თამარი, თამარ მეფე (დ. დაახ. 1160 – გ. 1213, შესაძლოა 1210 ან 1207) — საქართველოს მონარქი 1184 წლიდან, გიორგი III-ის ასული, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველი აღმოჩნდა. თამარი ატარებდა ტიტულს: „მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი". მემატიანე მას მოიხსენიებს, როგორც: „დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი"[საჭიროებს წყაროს მითითებას].
1179 წელს მეფე გიორგიმ თამარი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. 1184 წელს, მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანაში რთული ვითარება შეიქმნა; ფეოდალურმა არისტოკრატიამ დაიწყო ბრძოლა დაკარგული პოლიტიკური პრივილეგიების აღსადგენად. 1185 წელს გავლენიან ფეოდალთა ერთმა ჯგუფმა თამარს, მისი სურვილის წინააღმდეგ, შერთო ანდრეი ბოგოლიუბსკის შვილი იური, რომელიც ქართულ წყაროებში ცნობილია „გიორგი რუსის" სახელით. ორი-ორნახევრი წლის შემდეგ თამარი განქორწინდა და იური საქართველოდანაც განდევნეს. მეფე თამარი მეორედ დაქორწინდა დაახლოებით 1189 (ან 1187) წელს დავით სოსლანზე.
თამარის დროს საქართველო კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ეს ძლიერება არ ემყარებოდა ქვეყნის შინაგან საწარმოო ძალთა განვითარებას, გაერთიანებული ფეოდალური მონარქიის ეკონომიკური ძლიერების ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ხარკი შეადგენდა და ქვეყნის გაერთიანება ეფემერული ხასიათისა იყო.[2][3] ისტორიკოსთა მეორე ნაწილის აზრით, გაერთიანებული საქართველოს სიძლიერე შესაფერის სოციალურ-ეკონომიკურ ბაზისს ემყარებოდა. [4][5][6]თამარის მეფობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გაიმართა, რომელთგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1195 წლის შამქორისა და 1203 წლის ბასიანის ბრძოლები. ცხოვრების ადრეული წლები გეგუთის სასახლის ნანგრევები. გიორგი III-ის და თამარის სამეფო სასახლე.
გიორგი III XII საუკუნის 50-იან წლებში ოსთა მეფის, ხუდდანის ასულ ბურდუხანზე დაქორწინდა. ამ ქორწინებას გარკვეული პოლიტიკური მიზანიც ჰქონდა — ჩრდილოეთის მეზობლებთან კავშირის განმტკიცება. თავის მხრივ, ბურდუხანი გამორჩეული ქალი ყოფილა. მას განსაკუთრებული პატივისცემით მოიხსენიებს და დიდ შეფასებას აძლევს ბასილი ეზოსმოძღვარი[7].
1160 წელს გიორგი III-სა და ბურდუხანს შეეძინათ ქალიშვილი – თამარი. თამარმა იმ დროისთვის სათანადო აღზრდა-განათლება მიიღო. თამარს თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია ყურადღება. მას განსაკუთრებულად მზრუნველობდა მამიდა (დემეტრე I-ის ასული, გიორგი III-ის და) რუსუდანი, რომელიც ხორასნის სულთნის ცოლყოფილი იყო და დაქვრივების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. ფაქტობრივად, თამარი და თავისი და მამიდასთან იზრდებოდნენ.
ორბელთა შეთქმულების შემდეგ მეფე გიორგიმ „შემყრელმან შვიდთავე სამეფოთა მისთამან აწჳა დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სჳანი ცოლი მისი ბურდუხან და შვილი მათი თამარ, ნათელი და ბრწყინვალება თუალთა მათთა, და მანიაკი ყოველთა მეფეთა, და გჳრგჳნი ყოველთა ჴელმწიფეთა ... მეფე ყო თამარ, თანადგომითა ყოველთა პატრიაქთა და ებისკოპოზთა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა ... და დაადგა გჳრგჳნი ოქროსა თავსა მისსა"[8]. ეს მოხდა 1179 წელს. მეფემ დიდიდებულები დააფიცა თამარის ერთგულებაზე.[9] ამის შემდეგ, სახელმწიფოში ცხოვრება ჩვეული წესით გაგრძელდა. გიორგი III კვლავ აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დაახლოებით ამავე ხანებში გარდაიცვალა ბურდუხან დედოფალი.
მამა-შვილის ერთობლივი მმართველობის ხანაში, 1179 წელს საგანგებო საკანონმდებლო კრება მოუწვევიათ, რომლის მთავარი მიზანი ქვეყანაში გახშირებული პარვისა და ყაჩაღობის მოსპობა იყო. კრებამ ამ დანაშაულის ჩამდენთათვის სასჯელის უმაღლესი ფორმა — ჩამოხრჩობა დააწესა.[10][11][9][12]
1184 წლის 27 მარტს, ვნების კვირის სამშაბათს, კახეთში გარდაიცვალა გიორგი III. თბილისში ისნის ციხეში მყოფ თამარს მამის გარდაცვალება შეატყობინეს. პატრიარქმა და დიდებულებმა სამშვილდეში მყოფ რუსუდანს ამცნეს ეს ამბავი და თბილისში ჩამოიყვანეს. გიორგი III მცხეთაში დაკრძალეს და იმავე წელს გადაასვენეს საქართველოს მეფეთა საძვალეში –გელათში.
გიორგი III-ს მიერ დიდებულებზე მოპოვებულმა მნიშვნელოვანმა გამარჯვებამ ქვეყნის ცენტრალიზებას შეუწყო ხელი. დიდგვაროვანთა უფლებების აღდგენისთვის ხელსაყრელი დრო სწორედ მეფის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში გამეფდა, დიდგვაროვანმა ფეოდალებმა, ეს საკმარისად არ მიიჩნიეს და მისი ხელახლა მეფედ კურთხევა გადაწყვიტეს.
სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ფეოდალთა პროტესტს სამეფო კარის ჯერ კიდევ გიორგი მესამისეული პოლიტიკის წინააღმდეგ[13][14]. ეს პროტესტი თანდათანობით კიდევ უფრო გამძაფრდა. ფეოდალებმა, „იმიერთა და ამიერთა", ერთხმად განაცხადეს, რომ ისინი გიორგი III-ის დროს დაწინაურებულ უგვარო მოხელეებს აღარ დაემორჩილებოდნენ. ასეთებად მიიჩნიეს ამირსპასალარი ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი. სამეფო კარი დათმობაზე წავიდა და ეს მოხელეები თანამდებობებიდან გადააყენა. ამის შემდეგ ფეოდალებს შორის ამ თანამდებობების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა დაიწყო.
მეფობის ადრეული წლები და პირველი ქორწინება დიდიგვაროვანთა პროტესტი ჯერ კიდევ დასრულებული არ იყო, როცა მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა, რომელსაც ბევრი თანამოაზრე ჰყავდა, თამარს ახალი მოთხოვნები წაუყენა. მისი მოთხოვნებით ისანში ახალი სახელმწიფო ინსტიტუტი, ე. წ. „კარავი" უნდა დაარსებულიყო.
ისანში მდებარეობდა მეფის სასახლე და საქართველოს სამეფოს უმაღლესი ინსტიტუტი – სახელმწიფო დარბაზი. დარბაზის მოწვევა მხოლოდ მეფის სურვილზე იყო დამოკიდებული, ამჯერად კი ყუთლუ-არსლანის დასი მოითხოვდა, რომ სასახლის გვერდით კარავი ყოფილიყო დადგმული. ამ კარავში, მეფისგან დამოუკიდებლად და მეფის დაუსწრებლად, სახელმწიფო მართვა-გამგეობასა და უზენაეს მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საქმეები უნდა განხილულიყო. ყუთლუ-არსლანის დასის გეგმით, მეფეს კანონმდებლობითი უფლება უნდა ჩამორთმეოდა და მთლიანად ამ ახალ ინსტიტუტს გადასცემოდა, ხოლო მეფეს მხოლოდ აღმასრულებელი ფუქციები დარჩებოდა. ყუთლუ-არსლანის მოწინააღმდეგეებმა თამარ მეფეს ამ დასის ხელმძღვანელის შეპყრობა ურჩიეს . თამარის მრჩევლებს ეგონათ, რომ ყუთლუს დაჭერა ამბოხებულთა მოძრაობას ჩაახშობდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად თამარ მეფემ კრავაი ჯაყელი და ხუაშაქ ცოქალი, ორი გამოჩენილი მანდილოსანი მიაგზავნა. შეთანხმება ურთიერთდათმობით გახდა შესაძლებელი. „კარავის" დაარსების იდეა უარყოფილი იქნა, თუმცა, ამის სანაცვლოდ, თამარ მეფემ დარბაზის უფლებები გაზარდა.
ყუთლუ-არსლანის პოლიტიკური დასის დაშოშმინების შემდეგ, საქართველოს მეფემ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. თამარის ბრძანებით მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელისა და ვაზირის თანამდებობა ანტონმა მიიღო. ამირსპასალარად დაინიშნა სარგის ჯაყელი.[15]
მიუხედავად ამისა, დიდგვაროვანი ფეოდალები მნიშვნელოვან ძალაუფლებას კვლავ ინარჩუნებდნენ. ისინი აქტიურად ერეოდნენ თამარის პირად ცხოვრებაშიც. ეს ნათლად გამოჩნდა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დედოფლის ქორწინების საკითხი დადგა. დიდგვაროვნები თამარის საქმროდ მათთვის მისაღებ კანდიდატურას ეძებდნენ. ასეთად მათ იური ბოგოლიუბსკი (გიორგი რუსი) მიიჩნიეს. თუმცა, ზოგი დიდებული თამარის იური ანდრეის ძეზე დაქორწინების წინააღმდეგი იყო; ისინი თამარს ურჩევდნენ, კავშირი ბიზანტიის მმართველებთან დაემყარებინა, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.
უფლისწული იური როსტოვ-სუზდალის დიდი მთავრის, ანდრეის შვილი იყო. ანდრეის გარდაცვალების შემდეგ, სამთავროში ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. იური სამთავროდან გააძევეს, რის შემდეგაც ჩრდილოეთ კავკასიაში წავიდა[16]. სწორედ იქ მოხდა ქართველი დიდებულების დაკავშირება მასთან. წყაროების მიხედვით, საქართველოს მეფე ამ ქორწინების წინააღმდეგი იყო. „ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი" გადმოგვცემს თამარის პასუხს შეთავაზებულ წინადადებაზე: „კაცნო, ვითარ ღირს არს შეუტყობელი ეს ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე, არცა მჴედრობისა, არცა ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადონ ყოველთა სიკიეთე, განა სიდრკუე მისი.[17]"
მიუხედვად ამისა, ეს ქორწინება მაინც შედგა. თამარის ორივე ისტორიკოსი ერთხმად აღიარებს, რომ იური უფლისწულს ცუდი ზნე აღმოაჩნდა – მას მემთვრალეობაში, მამათმავლობასა და ზოოფილიაში სდებდნენ ბრალს [18][19][20]. თამარმა აღნიშნულის შესახებ დარბაზს მოახსენა, რომელმაც იური ანდრეის ძის საქართველოდან ექსორიაქმნის (გაძევების) შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. „წარიყვანეს ექსორია-ქმნად, გარნა აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა"[21]. საქართველოდან განდევნილმა იური ბოგოლიუბსკიმ თავი კონსტანტინოპოლს შეაფარა. წყაროთა ცნობით, ეს ფაქტი ქორწინებიდან ორი-ორნახევარი წლის შემდეგ მომხდარა. [22][23]
იური დარბაზის გადაწყვეტილებას არ შეეგუა და 1191 წელს აჯანყება დაიწყო. იგი თავისი მხარდამჭერი რაზმით საქართველოში ერზრუმის გზით შემოვიდა. აჯანყებას ბევრმა დიდებულმა დაუჭირა მხარი, მათგან აღსანიშნავია: გუზანი – კლარჯეთისა და შავშეთის მმართველი, ბოცო – სამცხის სპასალარი და ვარდან დადიანი — მსახურთუხუცესი. აჯანყებულებმა იური გეგუთში გადაიყვანეს და იქ მეფედ გამოაცხადეს. თამარ მეფე თავიდან ამ რთული ვითარების მოგვარებას მოლაპარაკების გზით ცდილობდა, ამ მიზნით მან აჯანყებულებს საგანგებო მოციქულები გაუგზავნა. შეთანხმებას მეამბოხეები არ დათანხმდნენ. თამარის ჯარმა აჯანყებულთა ნაწილი ჯავახეთში, თმოგვსა და ერუშეთის შუა ნაწილში დაამარცხა[24]. როდესაც ქართლში მყოფმა მეამბოხეებმა ჯავახეთის ჯგუფის დამარცხების ამბავი გაიგეს, უბრძოლველად გაიქცნენ თარგი:სად. გამარჯვებულ სამეფო კარს ამბოხებულთა წინააღმდეგ დიდი სისასტიკე არ გამოუჩენია. იური ანდრეის ძე უვნებელი გაუშვეს, ის კვლავ კონსტანტინოპოლში წავიდა.[25] რაც შეეხება სხვა ამბოხებულებს, არც ისინი დაუსჯიათ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა, თუმცა ყველა მათგანს თანამდებობები ჩამოართვეს [26].
1193 წელს იური ხელმეორედ შემოიჭრა საქართველოში, ამჯერად რანის მხრიდან, მაგრამ კამბეჩოვანში (ძრირითადად, დღევანდელი ქიზიყის ტერიტორია) ბრძოლისას მარცხი განიცადა
მეორე ქორწინება გიორგი რუსის გაძევების შემდეგ თამარის ქმრობის მსურველნი კვლავ გამოჩნდნენ. ესენი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის უფლისწულები, ქრისტიანები თუ მუსლიმანები. მაგრამ ახალი ქორწინების საკითხის გადაწყვეტა უკვე იოლი აღარ იყო – ბევრი კანდიდატი უარით გაისტუმრეს. საქართველოში ჩამოვდა აღსართან შირვანშაჰი, რომელიც თამარის ქმრობის ღირსად ჩათვლის შემთხვევაში „რჯულის დაგდების" მზადყოფნაში იყო. თუმცა აღსართანს უარი უთხრეს[9].
რუსუდან დედოფალი თამარის შესაფერის საქმროდ ოსთა უფლისწულს, დავით სოსლანს მიიჩნევდა. ქართულ ისტორიოგრაფიაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი ოსეთში დამკვიდრებული ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი იყო. ეს შტო მომდინარეობს სრულიად საქართველოს მეფის გიორგი I-ისა და ალდე დედოფლისს ვაჟის დემეტრესგან. დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც, ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკური ბრძოლების გამო თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გადაიხვეწა[საჭიროებს წყაროს მითითებას]. მხითარ გოშის ცნობით, „თამარმა, გიორგი მეფის ასულმა, განიშორა პირველი ქმარი, რუსთა მეფის ძე და შეირთო სხვა ქმარი, ალანთა სამეფოდან, თავისი ნათესავი დედის მხრიდან, სახელით სოსლანი, რომელიც გამეფებისას დავითად იწოდა".[27]
თამარი დავით სოსლანთან ქორწინებას დათანხმდა. ამის შემდეგ, დიდებულები რუსუდან დედოფლისა და „გაზრდილი მისი" დავითის წამოსაყვანად ოსეთში გაემართნენ. ქორწილის მსვლელობას, რომლის გამართვაც დიდუბის სასახლეში („სანახებსა ტფილისისა") გადაწყდა, რუსუდანი ხელმძღვანელობდა. დღემდე მოღწეულია თამარის ქორწილისათვის მიძღვნილი ხალხური ლექსები[საჭიროებს წყაროს მითითებას].
ქორწინება 1187 (ან 1189) წელს მოხდა. ამიერიდან, მეფე თამარი და დავით სოსლანი ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებს შეთანხმებულად განაგებდნენ.
|