Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 18 » ტაჯ მაჰალი
6:05 PM
ტაჯ მაჰალი

დიდებული, ღვთიური, ბრწყინვალე და 74 მეტრის სიმაღლის მიუხედავად ისეთი მსუბუქი და ჰაეროვანია, რომ ზღაპრულ ხილვას მოგაგონებს. მდინარე იამუნას დაბლობში აღმართული ტაჯ მაჰალი ყველაზე უმშვენიერესი არქიტექტურული ქმნილებაა ინდოეთში, და შეძალოა მთელ მსოფლიოშიც... მაღლა ცად აზიდულა თეთრი მარმარილოს გუმბათები – ერთი დიდი და ოთხი მცირე, რომელთა უმწიკვლო შემოწერილობაში ქალის ფორმების ამოცნობა შეიძლება. ხელოვნური არხის უდრტვინველ ზედაპირში არეკლილი ტაძარი თითქოს და ჰაერშია გამოკიდებული ჩვენს თვალწინ და ჩვენს მზერას არამიწიერი სილამაზე და სრულყოფილი ჰარმონია ბოლომდე იპყრობს. მილიონობით მოგზაურს ტაჯ მაჰალისკენ არა მარტო მისი არქიტექტურული სრულყოფილება იზიდავს. არანაკლებ შთაბეჭდილებას უქმნის ადამიანებს მისი შექმნის ისტორიაც... ისტორია, რომელიც უფრო აღმოსავლურ ზღაპარს და ლეგენდას ჰგავს, ვიდრე რეალურ ამბავს...

ეს ძეგლი დიდი მოგოლების მუსლიმი სულთნის შაჰ ჯაჰანის სიყვარულზე მოგვითხრობს თავისი მეუღლის – ზღაპრული სილამაზის მუმთაზ მაჰალისადმი. შაჰ ჯაჰანი ჯერ კიდევ პრინცი იყო, როცა XVII საუკუნეში 19 წლის გოგონაზე დაქორწინდა. ახალგაზრდა წყვილს უსაზღვროდ უყვარდა ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ შაჰ ჯაჰანს, ისევე როგორც ნებისმიერ აღმოსავლელ მმართველს უზარმაზარი ჰარემი ჰქონდა, იგი იმდენად იყო შეყვარებული თავის ახალგაზრდა მეუღლეზე, რომ სხვა ქალებს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. საყვარელმა ცოლმა შაჰ ჯაჰანს 8 ვაჟი და 6 ქალიშვილი აჩუქა. მაგრამ, მე–14 შვილის გაჩენის შემდეგ მზეთუნახავი მუმთაზი გარდაიცვალა... შაჰ ჯაჰანი იმდენად უბედური იყო, რომ თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა. საყვარელი მეუღლის გარეშე სიცოცხლე მას უაზროდ ეჩვენებოდა. ცოლის სასიკვდილო სარეცელთან სულთანი ერთბაშად გაჭაღარავდა... და მალე ქვეყანაში ორწლიანი გლოვა გამოაცხადა, რომლის დროსაც აიკრძალა ზეიმები, ცეკვა და მუსიკა. მოგვიანებით აგრაში, რომელიც იმ დროს მოგოლების იმპერიის დედაქალაქი იყო, მუმთაზის საფლავზე აღიმართა მავზოლეუმი, რომელიც შაჰ ჯაჰანის ჩანაფიქრის მიხედვით მისი გარდაცვლილი მეუღლის ზღაპრული სილამაზის სიმბოლო უნდა გამხდარიყო...

ამ გრანდიოზული მავზოლეუმის მშენებლობა, რომელიც სილამაზით და ზომებით ყველა მანამდე არსებულს აღემატებოდა, 20 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა. მშენებლობაში 20 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, არქიტექტორებისა და ხუროთმოძღვრების ჩათვლით, რომლებიც მიწვეულნი იყვნენ სპარსეთიდან, თურქეთიდან, სამარყანდიდან, ვენეციიდან და თვით ინდოეთიდან. დასრულებული ტაძარი ხაზების და ფერების სრულყოფილებითა და სილამაზით აღაფრთოვანებს მნახველს. ეს მართლაც რომ სასწაულების სასწაულია. უკუნითი უკუნისამდე. დილის სიმღერასავით მსუბუქი, მთის წყაროსავით ანკარა... სიმაღლე 74 მეტრს აღწევს. კუთხეებში ოთხი მოხდენილი მინარეთია აღმართული. ტაჯ მაჰალის კედლები თეთრი გაპრიალებული მარმარილოთია მოპირკეთებული, რომელიც ოქროსავით ბზინავს შუადღის მზის ქვეშ. უმშვენიერესი, სრულყოფილი ფორმების ტაჯ მაჰალი მნახველს აკვირვებს თავისი დეტალებითაც – ხის კოხტა ორნამენტებით, აჟურული ჩარჩოებით და ფერადი ქვებით. ქონგურები მორთულია არაბული წარწერებით, რომლებმაც ქვაში ყურანის სურები აღბეჭდეს. ტაჯ მაჰალის გარშემო დიდებული დეკორატიული ბაღი გაშენდა ტბებით, შადრევნებით და ხელოვნური არხებით, რომელსაც მთლიანობაში 18 ჰექტარი უკავია. ხელოვნური არხის გასწვრივ, რომელიც ტაჯ–მაჰალის წინ მდებარეობს, დარგულია კვიპაროსები. ტაჯ მაჰალის მარჯვენა და მარცხენა მხარეს განლაგებულია წითელი აგურით ნაგები ორი მეჩეთი. სრულყოფილების სურათს ავსებენ ლაჟვარდოვანი მინდვრები და უზარმაზარი კაშკაშა ყვავილები, რომლებიც ამ ბაღის სასწაულებრივ და ზღაპრულ იერს ამყარებს.

მდინარე იამუნას მეორე ნაპირზე შაჰ ჯაჰანს კიდევ ერთი მავზოლეუმის აგება სურდა თავისთვის. მისი ჩანაფიქრით, ახალი მავზოლეუმი ტაჯ მაჰალის ფორმებს გაიმეორებდა და ერთმანეთს ეს ორი ქმნილება ხიდით დაუკავშირდებოდა. მაგრამ შაჰ ჯაჰანის ამ გრანდიოზულ ჩანაფიქრს ასრულება არ ეწერა. როგორც ეს ისტორიაში ხდება, უეცრად დიდმა შაჰ ჯაჰანმა, ინდოეთის მმართველმა ძალაუფლება დაკარგა, მას მძიმე ბორკილები დაადეს და ციხეში ჩასვეს. მძიმედ დაავადებული, გაჭაღარავებული და დატანჯული... ოდესღაც მას მთელი ქვეყანა ეპყრა ხელთ, და აღარაფერი შერჩა... აღარაფერი ერთადერთი სიხარულის გარდა – ციხის ვიწრო სარკმელი. ციხიდან არ ჩანდა არც მისი სამშობლოს უკიდეგანო სივრცეები, არც მანგოს ხეების მუქი კენწეროები და არც გამათბობელი მზის ცისკარი... ვიწრო სარკმელში ჩანდა მხოლოდ ის – სიზმარივით ლამაზი, ზეცაში გამოკიდული თეთრი გედივით ბრწყინვალე... მისი გარდაცვლილი სიყვარულის მავზოლეუმი...

მალე თვით ერთ დროს დიდებული და შემდეგში დამხობილი სულთანიც თავისი მეუღლის გვერდით დაკრძალეს... ასეთია ეს ლამაზი და სევდიანი ისტორია, რომელმაც მსოფლიოს დიდი სიყვარულის და დიდებული ხელოვნების მაგალითები აჩუქა. ტაჯ მაჰალი ინდურ–მუსულმანური ხელოვნების ყველაზე შესანიშნავ ქმნილებად რჩება, რომელსაც დედამიწაზე პატივს მიაგებენ, როგორც ულამაზეს ნაგებობას და რომლის ნახვაც ამ სასწაულებრივ ქვეყანაში ჩასულ ნებისმიერ ადამიანს სურს. ყველას მეოცნებეს ვუსურვებ რომ ადრე თუ გვიან, თავისი ოცნება აისრულოს და საკუთარი თვალით იხილოს ეს სასწაული. ვერანაირი ფოტოები ვერ გადმოსცემს იმ აღფრთოვანებას, სიხარულს, ბედნიერებას, რომელიც ადამიანს ეუფლება, როცა ტაჯ მაჰალთან აღმოჩნდება.

კატეგორია: ხელოვნება/პოეზია | ნანახია: 880 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: ტაჯ მაჰალი | რეიტინგი: 5.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.