Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 30 » ვარლამ ჩერქეზიშვილი
4:20 PM
ვარლამ ჩერქეზიშვილი
მიმდინარე წელს შესრულდა გამოჩენილი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, ვარლამ ჩერქეზიშვილის დაბადებიდან 165 წლისთავი.

ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გამოსცა ვ. ჩერქეზიშვილის თხზულებათა პირველი ტომი. დღეს, 25 ნოემბერს 14 საათზე აკადემიაში შედგება აღნიშნული მოვლენებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია.

1921 წლის თებერვლის დღეებში, როცა საქართველოს დედაქალაქს ბოლშევიკური რუსეთის XI არმია უტევდა, თბილისელებმა კოჯრის გზაზე შენიშნეს მოხუცი კაცი, რომელსაც შაშხანა გაედო მხარზე და ფრონტისკენ მიეშურებოდა. ეს კაცი გახლდათ 75 წლის ვარლამ ჩერქეზიშვილი, რომელიც იმ სამშობლოს დამოუკიდებლობის დასაცავად მიეშურებოდა, რომლის აღდგენასაც მან თითქმის მთელი სიცოცხლე მოახმარა.

მსოფლიოს, ევროპისა და რუსეთის პოლიტიკური სამყაროსათვის ვარლამ ჩერქეზიშვილი უპირველეს ყოვლისა, ცნობილი იყო, როგორც საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე და ლიდერთაგანი. პეტრე კროპოტკინთან, ელიზე რეკლიუსთან, ჯეიმს გილიომთან და სხვებთან ერთად იგი მიეკუთვნებოდა მსოფლიო ანარქიზმის ელიტას. ვარლამ ჩერქეზიშვილის, ან როგორც მას უფრო იცნობდნენ – "ჩერქეზოვის” ხელმძღვანელობით ეწყობოდა ანარქისტული ინტერნაციონალის საერთაშორისო კონგრესები, კონფერენციები; არსდებოდა ჟურნალ-გაზეთები და გამოცემები; ქართველი მოღვაწის ნაწერები ხშირად ქვეყნდებოდა მსოფლიოს მრავალ ენაზე, მათგან განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ორი ნაშრომი: "ფურცლები სოციალიზმის ისტორიიდან” და "ინტერნაციონალის წინამორბედები”. ეს წიგნები თავდაპირველად 1896 წელს პარიზში და 1899 წელს ბრიუსელში გამოქვეყნდა, ფრანგულად, ხოლო შემდეგ სწრაფად ითარგმნა ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ, რუსულ, აგრეთვე: ჩინურ და იაპონურ ენებზე.

ბუნებრივია, განთქმული ქართველი პოლიტიკური მოღვაწის სახელი კარგად იცოდნენ 1900-იანი წლების საქართველოშიც. ჩვენთვის საინტერესოა ჩერქეზიშვილის დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოსადმი და ზოგადად – ქართული პოლიტიკური პრობლემებისადმი – მას ღრმად სწამდა, რომ ქართველი ხალხისათვის უპირველესი საზრუნავი, არა რომელიმე სოციალური იდეა, არამედ – ეროვნული თავისუფლება და სახელმწიფოებრივი აღდგენა იყო.

ვარლამ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი 1846 წლის 15 სექტემბერს, კახეთში, სოფ. თოხლიაურში დაიბადა. 1866 წელს იგი შევიდა მოსკოვის პეტროვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემიაში. სწავლის პერიოდში ჩერქეზიშვილი დაუახლოვდა მოსკოვის ახალგაზრდობის რადიკალურ წრეებს, რომლებსაც მონარქიის მოსპობა და რუსეთის სოციალური გარდაქმნა სურდათ. იგი აქტიურად მონაწილეობდა იშუტინ-კარაკოზოვის საიდუმლო რევოლუციურ ორგანიზაციაში, რისთვისაც 1866 წლის აპრილში დააპატიმრეს, გაასამართლეს და 8 თვის პატიმრობა მიუსაჯეს.

სასჯელის მოხდის შემდეგ ახალგაზრდა "თავადი ჩერქეზოვი” უფრო ენთუზიაზმით ებმება რადიკალური ახალგაზრდების ანტისახელწიფოებრივ საქმიანობაში. 1869 წელს ის ხდება ცნობილი სერგეი ნეჩაევის რევოლუციური ორგანიზაციის "ნაროდნაია რასპრავას” აქტიური წევრი. შედეგმა არც ახლა დააყოვნა. 1869 წლის დეკემბერში ნეჩაევის ორგანიზაციას იმპერატორის სპეცსამსახურებმა მიაგნეს. 1871 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილი ნეჩაეველთა გახმაურებულ პროცესზე გაასამართლეს და 5 წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. იგი ჯერ ტიუმენში გააგზავნეს ეტაპით, ხოლო შემდეგ ტომსკში გადაასახლეს. ხუთწლიანი გადასახლების ვადა ჩერქეზიშვილს 1876 წელს უმთავრდებოდა და ამის შემდეგ შეეძლო ჩვეულებრივ სამოქალაქო ცხოვრებას შედგომოდა. მაგრამ როგორც ჩანს, რუსეთის თვითმპყრობელობასთან შერიგება არ შედიოდა ახალგაზრდა ქართველი თავადის გეგმებში. იმის მაგივრად, რომ მცირე ხანს ბოლომდე მოეხადა სასჯელი – 1876 წლის 20 იანვარს ვარლამ ჩერქეზიშვილი ციმბირის გადასახლებიდან გაიქცა.

იმავე წლის გაზაფხულზე ვარლამ ჩერქეზიშვილი დონდონში ჩავიდა. აქედან დაიწყო მისი ხანგრძლივი ემიგრანტული ცხოვრება, რომელიც პრაქტიკულად მისი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდებოდა.

1877 წელს ჩერქეზიშვილი შევიდა ანარქისტული ინტერნაციონალის შემადგენლობაში და გახდა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი აქტიური მოღვაწე. 1879 წელს – ვარლამ ჩერქეზიშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ევროპაში პირველი ანარქისტული გაზეთის "ლა რევოლტეს” გამოცემაში, პეტრე კროპოტკინთან ერთად. როგორც ანარქიზმის ისტორიკოსები აღნიშნავენ, ამ დროს დაიწყო მსოფლიო ანარქიზმის მთავარი იდეოლოგის კროპოტკინისა და ჩერქეზიშვილის დიდი მეგობრობა, ჟურნალში, რომელმაც "ასეთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ანარქიზმის თვითგამორკვევაში” (ბ. ნიკოლაევსკი, მ. ნეტლაუ).

1882 წელს ლიონში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ დაიწყო ყველაზე ცნობილი ევროპელი ანარქისტების დევნა საფრანგეთში, შვეიცარიაში და სხვა ქვეყნებში. დაპატიმრებულნი აღმოჩნდნენ პეტრე კროპოტკინი, ლუიზა მიშელი, სხვანი. ისინი გაასამართლეს ცნობილი ლიონის პროცესზე, რომელზეც თურმე ხშირად "ფიგურირებდა ჩერქეზიშვილის სახელიც” (ვ.ვ. კომინი). თვით ჩერქეზიშვილმა შვეიცარიიდან მიმალვა მოასწრო. ამ პერიოდიდან თითქმის 6 წლის მანძილზე ჩერქეზიშვილი უკვალოდ გადაიკარგა და სხვა სახელით იმალებოდა, ზოგიერთი ცნობით, "აღმოსავლეთ ევროპისა და აზიის ქვეყნებში”.

1888 წლიდან ვარლამ ჩერქეზიშვილი, ხანგრძლივი ხეტიალისა და გაუჩინარების შემდეგ, იღებს მიწვევას თავისი უახლოესი მეგობრისა და თანამებრძოლის პეტრე კრიპოტკინისაგან და სახლდება ლონდონში. ამიერიდან ისინი კვლავ უბრუნდებიან საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის წარმართვის პროცესს, რომელშიც ჩერქეზიშვილი უფრო პრაქტიკოსი-ორგანიზატორის როლს ასრულებს.

ვ. ჩერქეზიშვილის უაღრესად ენერგიული და ავტორიტეტული მოღვაწეობა საერთაშორისო ანარქიზმის სარბიელზე გრძელდება შემდგომშიც და იმდენად მრავალფეროვანია, რომ დიდ კვლევას მოითხოვს, განსაკუთრებით დასავლურ-ევროპულ პრესაში და სიძველეთსაცავებში. დღევანდელი სასაუბრო სხვა თემაა – ის რომ ჩერქეზიშვილის ანარქისტულ საქმიანობას მხოლოდ ერთი სფერო, ერთი საზრუნავი და ერთი პრობლემა ზღუდავს, წყვეტს და ენაცვლება – ესაა საკუთარი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პრობლემა – ეროვნული თავისუფლება.

ვარლამ ჩერქეზიშვილმა ემიგრაციაში ჩასვლის პირველივე წლიდანვე დაიწყო საქართველოს შესახებ წერა ჯერ რუსულ, ხოლო შემდგომში ევროპულ პრესაში. 1876 წლის შემოდგომაზე ჟურნალ "ვპერიოდში” ქართველი პუბლიცისტი აქვეყნებს ინფორმაციებს, სვანეთში გლეხთა გამოსვლებისა და იქ მიმდინარე რეპრესიების შესახებ. 1878 წელს მისი ინფორმაციები საქართველოს შესახებ ქვეყნდება მეორე რუსულენოვან ჟურნალ "ობშჩინაში”, რომელიც ჟენევაში გამოდის. 1882 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილმა ჟენევაში, რუსულ ენაზე გამოაქვეყნა თავისი პირველი წიგნი სახელწოდებით: "გადიაჩელი დრაგომანოვი რუს სოციალისტებთან ბრძოლაში”. ეს წიგნი იმით იყო საინტერესო, რომ ქართველმა ავტორმა, პირველად რუსეთის იმპერიის გამანთავისუფლებელ მოძრაობაში, სპეციალურად გაამახვილა ყურადღება ეროვნულ საკითხზე. მან დაიცვა იმპერიის დაპყრობილი ხალხების, მათ შორის ქართველი ხალხის უფლება – აღედგინა საკუთარი სახელმწიფოებრიობა.

ლონდონში დასახლების შემდეგ ვ. ჩერქეზიშვილი იწყებს ინგლისურ პრესა-პერიოდიკაში საქართველოს შესახებ წერილების გამოქვეყნებას. მისი პირველი წერილი, გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების დარღვევის შესახებ ქვეყნდება 1888 წელს, ცნობილ ინგლისურ ჟურნალ "ტაიმში”. 1895 წელს, ერთ-ერთ პრესტიჟულ ბრიტანულ ჟურნალში: "მეცხრამეტე საუკუნე” ("Nineteenth century) დაიბეჭდა მისი ვრცელი წერილი: "საქართველოს ხელშეკრულებები რუსეთთან” (Georgian Treaties with Russia).

1998 წელს ლონდონში არსებულ-მოქმედი რუსული თავისუფალი პრესის ფონდის მიერ გამოცემული ე.წ. "მფრინავი ფურცლების” 42-ე ნომერში, იმპერიის აგენტურის ინფორმაციის მიხედვით, გამოქვეყნდა ჩერქეზიშვილის სტატია: "წერილი საქართველოს შესახებ”. რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი საქართველოს მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის და მისი პოლიტიკური თავისუფლების აუცილებლობის შესახებ გამოქვეყნებული ჩერქეზიშვილის წერილები, მრავლადაა მიმობნეული ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა-ენოვან ევროპულ და ამერიკულ პრესაში. ამ პროდუქტიულ მემკვიდრეობას მოძიება უნდა და მას კარგად იცნობდა მაშინდელი ქართველი საზოგადოება. ამიტომაც წერდა არჩილ ჯორჯაძე: XIX საუკუნის მანძილზე ევროპულმა საზოგადოებამ არაფერი არ იცოდა საქართველოს შესახებ, "ისევ საზღვარგარეთ, ინგლისურ პრესაში თუ იწერებოდა განმარტოებულ და გარიყულ ემიგრანტ ვარლამ ჩერქეზიშვილის მიერ”.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ქართველი პატრიოტ-ანარქისტის წერილებმა და რამდენიმე წიგნმა, ევროპულ საზოგადოებას გააცნო საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა და საფუძველი მოუმზადა ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის საკითხის დასმას დასავლეთის პოლიტიკური წრეების წინაშე. სულ ბოლოს, 1919 წელს, მაშინ როცა საფრანგეთის დედაქალაქში მიმდინარეობდა ცნობილი სამშვიდობო კონფერენცია, პარიზში გამოქვეყნდა ვარლამ ჩერქეზიშვილის წიგნი ინგლისურ ენაზე: "საქართველო. მისი ტრადიციები და პოლიტიკური უფლებები”. გაუგონარი ამბავი ხდებოდა – ანარქიზმის ერთ-ერთი საქვეყნოდ ცნობილი ბელადთაგანი, ყოველგვარი სახელმწიფოებრიობის უარმყოფელი – დასავლეთის პოლიტიკური ელიტის წინაშე გამოდიოდა, როგორც საკუთარი ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დამცველ-დამსაბუთებელი.

იმ მრავალი პატრიოტულ-პოლიტიკური აქციებიდან, რომელიც ვარლამ ჩერქეზიშვილის ხელით, მონაწილეობით თუ ინიციატივით განხორციელდა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია – საქართველოს პეტიციის წარდგენა ჰააგის კონფერენციაზე. ჯერ კიდევ საზღვარგარეთ გამოქვეყნებულ მრავალრიცხოვან წერილებში ვ. ჩერქეზიშვილმა წამოაყენა იდეა, რომ საქართველოს ჰქონდა ისტორიული უფლება სახელმწიფოებრიობის აღდგენისა. იგი ასაბუთებდა რომ 1783 წელს საქართველომ, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, გააფორმა ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასთან. გეორგიევსკის ტრაქტატის პირობით საქართველოს უნარჩუნდებოდა სახელმწიფოებრიობა. 1801 წელს რუსეთმა უკანონოდ გააუქმა ქართული სახელმწიფო და ამით დაარღვია საერთაშორისო სამართალი. ამიტომ ქართველ ხალხს ჰქონდა ისტირიული უფლება – საერთაშორისო სამართლის მხარდაჭერით – აღედგინა საკუთარი სახელმწიფოებრიობა და მას უნდა ებრძოლა ამ მიმართულებით.

ჩერქეზიშვილმა იცოდა, რომ ევროპელები დიდ ყურადღებას აქცევდნენ საერთაშორისო-სამარ-თლებრივ აქტებს. მან გადაწყვიტა საქართველოში მოემზადებინა სამართლებრივი დოკუმენტები, რომელსაც ხელს მოაწერდნენ ქვეყნის მოწინავე ყველა ფენის წარმომადგენლები და ეს დოკუმენტი გადაეცა ჰააგის სამშვიდობო კონფერენციისათვის, რომელიც 1907 წელს აგვისტოსათვის იყო დაგეგმილი. აქციის მიზანი იყო საერთაშორისო პოლიტიკური ელიტის წინაშე საქართველოს სახელმწიფოებრიობის საკითხის აქტუალიზაცია. ამ მიზნით ვარლამ ჩერქეზიშვილი 1906-1907 წლებში სამშობლოში ჩამოვიდა და ენერგიულ საქმიანობას შეუდგა.

ქართველი პატრიოტ-ანაექისტის ენერგიული საქმიანობის შედეგად მომზადდა ე. წ. "ქართველი ხალხის პეტიცია”, რომელსაც 2 000-ზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს. იგი გაეგზავნა და წარედგინა ჰააგის მეორე სამშვიდობო კონფერენციას. ეს იყო პირველი საერთო-ევროპული და საერთაშორისო ფორუმი, რომელზედაც მართალია არ განხილულა, მაგრამ დაისვა და ფართოდ გახმაურდა – საქართველოს ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენის პრობლემა. ქართველი ხალხის პეტიციამ მსოფლიო თანამეგობრობას გაახსენა და ცხადი გახადა ბევრისათვის, რომ 1801 წელს რუსეთის იმპერიამ საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევით, დაიპყრო საქართველო და უკანონოდ გააუქმა ქართული სახელმწიფო. როგორც თავად ჩერქეზიშვილი აღნიშნავდა: – "პირველად იყო რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა”.

ჰააგის კონფერენციაზე საქართველოს პეტიციის ორგანიზება და წარდგენა გახლდათ ვარლამ ჩერქეზიშვილის დიდი დამსახურება სამშობლოს წინაშე. ეს ის შემთხვევაა, როცა სამშობლო და ქართველი ხალხია ვალში, თავისი ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის ხსოვნის წინაშე.

1893 წლის 23 ივნისს, ილია ჭავჭავაძის "ივერიის” ფურცლებზე დაიბეჭდა ლონდონიდან გამოგზავნილი წერილი სათაურით: "ხვნა-თესვისა და მეურნეობის საკითხი ინგლისში”. წერილს ხელს აწერდა ვინმე "W. Vasiani”. ბევრმა რა თქმა უნდა არ იცოდა, რომ აღნიშნული ფსევდონიმით, "ივერიაში” წერილების გამოქვეყნება დაიწყო ლონდონში მცხოვრებმა ემიგრანტმა, მსოფლიოში სახელგანთქმულმა ანარქისტმა და რაც მთავარია – რუსეთის იმპერიის უპირველესმა მტერმა და მოძულემ ვარლამ ჩერქეზიშვილმა. ამ დღიდან, 1893-1902 წლებში, "ივერიაში” ქართველი ანარქისტის ასამდე წერილი, სტატია, ფელეტონი, სერიალები გაგრძელებებით და ა.შ. გამოქვეყნდა.

ბუნებრივია კითხვა დაისმება – ჩერქეზიშვილი რუსეთის თვითმპყრობელობის მიერ დევნილი და იმპერიისათვის ერთ-ერთ საშიშ მტრად იყო გამოცხადებული. რატომ დააყენა საკუთარი თავი და საკუთარი გაზეთი ილია ჭავჭავაძემ საფრთხის ქვეშ; რამ განაპირობა ილია ჭავჭავაძისა და ვარლამ ჩერქეზიშვილის – ამ ორი სრულიად განსხვავებული პიროვნების ურთიერთნდობა და რისკის შემცველი მეგობრობა. ხომ კარგადაა ცნობილი, რომ ილია არ სწყალობდა რევოლუციას და რევოლუციონერებს.

მიუხედავად ყველაფრისა, ილიამ მაინც, როგორც იტყვიან – გარისკა. მან მხარი დაუჭირა ვარლამ ჩერქეზიშვილის პროექტს, რომელიც ითვალისწინებდა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის ბრძოლაში, გეორგიევსკის ტრაქტატზე დაყრდნობით – ისტორიული უფლების ფაქტორის გამოყენებას, საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტების მხარდაჭერის მოპოვების გზით. მან იგრძნო რომ საქართველოს პოლიტიკური თავისუფლების საკითხის პოპულარიზაციაში ვარლამ ჩერქეზიშვილის საერთაშორისო ავტორიტეტს, დიდი სამსახურის გაწევა შეეძლო.

კიდევ იყო ერთი გარემოება, რამაც ილიას, ჩერქეზიშვილის "ივერიაში” თანამშრომლობა გადააწყვეტინა. ილია ჭავჭავაძე და დიდი ქართველი თერგდალეულები, საქართველოს ევროპეიზაციის პროპაგანდისტები იყვნენ. მათი ოცნება და მიზანი, სოციალურ-ეკონომიკურად, კულტურულა-ინტელექტუალურად და პოლიტიკურად – ევროპულ სისტემაზე გარდაქმნილი საქართველო გახლდათ. ვ. ჩერქეზიშვილის "ივერიის” მკითხველებისთვის უნდა გაეცნო ყველაფერი ევროპისა და განსაკუთრებით – ინგლისის შესახებ. და მართლაც, თუ მკითხველი ჩერქეზიშვილის ქართულ პრესაში გამოქვეყნებული წერილების თუნდაც სათაურებს გადაავლებს თვალს, აქ ყველაფერს ნახავს მაშინდელი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის, ინგლისის შესახებ – მის წერილებში საუბარია დიდი ბრიტანეთის ისტორიის, პოლიტიკური ცხოვრების, პარტიების, პარლამენტის, მოღვაწეების, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ფინანსების, ბიზნესის, კოლონიების, მწერლობის, მხატვრობის, ხელოვნების, ქალაქების, მოქალაქეების, გეოგრაფიის, კლიმატის და სხვათა შესახებ. ამ წერილებით ვარლამ ჩერქეზიშვილი გვევლინება, როგორც პირველხარისხოვანი ევროპეისტი პუბლიცისტი და პოპულარიზატორი, რომელსაც სურს თავისი სამშობლო იხილოს ისეთივე მდიდარი, დაწინაურებული, მშრომელი, დისციპლინირებული, შემოქმედი, მოაზროვნე, მშენებელი, კულტურული, თავისუფალი, დამოუკიდებელი და მომავალზე ორიენტირებული, როგორიც ინგლისი და ინგლისელები არიან. თავისუფალი და ევროპული საქართველო – აი რამ დააკავშირა და დაამეგობრა ილია ჭავჭავაძე და ვარლამ ჩერქეზიშვილი. მათს გეოგრაფიულად შორეულ და სულიერად ახლო ურთიერთობაზე მიგვითითებს ფრაგმენტი ილიას მეუღლის, ოლღა გურამიშვილის 1896 წლის 12 თებერვლის წერილიდან, მარჯორი უორდროპისადმი: "ვაზიანის” (ვ. ჩერქეზიშვილის – დ.შ.) კარგა ყოფნობამ გვასიამოვნა. მეტადრე კარგი იქნება მალე შეუდგეს "ივერიას” უგზავნოს ხოლმე თავისი წერილები. უკეთესი თანამშრომელთაგანი "ივერიას” ვინ ეყოლება”. (გურამ შარაძე – ბედნიერებისა და სათნოების საუნჯე. უორდროპები და საქართველო. თბ. 1984 გვ. 255).

იმის შესახებ უკვე ვწერდით, რომ სწორედ ვარლამ ჩერქეზიშვილმა გააცნო "ივერიის” მკითხველებს და საქართველოს მარჯორი უორდროპი და მისი ძმა ოლივერი (იხ. ჩვენი – აი ვინ იყო ქართველნო, ვარლამ ჩერქეზიშვილი! თბ. 2001, გვ. 187-190).

წინამდებარე კრებულის პირველ ტომში ვარლამ ჩერქეზიშვილის მხოლოდ "ივერიასა” და "ცნობის ფურცელში” დაბეჭდილ წერილებს ვაქვეყნებთ. ზოგიერთი მისი წერილი სხვა ქართულ გაზეთებშიცაა გაბნეული, მაგ. "დროებაში”, "სახალხო გაზეთში”, "ნობათში” და სხვ. ჩვენ აღარაფერს ვამბობთ ქართველი პატრიოტ-ანარქისტის მრავალრიცხოვან წერილებზე, რომელნიც დასავლეთ ევროპულ, რუსულ, ან სხვა ქვეყნების პრესაშია გაფანტული და თავის მკვლევარ-შემკრებელ-გამომცემელს ელოდება.

დღევანდელი ქართველი მკითხველი, რომელიც ვარლამ ჩერქეზიშვილის პუბლიცისტურ მემკვიდრეობას გაეცნობა, აღმოაჩენს, რომ მას ბევრი რამ აკავშირებს 1890-1900-იანი წლების თავის წინაპარ მკითხველთან. ის თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველოს კონსტრუირება, რაც მაშინდელ ქართველობას ეოცნებებოდა და რაზედაც მას ინგლისში გადახვეწილი ქართველი ემიგრანტი მოუთხრობდა, – დღესაც, თანამედროვე ქართველი საზოგადოების უპირველესი საზრუნავია. ამ მხრივ და ამგვარი ასპექტით, ვარლამ ჩერქეზიშვილის "ინგლისურ” მემკვიდრეობას აქვს პოტენციალი, რომ XXI საუკუნის საქართველოსაც კეთილი სამსახური გაუწიოს.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 1007 | დაამატა: balu | ტეგები: ვარლამ ჩერქეზიშვილი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.