6:10 PM თაიგულმა რომ დიდხანს გაძლოს… | |
ყვავილები თითქმის ყველა ქალს უყვარს. თაიგულიც ყველაზე გავრცელებული საჩუქარია საჩუქართა შორის. ზოგჯერ სათქმელს ყვავილების ენით გვითვლიან: წითელი ვარდები სიყვარულისა და ვნების სიმბოლოა. თეთრი – უმანკოების. ვადისფერ ვარდებს კი მსუბუქი გატაცების ნიშნად ჩუქნიან. თეთრი მიხაკი სევდის სიმბოლოა, ხოლო ყვითელი – სიძულვილის. მინდვრის შროშანი – "დიდი ხანია მიყვარხარ”. ორქიდეა ინტიმური ყვავილია, ძალიან ახლო ადამიანებს ჩუქნიან მხოლოდ… ალბათ ბევრჯერ გქონიათ შემთხვევა, თქვენთვის ძვირფასი ადამიანის მორთმეული ყვავილების გადაყრა დაგნანებიათ, გული დაგწყვეტიათ, რომ მალე დაჭკნენ… არსებობს თაიგულის მოვლის ძალიან მარტივი მეთოდები. როგორ გავუხანგრძლივოთ თაიგულს სიცოცხლე? ამ შეკითხვაზე კომპეტენტურ პასუხს ყვავილების სალონი "არტ ფლორ დიზაინი” გაგვცემს. * ხდება, ვარდის თაიგულს მოგართმევენ და ვარდებს "თავი აქვთ ჩაქინდრული”, მოწყენილები არიან… როგორ ვიზრუნოთ მათ გამოცოცხლებაზე? ეს სულაც არაა რთული. უბრალოდ, ყვავილები მთლიანად უნდა "ჩავფლათ” წყალში და ცოტა ხანს გავაჩეროთ. თუკი რაიმე სასიცოცხლო რესურსი აქვთ, აუცილებლად გამოცოცხლდებიან. * პირველ რიგში ყვავილების თაიგული გავშალოთ, დავაცალცალკეოთ. მერე თითოეულს მივხედოთ: გავუსუფთაოთ ძირები, ბოლოები წავაჭრათ. ვარდების ღეროებს ბოლოში ფოთლები მოვაცალოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავაწყოთ ლარნაკში. * ხშირად ვარდის ღეროებს კაწრავენ (სერავენ), ჩაქუჩითაც კი ჩეჩქვავენ… ამბობენ ასე მცენარე უფრო ადვილად სვამს წყალს ლარნაკიდანო… * ძალიან კარგია ყვავილებიან ლარნაკში შაქრის ჩაყრა. ეს ძველი, ნაცადი მეთოდია. * არ დავდგათ ლარკანი გამათბობელთან ახლოს. ისეთ ადგილსაც მოვარიდოთ, სადაც მზის პირდაპირი სხივები მოხვდება. * ხშირ-ხშირადად, ირიბად წავაჭრათ ყვავილის ღეროს ბოლო (ძირი). ლარნაკში რეგულარულად გამოვცვალოთ წყალი. *ეფექტურია საშუალებაა ყვავილებიან ლარნაკში ასპირინის ერთი აბის ჩაგდებაკარგია, თუ ყვავილებიან ლარნაკში ნახშირის ნატეხს ჩავდებთ. ამით "ორ კურდღელს დავიჭერთ” ყვავილსაც გამოვკვებავთ და წყალსაც გავასუფთავებთ. ნახშირიან წყალს გაცილებით იშვიათად სჭირდება გამოცვლა. * უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგ ყვავილებს ერთმანეთი არ უყვართ და მათი ერთად მოთავსება არ არის რეკომენდებული. მძაფრი სურნელის ყვავილებთან განსაკუთრებით იჩაგრებიან ნაკლებსურნელოვანები. * კარგი იქნება, თუ ყვავილებს ისეთ ადგილას არ დავაწყობთ, სადაც ორპირი ქარი არ იქნება. ყვავილებს არ უყვართ ორპირი. * ძალიან ჭირვეულები არიან ნარცისები. ხომ იცით, ნარცისები საკუთარ თავზე უზომოდ არიან შეყვარებული და სხვებთან ერთად ყოფნას ვერ ეგუებიან. ჰოდა, თუ გსურთ, თქვენმა დიდხანს დატკბეთ თქვენი ყვავილების ცქერით, ნარცისებთან ერთად ლარნაკში სხვა ყვავილებს ნუ ჩააწყობთ, თორემ მალე დაჭკნებიან. * არსებობენ შხამიანი მცენარეები, მათთან სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. მაგალითისთვის კოლხიკუმი ავიღოთ. უნდა ვიცოდეთ, რომ წყალი, რომელშიც ეს ულამაზესი და უძვირფასესი ყვავილები გვიწყვია – შხამიანია. ამ მცენარესთან შეხების შემდეგ აუცილებად უნდა დავიბანოთ ხელები. * მსოფლიო საბაზრო ეკონომიკა წინ მიდის… ლარნაკის ყვავილებისთვისაც გამოიგონეს სპეციალური ფხვნილი (ამ ფხვნილის შეძენა თბილისშიც შეგიძლიათ). გარკვეული დოზირებით გახსნით წყალში და თქვენი ყვავილები მათთვის საჭირო საკვებით უზრუნველყოფილნი იქნებიან. * დაბოლოს, ამქვეყნად მარადიული არაფერია. თქვენი თაიგული ადრე თუ გვიან, დაჭკნება. თუ ის თქვენთვის განსაკუთრებით ძვრფასია და გადასაგდებად არ გემეტებათ, შეგიძლიათ გაახმოთ და ისე შეინახოთ. * ყვავილის გახმობასთან დაკავშირებით გირჩევთ: თუ ყვავილების გახმობას აპირებთ, ნუ მიიყვანთ მათ ჭკნობის ბოლო სტადიამდე. ამოიღეთ ლარნაკიდან და ისეთ ადგილას ჩამოკიდეთ, სადაც ჰაერი იმოძრავებს. როცა გახმება, ჩამოხსენით. გვენდეთ, გამხმარი ყვავილების თაიგული ცოცხალი ყვავილებისაზე არანაკლებ მშვენიერია… | |
|