრისა ვიყავ. ლაშქარს გამგზავნა მეფემან. შევიბენით. ჩემს ჯარს დამარცხებოდა. მე მარტო გამოვიქეც. მოველ. მეფემან განრისხებულმან სასიკვდილოდ მიმცა. წავუველ კაცთა მათ. რბენაში ცხენი დამივარდა. უცხენო მაშვრალი შინ მიველ. ცოლი დუხჭირი, ყბედი და ავენა მყვა. მან ბევრი მაგინა, აღარც მუნ დავდეგ, აქ მოველ, და აწ თუ უნაღვლო ვიყო, შენ გასინჯე!
თქვა მეექვსემან:
ქვის მთლელი

მე ქვის მთლელი ვიყავ და ყოველთა დღეთა თითოს ასპანურს მომცემდენ ხელფასად. მით სასმელ-საჭმელს ვიყიდდი და მის ქალაქის გლახაკთ ვაწვევდი, მეცა ვჭამი და მათცა ვაჭამი და ნამუსრევი ძაღლთა ვაჭამი. ხვალისად არა შევინახი რა. ეგრევე დღე ყოველ ვიყავი.
მოვიდა ერთი ღვთის კაცი, მეწვია, ჩემი ცხოვრება და მუშაკობა ნახა, ევედრა ღმერთსა: ერთი შენი მონა რად გლახაკად გყავსო, ესეც განამდიდრეო!
ანგელოზმან რქვა მას კაცსა:
- ჩვენ მაგ კაცის ბუნება ვიცით. სიმდიდრე თუცა მივეცით, ვერ თავს იდებს.
იგი ღვთისა კაცი თავდები თურე შეიქმნა. მე არცერთი ვიცოდი ჩემისა სიმდიდრისათვის და კეთილმოქმედებისათვის.
დღესა ერთსა კლდესა ვკვეთდი. ხვრელი გამოჩნდა. გამოვკვეთე. ვნახე განძი აუარებელი, ოქრო ფრიადი. იდუმალ გავზიდე. სხვას ქვეყანას წაველ. ესრეთ დიდი კაცი შევიქმენ, რომე მის თემის მეფის თავი-ვაზირობა მომცეს. ასი კაცი ოქროს არგანოსანი კარსა ზედა მიდგა. აღარც გლახაკი მომაგონდა და აღარც ღმერთი. ესრეთ სიხარბეს გავყევ. უთხრა ანგელოზმან თავსმდებსა ჩემსა. გამოგზავნა ჩემთან. მოვიდა კართა ზედა ჩემთა. ენება ხილვა ჩემი და შეგონება. ვინ მოუშვებდა მას ჩემთანა? დიდად გვემეს და განაძეს. რქვა ანგელოზმან თავსმდებსა ჩემსა:
- რას იტყვი შენის თავსმდებობისასა?
უთხრა მან: რა ვყო, ჩემი ბრალია და, რაც გენებოს, მიყავითო!
ანგელოზმან ეგრე უთხრა: თუცა შენ არ გეწყინება, თავისავ წერაქვს ვაძებნინებთო; კაცი იგი უარესსა იქმსო. თურე ყოველი კაცი სიმდიდრეს და პატივს ვერ შეიფერებს, ისევ სიგლახაკე უჯობსო.
აღარც იმას დავსჯერდი. ვინებე მეფის მოკვლა და ჩემი გამეფება. შეიტყო მეფემან. სხვა ყოველი კაცი ჩემი დახოცა. მე გარდმოვეხვეწე. ჩემი წერაქვის დაჯერებას ვეცადე. შიშით ვეღარც მუნ დავდეგ, აქ მოველ. აწ თუ უნაღვლო ვიყო, შენ გასინჯე!
კატეგორია: იგავები | ნანახია: 1179 | დაამატა: balu | ტეგები: სულხან-საბა ორბელიანი - სიბრძნე სიც | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.