გეოგრაფია აფრიკას გარს ეკვრის ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები, ხმელთაშუა და წითელი ზღვები. ევროპიდან გამოიყოფა გიბრალტარის ვიწრო სრუტით, ხოლო სუეცის ყელით, რომელზეც სუეცის არხია გაყვანილი უკავშირდება აზიას. აფრიკის უდიდესი ნაწილი ტროპიკულ სარტყელშია მოქცეული. უკიდურესი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილები მდებარეობენ სუბტროპიკებში. უკიდურეს ჩრდილოეთ და სამხრეთ წერტილებს შორის მანძილი 8000 კმ–ია., ხოლო უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ წერტილებს შორის მანძილი 7500 კმ. სანაპირო ხაზი სხვა კონტინენტებთან შედარებით სუსტადაა დანაწევრებული, მისი სიგრძე შეადგენს 26000 კმ–ს. (შედარებისთვის ევროპის სანაპირო ხაზის სიგრძეა 32000 კმ, მაშინ როცა ის ფართობით სამჯერ ნაკლებია აფრიკაზე).
აფრიკას ეკუთვნის კუნძულები: მადაგასკარი, პემბა, ზანზიბარი, მაფია, სოკორტა, მასკარენის, ამირანტის, სეიშელის, კომორის, მადეირა, მწვანე კონცხის, კანარის, პრინსიპი, სან-ტომე, ანობონი, ფერნანდო-პო, ამაღლების, წმ. ელენეს, ტრისტან-და-კუნია.
ნახევარკუნძულებს შორის უდიდესია სომალის ნახევარკუნძული.
დიდი ტბებია: ვიქტორია, ალბერტი, ედუარდი, კივუ, ტანგანიიკა.
უდიდესი მდინარეებია: კონგო, ნილოსი, ნიგერი, ზამბეზი, ორანჟი.
მნიშვნელოვანი მთათა სისტემებია: ჩრდილოეთით ატლასის მთები, აღმოსავლეთში ეთიოპიის მთიანეთი, სამხრეთში დრაკონის მთები.
უმაღლესი მწვერვალია კილიმანჯარო (5895 მ.).
აფრიკის ტერიტორიაზე მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი უდაბნო საჰარა.
ჩვეულებრივ აფრიკას ყოფენ შემდეგ გეოგრაფიულ ნაწილებად: ჩრდილოეთი აფრიკა დასავლეთი აფრიკა ცენტრალური აფრიკა აღმოსავლეთი აფრიკა სამხრეთი აფრიკა
რელიეფი და სასარგებლო წიაღისეული აფრიკის რელიეფი დედამიწის ქერქის განვითარებას და გარეგანი პროცესების მოქმედებაზეა დამოკიდებული. აფრიკის კონტინენტზე 200-დან 1000 მ-მდე სიმაღლის ვაკე რელიეფი ჭარბობს, კონტინენტზე არ არის მაღალი და დიდ მანძილზე გადაჭიმული მთიანი სისტემები. აფრიკას საფუძვლად უდევს უძველესი ბაქანი, რომელიც შორეულ წარსულში ერთ-ერთი დიდი კონტინენტის - გონდვანას შემადგენლობაში შედიოდა. ოდესღაც აქ აღმართული მთიანი სისტემები გარეგანი ძალების მოქმედებით დაიშალა და მოსწორდა. მთების ადგილზე უზარმაზარი ტალღისებური ვაკეები გაჩნდა, რომლებზეც აქა-იქ აღმართულია კრისტალური მასივები.
შინაგანი ძალების გავლენით ზოგან ბაქანის საძირკველმა აიწია, რის შედეგადაც მაღალი ზეგნები გაჩნდა (ეთიოპიის, აღმოსავლეთ აფრიკის და სხვ.), ზოგან კი დაიწია და გაჩნდა დიდი ქვაბულები (ჩადის, კონგოს, კალაჰარის და სხვ.). ამ მოძრაობას თან ახლდა დედამიწის ქერქის რღვევა, ჰორსტებისა და გარაბენების წარმოქმნა, მიწისძვრები და ვულკანები. აღმოსავლეთ აფრიკაზე გადის დედამიწის ყველაზე დიდი რღვევის ხაზი, რომელმაც არაბეთის ბაქანი დააშორა აფრიკის ბაქანს. იგი ეთიოპიის მთიანეთის გავლით მდინარე ზამბეზამდე გრძელდება. აქ ხდება ლითოსფერული ფილების გადაადგილება, ამიტომ ხშირია მიწისძვრები და ვულკანების ამოფრქვევები.
ზედაპირის სიმაღლის მიხედვით, აფრიკას ორ ნაწილად ყოფენ: დაბალი აფრიკა (ჩრდილოეთი და დასავლეთი), სადაც სიმაღლე მცირე გამონაკლისის გარდა, 1000 მ-ზე ნაკლებია და, მაღალი აფრიკა (აღმოსავლეთი და სამხრეთი), სადაც სიმაღლე 1000 მეტრს აღემატება. ჩრდილოეთი და დასავლეთი აფრიკის ზედაპირი უმეტეს წილად კონტინენტური და ზღვიური დანალექი ქანებითაა აგებული. ეს ტერიტორიები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ზღვას ეკავა. საჰარის ცენტრში აღმართულია კრისტალური და ვულკანური ქანებით აგებული მთიანი მასივები.
კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ პერიფერიაზე ატლასის მთები მდებარეობს. მთების ჩრდილოეთი ქედები ახალგაზრდაა და ის ალპების და კავკასიონის მთებთან ერთად წარმოიშვა, სამხრეთ-დასავლეთ პერიფერიაზე კი კაპის ძველი მთები მდებარეობს. აფრიკის აღმოსავლეთი მხარე მაღალ, დედამიწის ქერქის მოძრაობით გაახალგაზრდავებულ აღმოსავლეთ აფრიკის მთიანეთს უკავია. აქ მდებარეობს კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი, ვულკანები - კილიმანჯარო, კენია და სხვ. კილიმანჯარო სიტყვა სიტყვით "მბრწყინავს მთას" ნიშნავს. ვულკანს სამი წვერი აქვს და მიუხედავად ეკვატორულ სარტყელში მდებარეობისა ეს მწვერვალები მარად თოვლიანია.
აფრიკა სასარგებლო წიაღისეულის სიმდიდრით და სიმრავლით გამოირჩევა. ზოგიერთი საბადო უდიდესია მსოფლიოში, ან ერთ-ერთი უდიდესია. მათი განლაგება განპირობებულია დედამიწის ქერქის აგებულებითა და მისი განვითარების ისტორიით. იმის გამო რომ აფრიკაში ჭარბობს მაგმური ქანები, იგი განსაკუთრებულად მდიდარია მადნეული სასარგებლო წიაღისეულით. სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში ისინი ღრმად არაა განლაგებული, რადგან ძველი კრისტალური ქანები დედამიწის ზედაპირთან ახლოს მდებარეობს. აფრიკა მდიდარია ბოქსიტებით, ურანით, გარგანეცით, ოქროთი პლატინით, შავი ლითონებით და სხვ.
კონტინენტის შედარებით დაბალ ადგილებში, სადაც დანალექი ქანები ჭარბობს, დანალექი წარმოშობის სასარგებლო წიაღისეული გვხვდება: ქვანახშირი, სხვადასხვა სახის მარილი და სხვ. ჩრდილოეთ ნაწილსა და გვინეის ყურის სანაპიროებზე აღმოჩენილია ნავთობის დიდი მარაგი. აფრიკა მდიდარია ფოსფორიტებით, რომლებისგანაც სასუქს ამზადებენ. მისი საბადოები ძირითადად კონტინენტის ჩრდილოეთში მდებარებს. შიდა წყლები მდინარეთა ქსელი კონტინენტზე არათანაბრადაა განაწილებული, რაც რელიეფსა და ჰავაზე, განსაკუთრებით კი ნალექების განაწილებაზეა დამოკიდებული. რელიეფიდან გამომდინარე მდინარეების დიდი ნაწილი ატლანტის ოკეანეში ჩაედინება, ვინაიდან მთავარი წყალგამყოფი აღმოსავლეთ აფრიკაში გადის. კონტინენტის 1/3 შიდა ჩამონადენის აუზს მიეკუთვნება. აფრიკის მდინარეები საფეხურეობრივად განლაგებულ ზეგნებს კვეთს, ახასიათებთ ჩანჩქერები და ჭორომები, ამდენად, ისინი სიგრძეზე სანაოსნოდ არ გამოდგება, სამაგიეროდ ჰიდროგრაფიით მდიდრები არია. აფრიკის კონტინენტზე მდინარეთს შედარებით ხშირი ქსელი დამახასიათებელია ეკვატორული და სუბეკვატორული სარტყლებისთვის. ძალიან მცირეა მდინარეები უდაბნოებში. აქ გვხვდება მდინარეების მშრალი კალაპოტები - ვადები, რომლებიც წყლით მხოლოდ თავსხმა წვიმების დროს ივსება. აფრიკის მდინარეთა უმრავლესობა წვიმის წყლით საზრდოობსმაგრამ მათი რეჟიმი განსხვავებულია და დამოკიდებულია ნალექის სეზონურ განაწილებაზე. მიდენარეები რომლებიც რამდენიმე კლიმატურ სარტყელში მიედინება, რთული რეჟიმით ხასიათდება. ამ მხრივ ტიპობრივია მდინარე ნილოსი.
ნილოსი სიგრძით მსოფლიოს პირველი (6671 კმ.) მდინარეა (ზოგიერთი მკვლევარი მას მეორე ადგილზე აყენებს). იგი სათავეს აღმოსავლეთ აფრიკის ზეგანზე იღებს და ვიქტორიას ტბაზე გადის. ნილოსის სათავეა მდ. რუკარარა (კაგერის შენაკადი), რომელიც ჩაედინება ვიქტორიას ტბაში და გამოედინება ვიქტორია-ნილოსის სახით. ნილოსის სათავეს უშედეგოდ ეძებდა დეივიდ ლივინგსტონი, მისი სათავე იპოვა ინგლისის ექსპედიციამ დ. სპიკის მეთაურობით. მისი სათავის აღმოჩენისთანავე სპიკმა ლონდონში გააგზავნა ტელეგრამა, რომელსაც გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორიაში ყველაზე მოკლედ თვლიან: "ნილოსი დადგენილია". ზემო დინებაში, მდინარის ვიწრო ხეობაში, ჭორომები და ჩანჩქერებია. ვაკეზე გამოსვლისას მდინარე ნელა მიედინება და თეთრ ნილოსის სახელითაა ცნობილი. ქალაქ ხართუმთან მას უერთდება ცისფერი ნილოსი, რის შედეგადაც მდინარე ორჯერ უფრო განიერი ხდება და აქედან უკვე ნილოსის სახელით მიედინება. ცისფერი ნილოსი ყველაზე უხვწყლიანი შენაკადია. იგი ეთიოპიის მთიანეთში, ტანას ტბიდან გამოედინება. შუა დინებაში ნილოსი კრისტალური ქანებით აგებულ პლატოს აკეთებს და აჩენს ჭორომებს, რაც ადრე ხელს უშლიდა ნაოსნობას. ასუანის კაშხალის აგების შემდეგ მდინარეში წყლის დონემ აიწია და ნაოსნობაც შესაძლებელი გახდა. შესართავში, ხმელთაშუა ზღვაში, მდინარე ფართო დელტას ქმნის, როლის ადგილზეც წარსულში ხმელთაშუა ზღვის ყურე ყოფილა. დელტაში წარმოქმნილია პატარ-პატარა ტბები, რომლებიც მდინარის ნატანი ნაშალი მასალითაა ზღვისგან გამოყოფილი.
აფრიკაში ყველაზე წყალუხვი და სიგრძით მეორე (4320 კმ) მდინარეა კონგო. წყალუხვობით და წყალშემოკრები აუზის სიდიდით იგი მხოლოდ მდინარე ამაზონს ჩამორჩება. მდენარე ორ ადგილზე კვეთს ეკვატორს და მთელი წელი წყალუხვია. კონგო საფეხურებრივ ზეგანზე მიედინება, ამიტომ მის ხეობაში უამრავი ჭორომი და ჩანჩქერია. ნაოსნობა მხოლოდ მდინარის შუა დინების ფარგლებშია შესაძლებელი, სადაც იგი ფართო ხეობას ქმნის. აქ კალაპოტის სიგრძე 20 კმ-ია. მდინარე კონგო დელტას არ წარმოადგენს.
სიგრძითა და წყალშემკრები აუზის ფართობით, აფრიკის მესამე მდინარეა ნიგერი. შუა დინებაში იგი ვაკის მდინარეა, ზემო და ქვემო დინებებში ბევრია ჭორომები და ჩანჩქერები. მდინარე შორ მანძილზე კვეთს მშრალ ტერიტორიებს. შესართავთან ნიგერი დელტას წარმოადგენს.
ზამბეზი ინდოეთის ოკეანის ყველაზე დიდი მდინარეა. აქ არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერი ვიქტორია. 180 მეტრის სიგანის მდინარე 120 მეტრის საფეხურიდან ეშვება ვიწრო ხეობაში. ჩანჩქერი ვიქტორია ბუმნების საოცარი მოვლენაა. ხეობა ჩანჩქერთან შედარებით 13-ჯერ უფრო ვიწროა. ჩანჩქერის ადგილობრივი სახელწოდებაა "ჩონგუე", რაც "ცისარტყელას" ან "ცისარტყელის ადგილს" ნიშნავს. არის მეორე სახელიც "მოიზი-ოატუნია" რაც "მრგრგვინავ კვამლს" ნიშნავს. სახელი ვიქტორია კი დ. ლივინგსტონმა ინგლისის დედოფალის პატივსაცემად უწოდა. მნიშვნელოვანი მდინარეებია ასევე ორანჟი და ლიმპოპო.
ყველაზე დიდი ტბა აღმოსავლეთ აფრიკის ზეგანზე, რღვევის ზონაში მდებარეობს, ამიტომ მათ ქვაბულებს წაგრძელებული ფორმა აქვთ. ეს ტბები როგორც წესი, მაღალი და ციცაბოკალთებიანი მთებითაა შემოფარგლური. აქ მდებარე ტბებს ძირითადა გრძელი ფორმა აქვთ და სიღრმითაც გამოირჩევიან, ამ მხრივ კლასიკური მაგალითია ტანგანიკას ტბა სიგანე 50-80 კმ-ია, სიგანე კი 650 კმ. იგი ყველაზე გრძელია დედამიწის მტკნარ ტბებს შორის, სიღრმით კი მხოლოდ ბაიკალის ტბას ჩამორჩება. ამასთან, ფართობით მეორე ადგილზეა აფრიკის ტბებს შორის და ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ტბა ვიქტორია. ტბის ირგვლივ მაღალი მთები მდებარეობს , რომლებიც ბევრ ადგილას ციცაბო მთის კალთებით პირდაპირ ტბაში ეშვება და მაღალ-ფლატეებიან სანაპიროს ქმნის. დევიდ ლივინგსტონი ასე აგვიწერს ტანგანიკას „მომხიბლავია ტანგანიკა. იგი ხშირი მცენარეებით შემოსილი ციცაბოკალთებიან მთებს შორის თითქმის ღრმა ფიალაშია მოქცული. სადაც ქანები მოშიშვლებულია, კედლები ღია წითელი ფერისაა, ალაგ-ალაგ კედლებიდან ცისფერ ლენტებად ეშვება ჩანჩქერი, ოდნავ მოვაკებულ ადგილზე კი კამეჩები ბალახობენ, სპილოები დაეხეტებიან, ღამით ისმის ლომის ღრიალი ... დილასაღამოს უზარმაზარი ნიანგები ფრთხილად მიიპარებიან სანადირო ადგილებისკენ."
ასი წლის წინანდელი აღწერილობიდან, ხმელეთი გარეული ცხოველები თითქმის აღარ შემორჩა, მაგრამ ტბის სამყარო ძალიან მდიდარია. მარტო თევზების 205 სახეობას ითვლის, რომელთაგან 70 % ენდემურია.
ვიქტორიის ტბა ფართობით ყველაზე დიდია აფრიკაში. იგი ბაქნის დამრეც როფში (ორმოში) მდებარეობს, ზღვის დონიდან 1134 მ-ზე და ღრმა არ არის. საშუალო სიღრმე 40 მ-ია. იგი ისეთი დიდია, რომ ევროპელები და სხვებიც, მასზე ლაპარაკობენ არა როგორც ტბის, არამედ ზღვის შესახებ. ადგილობრივი მაცხოვრებლები უწოდებენ "იანც"-ს, რაც ბანტუს ენაზე "დიდ წყალს" ნიშნავს. სპიკმა მას ვიქტორია, ნიანცა უწოდა. ტბის ნაპირები ძალზე დანაწევრებულია, ზოგან დაბალი და ბრტყელია, ალაგ-ალაგ დაჭაობებულია. ზოგ ადგილებში სავანაა, ზოგან ხშირი, მუქი-მწვანე ფოთლოვანი ტყეებია, ზოგანაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია.
ჩადის ტბა წყალმარჩხია, გაუდინარი, სიღრმე 4-7 მ-ია, მდებარეობს სუდანის ვაკეზე. მისი წყლის სარკის ფართობი დამოკიდებულია ნალექებზე და იმ მდინარეთა რეჟიმზე, რომლებიც მასში ჩაედინებიან, ამიტომ წვიმიან პერიოდში იგი ზოგჯერ ორჯერ იმატებს. ტბის ნაპირები დაჭაობებულია. აღმოსავლეთ აფრიკაში აგრეთვე მნიშვნელოვანი ტბებია აგრეთვე რუდოლფი, ნიასა, ტანა და სხვ.
ფლორა და ფაუნა ეკვატორული ტყე ბევრი ძვირფასი მცენარის სამშობლოა. ყველაზე გავრცელებულია ზეთის პალმა, რომლის ნაყოფისგან პალმითს ხდიან. ბევრი ძვირფასი ხის მერქნისგან ამზადებენ ავეჯს და გააქვთ საზღვარგარეთ, მაგალითად, აბანოზის ხე. ეკვატორული ტყეების ცხოველთა სამყარო მდიდარია და მრავალფეროვანია. მათი უმეტესობა ხეებზე ბინადრობს. ფრინველების მწერების და მღრღნელების გარდა, ხეებზე ბინადრობენ მრავალრიცხოვანი მაიმუნები, მათ შორის შიმპანზეები. მიწაზე ბინადრობენ ფუნჯაყურიანი ღორები, ანთარი, წვრილჩლიქოსნები - აფრიკული ირემი, რომელიც 40 სმ სიმაღლისაა. კატის ზომის ჯუჯა ანტილოპა და სხვ. ტყისპირეებსა და წყალსატევების ნაპირებთან გვხვდება დედამიწის ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველი, ჯუჯა ბეჰემოთი, ჟირაფის მონათესავე ოკაპი, რომელიც მხოლოდ აფრიკაშია. ეკვატორული ტყეების ყველაზე დიდი მტაცებელია ავაზა, მიყრუებულ მიუვალ ადგილებში ცხოვრობს გორილები. ტყის ყველა იარუსზე გავრცელებულია ჭიანჭველები. მათი ზოგიერთი სახეობა, ეგრეთ წოდებული მომთაბარე ჭიანჭველები, გრძელ კოლონებად გადადგილებისას, გზადაგზა ყველაფერს ანადგურებს. ტყეებში მწერების დიდი რაოდენობაა
ნახევარუდაბნოების საზღვრებთან, სადაც წვიმების სეზონი 2-3 თვეა, წარმოიქმნება გაუდაბნოებული სავანა. აფრიკული სავანის დამახასიათებელი ხეა - ბაობაბი. მას სავანის დარჯსაც კი უწოდებენ. წვიმიან პერიოდში გამოირჩევაგაშლილი ტოტებით და წვრილი, ღია მწვანე ფერის ფოთლებით. მშარალ პერიოდში იგი შიშვლდება. ვარაუდობენ რომ ბაობაბი 4-5 ათასი წელი ცოცხლობს. იგი გიგანტური ხეა, მისი დიამეტრი 10 მეტრამდეა. მერქანი წყლითაა გაჟღენთილი, რითაც ის მშრალ პერიოდებში საზრდოობს. მსოფლიოში არსად არ არის ისე მრავლად თავმოყრილი ცხოველები როგორც აფრიკის სავანეში, განსაკუთრებით კი ბალახისმჭამელი ცხოველები: ანტილოპის სხვადასხვა სახეობა, ზებრა, ჟირაფი, ბალახისმჭამელებს შორის უდიდესი ცხოველი სპილო, გარეული კამეჩი, მარტორქა, მდინარეების და ტბების სანაპიროებზე გვხვდება ბეჰემოთი.
დიდი ცხოველების მრავალფეროვნება, აფრიკული ფაუნის დამახასიათებელი ნიშანია. ბალახისმჭამელების მუდმივი თანამგზავრებია მტაცებლები: გეპარდი, ტურა, ავაზა, ლომი. მდინარეებში ბინადრობს ნიანგი. სავანა ძალიან მდიდარია ფრინველებით. აქ არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ულამაზესი ფრინველი - მენექტრე, აგრეთვე დედამიწის ყველაზე დიდი ფრინველი აფრიკული სირაქლემა. ასევეა მარიბუ, რომელიც მხოლოდ აფრიკაში გვხვდება. სავანაში უჩვეულოდ ბევრი თერმიტია. მოსახლეობას უდიდეს ზიანს აყენებს ბუზი ცეცე. მას გადააქვს პირუტყის და ადამიანის დაავადების გამომწვევი ბაცილები, რაც ხშირად ორივესთვის დამღუპველია.
კოლონიური უღლის მოცილების შემდეგ აფრიკაში დიდი ყურადღება ექცევა ველური ბუნების დაცვას. ამ მიზნით ყოველწლირად მატულობს ბუნების დაცული ტერიტორიების (ნაკძალების და ეროვნული პარკების) რაოდენობა და ფართობი. განსაკუთრებით ბევრია ისინი სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში. ზოგიერთი მათგანი მაგ: სერენგეტი, კრიუგერი, ცაავო და სხვები მსოფლიოში ცნობილია. მიღებული ზომების წყალობით გადაშენების გზაზე მყოფი ცხოველების რიცხვი აქ აღდგენილია.
ისტორია
პალეოანთროპოლოგთა უმრავლესობა აფრიკას დედამიწის უძველეს დასახლებულ ტერიტორიად თვლის, საიდანაც ადამიანები წამოვიდნენ. მე-20 საუკუნის შუა წლებში ანთროპოლოგებმა ამ კონტინეტზე აღმოაჩინეს ადამიანთა საქმიანობის მრავალი დამადასტურებელი არქეოლოგიური ნივთი, რომელიც 7 მილიონი წლით თარიღდება. აქ ნაპოვნი ადამიანისმაგვარი მაიმუნების სახეობების ნარჩენები მიუთითებს მათგან თანამედროვე ადამიანის წარმოშობაზე. აქ აღმოჩენილ სახეობებთა შორისაა Australopithecus afarensis (რადიომეტრულად დათარიღებული ძვ. წ.. 3.9-3.0 მილიონი წელი), Paranthropus boisei (დაახ. ძვ. წ. 2.3-1.4 მილ. წ.) და Homo ergaster (დაახ. ძვ. წ. 600,000-1.9 მილ. წ.).
იშანგოს ძვალზე, რომელიც 25 000 წლის უნდა იყოს, იკითხება მათემატიკური ათვლის ნიშნები. ადამიანთა წინაისტორიის განმავლობაში აფრიკაში, ისევე როგორც ყველა სხვა კონტინენტზე, ეროვნული სახელმწიფო შენაერთები არ არსებობდა, მათ ნაცვლად ადამიანები გაერთიანებული იყვნენ მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფებად, ხოისა და სანის მსგავსად.
დაახ. ძვ. წ. 10 500 წლისთვის გამყინვარების პერიოდის დასრულების შემდეგ, საჰარა კვლავ გახდა მწვანე შემოსავლიანი ხეობა და მისი აფრიკული მოსახლეობა დაბრუნდა შიდა და სანაპირო ზეგანებიდან ქვემო-საჰარის აფრიკაში. თუმცა დათბობის კლიმატის დადგომა ნიშნავდა, რომ ძვ. წ. 5000-სთვის საჰარის რეგიონი სულ უფრო მშრალი ხდებოდა. მოსახლეობამ ნელ-ნელა ნილოსის ხეობის რეგიონისკენ გადაინაცვლა, სადაც მათ მუდმივი ან ნახევრად-მუდმივი დასახლებები შექმნეს.
საქონლის მოშინაურება აფრიკაში წინ უსწრებს მიწათმოქმედებას და, როგორც ჩანს, თანაარსებობდა მონადირე-შემგროვებლურ კულტურასთან. ვარაუდობენ, რომ ძვ. წ. 6000 წლისთვის პირუტყვი უკვე მოშინაურებული იყო ჩრდ. აფრიკაში. საჰარა-ნილოსის კომპლექსში ხალხს მოშინაურებული ჰყავდა მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის სატვირთო ჯორი და ხვეულრქიანი თხა, რომელიც მსგავსი იყო ალჟირიდან ნუბიამდე.
სოფლის მეურნეობის მხრივ, პირველი შემთხვევა მცენარეების მოშენებისა მოყვანის მიზნით საჰელიის რეგიონში დაფიქსირდა დაახ. ძვ. წ. 5000 წელს, როცა სორგუმი და აფრიკული ბრინჯის კულტივაცია დაიწყეს. ამავე პერიოდში, ამავე რეგიონში, პირველად მოშინაურდა გვინეის მცირე ფრინველი.
ოქსფორდის მსოფლიო ისტორიის ატლასის მიხედვით ძვ. წ. 4000 წელს საჰარის კლიმატმა სწრაფი გაშრობა დაიწყო. ამ მოვლენამ ტბებისა და მდინარეების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია, რის გამოც იწყო კლება მოსავალმაც. შემცირდა კულტივირებადი მიწის რაოდენობაც, რამაც ხელი შეუწყო ფერმერთა დასახლებების მიგრაციას დასავლეთ აფრიკის უფრო ტროპიკული კლიმატისკენ.
ძვ. წ. 3000 წლისთვის შინა მეურნეობა დამოუკიდებლად განვითარდა დასავლეთ აფრიკის ტროპიკულ რეგიონებში, სადაც აფრიკული yam და ზეთოვანი პალმა მოჰყავდათ, და ეთიოპიაში, სადაც ყავა და teff გააკეთილშობილეს. მოშინაურებული ცხოველები ამ რეგიონებში საჰელისა და ნილოსის რეგიონებიდან შემოვიდა. მარცვლეული კულტურებიც ამავე
დაახლოებით ძვ. წ. 3100 ყალიბდება ძველი ეგვიპტის სახელმწიფო, უძველესი ცივილიზაციის ერთ-ერთი კერა, რომელმაც ფარაონების მმართველობის ქვეშ სიძლიერის და სიმდირის მწვერვალს ძვ.წ. მეორე ათასწლეულის მეორე ნახევარში მიაღწია (ე.წ. ახალი სამეფო (ძვ. წ. 1567-ძვ. წ. 1085)).
სუბ-საჰარულ აფრიკაში მიწათმოქმედი ხალხი ბანტუ იწყებს სამხრეთით მიგრაციას. მათ თანდათან შეავიწროეს ნაკლებად განვითარებული ქოზიანური მოსახლეობა (ბუშმენები, ჰოტენტოტები) და საბოლოოდ მთელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორია დაიკავეს.
ძვ. წ. I ათასწლეულში ჩრდილოეთი აფრიკის ტერიტორიაზე გაჩნდა ფინიკიელების, ბერძნების და მოგვიანებით რომაელების კოლონიები. თავდაპირველად ერთ-ერთი ესეთი კოლონია - კართაგენი, ძვ. წ. II საუკუნეში რომის რესპუბლიკის მიერ მის განადგურებამდე, თავად გადაიქცა უძლიერეს კოლონიურ სახელმწიფოდ. V საუკუნემდე აფრიკის ხმელთაშუა სანაპირო რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო მოქცეული. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ იგი ვანდალებმა დაიპყრეს, მისი ნაწილი კი ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში დარჩა. VII საუკუნეში ჩრდილოეთი აფრიკა დაიპყრეს არაბებმა, რის შედეგად აქ ისლამი გავრცელდა. სუბ-საჰარულ აფრიკაში ევროპელების გამოჩენამდე დიდი პოლიტიკური გაერთიანებები არ არსებობდა. თუმცა ადგილებში არსებობდა მეტ–ნაკლებად ცენტრალიზებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები. აღსანიშნავია დასავლეთ აფრიკაში, დიდი ტბების რაიონში (ბუგანდა) და აღმოსავლეთ აფრიკაში (დიდი ზიმბაბვე) არსებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები.
ევროპელების მიერ აფრიკის კოლონიზაცია ჯერ კიდევ XV საუკუნეში დაიწყო. ადრეული კოლონისტებიდან აღსანიშნავია პორტუგალიელები, შემდეგ ჰოლანდიელები. პორტუგალიელებმა, რომლებიც ძირითადად მონების ვაჭრობით იყვნენ დაკავებული, აფრიკის სანაპიროებზე რამდენიმე პორტი დააარსეს. აფრიკელი მონების დიდი ნაკადი მიედინებოდა ევროპელების მიერ ახლად აღმოჩენილ ამერიკისკენ. XVII საუკუნეში ჰოლანდიელებმა დაიწყეს აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია, რის შედეგადაც თანამედროვე სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე პირველი მუდმივი ევროპული კოლონია გაჩნდა . XVIII საუკუნის დასაწყისიდან აფრიკის კოლონიზაციის ლიდერობა თანდათან ბრიტანელების და ფრანგების მხარეს გადავიდა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან აფრიკის გადანაწილებაში აქტიურად ჩაერთვნენ გერმანია, იტალია და სხვები. საუკუნის დასაწყისისთვის აფრიკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ევროპელების მიერ იყო დანაწილებული.
კოლონიზაციამ ძირეულად შეცვალა აფრიკის კ. ადგილობრივ ონტინენტი. მოსახლეობაში გავრცელდა ქრისტიანობა, გაიხსნა მისიონერული სკოლები, დაარსდა და მკვეთრად გაიზარდა ქალაქების მნიშვნელობა, აფრიკა ჩაერთო საერთაშორისო ვაჭრობაში. ეს ყველაფერი კი მიმდინარეობდა აფრიკის მკვიდრი მოსახლეობის მასიური ჩაგვრის, უუფლებობის და ექსპლუატაციის ფონზე.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო აფრიკის დეკოლონიზაცია. 60-იან 70-იან წლებში ყოფილი კოლონიების უმრავლესობას დამოუკიდებლობა მიენიჭათ.
დეკოლონიზაცია აქ ადგილი არ ჰქონია, რადგან გერმანიის კოლონიები აფრიკაში ინგლისელებმა სწრაფად აიყვანეს კონტროლქვეშ, ხოლო შემდეგ ერთა ლიგის მანდატით საფრანგეთთან ერთად გაინაწილეს. ერთადერთი ფრონტი იყო პალესტინის - ისიც სუეცის არხის დასაცავად. 1922 წელს ეგვიპტეს ფორმალურად მიენიჭა დამოუკიდებლობა, თუმცა სუეცის არხს ინგლისელები აკონტროლებდნენ და ქვეყანაშიც ინგლისის ჯარები რჩებოდნენ. განმანთავისუფლებელი ბრძოლები მიმდინარეობდა არაბულ ჩრდილოეთ აფრიკაში, სადაც მაროკოელები იარაღით ხელში ებრძოდნენ ფრანგ და ესპანელ კოლონიზატორებს.
მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმთან და მილიტარიზმთან ბრძოლის წარმატებით დასრულებამ, აფრიკის კოლონიურ და ნახევრადკოლონიურ ქვეყნებს კოლონიური სისტემის მოკლე დროში გაუქმების იმედი გაუჩინა. ორი ზესახელმწიფოს ამერიკის შეერთებული შტატების და საბჭოთა კავშირის ფონზე ევროპის კოლონიური იმპერიები - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ბელგიის, ჰოლანდიის, ესპანეთის და პორტუგალიის დასაუსტება ამის პირობას ქმნიდა. თუმცა მეტროპოლიები ომის შემდეგაც ცდილობდნენ თავიანთი სამფლობელოების შენარჩუნებას. მათ ამ მიზნით ზოგან სამხედრო საშუალებებიც გამოიყენეს. მიუხედავად ამის აფრიკის ქვეყნებმა ზოგჯერ მშვიდობიანად, ზოგჯერ შეიარაღებული ბრძოლების გზით მოახერხეს დამოუკიდებლობის მოპოვება.
ახალგაზრდა სახელმწიფოების მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევა საკმარისი არ აღმოჩნდა მათი სრული განვითარებისთვის. ბევრ ქვეყანაში
შენარჩუნებული იქნა ყოფილი მეტროპოლიის ეკონომიკური პოზიციები, აგრეთვე მათი სამხედრო ბაზები და ჯარები. ახალგაზრდა ქვეყნების უმრავლესობაში სახელმწიფო ანუ ოფიციალური ენაც კი ყოფილი მეტროპოლიის ენა გახდა. აღნიშნულმა ქვეყნებმა მემკვიდრეობით ჩამორჩენილი ეკონომიკა მიიღეს. ამიტომ მათი უმრავლესობის ეკონომიკა მრავაწყობიანია, ხოლო სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა არასტაბილური. რევოლუციები და სახელმწიფო გადატრიალებები და სახელმწიფოთა შორის კონფლიქტები, აფრიკის უმეტესი ქვეყნების დამახასიათებელი ნიშნებია. ამით ისინი, ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ერთად, განსხვავდებიან დასავლეთის თუ აღმოსავლეთის განვითარებული ქვეყნებისგან.
ამიტომ აღნიშნული რეგიონების სახელმწიფოებს უწოდებენ მესამე სამყაროს ან კიდევ განვითარებად ქვეყნებს. აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური დამოკიდებულება არა რომელიმე დიდი სახელმწიფოს პოლიტიკური ზეგავლენის, არამედ, პირველ რიგში, მათი საკუთრი ჩამორჩენილობის შედეგი იყო.
ჩამორჩენილობას ხელს უწყობდა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში არქაული ფორმების ბატონობა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილის წერა-კითხვის უცოდინარობა, კომუნიკაციების და კავშირის საშუალებების განუვითარებლობა.
ჩამორჩენილობისთვის თავის დასაღწევად აუცილებელი იყო რომელიმე ერთი სახელმწიფოს ორიენტირზე უარის თქმა, გლობალურ კონფლიქტებში ჩართვისაგან თავის დახსნა, მრავალმხრივი დახმარებების მიღება. ამიტომ აღნიშნული ქვეყნების უმრავლესობამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ე.წ მიუმხრობლობის მოძრაობაში, რაც ორ მტრულად დაყოფილ მსოფლიოში რომელიმე სამხედრო ბლოკთან შეერთებაზე უარის თქმას ნიშნავდა.
დეკოლონიზაციის შემდეგ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გზის არჩევის პრობლემა აფრიკის ყველა ქვეყნის საერთო პრობლემა გახდა. არჩევანი დიდი არ იყო "სოციალუსტური გზა" ან თავისუფალი მრეწველობის და საბაზრო ეკონომიკის ანუ "კაპიტალისტური გზა".
ჩამორჩენილობის პრობლემას ართულებდა დამოუკიდებლობის შემდეგ დაწყებული მოსახლეობის ზრდის ტემპების დაჩქარება ანუ, როგორც მას უწოდებენ დემოგრაფიული აფეთქება. სიკვიდილანობა ამ ქვეყნებში შემცირდა, შობადობა კი ტრადიციულად დიდი დარჩა. სოფლის "ზედმეტი" მოსახლეობის ნაწილი ქალაქებისკენ დაიძრა. დაიწყო არნახული ურბანიზაცია. 1950 - 1980 წლებში ასობით მილიონიანი სოფელი ქალაქი გახდა. ეს ახალი ქალაქები ძირითადად დიდი ქალაქების გარეუბნებში, კეთილოუწყობელ ქოხმხებში სახლობდნენ. მოსახლეობის ზრდა აახალგაზრდავებდა მოსახლეობის შემადგენლობას. ამ ქვეყნებში 15 წლამდე ასაკის ბავშვები მოსახლეობის ნახევარს შეადგენდნენ. მათთვის საჭირო იყო განათლება რასაც სახელმწიფო ვერ ახორციელებდა. მოსახლეობის ზრდის მახალი ტემპები იწვევდა უმუშვერობის ზრდასაც.
პოსტ-კოლონიური აფრიკა 1945 წლამედე ტროპიკული აფრიკა დაყოფილი იყო ევროპის სახელმწიფოების კოლონიებად, მაგრამ XX საუკუნის 90-იან წლების დასაწყისისთვის ყველა მათგანი განთავისუფლებული იყო. დეკოლონიზაციის პროცესი აქ დაიწყო 1950-იან წლების მეორე ნახევარში. ტროპიკულ აფრიკაში პირველი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა განა (1957 წ), ყველაზე მეტი ქვეყანა კი (სულ 17) 1960 წელს გათავისუფლდა. ამიტომაც ამ წელს "აფრიკის წელს" უწოდებენ. პორტუგალიის კოლონიური იმპერია მხოლოდ მეტროპოლიაში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, 1970-იან წლების შუა ხანებში გაუქმდა.
აფრიკის ხალხთა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დიდი როლი ითამაშა აფრიკის ერთობის ორგანიზაციამ, რომელიც 1963 წლის 25 მაისს შეიქმნა. ამიტომ ეს დღე 25 მაისი "აფრიკის გათავისუფლების დღედ" ითვლება. ამ მსოფლიოში უდიდესი, რეგიონალური ორგანიზაციის მთავარი მიზანი იყო კოლონიზმის ყველა გამოვლინებისაგან აფრიკის გათავისუფლება. მაგრამ დამოუკიდებლობის შემდეგ არაერთი პრობლემა წარმოიშვა. თავიდან მათი ლიდერები ფიქრობდნენ, რომ ამის შემდეგ მოკლე დროში შესაძლებელი იქნებოდა დანარჩენი სამყაროსაგან უზარმაზარი ეკონომიკური ჩამორჩენილობის დაძლევა. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა იყო სიღატაკე, კოლონიალიზმის ეპოქაში კოლონიეური მმართველები მხოლოდ ნედლეულის წარმოებაზე ზრუნავდნენ. ზოგჯერ ეს იყო სპილენძი, უფრო ხშირად კი რაიმე სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია მაგალითად კაკაო ან ბანანი. ევროპელ ვაჭრებს გაჰქონდათ ეს ნედლეული და შემოჰქონდათ უკვე მზა პროდუქცია. ამიტომ თითქმის ყოველი მათგანის სოფლის მეურნეობა მონოკულტურულ ხასიათს ატარებდა, ანუ აშენებდნენ საექსპორტოთ გათვალისწინებულ რომელიმე ერთ კულტურას.
ასეთი პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი იყო ისიც, რომ აფრიკის დამოუკიდებელ ქვეყნებში ძალიან ცოტა საკუთარი ფაბრიკა-ქარხნები არსებობდა. მოსახლეობის უმრავლესობა დასაქმებული იყო კაკაოს, ბანანის ან მიწის თხილის პლანტაციებში. კვებისათვის აუცილებელი პროდუქტების წარმოება კი სულ უფრო მცირდებოდა. რის გამოც შეიქმნა სირთულეები აფრიკელთა მზარდი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის საქმეში. გახშირდა ხან ერთი ხან მეორე რეგიონის შიმშილობა. ფასები საექსპორტო კულტურებზე ეცემოდა და, მაშინ ძვირდებოდა იმპორტი. ასეთმა ვითარებამ აფრიკის ქვეყნები უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა. წილითიწლობით კატასტროფულად იზრდებოდა მათი საგარეო ვალი. ზოგიერთი მათგანის საექსპორტო შემოსავლის ნახევარი საგარეო ვალების დაფარვას ხმარდებოდა. ამავე დროს ბევრ ქვეყანაში სამხედრო ხარჯები გაცილებით მეტი იყო ვიდრე, განათლების და ჯანმრთელობის დაცვისთვის გამოყოფილი თანხები. ასე რომ, 1980-იან წლების დასასრულისთვის მსოფლიოს 35 ყველაზე ღარიბი ქვეყნიდან 26 ტროპიკული აფრიკის ქვეყანა იყო.
სამხედრო ხარჯების ზრდა იწვევდა აფრიკის კიდევ ერთ უმწვავეს პრობლემას - შეიარაღებულ კონფლიკტებს, როგორც ქვეყნის შიგნით მცხოვრებ ხალხებს ასევე სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის. კოლონიზმის დროს ევროპელებმა კოლონიათა საზღვრები საკუთარი ნება-სურვილით გაავლეს. ხალხებს, რომლებსაც არაფერი საერთო არ ჰქონდათ ერთმანეთთან, ერთი ქვეყნის ფარგლებში აღმოჩნდნენ, ან, პირიქით, ერთიდაიგივე ეთნიკური ჯგუფი სახელმწიფოებრივი საზღვრებით გაითიშა. განსხვავება ენაში, რელიგიაში, ცხოვრების წესში, სოციალურ მდგომარეობაში ხშირად წარმოშობს ანტიპათიას. ზოგან ეს ანტიპათია სიძულვილში გადაიზარდებოდა ხოლმე და ტომთაშორის ომებს იწვევს. ასეთ ომებში ტროპიკულ აფრიკაში მილიონობით ადამიანი დაიღუპა. ხშირად მეომარ მხარეების უკან იდგნენ გარეშე ძალები. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდნენ საბჭოთა კავშირში და აშშ-ში, რომლებსაც მსოფლიოს ამ რეგიონში ყოფილი მეტროპოლიების ადგილის დაკავება სურდათ. ეთნიკური კონფლიქტების გამომწვევია აფრიკის სახელმწიფოების საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამკვიდრებული ე.წ ტრაიბოლიზმი, ანუ შიდატომობრივი სოლიდარობა.
პოლიტიკური მრწამსის დამოუკიდებლად აფრიკელი ლიდერი, პირველ რიგში, თავის ტომს ეკუთვნის. როდესაც ის მინისტრი ან სახელმწიფოს მეთაური ხდება, თავდაპირველად ის თავისი სოფლის ან თავისი ტომის ინტერესებზე ზრუნავს. ამ დროს ის იყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის სხვა ტომის წევრების მოსპობასაც კი. აფრიკის ქვეყნებში პარტიები და მთავრობები ტომობრივ საფუძველზე იქმნება, ასევე ერთი ტომის ინტერესების შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა ტარდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ქვეყნის საერთო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ამგვარად, ტრაიბოლიზმი ერთპიროვნული სისტემის საფუძველი გახდა. ტრაიბოლიზმთანაა დაკავშირებული ე.წ ნეპოტიზმიც ანუ თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი ნათესავების, ახლობლების მფარველობა, "ნათლიმამობა". ნეპოტიზმის არსებობის დროსაც კორუფცია მაღალ დონეზეა, ის არის დამოკიდებული ამა თუ იმ პოლიტიკოსის პატიოსნებაზე და უსინდისობაზე. ის ხდება საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ტროპიკული აფრიკის ქვეყნების უმრავლესობამ სცადა ევროპული ყაიდის სახელმწიფოს შექმნა, ნაწილმა კი თავდაპირველად "სოციალისტური ორიენტაცია" აირჩია, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოსულ ძალებს მათი ქვეყნისთვის ყველაზე შესაფერისად მიაჩნდათ. მაგრამ უტოპიურმა სოციალუსტურმა ღონისძიებებმა სავალალო შედეგები გამოიღო. ამიტომ თითქმის ყოველი მათგანი ან სამხედრო გადატრიალების შედეგად დაემხო , ან თვითონვე თქვეს უარი სოციალისტურ ორიენტაციაზე. ტროპიკული აფრიკის ქვეყნების უმრავლესობაში არმია აღმოჩნდა ერთადერთი საერთო სახალხო ძალა, ამიტომ 1990-იან წლების დასაწყისში 17 სახელმწიფოს სამხედროები მართავდნენ. ამ პერიოდისათვის ნათელი გახდა რომ, დამოუკიდებლობა კი დიდი მონაპოვარი იყო თითოეული მათგანისთვის, მაგრამ ამ სახელმწიფოებში მცხოვრები ხალხებისთვის კეთილდღეობა ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი.
პოლიტიკა
აფრიკის კონტინენტზე 56 სუვერენული სახელმწიფოა. მათი უმრავლესობა დამოუკიდებელი გახდა 50-იან 60-იან წლებში აფრიკის ევროპული კოლონიზაციის დასრულების შემდეგ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრ აფრიკულ სახელმწიფოში დაიწყო სამოქალაქო ომები, რომლებიც ზოგჯერ მოსახლეობის ამა თუ იმ ჯგუფის მასიურ გენოციდში გადაიზარდა. ბევრ ქვეყანაში დამყარდა დიქტატორული რეჟიმები. პოლიტიკური არასტაბილურობა, კორუფციის მაღალი დონე, ადამიანის უფლებების უგულველყოფა, სიღარიბე აფრიკული სახელმწიფოების წინაშე მდგარი ტიპიური პრობლემებია.
აფრიკის კავშირი არის ფედერაცია, რომელიც ყველა აფრიკულ ქვეყანას მოიცავს მაროკოს გარდა. კავშირი ჩამოყალიბდა 2001 წლის 26 ივნისს შტაბ-ბინით ადის-აბებაში. 2004 წლის ივლისში აფრიკის კავშირის პან-აფრიკული პარლამენტი მიდრანდში გავიდა, სამხრეთ აფრიკაში, თუმცა ადამიანთა უფლებების აფრიკის კომისია ადის-აბებაში დარჩა. აფრიკის კავშირს საპარლამენტო მთავრობა ჰყავს, ცნობილი როგორც აფრიკის კავშირის მთავრობა, რომელიც საკანონმდებლო, იურიდიული და აღმასრულებელი ორგანოებისგან შედგება, რომელსაც მართავს აფრიკის კავშირის პრეზიდენტი, რომელიც ასევე პან-აფრიკული პარლამენტის პრეზიდენტია. აფრიკის კავშირის პრეზიდენტად ირჩევენ პან-აფრიკული პარლამენტის წევრს უმრავლესობის მხადარჭერით.
პრეზიდენტი გერტრუდ იბენგვე მონგელა აფრიკის კავშირის მიმდინარე მეთაურია. პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა 2004 წლის მარტში, ხუთი წლის ვადით. პან-აფრიკული პარლამენტი შედგება 265 კანონმდებლისგან, ხუთი წევრით აფრიკის კავშირის ყოველი წევრი ქვეყნიდან. 21% წევრებისა ქალია.
გაუმართლებელი სახელმწიფო პოლიტიკით, არათანასწორი გლობალური ვაჭრობის პოლიტიკითა და გლობალური კლიმატის ცვლილების ეფექტების გამო აფრიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გავრცელებული შიმშილის მსხვერპლი გახდა. აფრიკის ტერიტორიის დიდ ნაწილზე მოსახლეობის არსებობისთვის არაადექვატური წყლისა და საკვების განაწილების სისტემაა. ის რაც კოლონიალიზმის პერიოდში მსოფლიოს ოქროს 90%-ის მომწოდებელი იყო, ამჟამად დედამიწაზე უღარიბესი კონტინენტია და მისი უმდიდრესი რესურსები სხვა კონტინენტებს ხმარდება. დაავადებების გავრცელებაც ასევე პრობლემატურია, განსაკუთრებით კი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის და მასთნა დაკავშირებული იმუნიტეტის ნაკლებობის სინდრომის (შიდსი), რომელიც მომაკვდინებელი ეპიდემია გახდა კონტინენტისთვის.
ბოლო დროს შეიმჩნევა აფრიკის ორგანიზაციების და სახელმწიფოების ურთიერთობის გაღრმავება. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (ყოფილი ზაირი) სამოქალაქო ომის დროს მასში ჩაერია მეზობელი აფრიკული ქვეყნები (არააფრიკული მდიდარი ქვეყნების ნაცვლად). კონფლიქტის დაწყებიდან 1998 წელს მსხვერპლმა 4 მილიონს მიაღწია. აფრიკის კავშირის მსგავსი პოლიტიკური ასოციაციები იმედს იძლევა, რომ კონტინენტის მრავალი ქვეყანა უფრო მეტ ურთიერთდახმარებასა და მშვიდობის შენარჩუნებას შეძლებს. აფრიკაში დღემდე ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა, ხშირად სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ. ამგვარი დარღვევების უმეტესობა პოლიტიკური მიზეზებით ხდება, ხშირად როგორც სამოქალაქო ომის გვერდითი მოვლენა. ამგვარ ქვეყანათა რიგშია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სიერა ლეონი, ლიბერია, სუდანი, ზიმბაბვე და კოტ დ'ივუარი.
მასალის ავტორია : დათო დოღონაძე
|