Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » ივნისი » 12 » კონტინენტი - სამხრეთ ამერიკა , samxret amrika , samxret amerikis ,
3:21 PM
კონტინენტი - სამხრეთ ამერიკა , samxret amrika , samxret amerikis ,
რელიეფი
სამხრეთ ამერიკაში მკაფიოდ განირჩევა ბაქნური ვაკე-ზეგანი, ანდებს გარე აღმოსავლეთი და ანდების მთების ოროგენიულ სარტყელში მოქცეული ანდური დასავლეთი. სამხრეთ ამერიკის ბაქნის აზევებებს რელიეფში შეესაბამება გვიანის, ბრაზილიისა და პატაგონიის ზეგნები; ჩაღრმავებებს — ლიანოს-ორინოკოს, ამაზონის, ბენი-მამორეს, გრან-ჩაკოსა და სხვა ვაკე-დაბლობები. აღმოსავლეთით ზეგნები შემოფარგლულია სანაპირო ვაკეების ვიწრო, წყვეტილი ზოლით. გვიანის ზეგნის (სიმაღლე 3014 მ-მდე, მთა პიკო-და-ნებლინა) და ბრაზილიის ზეგნის (სიმაღლე 2890 მ, მთა ბანდიერა) რელიეფში ჭარბობს ცოკოლიანი ტალღოვანი ვაკეები, რომლებზეც მკაფიოდ გამოირჩევა კონუსური შთენილი მწვერვალები და ჭიუხები (მაგ., სერა-დე-ესპინიასუ) ან მაგიდა მაღლობები - ე. წ. შპადები (აუიან-ტე-პუი, რორაიმა და სხვა). პატაგონიაში უფრო მეტად განვითარებულია კანიონებით დასერილი შრეებრივი, მათ შორის ვულკანური საფეხურებრივი პლატოები.

კონტინენტის დასავლეთ კიდეებზე, დაახლოებით 9000 კმ-ზე, გადაჭიმულია ანდების მთათა სისტემა. ჩრდილოეთითა და ჩრდილო-აღმოსავლეთით, ვენესუელაში, განლაგებულია რღვევებითა და მდინარის ეროზიით ღრმად დანაწევრებული კარიბის ანდების ორი მთაგრეხილი. მათი სამხრეთ-დასავლეთი გაგრძელებაა ჩრდილო-დასავლეთ ანდების ნაოჭა-ლოდა ქედები. წყნარი ოკეანის სანაპიროზე გადაჭიმულია ანდების ძირითადი სისტემა, რომელიც შედგება უმთავრესად მერიდიანული მიმართულების რამდენიმე ქედისაგან. ჩრდილოეთი ნაწილისათვის (ეკვადორისა და პერუს ანდები) დამახასიათებელია მაღალი ნაოჭა-ლოდა ქედებისა და ღრმა ქვაბულების მონაცვლეობა. ეკვადორში მთათაშუა ქვაბული ჩიმბორასოსა და კოტოპახის ვულკანური მასალითაა ამოვსებული. ამ რეგიონში ვხვდებით ასევე 2-3 ათასი მეტრის სიმაღლის ძველ ნატბეურ პლატოებს. ცენტრალური ანდებისათვის დამახასიათებელია კიდური ქედებით შემოზღუდული და 3-5 ათას მეტრამდე აზიდული შიგა ზეგნები. , რომელთაგან ყველაზე ვრცელია ზეგანი პუნა. სამხრეთ ნაწილშია ჩილე-არგენტინის ანდები (აქ მდებარეობს კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი აკონკაგუა, 6960 მ) და პატაგონიის ანდები. ცენტრალურ ანდებთან შედარებით აქ მთათა სისტემა დავიწროებულია, ხოლო უკიდურეს სამხრეთში კუნძულთა ჯგუფად - არქიპელაგად გადაიქცევა. მყინვარებს სამხრეთ ამერიკაში 25 ათასი კმ2 ფართობი უკავია.
გეოლოგია და სასარგებლო წიაღისეული
სამხრეთი ამერიკის კონტინენტი შედგება ორი ძირითადი სტრუქტურული ერთეულისაგან - სამხრეთი ამერიკის ბაქნისა და ანდების ნაოჭა მთიანი სისტემისაგან. ბაქნის ფუნდამენტი შედგება სხვადასხვა დროს (არქაულიდან ადრეული პალეოზოური დროის ჩათვლით) კონსოლიდირებული ბლოკებისაგან. ფუნდამენტის ვრცელი შვერილებია გვიანის, დასავლეთ და აღმოსავლეთ ბრაზილიის ფარები, რომლებიც აგებულია კამბრიულისწინა მეტამორფული ქანებისა და გრანიტებისაგან. გვიანისა და დასავლეთი ბრაზილიის ფარის წყალგამყოფებზე შემორჩენილია ძველი, პროტობაქნური საფრის ნაშთები - წითელი ფერის ტერიგენული ნალექები და ბაზალტის განფენები გაბრო-დიაბაზების დაიკებითა და სილებით. უფრო ახალგაზრდა, შუა-ზედაპალეოზოური და მეზოზოური ასაკის საფარი ავსებს ბაქნის ღრმულებს. ატლანტის ოკეანის სანაპირო აგებულია ცაცრცული სისტემის და კაინოზოური ჯგუფის ნალექებით.

ანდების მთათა სისტემა ძირითადად ჩამოყალიბდა ალპური დანაოჭების შედეგად. იგი ჩაისახა ტრიასულ პერიოდში პალეოზოურ და ბაიკალურ დანაოჭებულ სუბსტრატზე. ტერიგენული და ვულკანური ნალექთა დაგროვება ცარცული პერიოდის ბოლომდე გრძელდებოდა; შემდეგ დაიწყო დანაოჭება, რასაც მოჰყვა გრანიტოიდული ინტრუზივების შემოჭრა. კაინოზოურ ერაში ჩაისახა და ჩამოყალიბდა მთათაშუა და კიდური როფები, რომლებიც ამოივსო დიდი სისქის დანალექი წყებებით; ანდებში დაიწყო ასევე ვულკანების ინტენსიური მოქმედებე, რომელიც ახლაც გრძელდება. ხშირია მიწისძვრებიც, მათ შორის დამანგრეველიც.

სამხრეთი ამერიკა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით: რკინის მადნის უდიდესი საბადოებია ვენესუელასა და ბრაზილიაში; სპილენძისა - ცენტრალურ ანდებში; იშვიათი ელემენტებისა - აღმოსავლეთ ბრაზილიაში; კალის, სტიბიუმისა და ვერცხლის - ბოლივიაში; ნავთობისა - ვენესუელაში; ბოქსიტებისა - გაიანასა და სურინამში. არის აგრეთვე ქვანახშირისა და მურა ნახშირის საბადოები.
ჰავა
კონტინენტის უმთავრესად დაბალ განედებში მდებარეობა განაპირობებს მზის სითბოს დიდი რაოდენობით მიღებას. სამხრეთ ტროპიკის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე ჰაერის საშუალო თვიური ტემპერატურა 20-28 °C შორის მერყეობს (მაქსიმალური — 49 °C, გრან-ჩაკოში), პატაგონიაში ზაფხულში (იანვარი) 10 °C-მდე ეცემა, პამპაში ზამთარში (ივლისი) 6-10 °C-მდე, ხოლო უკიდურეს სამხრეთ ნაწილში კი 1 °C-მდე. მაღალმთიან ზეგნებსა და სამხრეთ ნაწილში მინიმალური ტემპერატურა −30 °C-მდეა. ჰაერის მასების ეკვატორული პასატურ-მუსონური ცირკულაცია იწვევს ოკეანიდან კონტინენტის სიღრმეში თბილი და ნოტიო ჰაერის შეჭრას, რაც ანდების აღმოსავლეთ კალთებამდე ვრცელდება და განაპირობებს ნალექების სიუხვეს.

სამხრეთი ამერიკა მდებარეობს ეკვატორულ, ჩრდილოეთ და სამხრეთ სუბეკვატორულ, ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ზომიერ კლიმატურ სარტყლებში. ეკვატორული სარტყელი მოიცავს ამაზონის დაბლობის დიდ ნაწილს, სადაც მუდმივად ნოტიო და ცხელი ჰავაა. დასავლეთ ნაწილში — ანდებში — მთის ეკვატორული ჰავაა. სუბეკვატორულ სარტყელში ზაფხული ცხელი და ნოტიო იცის, ზამთარი — თბილი და მშრალი. სუბეკვატორული ჰავაა სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთში, ლიანოს-ორინოკოს დაბლობზე, გვიანის ზეგნის ჩრდილოეთით, ბრაზილიის ზეგნის ჩრდილოეთით და ცენტრალურ ნაწილებში, აკრი-ბენი-მამორეს ვაკეებსა და ეკვადორის დასავლეთ რაიონებში. ტროპიკულ სარტყელში დანესტიანება კლებულობს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ცენტრალურ ანდებში მდებარე პუნა აღმოსავლეთის ქარებისაგან თითქმის იზოლირებულია; მის ჩრდილოეთ ნაწილში ტროპიკული მაღალი მთის ჰავაა (ზაფხულობით იცის წვიმები), ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში კი — კონტინენტური უდაბნოსი. სარტყლის წყნაროკეანურ ნაწილში ჰავა განსაკუთრებით მშრალია, ნალექები ხშირად წლობით არ მოდის; სანაპირო ზოლი გამოირჩევა ზამთარ-გაზაფხულის ძლიერი ნისლითა და ჟინჟღლით, აგრეთვე შედარებით დაბალი ტემპერატურებით. სუბტროპიკული სარტყელის აღმოსავლეთ ნაწილში (ბრაზილიის ზეგნის სამხრეთი; აღმოსავლეთი პამპა) თბილი და მუდმივად ნოტიო ჰავაა. დამახასიათებელია სამხრეთის ძლიერი ქარი - პამპერო, რომელიც ზამთრობით იწვევს წაყინვებს. დასავლეთით ჰავა უფრო მშრალია, ნალექები მხოლოდ ზაფხულში მოდის. წყნაროკეანისპირა სექტორში (ჩილე) ხმელთაშუა ზღვის ტიპის ჰავაა, მშრალი ზაფხულითა და ნოტიო ზამთრით. ზომიერი სარტყლის ჰავაზე დიდ გავლენას ახდენს ჰაერის მასების დასავლური გადატანა. მათ ანდების ქარპირა დასავლეთ კალთაზე დიდი რაოდენობით მოაქვთ ნალექი, პატაგონია კი "წვიმის ჩრდილში" ხვდება და ჰავა ნახევარუდაბნოსია.
შიგა წყლები

სამხრეთი ამერიკა მდიდარია ზედაპირული და მიწისქვეშა წყლებით. აქაა მსოფლიოში ყველაზე წყალუხვი მდინარე ამაზონი. სამხრეთ ამერიკაზე მოდის დედამიწის მდინარეთა ჩამონადენის 27 %, ჩამონადენის საშუალო ფენა (58 სმ) მთელი ხმელეთის მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია, მაგრამ არათანაბრადაა განაწილებული - რამდენიმე მმ-იდან ასეულ სმ-მდე. ასევე არათანაბრად არის განაწილებული მდინარეები ოკეანეების აუზების მიხედვით. წყნარი ოკეანის აუზი თორმეტჯერ მცირეა ატლანტიკურზე (მათი წყალგამყოფი ანდებზე გადის). გარდა ამისა სამხრეთი ამერიკის ტერიტორიის 10 % ჩაკეტილი აუზია, რომელიც იწყება გუაიაკილის ყურიდან, გადის ცენტრალური ანდების მთიანეთზე და გრძელდება სამხრეთ პამპამდე. მდინარეები ძირითადად საზრდოობენ წვიმის წყლით, უკიდურეს სამხრეთში - თოვლითა და მყინვარებით. ვაკის მდინარეები გამოყენებულია სანაოსნოდ. მთის მდინარეებზე ბევრი ჭორომი და ჩანჩქერია (ანხელი, კაიეტური, იგუასუ და სხვა). მდინარეები მდიდარია ჰიდროენერგორესურსები.

მყინვარული წარმოშობის დიდი ტბებია ლაგო-არხენტინო, ბუენოს-აირესი, ლიან-კიუე, და სხვა. ანდებშია მსობლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ტბა - ტიტიკაკა, აქვეა შთენილი ტბა პოოპო და სხვა. ლაგუნური ტბებიდან აღსანიშნავია მარაკაიბო, პატუსი, ლაგოა-მირინი.
ნიადაგი და მცენარეულობა
სამხრეთი ამერიკის დიდი ნაწილი ფლორისტიკულად ნეოტროპიკულ ოლქს მიეკუთვნება. სამხრეთი ნაწილი კი (ს. გ. 40°-იდან) — ანტარქტიკის ოლქს. სამხრეთი ამერიკის ტერიტორიაზე ჭარბობს ნოტიო, მარადმწვანე, ძირითადად ეკვატორული ტყე, ე. წ. ჰილეა (ბრაზილიაში — სელვასი), რომელიც გავრცელებულია ამაზონის დაბლობზე, მის მიმდებარე ზეგნებსა და ანდების კალთებზე, დასავლეთ კოლუმბიასა და ბრაზილიის ზეგნის აღმოსავლეთ ფერდობებზე. ჰილეის ქვეშ განვითარებულია წითელ-ყვითელი ფერალლითური ნიადაგი. ანდების მთის ჰილეაში კარგადაა გამოხატული სიმაღლებრივი სარტყელურობა. აღმოსავლეთ ამაზონიაში ეკვატორიდან დაშორებასთან ერთად ჩნდება ფოთოლმცვენი ხემცენარეები, ხოლო გვიანის ზეგნის ჩრდილოეთით და ბრაზილიის ზეგნის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში ფოთოლმცვენი და მარადმწვანე ტყით იცვლება.

სუბტროპიკულ და ტროპიკულ სარტყლებში, სადაც გვალვიანი სეზონები მკვეთრადაა გამოხატული, განვითარებულია სავანა და ნათელი ტყე. ლიანოს-ორინოკოს სამხრეთ ნაწილში გვხვდება მშრალი სავანა ქსეროფილური ხემცენარეებით. ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში კი მნიშვნელოვანი ფართობი უკავია გაუდაბნოებულ ნათელ ტყეს — კაატინგას. გრანჩაკოს ვაკეზე ყავისფერ-წითელ ნიადაგებზე ხარობს მშრალი ტროპიკული ტყე. ანდების აღმოსავლეთ კალთებზე სუბეკვატორულ და ტროპიკულ სარტყლებშიც მკაფიოდ გამოხატული ვერტიკალური სარტყელურობაა.

სუბტროპიკულ სარტყელში ნახევარუდაბნოებს დასავლეთით ცვლის ყავისფენ ნიადაგებზე აღმოცენებული „ხმელთაშუაზღვიური" ზაფხულმშრალი ხეშეშფოთლიანი ტყე და ბუჩქნარი. ს. გ. 37-38°-ის სამხრეთით ისინი ნოტიო, მარადმწვანე შერეული ტყით — ჰემიჰილეით იცვლება. აქ ტყის ყომრალ ნიადაგზე ხარობს სამხრეთის წიფელი, ნოტოფაგუსი, მაგნოლია, დაფნა, წიწვოვანებიდან — ჩილეს არაუკარია და სხვა, ბევრია ლიანა, ბამბუკი, ეპიფიტი, გვიმრა. ანდების აღმოსავლეთით, არგენტინის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გაბატონებულია ბუჩქოვანი ნახევარუდაბნო და უდაბნო, აღმოსავლეთისაკენ სინოტივის მატებასთან ერთად ადგილს იჭერს მარცვლოვან-ნაირბალახოვანი სტეპი — პამპა. ბრაზილიის ზეგნის ამაღლებულ სამხრეთ ნაწილში გავრცელებულია სუბტროპიკული ნოტიო-მარადმწვანე ტყე — პინერაია.

ზომიერი სარტყლის აღმოსავლეთ ნაწილში რუხ-მურა და დამლაშებულ ნიადაგებზე მშრალი სტეპი და ნახევარუდაბნოა. პატაგონიის ანდების დასავლეთ კალთაზე ტყის ყომრალ ნიადაგზე ხარობს მარადმწვანე და ფოთოლმცვენი ტყე, აღმოსავლეთ კალთაზე - წიწვოვანი და ფოთოლმცვენი ტყე, ხოლო ცეცხლოვანი მიწის ჩრდილოეთით მთისპირა დაბლობებში წაბლა ნიადაგზე გავრცელებულია სტეპი. კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთი და აღმოსავლეთი სნაპირო (ს. გ. 27°-მდე) შემოფარგლულია მანგროვიანით.
ცხოველთა სამყარო
კონტინენტის პალეოგეოგრაფიული განვითარების განსაკუთრებული პირობების გამო სამხრეთ ამერიკის ფაუნა იმდენად იმდენად თავისებურია, რომ იგი ვესტ-ინდოეთის კუნძულებთან და ცენტრალურ ამერიკასთან ერთად ქმნის დამოუკიდებელ სამეფოს - ნეოგეას, რომელშიც შედის ერთადერთი ნეოტროპიკული ოლქი. ეს ოლქი სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე გვიანა-ბრაზილიისა და ჩილე-პატაგონიის ქვეოლქებად იყოფა. სამხრეთ ამერიკის ფაუნა მდიდარია ენდემური სახეობებით. (ზარმაცები, ჭიანჭველაჭამიები, ცხვირფართო მაიმუნები, ლამები და სხვა). სამხრეთ ამერიკაში ჩანთოსნების, მახრჩობელა ბოას და სხვათა არსებობა მიუთითებს იმაზე, რომ წარსულში ეს კონტინენტი დაკავშირებული იყო მადაგასკარსა და ავსტრალიასთან. მდიდარი და მრავალფეროვანია სამხრეთი ამერიკის ნოტიო ტროპიკული და ეკვატორული ტყის ფაუნა, სადაც ცხოველთა უმეტესობა სიცოცხლის მეტ ნაწილს ხეზე ატარებს; აქ ბინადრობენ მაიმუნები, ზარმაცები, ჭიანჭველაჭამიები, მტაცებლებიდან ოცელოტი და იაგუარი, აგრეთვე ტყის ძაღლი, ჩლიქოსნებიდან - ტაპირი, პატარა გარეული ღორი პეკარი და სხვა. მღრღნელებიდან გვხვდება მეხეური მაჩვზღარბა კოენდე, ჩანთოსანი ვირთაგვა, ბევრია ღამურა. მდიდარია ორნითოფაუნა (თუთიყუში, სვავი, კოლიბრი). ტროპიკულ ტყეებში უამრავი მწერია - ღამისა და დღის პეპლები, 100 ათასი სახეობის ხოჭო. ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია წყლის ანაკონდა და ხმელეთის მახრჩობელა ბოა-კონსტრიქტორი, ბევრია შხამიანი გველი, ხვლიკი. მდინარეებში ბინადრობს ნიანგი, მდინარის დელფინი ინია, მტაცებელი თევზი პირანია; აქ თევზის ორიათას სახეობას ითვლიან. სუბეკვატორული და ტროპიკული სარტყლების სავანასა და მეჩხერ ტყეში და სუბტროპიკული სარტყლის სტეპში მტაცებლებიდან გვხვდება იაგუარი, პუმა, ოცელოტი, პამპასის კატა, პამპასის მელა, ფაფრიანი მგელი, სავანის მელა, ჩლიქოსნებიდან - პამპასის ირემი. მდინარეებსა და ტბებში არის ნუტრია. ფრინველებიდან აღსანიშნავია სირაქლემა ნანდუ, ბევრია თუთიყუში და კოლიბრი. ანდებში ბინადრობს რელიქტური სათვალიანი დათვი, ლამა, პუანკო და სხვა. უკიდურეს სამხრეთ ნაწილში გვხვდება მაგელანის მელა.


კატეგორია: გეოგრაფია | ნანახია: 1627 | დაამატა: balu | ტეგები: samxret amrika, amazonis tye, კონტინენტი - სამხრეთ ამერიკა, zvigeni, warmoshveba, junglebi | რეიტინგი: 4.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.