6:49 PM უკვდავნი და უკვდავი ვამპირები | |
მიმოხილვას ქართული ფილმით დავიწყებთ – 17 ნოემბერს ეკრანებზე ღამის შოუს სტუდიის ახალი კინოპროექტის, "სიყვარულის ბალადის” პრემიერა იგეგმება. ფილმის რეჟისორი ირაკლი კაკაბაძე გახლავთ, ხოლო მთავარ როლებს "შუა ქალაქის”, "გოგონა გარეუბნიდან” და ამ სტუდიის სხვა პროექტების, მაყურებლისთვის კარგად ნაცნობი მსახიობები ასრულებენ: რუსკა მაყაშვილი, გიორგი ვარსდოსანიძე, ბაჩო ქაჯაია, კახა კინწურაშვილი და სხვები. ფილმი რომანტიკული კომედიის ჟანრს განეკუთვნება და, როგორც ამბობენ, ძალიან სასაცილოცაა. ფილმისთვის საუნდტრეკი ჯგუფმა "თავისუფალმა” დაწერა და თუ ამ ჯგუფის მუსიკის თავისებურებას გავითვალისწინებთ, წინ მართლაც ლაღი და მსუბუქი სანახაობა და ხმოვანი ბილიკი გველის. პატარა მაყურებლისთვის ყველაზე საინტერესო ალბათ დღევანდელი დღე იქნება, რადგან დღეიდან ეკრანებზე სამგანზომილებიანი "ჩექმებიანი კატა” გამოდის. საუბარი სწორედ შრეკის მეგობარ კატაზეა, აწყლიანებული მრგვალი თვალებით რომ ცდილობდა შრეკისთვის თავის შეცოდებას, სინამდვილეში კი დიდი ოხერი ვინმე გახლდათ. ჩექმებიანი კატის შესახებ ცალკე ფილმის გადაღებაზე ჯერ კიდევ "შრეკის” მეორე ნაწილის გამოსვლის შემდეგ ალაპარაკდნენ, თუმცა პროექტი დროში მხოლოდ იმ მიზეზით გაიწელა, რომ ვერ ხერხდებოდა ბავშვებისთვის და უფროსი მაყურებლისთვის ერთნაირად მოსაწონი სცენარის შერჩევა. ვისაც "ჩექმებიანი კატის” ტრეილერი უნახავს, დაგვეთანხმება, ამ რამდენიმეწუთიან კოლაჟშიც იგრძნობა, რომ ფილმი ძალიან სასაცილო და თავბრუდამხვევია, ხოლო ანტონიო ბანდერასისა და სელმა ჰიეკის მიერ გახმოვანებული კატების დუეტი უკვე აღიარეს წლის ერთ-ერთ საუკეთესო კინოწყვილად. ვიდრე ბავშვები ჩემქებიანი კატის თავგადასავლით გაერთობიან, კომედიის მოყვარულებს შეუძლიათ, რვა წლის წინ გადაღებული "ჯონი ინგლიშის” მეორე ნაწილს ადევნონ თვალი. როუენ ატკინსონის გმირი ტიბეტის ბუდისტურ მონასტერშია გახიზნული, სადაც ბერებისგან აღმოსავლურ სიბრძნესა და საბრძოლო ხელოვნებას სწავლობს. ერთი შეხედვით, მან ძველ საქმიანობას თავი დაანება, თუმცა შინაგანად კვლავ საიდუმლო აგენტია, რაც ნიშნავს, რომ სამშობლოს, დიდ ბრიტანეთს სჭირდება, რომლის დაცვაც ზოგჯერ მხოლოდ ჯონი ინგლიშის მსგავს სუპერადამიანებს შეუძლიათ. 24 ნოემბერს კი "ბინდის” თაყვანისმცემლები გაიხარებენ, რადგან ამ დღეს გაქირავებაში გამოდის "ბინდი: განთიადი – ნაწილი 1″, ანუ მომავალ წელს მეორე ნაწილსაც უნდა ველოდოთ და თუ ამასობაში სტეფანი მეიერი კიდევ დაწერს გაგრძელებას, ეს ნიშნავს, რომ ამ ისტორიას თავს ვერასდროს დავაღწევთ!.. თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ "ბინდის” ფრენჩაიზი მოზარდ მკითხველსა და მაყურებელში უზომოდ პოპულარულია, რაც ნიშნავს, რომ აღნიშნულ ფილმს ქართულ გაქირავებაშიც ბევრი მაყურებელი ეყოლება. და რა ხდება "განთიადის” პირველ ნაწილში: პრაქტიკულად ისევ იგივე – ბელა კვლავ ადამიანია, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მისი მარადიული ქალწულობა დასრულდა, ის ედვარდს გაჰყვა ცოლად და ბავშვსაც ელოდება. ამის შესახებ მგელი ჯეიკობი და მისი ხროვის დანარჩენი წევრებიც შეიტყობენ, რომლებიც ბავშვში დიდ საფრთხეს ხედავენ და მის მოკვლას გადაწყვეტენ, რასაც ჯეიკობი ეწინააღმდეგება და კალენების ოჯახის დაცვას განიზრახავს. მერე ბელა მშობიარობს, მერე ედვარდი მას ვამპირად აქცევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ… მოკლედ ეს ყველაფერი 24 ნოემბრიდან ნახეთ. დაბოლოს, ნოემბრის ალბათ ყველაზე საინტერესო პრემიერის შესახებ: 10 ნოემბერს ეკრანებზე ტარსემ სინჰის "უკვდავნი” გამოდის. ვინც ამ რეჟისორის დანარჩენ ფილმებს (The Fall, The Cell) იცნობს, ალბათ დაგვეთანხმება, რომ წინ ვიზუალურად დახვეწილი, იდუმალი და რეალობასა და სიზმარს შორის არსებული სანახაობა გველის. აქ შეგვიძლია, ფილმის უკვე გავრცელებული ტრეილერები და კადრებიც მოვიშველიოთ, რომლებიც ადასტურებს, რომ ტარსემ სინჰი საკუთარ სტილს ამჯერადაც არ ღალატობს, თუმცა სრულიად განსხვავებული ფერებითა და ესთეტიკით გამოხატავს. "უკვდავნი” თეზევსის (ჰენრი კავილი, სუპერმენის როლის ახალი შემსრულებელი ზაკ სნაიდერის "ფოლადის ადამიანში”) ისტორიის ეკრანიზაცია გახლავთ: მეფე ჰიპერიონი (მიკი რურკი) ადამიანების განადგურებასა და ღმერთების დაცემას განიზრახავს, რისთვისაც ტიტანებს ათასწლოვანი ძილისგან ათავისუფლებს და საკუთარ არმიასთან აერთიანებს. ჰიპერიონს თეზევსი და ღმერთები ერთად უპირისპირდებიან და მასშტაბური დაპირისპირებაც იწყება, რასაც ტარსემ სინჰი იმდენად ლამაზად აღწერს, გირჩევთ, ეს ფილმი არ გამოტოვოთ. წყარო: 24saati.ge | |
|