6:51 PM აზია / azia | |
ბუნება აზიას გარს აკრავს ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანე, წყნარი ოკეანე და ინდოეთის ოკეანე თავისი გარე ზღვებით, აგრეთვე ატლანტის ოკეანის შიგა კონტინენტური ზღვები. აზიასა და ევროპას შორის საზღვრის ხაზის თაობაზე იხილეთ სტატია: ევროპა-აზიის საზღვარი. ჩრდილოეთ ამერიკისაგან გამოყოფილია ბერინგის სრუტით, ხოლო აფრიკისაგან - სუეცის ყელით. კუნძულების საერთო ფართობი 2 მლნ კვ.კმ-ს შეადგენს. რელიეფი. აზიის საშუალო სიმაღლეა - 950 მ. ძირითადი მთიანი სისტემებია: ჰიმალაი (უმაღლესი მწვერვალი ჯომოლუნგმა, 8848 მ), კავკასიონი, ჰინდუქუში, ყარაყორუმი, პამირი, ტიან-შანი, კუნ-ლუნი, ჩინეთ-ტიბეტის მთიანეთი, ალტაი, საიანები, ურალი, წინა აზიის მთიანეთი, ტიბეტის ზეგანი. აზიის ყველაზე მნიშვნელოვანი დაბლობებია: დასავლეთ ციმბირის, თურანის, ჯუნგარის, ჩინეთის დიდი, ინდო-განგის, მესოპოტამიის. აზიის ჩრდილოეთი და მთიანი რეგიონების რელიეფზე დიდი გავლენა მოახდინა უძველესმა გამყინვარებამ - დაახლოებით 11 მლნ კვ.კმ (ძირითადად ციმბირი) მრავალწლიან ყინულებს უკავია. გეოლოგიური სტრუქტურა. აზიის ძირითადი სტრუქტურული ელემენტებია უძველესი პლატფორმები: ციმბირის (ალდანის ფართან ერთად), ჩინეთ-კორეის, სამხრეთ ჩინეთის, ინდოეთის. ყველაზე მოძრავია ჰიმალაური და აღმოსავლეთ აზიური გეოსინკლინური სარტყელები. ნეოტექტონიკური მოძრაობებითაა მოცული აგრეთვე სხვადასხვა ასაკის სტრუქტურების ვრცელი ზოლი ჰისარ-ალაიდან ჩუკოტკის ნახევარკუნძულამდე. შუა, ცენტრალური და აღმოსავლეთი აზია, მალაის არქიპელაგი ხასიათდებიან ძლიერი სეისმურობით. კამჩატკაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბევრ კუნძულზე მოქმედი ვულკანებია. კლიმატი. კლიმატი იცვლება არქტიკულიდან ჩრდილოეთში, ეკვატორულით სამხრეთში. ევრაზიის პერიფერიებში კლიმატი ოკეანურია, სამხრეთში და აღმოსავლეთში - მუსონური, ხოლო შიგა რეგიონებში - კონტინენტური და მკაცრად კონტინენტური. ჩრდილოეთ-აღმოსავლეთში, ვერხოიანსკისა და ოიმიაკონის რაიონებში, გადის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სიცივის ზოლი. დედამიწაზე ყველაზე მეტი ნალექი მოდის ინდოეთის ქალაქ ჩერაპუნჯში, დაახლ. 12 ათასი მმ წელიწადში. შიგა წყლები. აზიის უდიდესი მდინარეებია: იანძი, ობი, ენისეი, ლენა, ამური, ხუანხე, მეკონგი, ბრაჰმაპუტრა, განგი, ინდი, ტიგროსი, ევფრატი. ტბებიდან აღსანიშნავია: კასპიის ზღვა, არალის ზღვა, ბაიკალი (ყველაზე ღრმა ტბა მსოფლიოში). უდიდესი ქვეყნები. ფართობის მიხედვით აზიის უდიდესი ქვეყნებია: რუსეთი - 17,075 ათასი კვ.კმ (ნაწილობრივ ევროპაშია), ჩინეთი - 9,597, ინდოეთი - 3,287, ყაზახეთი - 2,717, საუდის არაბეთი - 1,960, ინდონეზია - 1,919, ირანი - 1,648, მონღოლეთი - 1,565. | |
|