1:22 AM Leqsebi Skolaze / ლექსები სკოლაზე (კრებული) | |
დედიკოს ვფიცავარ
წერა-კითხვა ვისწავლე, აი, უკვე დიდი ვარ. არ წამიყვანთ სკოლაში? ბაღში აღარ მივდივარ!.. თვლა ხომ ვიცი ასამდე, თანაც ექვსი წლისა ვარ, პატარა რომ ვიყავი, განა ისევ ისა ვარ! სულ ხუთებზე ვისწავლი, ჩემს დედიკოს ვფიცავარ! ––––––––––––– აწკრიალდა სკოლის ზარი კვლავ მზისფერი სექტემბერი შემოვიდა სხივთა ფრქვევით... სიხარულით, სიყვარულით, აწკრიალდა სკოლის ზარი. ღია არის სინათლის და სიბრძნის კარი! ტკბილზე-ტკბილი „დედაენა" უხმობს, ელის ახალ იმედს. ვერ ეტევათ გულში ლხენა პაწაწინებს. ტკბილზე-ტკბილი ოცნებებით იჩქარიან მოზარდები. აქ იწყება შრომის, გარჯის დიდი გზები. დაებედოთ სწავლის ნატვრით „ხუთიანთა" წყება-წყება. აღმზრდელის და სკოლის მადლი არასოდეს გვავიწყდება. სიხარულით, სიყვარულით, რეკავს ზარი: მობრძანდითო, ღია არის სინათლისა და სიბრძნის კარი! ––––––––––––– ჯერ შრომა, მერე ხტომა სწავლობს გიგლა ტიტინა, მზემ შემოუჭყიტინა: - გიგლა, გეყოფა სწავლა, ახლა კარგია გავლა... გამო, შეითამაშე, არვინ ეტყვის მამაშენს! - არა, მზეო, მზექალავ, ჯერ გავათავო სწავლა!.. გიგლამ დაიწყო წერა, ჩიტმა დაიწყო მღერა: - გიგლა, გეყოფა სწავლა, ახლა კარგია გავლა... გამო, შეითამაშე, არვინ ეტყვის მამაშენს! - არა, ჩიტო ბზეწვიავ, მე ოსტატი მეწვია... შენ თუ მორჩი მღერასა, მაშ მეც მოვრჩე წერასა!.. გიგლა სწავლობს გაკვეთილს, არ უყურებს ბაღში ხილს... ბაღიდან ალუბალი ცდილობს მოსტაცოს თვალი, - გიგლა, გეყოფა სწავლა, ახლა კარგია გავლა... გამო, შეითამაშე, არვინ ეტყვის მამაშენს! მორჩა სწავლას ბაღანა, სწავლამ ის არ დაღალა... გამოვიდა გარეთა, შესძახა მოყვარეთა: - ვინ მეძახდა წეღანა? აქ მობრძანდით ერთხანა!.. მზე უცინის გიგლასა, ჩიტი უგალობს მასა, ალუბალი დარცხვენით აწვდის დიდ კუნწულასა... ––––––––––––– სექტემბერი რას მღერის ცხრათვალა მზით ნაფერი, ცხრა მთა გადმონაფრენი, ლერწამ-ლელის ცხრა ღერით სექტემბერი რას მღერის? საგალობელს სწავლისას, სადიდებელს შრომისას. არ მოსცდეთო წამითაც, მზისკენ გიხმობთ შორი გზა! მაღალ მწვერვალებამდე სულ ტკბილი ხმით რეკავდნენ წიგნებს ნაზიარევი ცოდნის ოქროზარები. ბეჯითს, გამრჯე მეგობარს, რომ შევუქებთ მარჯვენას, ზარმაცს ისიც ეყოფა სირცხვილად და სასჯელად. ასე წკრიალ-წკრიალით, ასე ტია-ტიათი თავს დაგფრენდეთ ფრიალით ფრთაშესხმული ფრიადი. ცამ ღრუბელი გაშოროთ, ეს დღე არ ღირს უთქვენოდ. სიყვარული სამშობლოს საქმით უნდა უჩვენოთ! გივი ჭიჭინაძე ––––––––––––– უმაძღარა სკოლისაკენ მამუკას ჩანთით მიაქვს საჭმელი - შიგ ჩააწყო ნამცხვარი, ხაჭაპურის ნაჭერი. გაახვია ქაღალდში ერთი ქათმის ბარკალი, ხილიც არ დაივიწყა - ვაშლი, მსხალი, კაკალი. ჩანთაც მამუკასავით გაიბერა, გასივდა. - ბიჭო, წიგნი ხომ მიგაქვს? - ბებომ ჰკითხა ყასიდად. უმაძღარა შუბლს ისრესს: - რა ვქნა, ბებო ქეთევან, ყველაფერი ჩავაწყვე, წიგნი აღარ ეტევა! გივი ჭიჭინაძე ––––––––––––– ჰერი, ჰერი! მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა, დილა არის მშვენიერი, აბა, ბიჭო, ტანთ ჩავიცვათ და სკოლისკენ ჰერი! ჰერი! სამუშაოდ ეშურება დიდ-პატარა, ფრინველ-მწერი, აბა, მარდად ჩვენც წიგნებით სკოლისაკენ ჰერი! ჰერი! იროდიონ ევდოშვილი ––––––––––––– ყაყაჩო და დალი - გათენდაო! - ყაყაჩომაც გაახილა თვალი; დილაა და სკოლისაკენ მიცუნცულებს დალი - პაწაწინა, ცეროდენა, ცუგრუმელა ქალი. ღობე-ღობე ჩურჩულებენ ჭადარი და ქარი, ჩურჩულებენ: ვინ სჯობია - ყაყაჩო თუ დალი?! მუხრან მაჭავარიანი ––––––––––––– სულ მშვიდ გზებზე გევლოთ მზე მთის წვერზე ფერად-ფერობს, ცამოშალა დალალი, გამარჯობა, სექტემბერო, სექტემბერო, სალამი! როგორ შვენის მიწას ქართულს შემოდგომის ლივლივი, ვარდ-ყვავილთა დარია თუ შუქი თქვენი ღიმილის. თქვენი სულის ოქროყანა სამომავლოდ ბრწყინდება, მამულს სწორედ თქვენისთანა ქალ-ვაჟები ჭირდება. დედაენა იყოს თქვენი სულის თანაზიარი, ეს ახალი საუკუნე გიხმობს ზარის წკრიალით. თქვენი ცის და თქვენი მიწის სიყვარული ისწავლეთ, მშობელ დედას და სამშობლოს ერთი გულით ფიცავდეთ. ჩემი თავი შემოგევლოთ, მეტი ვინ დაიჩემოს, სულ მშვიდობის გზებზე გევლოთ, გოგონებო, ბიჭებო! მზე მთის წვერზე ფერად-ფერობს, ცამოშალა დალალი, გამარჯობა, სექტემბერო, სექტემბერო, სალამი! ლილი ნუცუბიძე ––––––––––––– ჩემი მასწავლებელი მასზე უკეთესი არვინ არ მგონია, - მისი ერთი სიტყვაც, ჩემთვის კანონია. გულში ჩამიღვარა ლექსი რუსთაველის, ტრფობა საქარტველოს ტურფა მთა და ველის! მასზე უფრო მეტად არვინ მყვარებია, მუდამ სხივნათელი, სათნო თვალები აქვს. იმის გამოხედვას სულში სხვა წილი აქვს; ის ხომ ჩემი წლების დიდი ნაწილია. ვიტყვი, დროთა ჯირითს ძალა არ ჰქონია, ახლაც, მისი სიტყვა ჩემთვის კანონია. ელენე დიდიმამიშვილი ––––––––––––– მიპატიჟება სასწავლებელში წამოდექით, ყმაწვილებო, ტანთ ჩაიცვით საჩქაროზე, აბა, თავი მოიყარეთ სწავლისათვის თავის დროზე!.. რა ხანია მამლაყინწამ იყივლა და გაათენა, მერცხალმაც კი იჭიკჭიკა, არ დააცხრო ტკბილი ენა!.. აგერ ტყემაც გაიღვიძა, შრიალებს და რაცღას ხარობს, კოდალა ხეს უკაკუნებს და მწყერჩიტა ცაში გალობს! მინდორი და ველი ჰყვავის; ნამი ბზინავს ათას ფერად, მზემაც თვალი გააჭყიტა, ამოვიდა მათ სამზერად... ჭინჭველები ველს მოედვნენ, თითქოს რაღაც ჯოგიაო, მოლაღულიც გაიძახის მაღლა: „ბიჭო, გოგიაო!.." ჭია-ღუა სარჩოს ჰზიდავს, რომ გაივსოს თავის ბინა, და ფუტკარიც მიზუზუნებს ყვავილისკენ თაფლისთვინა!.. კაცი, მხეცი და ჩიტები - ყველა საქმეს ჰკიდებს ხელსა, მეთევზეა - ბადესა ჰშლის, და მუშაკი იქნევს ცელსა... წამოდექით, ყმაწვილებო, თქვენც ახსენეთ ღვთის სახელი, - ზარმაცები ღმერთს არ უყვარს, წიგნს მოჰკიდეთ, აბა, ხელი!.. რაფიელ ერისთავი ––––––––––––– მეც ხომ უკვე მოწაფე ვარ პაწიას რომ მეძახოდით, აღარა ვარ პაწია, მეც ხომ უკვე მოწაფე ვარ, მეც ხომ ფორმა მაცვია... სკოლაში სულ ადრე მივალ, მკვირცხლი, დაუზარელი, იქ დილ-დილით ბავშვებივით ტიტინებენ ზარები. იქ ტოლებით აივსება სკოლის გრძელი მერხები, იქ ჩემს აღმზრდელ მასწავლებელს წიგნით ხელში შევხვდები. რა ლურჯთვალა დილა არის, რა საამო დარია... განი, ბიჭო... მეც სკოლაში მივალ, მიმიხარია! იოსებ ნონეშვილი ––––––––––––– სკოლისაკენ დღედაღამ იმას ვნატრობდი, - ჩქარა გამიღეთ კარები, მეც მოწაფე ვარ, სკოლისკენ პირველად მივეჩქარები. შენ სად მიდიხარ, მურიავ! როდემდის გტუქსო, როდემდის? ის დრო წავიდა, გეთაყვა, ყველგან რომ უკან მომდევდი. სექტემბრის დილა გათენდა, ბალღებს უხმობენ სკოლები, მერხებთან ჩარიგებულნი მელიან ჩემი ტოლები. ზოგი რამ ცოდნაც მიმყვება - ჩემი დედიკოს წყალობა: თვლაც კარგი ვიცი, ანბანიც, ცოტა ხატვაც და გალობაც. ხელს არ ვითხუპნი მელნითა, თავს მირჩევნია წიგნები; სკოლისკენ მიმეჩქარება... სულ ხუთოსანი ვიქნები. | |
|