Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 30 » თავადი ვასილ ჯორჯაძე
4:23 PM
თავადი ვასილ ჯორჯაძე
სპეციალურ ღილაკზე თითს დააჭერ და მაგიდის უჯრებიდან ამოდის ტელეფონი ან საბეჭდი მანქანა, გააჩნია რომელი გჭირდება.

მაგიდის ორივე მხარეს მრგვალი, მბრუნავი თაროებია წიგნებისთვის. ტიხრებზე ანბანური რიგის მიხედვით ლითონის ასოებია მიმაგრებული. საინტერესო დიზაინია. დღეს ეს არავის უკვირს, თუმცა გასაკვირია რომ ეს ორიგინალური კარადა საუკუნენახევრისაა და დღესაც არსებობს. მისი ავტორი ვასილ ჯორჯაძეა. ეს სახელი და გვარი ძველისძველ გაზეთებში თუ შეგხვდებათ – პეტერბურგში, ოდესაში, კიევსა და თბილისში მინიჭებული ჰქონდა კავკასიის პირველი ველომრბოლელის წოდება. გაზეთში "ველოსიპედისტი” დაიბეჭდა ცნობა იმის შესახებ, რომ ვასილ ჯორჯაძემ მოაწყო ველორბოლა მარშრუტზე სტავროპოლი-ვლადიკავკაზი-ალავერდი და დაიმსახურა ოქროს თასი. გაზეთი იმასაც იუწყებოდა, რომ თავადმა ჯორჯაძემ სიხარულით მიიღო ჯილდო და მაშინვე გადაიხადა საფასური ველოსპორტის ასაღორძინებლად. ამ ველორბოლის ფინალის ამსახველი ფოტო პეტერბურგში ინახებოდა, ახლა შესულია წიგნში "ძველი თბილისი”. თბილისის ძველი ველოტრეკი (მდებარე ზუბალოვის მიწის ნაკვეთზე) სწორედ მან აღადგინა.

ის სპორტსმენი არ ყოფილა, არც დიზაინერი, პროფესიით ინჟინერი გახლდათ. 1856 წლის 29 თებერვალს დაბადებულა ყვარლის რაიონის სოფელ გრემში, განათლება კი, ვარშავაში მიუღია.

ჯერ კიევში დაამთავრა კადეტთა სასწავლებელი, შემდეგ – 1882 წელს, სამხედრო-საინჟინრო აკადემია. თავისი სპეციალობით რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მუშაობდა. თბილისშიც, ქუთაისშიც და ბაქოშიც უმსახურია. რუსეთ-თურქეთის ომშიც მიიღო მონაწილეობა და გამოჩენილი გმირობისთვის "წმინდა გიორგის რკინის ჯვრით” დაუჯილდოვებიათ. ტრიალ მინდვრებში სამხედრო დასახლებებს აშენებს, მშენებლობას ტუალეტების მოწყობით იწყებს. მუშებს ერთ მშენებლობაზე ქვიშას დააყრევინებს და წარწერას გააკეთებს – долой цивилизованный метод сальбаха (ეს უნიტაზის გამომგონებლის გვარია.) да здравстует вездесущий кошачий способ… მშენებლობაზე მას თავის თანაკურსელი შეცვლის, რომელიც ცნობს ჯორჯაძისეულ ხუმრობას და მიაწერს – узнаю друг, тебя по твоему изобретению…

სამხედრო სამსახურს სამოქალაქო საინჟინრო და დიზაინერულ საქმიანობასაც უთავსებს. მდინარე არაქსის ველზე, არაზდაიანის დაბლობზე დიდი არხის მშენებლობისას პირველი გამოიყენებს რკინა-ბეტონს. მოგვიანებით კი, როგორც რკინაბეტონის სამუშაოების სპეციალისტს თბილისის უნივერსიტეტის მშენებლობაზე მიიწვევენ. საძირკველისა და კომუნიკაციების გასაკეთებლად. უნივერსიტეტის ეზოში, პატარა ხის სახლს ააგებს, დროებით იქ დასახლდება და პროექტზე მუშაობას იწყებს. ხის პატარა სახლში ის უნივერსიტეტის მშენებლობისთვის შემოწირულობებს აგროვებს და ბანკში შეაქვს. ამავდროულად ის ხარჯთაღიცხვის პასუხისმგებელი პირიცაა. უნივერსიტეტის მშენებლობისას ის არამარტო ინჟინერია, არამედ არქიტექტორ-მხატვარიც. შესწორება შეაქვს შენობის ფასადის გაფორმებაში. პროექტით გათვალისწინებულია წიგნით ხელში წამოწოლილი მოსწავლის ქანდაკებები. ამ ჩანაფიქრს მთლიანად ცვლის ამჟამად არსებული გლობუსებით.



1907 წელს პირველად შემოაქვს რკინაბეტონის ასაწყობი კონსტრუქციები (თხელი კედლები ტიხრებისთვის და ღობეებისთვის). ფრანგული ენის ცოდნაც ეხმარება რომ უფრო ღრმად და დეტალურად გაიცნოს ტექნიკის ეს სიახლე. (ვარაზის ხევში ჩამავალი რკინა-ბეტონის მილიც მის მიერაა დაგეგმილი.)

მოგვიანებით, თავის მამულში მიდის საცხოვრებლად. ყველაზე დიდი გატაცება მისთვის დიზაინია. მუშაობს ხეზე. გრემში ევროპული სტილის სახლს ააშენებს. ინტერიერს თავისებურად მოაწყობს. საძინებელ ოთახში დიდი სარკე სააბაზანოში გასასვლელი კარების ფუნქციას ასრულებს. რკინაბეტონის კიბის საფეხურებს კი თავები ეხსნებათ და სათავსოებად გამოიყენება. ტერასებზე სხადასხვა ჯიშის ყვავილებს ახარებს და უვლის… საღამოობით ყვავილები ნათურებით ნათდება… აქ სტუმრობა ყველას მოსწონს და უყვარს. ის განსაკუთრებული მასპინძელია, ეს ყველამ იცის. მისი დიზაინი ყოველთვის მოსახერხებელი, ორიგინალური და კომფორტულია, ისევე, როგორც თავად ავტორი. არტისტული ბუნების, მომხიბვლელი, კარგი თამადა, მუსიკალური ნიჭითაც გამოირჩევა. კარგი მონადირე, ქალების მოყვარული და ბანქოს მოთამაშეც. თბილისში საპიორების ქუჩაზე ორსართულიანი სახლის სადარბაზოს ამშვენებს წარწერა "თავადი ვ. ჯორჯაძე”. სწორედ ამ სახლს წააგებს ბანქოში და თავის საყვარელ, ერთგულ მონადირე ძაღლსაც, ბოის. მოგვიანებით ძაღლს დაიბრუნებს, სახლს – ვერა. თუმცა მალე იმავე ქუჩაზე ახალ სახლს შეიძენს. გრემში ყველას უყვარს, გლეხებთან საჩუქრებით ჩადის, არავინ ავიწყდება. უკვე გამოჩენილი ინჟინრის სახელი და ავტორიტეტი აქვს მოპოვებული. მალე მის მიერ შექმნილ წიგნის მოძრავ თაროებს, რომელსაც თავის სამუშაო კაბინეტისთვის შექმნის, დამკვეთები გამოუჩნდება. სრულ დიზაინურ პროექტს აგზავნის იაპონიაში, რუმინეთში, პოლონეთში. ამ პროექტით მოგვიანებით კვალს დატოვებს ქართული დიზაინის ისტორიაში. საღამოობით, როცა სტუმარი არ ჰყავს, თავის საწერ მაგიდასთან ზის, საბეჭდ მანქანაზე დილამდე ბეჭდავს. პრესაში ბუნების საკითხებს აშუქებს. სტატიებში ზუსტად აღწერს ბუნებასთან ბარბაროსული დამოკიდებულებით მიღებულ ზარალს, ტყის განუკითხავ გაჩანაგებას, დაუზოგავ ჩეხვას.



პირველი მეუღლე, ანასტასია ჯანდიერია. მისგან 5 შვილი ჰყავს – ორი ქალიშვილი და სამი ვაჟი. მეორედ, 52 წლის ასაკში ესაც 18 წლის მარიამ დარჩიას შეირთავს. დიდი ასაკობრივი განსხვავების მიუხედავად, მარიამი ზრუნვას და მოვლას არ დააკლებს მეუღლეს და მძიმე ავადმყოფობის დროსაც არ შორდება მის სარეცელს.

ვასილ ჯორჯაძე 1927 წელს 71 წლის ასაკში, ბრონქიალური ასთმით გარდაიცვალა. მისი საფლავი გრემის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის შესასვლელთანაა. მეორე ქორწინებიდან ვაჟი ჰყავდა, პავლე ჯორჯაძე. სწორედ პავლე ჯორჯაძის მეუღლესთან, ქეთევან ოსეფაიშვილ-ჯორჯაძესთან ვარ სტუმრად სახლში. ეს მბრუნავი კარადაც ამ სახლში ინახება. ქალბატონ ქეთევანს ყველა ფოტო შენახული აქვს. ძველისძველი გაზეთები, ჟურნალები… ყველაფერი ერთად აქვს თავმოყრილი. ძველ გაზეთებთან და ფოტოებთან ვასილ ჯორჯაძის (პირველი ქორწინებიდან, ანასტასია ჯანდიერის) შვილიშვილის, მაია თოფურიძის წიგნიც დევს – "არათანმიმდევრული მოგონებები.” ჩემს მასპინძელს, ქალბატონ ქეთევანს ვასილ ჯორჯაძე მამამთილად ეკუთვნოდა. ქალბატონი ქეთევანი 87 წლისაა. ის დღესაც მუშაობს საქრთველოს გეოგრაფიის საზოგადოების სწავლული მდივნის თანამდებობაზე. მას სამი შვილი ჰყავს – გიორგი, ვასილი და მაკა. ჰყავს შვილთაშვილებიც. ქალბატონი ქეთევანი სიყვარულით და სითბოთი ყვება ვასილ ჯორჯაძეზე. დედამთილის (მარიამ დარჩიას) მოყოლილი ამბებიდან: მახსოვს, ჩემი დედამთილი მიყვებოდა, ვასილს ერთგული ძაღლი ჰყოლია. მისი სიკვდილის წინ ძაღლი მეორე სართულზე ასულა, დაუყმუვლია და სახლიდან წასულა, მას მერე არ გამოჩენილაო… ეს სუკუნენახევრის წინ მოხდა.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 918 | დაამატა: balu | ტეგები: თავადი ვასილ ჯორჯაძე | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.