7:45 PM ტერორისტი, რომელმაც შეძრა მსოფლიო | |
ოსამა ბინ ლადენი მდიდარი არაბული ოჯახის წევრი იყო. იგი საუდის არაბეთში დაიბადა, იქ მიიღო განათლება, თუმცა 1990-ანი წლების დასაწყისში ტერორისტებთან კავშირის გამო ოჯახიდანაც მოკვეთეს და საუდის არაბეთის მოქალაქეობაც დაკარგა. ოსამა ბინ ლადენის დაბადებიდან მალევე მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. დედა ხელმეორედ გათხოვდა, ოსამა კი მთელი ბავშვობა სამ ნახევრძმასა და ერთ ნახევარდასთან ცხოვრობდა. განსხვავებული ცნობები ვრცელდება მის მიერ მიღებული განათლების შესახებ. სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 1970-ან წლებში საუდის არაბეთში „მეფე აბდულ აზიზის უნივერსიტეტში" ეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა, სხვა ვერსიით კი – სამოქალაქო ინჟინერიას. იგივე წყაროების ინფორმაციით კი, მას არც ერთი სპეციალობა ბოლომდე არასდროს უსწავლია და უნივერსიტეტს ყოველთვის დროზე ადრე ტოვებდა. ოსამა ბინ ლადენი სტუდენტობისას რელიგიით დაინტერესდა. ის ვაჰაბისტი მუსლიმი იყო. ვაჰაბიზმი სუნიტური ისლამის ერთ-ერთი მიმდინარეობაა, რომელიც მე-18 საუკუნეში ჩამოყალიბდა. ვაჰაბიზმის მიმდევრები, ისლამის გარდა, არც ერთ რელიგიას არ აღიარებენ, ცხოვრობენ ძველი ისლამური წესებით, ასევე, უარყოფენ ყველა წმინდა ადგილსა და წმინდანს, ყველა კანონსა და რელიგიას, ისლამისა და შარიათის კანონების გარდა. სწავლის დამთავრების შემდეგ, 1979 წელს ბინ ლადენი ავღანეთში საბჭოთა ინტერვენციის წინააღმდეგ საბრძოლველად წავიდა და სწორედ ამ დროიდან იწყება მისი მოჯაჰედობა. ოსამა ბინ ლადენმა 1988 წელს ჩამოაყალიბა ისლამური ჯიჰადის დაჯგუფება „ალ ქაიდა". საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთიდან ჯარის გაყვანის შემდეგ საუდის არაბეთში დაბრუნდა, როგორც ჯიჰადის გმირი, რომელიც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა. ოსამა ბინ ლადენს პრობლემები საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან მალევე შეექმნა. 1990 წლის 2 აგვისტოს ქუევეითმა ომი გამოუცხადა ერაყს, რამაც საფრთხე შეუქმნა საუდის არაბეთის ნავთობის საბადოებს, რადგან ბრძოლები საბადოებთან ძალიან ახლოს მიმდინარეობდა. სწორედ ამ დროს, საუდის არაბეთის თხოვნით, ომში აშშ ჩაერთო. ოსამა ბინ ლადენი ცდილობდა, საუდის არაბეთის მეფე დაერწმუნებინა, რომ არაისლამური ჯარებისთვის დახმარება არ ეთხოვა და მხოლოდ ისლამის მიმდევარი ჯიჰადისტების იმედზე ყოფილიყო. ხელისუფლებამ მისი ეს მოსაზრება არ გაიზიარა. ამ ფაქტს ბინ ლადენის უარყოფითი რეაქციები მოჰყვა, ის საჯაროდ აკრიტიკებდა საუდის არაბეთის ხელისუფლებას აშშ-სთან თანამშრომლობის გამო. 1990-ანი წლების დასაწყისში FBI-მ აშშ-ში რეიდისას „ალ ქაიდასთან" დაკავშირებული პირის სახლის ჩხრეკისას ტერორისტული გეგმები აღმოაჩინა. ამის შემდეგ, 1992 წელს ოსამა ბინ ლადენი საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა. „ალ ქაიდას" ლიდერი საუდის არაბეთიდან სუდანში გაიქცა, სადაც ეგვიპტური ისლამის ჯიჰადისტებს დაუკავშირდა და მოჯაჰედების საწვრთნელი ბაზა ჩამოაყალიბა. საუდის არაბეთის, ეგვიპტისა და აშშ-ს ზეწოლის შედეგად სუდანის ხელისუფლებამ ოსამა ბინ ლადენი 1996 წელს ქვეყნიდან გააძევა. იგი იძულებული გახდა, ავღანეთში დაბრუნებულიყო. „ალ ქაიდა" ფინანსებს ავღანეთში სხვადასხვა წყაროებიდან იღებდა, მათ შორის პაკისტანიდან. ტერორისტულმა ორგანიზაციამ ავღანეთში ათეულობით საწვრთნელი ბაზა გახსნა, სადაც ჯიჰადისტები იზრდებოდნენ და იწვრთნებოდნენ. 1998 წელს „ალ ქაიდამ" გამოაცხადა ჯიჰადი – საღვთო ომი ებრაელებისა და „ჯვაროსნების" წინააღმდეგ. ორგანიზაციამ სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ტერორისტული აქტების სერია სხვადასხვა ქვეყანაში. აშშ-მ ოსამა ბინ ლადენი მსოფლიოს ყველაზე საშიშ ტერორისტთა ათეულში ჯერ კიდევ 1998 წელს შეიყვანა. მაშინ ბინ ლადენმა აფრიკის კონტინენტზე სხვადასხვა სახელმწიფოებში აშშ-ს საელჩოების აფეთქებებში მიიღო მონაწილეობა, რასაც ასეულობით ადამიანის სოცოცხლე ემსხვერპლა. „ალ ქაიდამ" 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი მოაწყო. კამიკაძე ტერორისტებმა ამ დღეს 4 სამგზავრო ავიალაინერი გაიტაცეს. მათგან ორი დაეჯახა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის 2 ცათამბჯენს ნიუ იორკში, ერთი დაეჯახა პენტაგონის შენობას, ერთი კი თავად თვითმფრინავის მგზავრების მცდელობის შედეგად იმ დროს ჩამოვარდა, როცა ტერორისტებს ავიალაინერის დაჯახება თეთრი სახლისთვის უნდოდათ. 11 სექტემბრის შემდეგ კი ოსამა ბინ ლადენი მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად და აშშ-ს სპეცსამსახურების მთავარ სამიზნედ გადაიქცა. მისი ლიკვიდაცია აშშ-მ ყველაზე მასშტაბური ტერაქტიდან მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეძლო. ობამა: ბინ ლადენი ლიკვიდირებულია ოსამა ბინ ლადენი პაკისტანის დედაქალაქის – ისლამაბადის გარეუბანში იქნა მოკლული, სადაც იგი ბოლო დროს ცხოვრობდა. აღნიშნულ უბანი ისლამაბადის ერთ–ერთ ელიტურ დასახლებად ითვლება, სადაც პაკისტანის სპეცსამსახურების პენსიონერები ცხოვრობენ. «ალ ქაიდას» ლიდერის ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დაადასტურა. «თავის დროზე ბინ ლადენის დაკავება ვერ მოხერხდა და პაკისტანში გაიქცა. მე მივეცი ბრძანება FBI–ის დირექტორს, რომ მისი დაკავება ყოფილიყო მთავარი ამოცანა,» – განაცხადა ობამამ. «ერთი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ შეტყობინება ოსამა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ პაკისტანში. ერთი დღის წინ ჩავთვალე, რომ საკმარისი ინფორმაცია გვქონდა სპეცოპერაციის ჩასატარებლად, რომელიც განხორციელდა ამერიკელების მცირე ჯგუფის მიერ. ბინ ლადენი ორმხრივი სროლების შედეგად იქნა მოკლული. ამერიკელებიდან არავინ დაშავებულა,» – განაცხადა აშშ–ს პრეზიდენტმა. « როგორც თავის დროზე პრეზიდენტმა ბუშმა, ჩვენც თავიდანვე ნათლად ვაჩვენეთ, რომ ჩვენი ქმედებები რეგიონში არ ნიშნავდა ომს ისლამის წინააღმდეგ,» – ხაზგასმით აღნიშნა აშშ–ს პრეზიდენტმა. «დღევანდელი მოვლენები აჩვენებს, რომ ამერიკელებს შეუძლიათ ნებისმიერი ამოცანის შესრულება, რასაც მიზნად დაისახავენ,» – განაცხადა ობამამ. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა პაკისტანის ხელისუფლებას ბინ ლადენის ლიკვიდაციაში გაწეული დახმარებისთვის. «სამართალი აღსრულდა,» – აღნიშნა აშშ–ს პრეზიდენტმა. თავის მხრივ, პაკისტანელი თალიბები ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ამ ინფორმაციას პაკისტანის ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს. ისლამური ინტერნეტ–ფორუმების მომხმარებლები კი ბინ ლადენის მკვლელობის გამო შურისძიების შესახებ წერენ: - «ალაჰმა დაგწყევლოს, ობამა!» - «ო, ამერიკელებო, ჩვენ კვლავაც გვრჩება უფლება, თავები დაგაჭრათ!» – ინტერნეტ–ფორუმებზე ამ შინაარსის წერილები ვრცელდება. მედიის ინფორმაციით, ოსამა ბინ ლადენის ცხედარი ამჟამად ამერიკელი სპეცსამსახურების ხელშია. თეთრი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კი ათასობით ადამიანი შეიკრიბა და საზეიმო შეძახილებით აღინიშნა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის ორგანიზატორის უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაცია. | |
|