1:09 PM ტროპიკული ტენიანი ტყეები / tropikuli teniani tyeebi | |
ტროპიკული ტყეები — გავრცელებულია ეკვატორულ, სუბეკვატორულ და ტროპიკულ სარტყლებში ჩ. გ. 25° და ს. გ. 25°-ს შორის. მცენარეთა სახეობებით ძალზე მდიდარი მარადმწვანე ტენიანი ტროპიკული ტყეები (წვიმის ტყეები) ვითარდება წლის განმავლობაში ნალექებისა (2000-7000 მმ) და ტემპერატურის (23°C-32°C) თანაბარზომიერი განაწილების პირობებში; აქ ფართოდ არის გავრცელებული ლიანები და ეპიფიტები. ნახევრად მარადმწვანე ტროპიკული ტყეები, რომლებშიც ხშირად მკვეთრადაა გამოხატული ფოთოლცვენა და შეფოთვლა, გავრცელებულია ვესტინდოეთში, ცენტრალურ ამერიკაში (კ. ტრინიდადი, შრი-ლანკა), დასავლეთ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ინდოეთი, მიანმარი). აზიის ტროპიკებში ამგვარ ტყეებს მუსონურს უწოდებენ. მათთვის დამახასიათებელია ფოთოლმცვივანი ხემცენარეები: ხეშეშნაყოფიანი ქსილია, შიშველყვავილიანი ტეტრამელესი, შორეას ხე. ფოთოლმცვივანი ტყეები ვითარდება ინდოჩინეთის ტროპიკებში, იქ, სადაც აშკარადაა გამოხატული მშრალი სეზონი. მთის ტროპიკული ტყეები ვითარდება დაახლოებით ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლეზე. ჩვეულებრივ, მარადმწვანეა, დამახასიათებელია ხისმაგვარი გვიმრები, გვხვდება წიწვოვნებიც. კავკასიის ტერიტორიაზე ტროპიკული მცენარეულობა გაბატონებული იყო ეოცენურ ეპოქაში. მისმა ნაშთებმა მოაღწია შუა პლიოცენურ ეპოქამდე. ამ დროისათვის კოლხეთში ჩამოყალიბდა ძალზე მდიდარი ტყის მცენარეულობა, რომელიც ჯერ კიდევ შეიცავდა მარადმწვანე ტროპიკული ტყეების კომპონენტებს | |
|