Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 30 » წმიდა ცეცხლი გადმოსვლა
4:03 PM
წმიდა ცეცხლი გადმოსვლა
ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს იერუსალიმის აღდგომის ტაძარში მაცხოვრის საფლავზე წმიდა ცეცხლის გადმოსვლა საკვირველი მტკიცებაა მართმადიდებლური სარწმუნოების სწავლების ჭეშმარიტებისა და დიდებულებისა.

ამ სასწაულის სანახავად და მაცხოვრის საფლავის თაყვანსაცემად იერუსალიმში მომლოცველები მრავალი ქვეყნიდან ჩადიან და მოუთმენლად ელიან ამ უდიდესი სასწაულის კვლავ განმეორებას. აღდგომის ტაძარში მორწმუნეები წინა დღეს, წითელ პარასკევს იკრიბებიან, ისინი მთელ ღამეს ლოცვაში ატარებენ, სანთლებს კონებად კრავენ, კონაში 33 სანთელი იკვრება, რაც, სიმბოლურად, ქრისტეს მიწიერი ცხოვრების წლებთან არის დაკავშირებული და ასე ელიან სასწაულის აღსრულებას. მას შემდეგ, რაც მაცხოვრის საფლავს ტრადიციისამებრ კუსტოდიით ლუქის, ან ცვილის ბეჭდით დალუქავენ, აღდგომის ტაძარში ხმაურითა და დაფდაფებით ერთმანეთის მხარეზე შემომსხდარი ახალგაზრდა არაბი მართლმადიდებლები შეიჭრებიან და ლოცვას აღავლენენ, რათა უფალმა ღვთაებრივი ცეცხლი გარდმოავლინოს მაცხოვრის საფლავზე. არაბები აუცილებლად უნდა მონაწილეობდნენ ამ საიდუმლოში. „ხმაურიანი" ლოცვა-ვედრება, ღვთისმსახურების ასეთი ფორმა ამჟამად უჩვეულოდ გვეჩვენება, მაგრამ ის უახლოვდება უფლის რწმენის მიმართ უძველეს, ყველაზე არქაულ ბიბლიურ დამოკიდებულებას. არაბებმა დღემდე შეინარჩუნეს ძველი აღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი. ბრიტანეთის ბატონების წლებში ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა აეკრძალა ეს „ველური" როკვა, მაგრამ ცეცხლი არ გადმოვიდა, სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით ტაძარში არაბმა მართლმადიდებლებმა ლოცვა არ აღავლინეს. ლიტანიობა იერუსალიმის საპატრიარქოს ეზოდან იწყება. პროცესია წმიდა იაკობის ტაძრის გავლით აღდგომის ტაძრის საკურთხევლისკენ მიემართება და მას შემდეგ, რაც არაბები ტაძარს მოილოცავენ და დადუმდებიან, ტაძარში სამხრეთის კარიბჭით შემოდის უნეტარესი პატრიარქი იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა. რამდენიმე წუთის შემდეგ საკურთხეველში მას მიჰყვებიან სომეხი, კოპტი და სირიელი სასულიერო პირები და ტრადიციული პატივისცემის ნიშნად მიეახლებიან და ხელებზე ემთხვევიან. შემდეგ ლიტანიობა საკურთხევლიდან იწყება. მსვლელობას წინ მიუძღვიან მებაირაღეები 12 ბაირაღით, მას სტიქაროსნები და მგალობლები მიჰყვებიან. შემდეგ მოსდევს იპოდიაკონი, რომელიც საპატრიარქო ჯვარს მიაბრძანებს და სხვა სასულიერო პირები. პროცესიას თავად უნეტარესი პატრიარქი მიჰყვება. მსვლელობა ჯერ აღდგომის ტაძარს შემოუვლის გალობით, შემდეგ სამგზის კუვუკლიას და ჩერდება მაცხოვრის საფლავის შესასვლელთან.

კუვუკლიაში შესვლის წინ პატრიარქი განიმოსება, განიძარცვავს სადღესასწაულო შესამოსელს და კვართითღა რჩება. უძველესი დროიდან მოყოლებული, პატრიარქს კუვუკლიაში შესვლის წინ გულმოდგინედ ჩხრეკენ, რათა არაფერი შეიტანოს ისეთი, რითაც სანთლის ანთება შეიძლება. მასთან ერთად კუვუკლიაში შესვლა შეუძლია მონოფიზიტ მღვდელმთავარსაც, მაგრამ მას მხოლოდ ანგელოზის ეკვდერში დგომის უფლება აქვს.

ჩვენი სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე ისიც მეტყველებს, რომ წმიდა ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე გადმოდის მაშინაც კი, როდესაც გვერდით სომხების, კათოლიკებისა და კოპტების კანდელებიც დგას.

ერთხელ სომეხ მონოფიზიტებს პირველობის პრეტენზია გაუჩნდათ. მათ მოისყიდეს თურქი ჯარისკაცები, კუვუკლიაში ადრე შევიდნენ, კარი გადარაზეს და მართლმადიდებელი პატრიარქი შიგნით არ შეუშვეს. სომხები დიდხანს ელოდნენ სასწაულს, მაგრამ მადლმოსილი ცეცხლი არა და არ გადმოდიოდა. მართლმადიდებელი პატრიარქი მრევლითურთ ცრემლნარევი ლოცვით დაემხო დახშული კარის წინ. და იმ დროს, როდესაც ტაძარში ჩაკეტილი სომხები უფლის ნიშანს ელოდნენ, მოწმენდილ ცაზე დაიქუხა, ტაძრის მარმარილოს სვეტი გაიბზარა, მასზე გაჩენილი ნაპრალიდან ცეცხლი გადმოვიდა და მართლმადიდებელი პატრიარქის სანთლები აანთო.

იერუსალიმის ერთ-ერთი პატრიარქი ასე აღგვიწერს ცეცხლის გადმოსვლას:

„შევედი ანგელოზის ეკვდერში. კარი ჩემს უკან დაიხშო. ქვაბულში ბნელოდა. მკრთალი სინათლე ძლივს აღწევდა წმიდა საფლავის როტონდის ორი ხვრელიდან, ხოლო მაცხოვრის საფლავის ეკვდერში ვეღარც კი ვარჩევდი, რა მეჭირა ხელში – ლოცვანი თუ სხვა რამ. სიბნელეში ძლივს მოჩანდა მოთეთრო საგანი. მაცხოვრის საფლავის მარმარილოს თეთრი ფილა უნდა ყოფილიყო. როდესაც ლოცვანი გადავშალე, გაკვირვებული დავრჩი – გაუჭირვებლად შემეძლო კითხვა… უაღრესი სულიერი მღელვარებით წავიკითხე სამი-ოთხი სტრიქონი და ისევ მაცხოვრის საფლავს შევხედე. ფილა სულ უფრო და უფრო ნათდებოდა. უკვე აშკარად ვხედავდი მის კიდეებს. უცებ დავინახე საუცხოო ფერებად მოელვარე მძივის მარცვლებივით მიმობნეული „მარგალიტები". ფილა უკვე ძლიერ ნათელს გამოსცემდა.
გაოგნებულმა ბამბით შევაგროვე ეს მარგალიტები, რომლებიც ზეთის წვეთებივით ეკვროდა ერთმანეთს. ბამბიდან რაღაც უცნაური სითბო ვიგრძენი. მივუახლოვე სანთელს. პატრუქი დენთივით აბრიალდა, სანთელი აინთო. მისმა ნათებამ აღდგომის სამი ხატი გამოანათა. აქვე დამყურებდა ღვთისმშობლის სათნო სახე. მაცხოვრის საფლავთან ყველა კანდელი განათდა".

ვიდრე კუვუკლიიდან თავად პატრიარქი გამოჩნდება, სანთლის დამტარებელი იპოდიაკვნები, რომლებმაც მიიღეს მადლმოსილი ცეცხლი, ანგელოზის ეკვდერის სარკმლიდან სწრაფად მოატარებენ მას მთელ ტაძარში. მადლი გარდამოედინება, ცეცხლის ზღვა აღდგომის ტაძარს და არემარეს ეფინება.

მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი თბილია, სასიამოვნო და ასევე, მისი ღვთაებრივი ნიშანია, რომ გარდამოსვლიდან 10-15 წუთის მანძილზე ცეცხლი არ წვავს, ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში მორწმუნეები მას თავსა და პირზე იტარებენ, რათა საკუთარ თავზე შეიგრძნონ ეს უდიდესი სასწაული.

მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლას ესწრება უამრავი ჩვენი თანამემამულე. უკვე რამდენიმე წელია ყოველ აღდგომის დღესასწაულზე წმიდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში ჩვენი ქვეყნიდან სპეციალური დელეგაციაც ჩადის, რომელშიც არიან საერო და სასულიერო პირები. აღდგომის ღამეს ღვთიურ ცეცხლს თბილისში მოაბრძანებენ და იგი სააღდგომო ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში ვრცელდება.
კატეგორია: რელიგია | ნანახია: 844 | დაამატა: balu | ტეგები: წმიდა ცეცხლი გადმოსვლა | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.