3:35 PM ვირი | |
ვირი (Asinus) — კენტჩლიქოსანი ძუძუმწოვრების ქვეგვარი ცხენისებრთა ოჯახისა. ცხენისაგან განსხვავებით, აქვს გრძელი ყურები, დიდი თავი, ვიწრო ჩლიქები, წვრილი კუდი, რომელიც მთავრდება გრძელი ბალნის ფუნჯით. გარეული ვირი გავრცელებულია აფრიკაში, წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში. მცირე ჯოგებად ბინადრობს უდაბნოებსა და ველებზე. იკვებება ბალახით. გვარში ერთი სახეობაა — აფრიკული გარეული ვირი (Equus (Aqinus) africanus), რომელიც გავრცელებულია სომალიში, ეთიოპიაში, ერიტრეაში. ვირის გვარი მეტად მცირერიცხოვანია. დედა ვირი წელიწადში ერთ ჩოჩორს იძლევა. სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-18 წელია. შინაური ვირის ჯიშის ორი ჯგუფი არსებობს: აფრიკისა და აზიის ადგილობრივი ტანმორჩილი (მ. შ. ყაზახური, შუა აზიისა და კავკასიური) და ტანადი ვირი (მ. შ. ჩინური, შანდურის ვირი); კულტურული ვირის ჯიშები, რომლებსაც ძირითადად იყენებენ, ჯორის გამოსაყვანად. ამ მხრივ მნიშვნელოვანია პუატუური (საფრანგეთი), კატალონიური (ესპანეთი) და ამერიკული ვირები. ვირს სასაპალნე და შესაბმელ პირუტყვად იყენებენ. განსაკუთრებით მთაგორიან ადგილებში და ბილიკებით სავალ გზებზე. ვირს საშუალოდ შეუძლია ზურგით 70-80 კგ-მდე ტვირთის გადატანა, საზიდრით კი — 2,5 ტ-მდე. ვირს სამუშაოდ 2 წლიდან იყენებენ. საქართველოში (კახეთში, მესხეთ-ჯავახეთში, აფხაზეთში) გავრცელებული ვირი ტანად პატარაა, სიმაღლით 95 სმ. მოვლა-კვების მიმართ ნაკლებმომთხოვნია, გამძლე და ამტანია, იშვიათად ავადდება. | |
|